
ნინო ევგენიძე ფრენსის ფუკუიამას შესახებ
31.01.2016ნინო ევგენიძე, 40 წლის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი
"ჩემი საქმიანობა განვითარებისთვის ზრუნვაა. ეს ჩემთვის ნიშნავს უკეთეს განათლებას, უკეთეს ეკონომიკურ გარემოს, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ თავისუფლებას. ამიტომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვსწავლობ, ვიკვლევ, ვასწავლი, ვმართავ დისკუსიებს ყველა დონეზე და ისევ ვსწავლობ, რადგან, ჩემი მოკრძალებული აზრით, ცვლილებები უკეთესობისკენ განათლების გზით მიიღწევა".
დიდი იდეა: მჯერა მიგელ დე უნამუნოს სიტყვების ‒ იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.
სწორედ განათლებისკენ სწრაფვამ შემოიყვანა ჩემს ცხოვრებაში ფრენკ ფუკუიამა.
როცა ცივ, უსინათლო და გაურკვეველი პერსპექტივის მქონე ქვეყანაში მყოფი ფრენკ ფუკუიამას იმ დროისთვის ჰიტად ქცეულ წიგნს დემოკრატიაზე – „ისტორიის დასასრულს“ ვკითხულობდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ სულ ერთი, ორი ათეული წლის შემდეგ ამ წიგნის ავტორი ჩემი ლექტორი იქნებოდა; საქართველოთი და ჩვენი იდეებით ისე დაინტერესდებოდა, რომ ჩვენს პროექტებში აქტიურად ჩაერთვებოდა; საქართველოს ამბავს სტენფორდის სასწავლო პროგრამაში შეიტანდა და ჩემი ქვეყნის მაგალითზე ასწავლიდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის, სტენფორდის სტუდენტებს კრიზისულ სიტუაციასთან (მაგალითად, რუსული ემბარგოს შედეგებთან) გამკლავებას.
ფრენკ ფუკუიამა ჩემთვის ყოველთვის მოვლენა იყო: მაშინ, როცა მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ დემოკრატია „ისტორიის დასასრულია“ და უკეთესი გზა განვითარებისთვის არ არსებობს; და მაშინაც, როცა საქართველოდან აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩასულმა, ფრენკ ფუკუიამას სახით უშუალო, იდეებისთვის გახსნილი და ჩვენს „ავანტიურაში“ ჩართვისთვის მზადმყოფი ადამიანი აღმოვაჩინე.
„მომწონს თქვენი იდეები, მოდი, გავაკეთოთ რამე ერთად, რომ შევცვალოთ თქვენი ქვეყანა უკეთესობისკენ“, – მითხრა 2013 წლის აგვისტოში და უკვე ერთი წლის თავზე, 2014 წლის სექტემბერში, მსოფლიოს 30 ქვეყნის სამოქალაქო და საჯარო სექტორის ლიდერები, სტენფორდის პროფესორებთან და ჩვენი ქვეყნის პირველ პირებთან ერთად, თბილისში, საქართველოს მაგალითზე განიხილავდნენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში.
ფრენკ ფუკუიამა ნამდვილი მასწავლებელია – მან მასწავლა როგორი უნდა იყოს დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოს შენება, მაგრამ ყველაზე უკეთ მასწავლა ის, რაც არცერთ სასწავლო პროგრამაში არ წერია: არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს მიუღწეველი სიმაღლეები, არ არსებობს კარგი იდეები, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია. სულ უნდა ეძებო სიახლეები და სცადო შეცვალო გარემო უკეთესობისკენ.
ფრენკ ფუკუიამა 2016 წლის იანვარში კიდევ ერთხელ ჩამოდის თბილისში. აქ იგი საქართველოსა და რეგიონის ლიდერებს მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებზე ესაუბრება და კრიზისებთან გამკლავებას, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას შეასწავლის.