გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნიტვიტ! ბლაბერ! ოდმენთ! თვიქ! — ჰარი პოტერის ზღაპრული სამყარო

ათი წლის ვარ და დედაჩემს ვარაზისხევის აღმართზე მივარბენინებ. სახუმარო ამბავი ხომ არ არის, პირველად მივდივარ კინოთეატრში! ფილმის ჩვენებაზე ვერ დავაგვიანებ; ბილეთებიც საყიდელი გვაქვს. ეს ის დროა, კინოთეატრ “ამირანის” სალარო გარეთ, ქუჩაში რომ აქვს გამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო დღეა, უამრავი ბავშვი ირევა. ბილბორდებზე ცისფერი პოსტერებია გამოჭიმული: სათვალიანი, ცისფერთვალება ბიჭი სადღაც ჰორიზონტს მიღმა იცქირება. დედა მოლარეს რაღაცას უხსნის. აღმოჩნდა, რომ ბილეთის საფასური წინასწარ ვერ გავთვალეთ და ფული ზოოპარკში შემოგვეხარჯა. “ხვალ მოვიდეთ”, ამბობს დედა, მე კი პოსტერის წინ ვდგავარ ლოყებახურებული და ვხვდები, ცოტა ხანში, ღაპაღუპით წამომივა ცრემლები; “თუ გინდა... მარტო შედი”.

მეჩვენება, რომ კინოთეატრი “ამირანის” დიდი დარბაზი არის ვეებერთელა! თუმცა, მარტივად ვპოულობ ჩემს ადგილს: მეშვიდე რიგი, პირველი სავარძელი. ვჯდები და ეკრანზე მაშინვე ჩნდება გამოსახულება: ღრუბლებს შორის გამოკიდებული ოქროსფერი, ელვასავით დაგრეხილი ასოები: “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. ასე შევაბიჯეთ მე და ჩემმა თანატოლებმა საუკუნის ყველაზე ჯადოსნურ სამყაროში. ჰარი პოტერი - ეს უნივერსალური ფენომენი საუკუნის მიჯნაზე, სწორედ ამ ფილმის გამოსვლით დაიწყო და ჩვენს გაბედნიერებას არც თითქმის ოცი წლის თავზე არ წყვეტს.

რას იფიქრებდა ჯოან როულინგი - უმუშევარი, მარტოხელა დედა - სადღაც იაფფასიან კაფეში ხელსახოცებზე დაჯღაბნილი წიგნის იდეებით მილიონობით მოზარდს ასეთ მომავალს თუ გვიწყობდა. მართალია, პირველი რომანის დაბეჭდვაზე ზუსტად თორმეტმა გამომცემლობამ თქვა უარი, თუმცა დღეს ვერ შეხვდებით ახალგაზრდას, რომელიც დაბეჯითებით არ ირწმუნება, რომ წიგნების კითხვა, სწორედ ჰარი პოტერმა შეაყვარა.

“ჰარი პირველად მატარებლით მგზავრობის დროს გამომეცხადა”, აცხადებდა ინტერვიუში ცნობილი მწერალი, “ძალიან ცხადად დავინახე მისი სუსტი მუხლები, მწვანე თვალები და აჩეჩილი თმა”. წარმოგიდგენიათ, რა ჯოჯოხეთი იქნებოდა, ფილმისთვის სწორი მსახიობების მოძებნა?! კასტინგები იმართებოდა მთელს დიდ ბრიტანეთში, ეძებდნენ სკოლებსა და თეატრებში, ტელეკომპანია “ბიბისის” არქივებში, ქუჩებში, ეზოებში… ორი წლის თავზე, კანტინგის რეჟისორმა თანამდებობა დატოვა და დაიჩივლა, რეჟისორი - კრის კოლამბუსი - თავის ჰარის, რონს და ჰერმიონს ვერასდროს მოძებნისო!

თუმცა, ხომ ამბობენ, ხანდახან ყველა პლანეტა ერთ რიგად მხოლოდ შენს სასიკეთოდ ეწყობა ხოლმე, ყველა ბედის ვარსკვლავი იხსნება და იდეალური ნაწარმოები იქმნებაო?! სწორედ ასეთი ფილმი გამოუვიდა ამერიკელ კინორეჟისორს, რომელმაც საბოლოოდ მართლაც რომ იდეალური სამსახიობო ანსაბლი შეკრიბა და ჯადოსნურ ხალხთან ერთად იმუშავა: დაუვიწყარია ჯონ უილიამსის ზღაპრული მუსიკა, წიგნის ილუსტრაციების მსგავსი ლოკაციები და სივრცეები, სრულყოფილი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი სულელი ტროლი და სხარტი ოპერატორის ობიექტივში გამოჭერილი საუკეთესო სპორტი - ქუიდიჩი, სადაც მფრინავ ცოცხზე ამხედრებული ახალგაზრდები მფრინავ ბურთებს დასდევენ დასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” შვიდი რომანისგან შემდგარ სერიაში ყველაზე ტანმოკლე ამბავია, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე რთულად მოსაყოლი სიუჟეტი აქვს. ან იქნებ, მე მამართება ასე? მეშინია, არაფერი გამომრჩეს და იმდენად დეტალურ თხრობაში ვიძირები ხოლმე, საათობით ვლაპარაკობ, მსმენელი კი მაინც ვერ იგებს. უბრალოდ, არ მინდა რამე გამომრჩეს. აქ ხომ ყველაფერი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია: როგორ დაიღუპნენ ჰარის მშობლები; როგორ დატოვეს დამბლდორმა, მაკგონაგელმა და ჰაგრიდმა ჩვილი ბავშვი პრივიტ დრაივის ნომერ ოთხი ბინის ზღურბლზე; როგორ გამოელაპარაკა ჰარი ზოოპარკში გველს; როგორ მიფრინდა ძია ვერნონის სახლში ასობით ბუ; ან იმ კადრის გახსენებაზე გული როგორ არ ამიჩუყდეს, პირველკურსელები ჰოგვორტსის სკოლას ღამით, პატარა ნავებით რომ უახლოვდებიან; გამანაწილებელი ქუდის გამოცხადება? სკოლის დირექტორის წარმოთქმული უჩვეულო სიტყვები: ნიტვიტ! ბლაბერ! ოდმენთ! თვიქ! (რომელიც შვიდი ნაწილის დაზუთხვის შემდეგაც ვერ გავიგეთ, რას ნიშნავდა). დიდი ნადიმი? ეს უკანასკნელი მართლაც ზღაპრული სცენაა. მთელი დღის ნამგზავრები და განერვიულებული ბავშვები გემრიელად ილუკმებიან და ერთმანეთს ეცნობიან. დიდი დარბაზის მოჯადოებულ ჭერში ასობით სანთელი ლივლივებს. ამდენი გემრიელი კერძი ერთად კი ნამდვილად არასდროს გინახავთ: შემწვარი ხორცი, დაბრაწული წიწილები, დაბეგვილი ღორისა თუ ბატკნის კატლეტი, სოსისი, ლორი, წვრილად დაჭრილი ხორცი, შემწვარი და მოხარშული კარტოფილი, ჩიპსი, იორკშირის პუდინგი, მუხუდო, სტაფილო, საწებლები, კეტჩუპი და ამ ყველაფერთან ერთად, რატომღაც, პიტნიანი კარამელი, ნამცხვრები, ნაირ-ნაირი ნაყინი, ვაშლის ღვეზელი, შოკოლადის ეკლერები, ჯემიანი ფუნთუშები, ბისკვიტები, ბადაგმოსხმული ტორტი, ხენდრო, ჟელე, ბრინჯის პუდინგი... სიტყვა ისევ გამიგრძელდა!

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” გახლავთ ფილმი, რომლის შესახებ ან უკვე ბევრი გსმენიათ, ან არაფრის გაგონება არ გინდათ. ნაწარმოები სავსეა იმ სცენებითა და იმიჯებით, ჯერ რომ არ დაძველებულა და თავიდან ამოგდებაც გიჭირს: ქუიდიჩის ვირტუოზული მატჩი და პირით დაჭერილი ოქროს სნიჩი; უზარმაზარი, მომაკვდინებელი ფიგურებით გათამაშებული ჭადრაკი; მფრინავი გასაღებებით სავსე ოთახი; სამთავიანი ძაღლი, რომელიც საიდუმლო ორმოს იცავს; “ეშმაკის ხაფანგი”; ბნელი ტყე და კაპიუშონიანი არსება, რომელსაც კენტავრი გააძევებს; ჰოგვორტსის ბიბლიოთეკის აკრძალული განყოფილება; სურვილის სარკე და უჩინმაჩინის მოსასხამი… და შობა-ახალი წელი! ძალიან ბევრი თოვლი და გაყინულ ტბაზე ახმაურებული მარხილები; პროფესორ ფლიტვიკის მიერ მორთული გიგანტური ნაძვის ხეები; დიდი დარბაზის მოჯახოებული ჭერიდან დაშვებული მძიმე ფანტელები, შუა გზაში რომ ქრება; ოჯახებიდან დაგზავნილი საჩუქრები, სასუსნავი და ნუგბარი, თბილი სვიტერები; ბურბურახი...

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” ყურების დროს, აუცილებლად დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უყურებთ ნამდვილ კინოკლასიკას, რომელიც გაუძლებს წლებს და კიდევ უამრავი თაობის გულს მოიგებს. ნახეთ, როგორ არსად ეჩქარება ფილმს, მაყურებელს იაფფასიანი ხრიკებით არ ართობს, არამედ ცდილობს მოყვეს ობოლი ბიჭუნას თავბრუდამხვევ, თუმცა სევდიან ამბავს და ყველა მხრიდან გვაჩვენოს თავისი მრავალფეროვანი, მდიდარი პერსონაჟები. სხვა შედევრების მსგავსად - “ოზის ჯადოქარი”, “ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა”, “ვარსკვლავური ომები”, “E.T.” - ჰარი პოტერი არ არის მხოლოდ ფილმი, ეს გახლავთ სამყარო, თავისი ჯადოსნური წესებითა და ლოგიკით.

იმ კინოჩვენების შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა. თიბისი სტატუსისა და კინოთეატრ “ამირანის” კიდევ ერთი დიდებული თანამშრომლობის წყალობით ახლა უკვე გაზრდილი, უფროსების მოსაწყენ ცხოვრებაში გარეული პოტერომანები კიდევ ერთხელ, ახალი წლის თავბრუდამხვევი და მომქანცველი წვეულებების წინ, სამი დღით დავუბრუნდებით ჩვენს ჯადოსნურ ბუნაგს - ჰოგვორტსს - სადაც ყველა მოძრავი კიბის მიმართულებას ვცნობთ, ვიცით სად მიგვიყვანს პირქუში დერეფანი, რას გვეტყვიან მოძრავი პორტრეტები კედლებზე და როგორ დაგვცინებს აბეზარი პოლტერგეისტი პივსი… ეს ფილმები ხომ მხოლოდ ჰარისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს არ გვიყვება, ეს ჩვენი ამბებია, ჩვენი ბავშვობა; ინტერნეტ ფორუმებსა და ონლაინ ჩატებში გათენებული ღამეები, წიგნის თავსატეხების ამოხსნის უამრავი მცდელობა, შელოცვებისა და შხამ-წამლების დაზეპირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამოაზრეების შეძენა.

ბილეთები უკვე შევიძინე! კინოთეატრის მეშვიდე რიგის პირველი სავარძელი ისევ ძველებურად, დიდი სიყვარულით მელოდება.

ფილოსოფიურ ქვასთან ერთად ეკრანზე მეორე და მესამე ნაწილიც ბრუნდება:
27 დეკემბერი - 
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
28 დეკემბერი - ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
29 დეკემბერი - ჰარი პოტერი და ასკაბანის ტყვე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა