გოგონა დაიბადა
03.04.2017„გოგოა!“ – ამ ახალ ამბავს ზოგან სიხარულით ხვდებიან, ზოგან – არც იმდენად, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა პირველ რეაქციას, ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე გოგოებს მაინც ათასნაირი სირთულე, დამცირება, უგულებელყოფა, არასერიოზული დამოკიდებულება, შეურაცხყოფა გვხვდება მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოები ვართ და ჩვენ ან „არ გვეკადრება“, ან „არ შეგვიძლია“, ან „არ ვიმსახურებთ“, ანაც „ყველაფერს ავიტანთ“.
რამდენიმე თვის წინ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ ფოტოგამოფენა სწორედ იმ მიზნით მოამზადა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ჩვენთვის: საქართველოში დღემდე ფესვგადგმულია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას აყენებს ზიანს. ფოტოპროექტისთვის „გოგონა დაიბადა“ დინა ოგანოვამ თბილისსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები შეკრიბა. ეს ის მშობლები აღმოჩნდნენ, რომლებსაც, თავიანთი სოციალური და ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურული ღირებულებების მიუხედავად, გოგო შვილების ყოლა ახარებთ, მათ წინსვლაზე, განათლებასა და ბედნიერებაზე ზრუნავენ.
ახლა მარტია, ფასადურად, თავსმოხვეულად, თუ გააზრებულად და შინაარსიანად, ყველა ქალებზე ფიქრობს. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ შევიხედოთ ოჯახებში, რომლებშიც გოგოების დაბადება უხარიათ და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გავუსწოროთ თვალი სინამდვილეს: გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა კვლავაც გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. გამოთვლებით დადგინდა, რომ სქესის შერჩევის მიზეზით 1990-დან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა.
წარმოდგენილი მასალა მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.