გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ერდოღანი თურქეთი არჩევნები

ორი თურქეთის ამბავი | სანდრო ბაკურაძე


პოლიტიკურ
-კულტურული სხვაობები და არჩევნები

ამბობენ, საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია – „ნაცებად“ და „ქოცებად“, ზოგიც ამ ორ კატეგორიას შუაშისტებს ამატებს. კლასობრივი, ეთნიკური და პოლიტიკური განსხვავებები საქართველოში მნიშვნელოვან სხვაობებად რჩება და თანასწორობაც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევაა. პოლარიზაციის, განსხვავებების და დაპირისპირების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას გააჩნია არაერთი რამ, რაც საზოგადოებას, მიუხედავად ყველაფრისა, აერთიანებს. მიუხედავად ეთნიკური თუ კლასობრივი სხვაობებისა, ცხოვრების სტილი, ოცნებები და ღირებულებები საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის ერთია. ღარიბი, თუკი ის გამდიდრდება, იმავე რესტორანში შევა, იმავეს დალევს, იმავეს შეჭამს და ისე მოეპყრობა ოჯახის წევრებს, როგორც ამას მდიდარი აკეთებს, ხოლო ლხინის თუ ჭირის სუფრაზე, პანაშვიდზე ან ქორწილში, სავსებით ჩვეულებრივი ამბავია, ერთად აღმოჩნდნენ კომუნისტი, ულტრანაციონალისტი, ათეისტი, ქვიარ აქტივისტი, მმკ-ს წევრი, სოფლიდან ჩამოსული შორეული ნათესავი და არასამთავრობო სექტორის ამომავალი ვარსკვლავი. ყველა თავისთვის იბუზღუნებს, ამ ხალხთან რა მესაქმებაო, თუმცა იმის შანსი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, ბევრად მაღალია, ვიდრე რაიმე სახის ინციდენტისა.

***
კულტურული ცვლილება, ვესტერნიზაცია და მრავალსაუკუნოვანი, ღრმა რელიგიური გავლენის მატარებელ ცხოვრების წესზე უარის თქმა რთული და მტკივნეული პროცესია. როცა დომინანტი იდეოლოგია ქვეყნის ეთნიკურ რეალობას უარყოფს და უგულებელყოფს, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება; როცა ქვეყნის სათავეში მოსული მემარჯვენე-პოპულისტი ძალა პოლიტიკურის გარდა, ვესტერნიზაციის ტრავმული პროცესის შედეგად წარმოშობილ, კლასთაშორის არსებულ ცხოვრების სტილების და მსოფლმხედველობების სხვაობასაც საზოგადოების პოლარიზაციისთვის იყენებს, იქ პოლიტიკურად დაპირისპირებულ ბანაკებს შორის უფსკრული ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი შეიძლება იყოს.

თურქეთი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში ასეთი საზოგადოების მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს. ქალაქის მოსახლეობაზე გათვლილი ქემალისტური რეფორმების შედეგად გარიყული, 1950-იანი წლების ურბანიზაციის ტალღასთან ერთად დიდ ქალაქებში გადმოსახლებული, ტრადიციული ცხოვრების სტილის მატარებელი მასებიდან გამოსული ერდოღანი – გაიზარდა ისეთ უბანში, სადაც მძაფრად იგრძნობოდა კონტრასტი ძველი სტამბოლის ელიტასა და ხალხის ფართო მასების მსოფლმხედველობას თუ პოლიტიკურ მრწამსს შორის . ბეიოღლუს თუ ბალათის მეიჰანეები, ევროპეიზებული სოციალური კლუბები, წიგნის მაღაზიები და ჰიპური კაფეები მკვეთრ კონტრასტს ქმნიდნენ ერდოღანის მშობლიური ქასიმფაშას, ღარიბ, ტრადიციულ და რეგიონებიდან ახლადგადმოსახლებული მოსახლეობის კულტურის მიხედვით ფორმირებულ სოციალურ სივრცეებთან. იმ პერიოდის სტამბოლი ჯერ ისევ შორს იყო დღევანდელი გლობალური მეგაპოლისისგან, სხვადასხვა წრისა და მსოფლხედვის მოქალაქეების გზები ხშირად იკვეთებოდა.

იგივე ხდებოდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც ქემალისტური მოდერნიზაციის პროექტს გარკვეული სოციალური დასაყრდენი გააჩნდა. ანკარის ახლადაშენებული უბნები სწრაფადვე იქცა სტამბოლიდან, იზმირიდან თუ ბალკანეთიდან გადმოსახლებული სახელმწიფო მოხელეების, კულტურის მოღვაწეების და პოლიტიკოსების სამკვიდროდ;

ახალმა ანკარამ ბრუტალისტური, ოფიციალური და დასავლური იერი მიიღო.

რესპუბლიკის ახალ სახედ, ბრუნო ტაუტის, კლემენს ჰოლცმაისტერის და ერნსტ როიტერის მიერ შექმნილი ანკარა იქცა. მისი კულტურული სახე კი ქავაქლიდერე, ესადი და იენიშეჰირი გახდა, ძველი ანკარა ციხესიმაგრის გარშემო შემოკრებილ, მივიწყებულ, ძველ ქალაქში ამოიკეტა.  

გადიოდა დრო, ქემალისტური რეფორმები მენდერესის და მისი იდეური შემცვლელების პერიოდის იდეოლოგიურმა უძრაობამ და პოპულიზმმა ჩაანაცვლა. ურბანიზაციამ ქალაქებში მილიონობით ახალი მკვიდრი გააჩინა. ისინი სრულიად სხვა კულტურული გარემოდან იყვნენ გამოსულნი და არაეფექტური ურბანული დაგეგმვის გამო ე.წ. თანაქალაქელთა გეტოებში სახლდებოდნენ – მშობლიურ მხარეში თუ სოფელში არსებული იერარქიული სისტემა უცვლელად გრძელდებოდა;

სოფლის მამასახლისი უბნის მამასახლისად ტრანსფორმირდა; საარჩევნოდ მთავარ პრიორიტეტებს ან სოციალური საკითხები, ანდაც რელიგიურ-ტრადიციონალისტური პოპულიზმი განსაზღვრავდა.

დიდ ქალაქებში დამკვიდრებული ქემალისტური რეფორმების გავლენით, ვესტერნიზებული მოსახლეობა შვილებს აგზავნიდა უნივერსიტეტებში, რომლებიც იმ დროს ბევრად უფრო პრივილეგირებული და ელიტური დაწესებულებები იყო, ვიდრე დღესაა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთაც მიდიოდა. ზღვისპირეთში მცხოვრებნი მულტიკულტურული გარემოს გავლენით, თანდათან უახლოვდებოდა დასავლურ გარემოს: აგრძელებდნენ რეგიონის ტრადიციული მკვიდრების, ბერძნების და ებრაელების დანატოვარ ხმელთაშუაზღვისპირულ კულტურას; ითვისებდნენ იმ პერიოდის ევროპის უკანასკნელ მოდას და კულტურულ კოდებს.

დიდი ქალაქების პერიფერიებში დასახლებული დაბალი კლასები ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დეტალებით განსაზღვრავდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა. ტრადიციულ სამრეწველო ურთიერთობებში, რომლებმაც ქალაქის პირობებში გააგრძელეს არსებობა, ბავშვების უმეტესობა მოზარდობიდანვე ყავახანაში, სამკერვალოში თუ საქაბაბეში იწყებდა მუშაობას; ძირითადი სოციალური თავშეყრის ადგილი კვლავ მეჩეთი იყო. ახლადგახსნილი სკოლები ვერ უზრუნველყოფდნენ საშუალო განათლების მქონე მოსწავლეთა სტუდენტურ მომავალს. 

1970-იანების ბოლოს გაძლიერებულმა მემარცხენე მოძრაობამ მართალია, შეძლო ამ უბნების დიდ ნაწილში მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მხოლოდ ალევიტური და ქურთული უბნების ნაწილშიღა გადაურჩა პოლიტიკურ რეპრესიებს. ქალაქის დაბალ კლასებში მისი ადგილი, ახალი ხელისუფლების ლოცვა-კურთხევით, ისლამისტურ-კონსერვატიულმა პარტიებმა და რელიგიურმა ჯამაათებმა დაიკავეს. მათ შეითავსეს კეთილდღეობის სახელმწიფოს ფუნქციებიც და უბნებში ერთგვარი სოციალური დახმარების ქსელები შექმნეს.

ტრადიციული დინამიკების, რეგიონალიზმის და ამ ფაქტორის ერთობლიობამ მოუტანა რეჯეფ თაიფ ერდოღანს 1994 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება, რომელიც ამ მოძრაობის პოლიტიკური წარმატების დასაწყისად იქცა.

***
ახალი პოლიტიკური რეალობა არსებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ისთებლიშმენთმა კარგად გამოიყენა. თავსაფრიანი ქალების უნივერსიტეტის კამპუსებში დაშვება-არდაშვების საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში და ისლამისტებმაც, რომლებიც საერთოდაც ქალების განათლების წინააღმდეგნი იყვნენ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყენეს. იმ პერიოდში ახლადგახსნილი და მომრავლებული იაფი სუპერმარკეტების ქსელების წინააღმდეგ, მათი მფლობელები ისლამისტები არიანო. თვითგამოცხადებული ქემალისტი აქტივისტების და ისთებლიშმენთის მიერ ორგანიზებულმა ბოიკოტმა კარგად იმუშავა – სხვადასხვა სოციალურ კლასს შორის შეხების კიდევ ერთი წერილი მოსპო და კლასობრივი ხიდჩატეხილობა გააღრმავა. ამ სტრიქონების ავტორი არაერთხელ გამხდარა მოწმე იმისა, როგორ დადიოდნენ ანკარის ერთ-ერთი პრესტიჟული, სეკულარული და მემარცხენე წარსულით ცნობილი უნივერსიტეტის ღარიბი სტუდენტები „მიგროსის“ მაღაზიებში და იხდიდნენ ორჯერ მეტს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებს მათ სოციალურ სტატუსში ეჭვი არ შეეტანათ.

საერთო სოციალური სფეროს გაქრობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა პარალელური პოპულარული კულტურის ფორმირებისთვის და 2002 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ახლადდაარსებული სამართლიანობის და აღმავლობის პარტია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით, ახალმა ხელისუფლებამ ეფექტურად მოახდინა მედიის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება:

საკუთარი ამომრჩევლის მიერ მოხმარებულ ძირითად პოპულარულ კულტურად ფსევდოისტორიაზე დაფუძნებული, სელჩუკების და ოსმალეთის თემაზე გადაღებული, ჯიჰადისტური და მილიტარისტული ელფერის მქონე სერიალები აქცია.

საშუალო განათლების ტრანსფორმაციამ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც შვილების კერძო სკოლებში მიბარების საშუალება არ ჰქონდა,სახელმწიფო რელიგიური სკოლების, იმამ ჰათიფების ამარა დატოვა: სილაბუსი, ძირითადად, რელიგიურ-ნაციონალისტური თემატიკის საგნებისგან შედგება, მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი პარტაქტივის თუ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებია. გარემო კონსერვატიულია.


***
კულტურული კოდების ერთმანეთისგან დაშორებამ ყოველდღიური ცხოვრების წესის ცვლილებაც მოიტანა და სოციალური კლასების ჩვევები და მოთხოვნილებებიც ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნა. დაბალი კლასები მაინცდამაინც არც არაფერს კითხულობდნენ, არც მანქანა ჰყავდათ და არც რაიმე ისეთი ჰობი გააჩნდათ, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვდა. მათი სოციალიზაციის საჭიროებებს მეჩეთი თუ ბიუჯეტური რესტორანი აბსოლუტურად აკმაყოფილებდა.

მაღალი კლასები, როგორც ტრადიციული, ისე ახლადშექმნილი, როგორც „კონსერვატიული“, ისე სეკულარული, საერთო სურათის მიღმა დარჩა: ერთი ადმინისტრაციულ და სახელმწიფო რესურსებზე შეუზღუდავი წვდომის, მეორე კი საერთაშორისო შრომით ბაზარზე ინტეგრაციის გამო. როცა თურქეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მიუხედავად დაბალი კლასების (განსაკუთრებით ქალაქად) სერიოზულად დაზარალებისა, პირველ რიგში, ტრადიციული საშუალო კლასი დაზარალდა.

დაბალი კლასი ალკოჰოლს ან არ მოიხმარს ან სახლში ხდის, შესაბამისად, გაზრდილი გადასახადი არ აწუხებს; წიგნი, სამაგიდო თამაში ან სხვა ტიპის პროდუქცია მისთვის უცხოა.

ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ადგილობრივი ფაბრიკების მაღაზიებში შეღავათიან ფასში ყიდულობს; ავტომობილი კი ან სულ არ ჰყავს, ანდაც სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებს: საწვავის ფასი თუ სავალდებულო საავტომობილი დაზღვევა ნაკლებად აწუხებს; ხორცს ნაკლებად ჭამს, ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული და პურეული სოციალური დახმარებებისა და შედარებითი სიიაფის გამო თურქეთში უმეტესად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეკონომიკური კრიზისი თურქული ურბანული საშუალო კლასის კრიზისად რჩება.

ალტერნატიულმა პოპულარულმა კულტურამ, განსხვავებულმა სოციალიზაციის ზონებმა, განსხვავებულმა სამომხმარებლო ჩვევებმა და განსხვავებულმა მსოფლმხედველობამ, თურქეთში ორი პარალელური რეალობა შექმნა.

გარდამავალ ჯგუფებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები (ქურთები, ალევიტები) გვევლინებიან. ეს გარდამავლობა, ძირითადად, სოციალური კლასის ეკონომიკურ მხარეს ემყარება და პარალელურად არსებული კულტურულ-პოლიტიკური „ბაბლების“ გახეთქვას არ ჰყოფნის.

წლევანდელი არჩევნების შედეგების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, გვერდით რომ გადავდოთ გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სწორედ „ორი თურქეთის“ ამბავი იყო. ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ალტერნატიული კულტურული „ბაბლის“ გარღვევა ვერ შეძლო.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა