გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

ორი უძველესი ქალაქი - ვანი და პომპეი ერთ მუზეუმში

ვანის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში პომპეის არქეოლოგიური პარკის მრავალფეროვანი მასალაა გამოფენილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი - თიბისი, ამ გამოფენის მხარდამჭერია.

 ვანის მუზეუმის შესასვლელში კუბის ფორმის თეთრი, მსუბუქი კონსტრუქცია დგას, რომელზეც გამხსნელი ტექსტის სათაურად გამოფენის სახელი დიდი ასოებით წერია: “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი”

გამოფენა აქვე იწყება - სანამ საექსპოზიციო დარბაზში შეხვალთ. კუბის შიგნით ერთმანეთს ჩახვეული ორი ნაცრისფერი გაქვავებული სხეულია. პომპეის მრავალრიცხოვან აღმოჩენებს შორის სწორედ ეს, 2000 წლის წინ, თანამედროვე იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნეაპოლის ყურეში მცხოვრები ადამიანები მგონია ვულკანური ფერფლის ქვეშ დამარხული ქალაქის სიმბოლო.

რატომ მაინცდამაინც?

მივყვეთ თანმიმდევრობით:


პომპეის არსებობის ათვლა ძვ.წ. VI საუკუნიდან იწყება. მისი დაარსება იტალიკურ, კერძოდ ოსკანურ ტომებს მიეწერება, რომელთა ენაშიც Pompe რიცხვითი სახელია - ხუთი და სავარაუდოდ ამდენივე ქალაქის ან დასახლების გაერთიანებას გულისხმობს. სხვადასხვა იტალიკურ ტომებთან ერთად პომპეიში ბერძნული კვალიც ჩანს. თავისი არსებობის ბოლო პერიოდში კი ეს უკვე 66 ჰექტარზე გაშენებული, მდიდრული რომაული ქალაქია - დიდი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. მთავარი თავშეყრის ადგილი აქ ფორუმია - კოლონადით გარშემორტყმული გაშლილი მოედანი ტაძრებით, აგორათი და სასამართლო დარბაზით. ამფითეატრში გლადიატორების და ცხოველების ბრძოლები იმართება, აქვეა პალესტრა - ფიზიკური აღზრდის სკოლა ბიჭებისთვის. დიდი თეატრი მაყურებელს ვერ იტევს და აფართოებენ, პატარაცაა - ოდეონი - მუსიკალური წარმოდგენებისთვის. თერმებში ცივი, ცხელი და თბილი განყოფილებებია. შადრევნებში წყალი ჩქეფს. ქუჩები ფართოა და მოკირწყლული - ორივე მხარეს ტროტუარით და წვიმის დროს საგანგებოდ მოწყობილი გადასასვლელებით. საცხობებში ხაბაზების დამღიანი პურები ცხვება. ხორბლის შესანახად საწყობებია, დასაფქვავად - წისქვილები. დუქნებში ღვინოს და ზეთს თიხის დიდ ამფორებში - მაღალყელიან, ორყურა ჭურჭელში ინახავენ.

კვლევები აჩვენებს, რომ პომპეის მშენებლობაში ტუფია გამოყენებული - ვულკანური წარმოშობის ქანი, რომელიც ადვილი დასამუშავებელია სირბილის გამო და თან მყარია და გამძლე. ნიადაგის ნაყოფიერების და უხვმოსავლიანობის მიზეზიც ვულკანური ნალექია. აქაური ვენახის ღვინო ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი და ეკონომიკური სიძლიერის საწინდარი უნდა ყოფილიყო - პომპეის დამღიანი ღვინის ამფორები რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ის, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, ბოლოს მის ბედისწერად იქცა - ვეზუვი - კონტინენტური ევროპის ერთადერთი მოქმედი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანი XVII საუკუნიდან მოყოლებული ასწლეულში ერთხელ, ზოგჯერ ორჯერაც ძლიერად იფრქვევა. 1200 მეტრის სიმაღლის მთა დღესაც შესანიშნავად მოჩანს პომპეის ნანგრევებიდან - დაშორება მათ შორის სულ რაღაც 9 კილომეტრია. 

ახ.წ. 79 წლის 24 აგვისტოს მოულოდნელად გააქტიურებულმა ვეზუვმა იქვე არსებული ქალაქები გაანადგურა. მათ შორის იყო პომპეიც, სადაც ვულკანური ლავის საფარის მაქსიმალურმა სისქემ 6-7 მეტრს მიაღწია. მოსახლეობის ნაწილმა საფრთხე რეალურად შეაფასა და გაქცევით უშველა თავს. ვინც ქალაქში დარჩა, შემზარავი სიკვდილისთვის აღმოჩნდა განწირული.


“...ბევრი ღმერთებს სთხოვდა შველას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ღმერთებიც გადაშენდნენ და მსოფლიოში სამუდამო წყვდიადმა დაისადგურა... მე ამაყი ვარ, რომ არ დამიკვნესია და დამიყვირია ამ დაღუპვის ჟამს, მაგრამ უნდა ვაღიარო, თითქოს ერთგვარ შვებას მგვრიდა იმის რწმენა, რომ მთელი სამყარო იღუპებოდა ჩემ გარშემო და მე მასთან ერთად“,
- ასე აღწერს ამ დღეს ვეზუვის ამოფრქვევის თვითმხილველი რომაელი მწერალი პლინიუს უმცროსი.

თითქმის 300 წლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და განსაკუთრებით XX საუკუნეში ჩატარებულმა კვლევებმა პომპეის დაღუპვის უფრო დეტალური სურათი წარმოაჩინა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად კრატერიდან ამოტყორცნილმა ლავისა და პემზის მასიურმა ფრაგმენტებმა ნაგებობების სახურავები ჩაანგრია და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი იმსხვერპლა. მოგვიანებით პომპეიმდე პიროკლასტურმა მასამ და გავარვარებული გაზის ტალღებმა მიაღწია, რომელმაც სრულად წაშალა სიცოცხლის კვალი.

დღეს ვულკანური მასისგან დიდწილად გათავისუფლებული პომპეი რომის იმპერიის ქალაქების მოწყობის და ყოველდღიური ცხოვრების შესასწავლად საუკეთესო წყაროა - ოქსიმორონივით ჟღერს, მაგრამ ვეზუვმა ეს დიდებული ქალაქი გაანადგურა და თან ხელუხლებლად შემოინახა. იტალიელმა არქეოლოგმა - ჯუზეპე ფიორელიმ კი პომპეის მოქალაქეები აღმოგვაჩენინა: 1870 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მან სრულიად ახალი ტიპის არტეფაქტი მიიღო. საქმე ისაა, რომ ვულკანურ მასაში მოქცეული ორგანული წარმოშობის სხეულები საუკუნეების განმავლობაში დაიშალა და გაქვავებულ ლავაში სიცარიელე დატოვა. ფიორელიმ ეს სიცარიელე ყალიბად გამოიყენა და თხევადი თაბაშირით ამოავსო, რომელმაც გაშრობის შემდეგ გამქრალი სხეულის ფორმა ზუსტად გაიმეორა. ამ გზით მიიღეს ხის ავეჯის, მცენარეების, საოჯახო ნივთების ასლები. თუმცა ყველაზე საინტერესო და მეტყველი ადამიანის ფიგურათა თაბაშირის სხმულებია, რომლებიც ზუსტად იმეორებს მათ უკანასკნელ ჟესტებს, პოზებს, ზოგ შემთხვევაში სახის ნაკვთებს და გამომეტყველებასაც კი. 

ვანის მუზეუმში კუბის შიგნით დასვენებული ფიგურები პომპეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილია - 1913 წელს კრიპტოპორტიკიან სახლში აღმოჩენილი და ფიორელის მეთოდით აღდგენილი. კრიპტოპორტიკი მიწისქვეშა დერეფანია, რომელიც ზემოდან დიდი ზომის ღიობებით ნათდება ან სარდაფის სართულია - ამფორების საწყობად გამოყენებული. შიგნიდან ტერაკოტისფრად შეღებილი ღრმა კუბი კრიპტოპორტიკის იმიტაცია მგონია - ორი განწირული ადამიანის უკანასკნელი თავშესაფარი: ერთს მეორის მკერდზე მიუდვია თავი - თითქოს ნუგეშის თუ ხსნის იმედით.



ფიგურების ფონად გამოყენებული ეს ძალიან ინტენსიური, ხავერდოვანი ტერაკოტისფერიც პომპეის სიმბოლოა. ამას მაშინვე მიხვდებით, როგორც კი დროებით საექსპოზიციო დარბაზში კედლის მხატვრობის ფრაგმენტებს შეავლებთ თვალს. ის მუდმივად მეორდება და თითქოს ტონს აძლევს მონუმენტური ფერწერის საერთო თბილ, პასტელურ ფერთა გამას. ვეზუვის მიერ განადგურებული ქალაქების: პომპეის, სტაბიას, ჰერკულანუმის მხატვრობა რომაული კულტურის სრულიად უნიკალური მემკვიდრეობაა - მათ გარეშე ამ ეპოქის ფერწერაზე მხოლოდ თითო-ოროლა ფრაგმენტული ნიმუშით თუ ვიმსჯელებდით.


ვიტრინებში გამოფენილი არქეოლოგიური მასალა პომპეის საცხოვრებელ სივრცეებს აღწერს. მდიდრული ვილების შიდა ეზოს მოწყობას ოქტავიუს კვარციუსის სახლის მაგალითზე ვეცნობით: ორ დონეზე გაშენებულ ბაღში წყლის ხელოვნური არხები ერთმანეთის პერპენდიკულარულად განუთავსებიათ. მათ გასწვრივ ეგვიპტესთან და დიონისეს კულტთან დაკავშირებული მარმარილოს ქანდაკებები იყო ჩამწკრივებული. ისინი დღეს ვანის მუზეუმშია გამოფენილი. სატირ ტელამონის ფიგურა, რომელიც მუხლებზე დამდგარ ატლანტს მოგაგონებთ, ოქტავიუს კვარციუსის სახლის ნამდვილი მშვენება უნდა ყოფილიყო.



იულიუს პოლიბიოს დიდი ვილა ფრესკებით და გადახურული კოლონადით გარშემორტყმული შიდა ეზოთი ძ.წ. III-II საუკუნეებით არის დათარიღებული. ეს სამნიტური სახლის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. ვიტრინებში გამოფენილია სახლის შიდა მოწყობის და საყოფაცხოვრებო ნივთები, რითაც სახლის მფლობელს თავისი სიმდიდრისა და დახვეწილობის წარმოჩენა სურდა: ქალის გამოსახულებიანი მარმალილოს თაროს ფრაგმენტი, მზის საათი და მასიური ქვასანაყი, აქვეა ფიორელის მეთოდით დამზადებული დაწნული კალათის სხმული. სხვათა შორის, არქეოლოგებმა პოლიბიოს ვილის ეზოს ხეხილის თაბაშირის ასლებიც დაამზადეს, მათ შორის - ლეღვის ორი ხის. ცალკე ვიტრინებშია გამოფენილი თიხის ნივთები - ყულაბა და სამზარეულოს ინვენტარი: ქოთნები, ჯამები, ფინჯნები, დოქები, ამფორები, ტაფა. ზოგიერთს შავ ლაქებად ახლაც ეტყობა ცეცხლის კვალი. სასმისები ისეთი თხელკედლიანია, დაუჯერებელიც კია, რომ თიხისაა… ვერტიკალურ ვიტრინაში საკვების გასაცხელებელი რკინის ღუმელია და მანგალი, შიგნით ჩალაგებული თიხის ამფორის ნატეხებით. ცალკე ვიტრინაში მინის ჭურჭელია, ცალკე - ბრინჯაოს მდიდრული ნივთები. წარმოიდგინეთ, როგორ იღებს სტუმრებს პოლიბიო სხვადასხვა მითოლოგიური სიუჟეტებით მოხატული ვილის ტრიკლინიუმში - სანადიმო დარბაზში. მენადიმეები მოკალათებულან სუფრის გარშემო განლაგებულ ტახტებზე - კლინეებზე, რომლებიც მდიდრულად შემკული სასთუმლით გამოირჩევა, მაგალითად ცხენის თავების ბრინჯაოს სკულპტურული გამოსახულებებით. ბრინჯაოს მაღალ სადგარებზე ჭრაქები ანთია. რკინის ღუმელში შემთბარი საჭმელი მაგიდასთან თიხის ტაფით მოაქვთ. გედის თავებით შემკულ ბრინჯაოს დოქში ღვინო ასხია, წითელზოლიანში - წყალი, ფართოპირიან თიხის ჭურჭელში გარუმია - დამარილებული თევზის სოუსი. მაგიდაზე თიხის და ბრინჯაოს ჭურჭელი აწყვია, ჯამზე - ეზოს ლეღვი... პოლიბიოს სტუმრები ტახტებზე მიწოლილან და გასართობად იმ ძვლის კამათლებს აგორებენ, რომლებიც ახლა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. სტუმრებს შორისაა ვინმე ფილიპე, რომლის საბეჭდავი ბეჭედიც კამათლებთან ერთადაა საგამოფენო ვიტრინაში…

გამოფენაზე წარმოდგენილია ვერცხლის თასი კუპიდონების რელიეფური გამოსახულებით, ჩამჩა და თხელტარიანი მრგვალი კოვზი ხამანწკებისა და ლოკოკინებისთვის. ეს ნივთები,  თავიანთი დანიშნულებით და მხატვრული დამუშავების ტექნიკით მკაფიოდ მიგვანიშნებენ თუ რა დიდებულად ცხოვრობდნენ პომპეიში....


სიმბოლურია, რომ ვანის განახლებული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში პირველად სწორედ პომპეის არქეოლოგიური მასლა გამოიფინა. მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზის წინ, იქ, სადაც ანტიკური ვანის და მისი შემოგარენის უნიკალური ისტორიის „თხრობა“ იწყება, ვიტრინაში წიგნი დევს.

ოთარ ლორთქიფანიძე  - Vani une Pompéi géorgienne  (ვანი საქართველოს პომპეი), 1995 წ. საფრანგეთი. 


ყდაზე ვანში აღმოჩენილი ქალღმერთ ნიკეს ფრთოსანი ქანდაკებაა - ავტორის საყვარელი არტეფაქტი. ოთარ ლორთქიფანიძე ვანის არქეოლოგიურ გათხრებს 1966 წლიდან ხელმძღვანელობდა. აქ მუზეუმის აშენება და მისი სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაც მისი დიდი ძალისხმევის შედეგია. საერთაშორისო საზოგადოებამ ვანი მისი წიგნით გაიცნო და ეს წიგნი მგონია გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი - ის განმარტავს ექსპოზიციის მთელ კონცეფციას და რაღაც აზარტულ თავგადასავალში გითრევთ. ეს ერთგვარი თამაშია, ანტიკური სამყაროს გაცნობა თითქმის თანადროული და ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავებული ორი ქალაქის მაგალითზე - ვანი კოლხეთის წამყვანი რელიგიური ცენტრია, მაშინ, როცა პომპეი მდიდარი, სავაჭრო ქალაქია, სადაც რელიგია ყოველდღიური ინტენსიური ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. როგორც კი ვანის ისტორიის გაცნობას დაიწყებთ, მაშინვე ამოგიტივტივდებათ პომპეის დარბაზში ნანახი და გაგონილი, ინსტიქტურად დაიწყებთ მსგავსებისა და განსხვავების ძებნას, ფორმების, მასალის, თარიღების, დანიშნულების შედარებას... მითუმეტეს, რომ გზადაგზა მინიშნებებივით შეგხვდებათ ექსპოზიციაში კონტექსტურად ჩართული პომპეის ვიტრინები, რითიც ეს განსხვავებები თუ მსგავსებები უფრო მკაფიო და თვალსაჩინო ხდება.

სამარხების დარბაზი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ვანის განთქმული სიმდიდრის - ოქროს მთავარი წყარო ხომ აქაური წარჩინებულების - ქურუმების და პოლიტიკური და სოციალური ნიშნით დაწინაურებული პირების სამარხებია. ზოგჯერ ძვირფასი სამკაული საგანგებოდაც კი მზადდებოდა მიცვალებულისთვის გასატანებლად. ისეც მომხდარა, ერთი სამარხიდან ათასობით ოქროს ნივთი ამოსულა. დარბაზის შუაში მაღალი ვიტრინა დგას - აქ კოლხური საოქრომჭედლო სკოლის უნიკალური ნიმუშების გარემოცვაში პომპეიში აღმოჩენილი ძვირფასი სამკაულია წარმოდგენილი. მათი უმეტესობა მფლობელების დაფერფლილ სხეულზე აღმოაჩინეს. ზოგჯერ ყუთში საგულდაგულოდ ჩალაგებული მოსართავები გასაქცევად გამზადებული მეპატრონის სიახლოვესაც უპოვიათ.

ისევე, როგორც კედლის მხატვრობის შემთხვევაში, ვულკანურ ფერფლში იდეალურად შენახულმა ოქროს სამკაულმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ახ. წ. I საუკუნის რომაული ოქრომჭედლობის შესწავლაში. პირველი, რაც თვალში გეცემათ, თანამედროვე ფორმები და შეხამებებია. უცებ შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროთ, რომ 2000 წლის წინანდელ მორთულობას უცქერთ. სამკაულები დიდი ზომისაა, მდიდრული. ხშირად ოქრო ძვირფას თვლებთანაა შეხამებული. აქვეა პომპეის წარჩინებული ქალების საყვარელი საყურე - ოქროში ჩასმული წყვილი მარგალიტი. Crotalia - ასე უწოდებენ მას, რადგან სიარულისას გრძლად დაკიდული მარგალიტები ერთმანეთს ეხება და ჩხარუნობს. ვანის და პომპეის ძვირფასეულობას სხვადასხვა ქრონოლოგიური ჩარჩოები აქვს, თუმცა მთავარი განმასხვავებელი კონტექსტია: პომპეის ოქროს სამკაული წარჩინებული ქალების ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრების ატრიბუტია, სამშვენისია, ფუფუნებაა. ვანში კი ოქრო მიცვალებულებისაა - იმქვეყნიური, მარადიული და უზრუნველი ცხვრების გარანტი. რა აქვთ მათ საერთო? ცხადია, საკუთარი საოქრომჭედლო სკოლა, გემოვნება და ძვირფასი ლითონის მხატვრული დამუშავების ცოდნა, რაც ორივე შემთხვევაში მაღალგანვითარებული საზოგადოების დასტურია.

შემდეგი მინიშნება ღმერთებია: პომპეის ვიტრინაში გამოფენილი მარმარილოს სათავსო და მცირე ზომის ბრინჯაოს ფიგურები ერთი შეხედვით ჭადრაკი მგონია. სინამდვილეში ეს მინიატურული საკურთხეველია რომაული პანთეონის ღმერთების გარემოცვაში. ცენტრში მდგარი ორი ერთნაირი, მოცეკვავე ფიგურა მოკლე ტუნიკით და ხელში კეთილდღეობის სიმბოლოთი, ლარებია - სახლის მფარველი და ოჯახზე მზრუნველი ღვთაებები. აქვეა ვენუსი, რომელიც თმებს იშრობს, მერკური, ისიდა, სელენა... ოთხკუთხა პოსტამენტზე აპოლონი დგას, მის უკან დაკუნთული, ზორბა ჰერკულესია. აპოლონის ფიგურებს გვერდით ვიტრინაშიც აღმოაჩენთ - ეს უკვე ვანის არქეოლოგიური მასალაა: ერთ-ერთ ტაძარში შეწირული ვერცხლის ორი მინიატურული ფიგურა. ვანში ჰერკულესიცაა, ოღონდ უფრო ძველი, ვიდრე პომპეისი, ამიტომ ჰერაკლედ წოდებული. ბრინჯაოს მედალიონი, ოქროს ბალთა, ბრინჯაოს და თიხის ქანდაკებები, ყალიბი გამოსახულების დასამზადებლად - საქართველოში სხვაგან არსად მოიპოვება ჰერაკლეს კულტთან დაკავშირებული ასეთი მრავალფეროვანი მასალა.

რომაული და კოლხური კულტურის ამ არტეფაქტებს ერთმანეთისგან 3000 კილომეტრი და წელთაღრიცხვების მიჯნა აშორებთ, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ ანტიკურ ღვთაებათა უსაშველოდ გრძელი პანთეონიდან აპოლონს და ჰერკულესს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ვანშიც და პომპეიშიც. ეს მოსაზრება სხვა აღმოჩენებით, მითოლოგიითა და ანტიკურ ავტორთა ცნობებითაც შეგვიძლია გავამყაროთ. მაგალითად, ჰერაკლე ერთადერთია, ვისი კულტის არსებობასაც კოლხეთში ძველი ბერძენი მწერალი დურისი ადასტურებს. ბერძნული მითოლოგია საერთოდაც ჰერაკლეს უმადლის პომპეის არსებობას. თითქოსდა ქალაქის დაარსება იმ საზეიმო, პომპეზური მსვლელობის შედეგია, მის მიერ ჩადენილ მეათე გმირობას - გერონის ზანტი და ჟღალი ძროხების მოტაცებას რომ მოჰყვა. პომპეიშია აღმოჩენილი ე.წ. სახლის აპოლონების, საცხოვრებლებში განსათავსებელი ქანდაკებების დიდი ჯგუფი და ქალაქის უძველესი სალოცავებიც ჰერეკლეს და აპოლონის სახელობისაა.

ექსპოზიციის ბოლოს ორი ქალაქის განადგურების ისტორია მოკლედ და თვალსაჩინოდაა მოცემული. ტერაკოტისფერ პოსტამენტზე ორი ფიგურაა - თაბაშირის ორი სხმული პომპეიდან. ერთი პირზე ხელაფარებული მამაკაცია, მეორე - ძაღლი, რომლის სხეულიც ტკივილისგან დაგრეხილა. როგორც ჩანს, ვულკანის ამოფრქვევის დროს ის დაბმული იყო - საყელოზე ლითონის რგოლების კვალიც ეტყობა. სიკვდილს ნატრობდნენ სიკვდილის შიშითო, ასე შემზარავი სიზუსტით აღწერს სტიქიის პირისპირ დარჩენილების ტანჯვას პლინიუს უმცროსი. მათ გვერდით, შემაღლებულ სტენდზე, რკინის დიდი, მასიური ტარანია და ქვის მრგვალი მძიმე ბირთვები - ეს უკვე ვანის განადგურების ამბავია, მტრის ხელით, ძვ. წ. I საუკუნეში.

გამოფენიდან გამოდიხარ და გონება თამაშს ისევ აგრძელებს. მსგავსება ამ ორ ქალაქს შორის თანამედროვე ეპოქაშიც არსებობს: არქეოლოგიური კვლევა არც პომპეიში დასრულებულა, არც ვანში. პარალელური ხაზები კიდევ სად გადაიკვეთება, არავინ იცის. არ მოგესმათ - პარალელური ხაზების გადაკვეთას ზოგჯერ არათუ ისტორია, ზუსტი მეცნიერებაც უშვებს: თუ ხაზობრივი პერსპექტივის აბსოლუტური დაცვით აგებულ ნახატზე პარალელურ ხაზებს გააგრძელებთ, ისინი ერთ წერტილში აუცილებლად შეერთდება.


ფოტო: გურამ კაპანაძე, ანა დავარაშვილი/საქართელოს ეროვნული მუზეუმი
განსაკუთრებული მადლობა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გიდს - ნათია დარსალიას.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა