ორსულობა როგორც სამსახური?
ტექსტი მომზადებულია მკვლევართან, ელენე გავაშელიშვილთან საუბრის მიხედვით
სუროგაციის შესახებ საუბრები და განხილვები კითხვას უფრო მეტს აჩენს, ვიდრე პასუხს. სამართლებრივ და სოციო-ეკონომიკურ დისკუსიებთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხეული და განსაკუთრებით ორსული ქალის სხეული ბიოკულტურული არტეფაქტია. სწორედ ბიოლოგიისა და კულტურის თანაკვეთის დროს წარმოიქმნება მკვეთრი რეაქციები სუროგაციაზე.
ანთროპოლოგი ელი თიმანი სუროგაციის აღწერისას მერი დუგლასის ციტატას იყენებს და მას „კულტურულ ანომალიას“ უწოდებს. როდესაც ქალი გაივლის ორსულობისა და მშობიარობის ეტაპებს, მაგრამ საბოლოოდ არ ხდება დედა, როგორ იცვლება დედობის დეფინიცია? როგორ მოქმედებს სუროგაცია ნუკლეარული ოჯახის გაგებაზე? ვის აქვს უფლება, იყოს მშობელი? რა შემთხვევაშია მისაღები და გამართლებული სუროგაცია? როგორ უნდა განისაზღვროს ქალის რეპროდუქციული პოტენციალის ფასი? სუროგატი დედებისთვის ორსულობა სამსახურია? ამის წარმოდგენა, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ხდებიან დედები და გაჩენილი ბავშვის სხვისთვის გადაცემა შეუძლიათ, რაღაც ფუნდამენტური რყევის შეგრძნებებს იწვევს ცნობიერებაში. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს საქართველოში, უკრაინაში, ინდოეთსა და სხვა ბევრ სახელმწიფოში, ქალები სუროგაციულ შრომაში არიან ჩართულები.
ქალის სხეულის ისტორიაში რა როლი ექნება სუროგაციას? ეს ტექნოლოგია ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს თუ მათი სხეულის კომოდიფიკაციას? შეგვიძლია, ისინი მსხვერპლად დავინახოთ? თუ კი, მაშინ ვის მსხვერპლად - პატრიარქალური სისტემის, თუ იმ ქალებისა, ვისაც შვილის ყოლა სურთ?
შესაძლებელია, რომ სუროგაციის პრაქტიკამ დააღწიოს თავი ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემას? ეს საკითხები თითქოს განსაკუთრებული პრობლემურობით იჩენს თავს, როდესაც ტრანსნაციონალური სუროგაციის შესახებ ვსაუბრობთ. სუროგაციის სცენარში ჩართული მშობლები და სუროგატი დედა ყოველთვის სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ტრანსნაციონალურ სუროგაციაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ეს განსხვავებაც უფრო თვალსაჩინოა. გაჭირვებული ქართველი ქალისთვის დამკვეთი ამერიკელი მშობლები წარმოადგენენ სრულიად უცხო, შორეულ სამყაროს, რომელთანაც არანაირი ბმა არ აქვს, მათ შორის, უმეტესად, არც ენობრივი.
სუროგაცია ახალ და ხშირად დამაბნეველ კითხვებს აჩენს დედობის და ნათესაური კავშირის აღქმებთან დაკავშირებითაც. უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ბიოლოგიური ტექნოლოგიებით გამოწვეულ სოციო-კულტურულ ცვლილებებზე. ეს საკითხი საყოველთაო ყურადღების ქვეშ, საქართველოში, ბოლოს 2014 წელს მოექცა, როცა საშობაო ეპისტოლეში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა განაცხადა: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში“. ქვეყანაში, სადაც 87% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, ამ განცხადებით გამოწვეული კოგნიტური დისონანსის სიღრმისა და სიმძიმის მიუხედავად, სუროგაციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
„კომპანია შ.პ.ს “ბედნიერ მომავალს” ესაჭიროება სუროგატი და კვერცხუჯრედის დონორი ქალბატონები საუკეთესო პირობებით. სუროგატი დედების ანაზღაურება 17500 დოლარი. დონორი 1300 დოლარი. კონსულტაცია და ექიმთან ყველა ვიზიტი უფასოა. ხელშეკრულება ფორმდება ნოტარიუსთან. ძალიან მარტივი პროცედურა. ანონიმურობა დაცულია“.
უამრავია ასეთი განცხადება ონლაინ. სააგენტოების, სუროგატობის მსურველების და სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებულების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ამ პრაქტიკების ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან სწავლობს ელენე გავაშელიშვილი, რომელიც 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ის მკვლევრებთან – მარიამ დარჩიაშვილთან, ნინო რჩეულიშვილთან და ქეთევან გურჩიანთან ერთად იკვლევს სუროგაციას, როგორც ქსელურ ფენომენს. ხშირად ქსელის უმთავრესი აქტორი, რომლის გარეშეც ქსელი საერთოდაც არ იარსებებდა, ყურადღების მიღმა რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საუბარში მოცემული დაშვებები შესაძლოა მომავალში ახლებურად წარმოჩინდეს.
სამეცნიერო ლიტერატურაში სუროგაციის პროცესის აღსაწერად ხშირად გამოყენებულია მეტაფორები: „მოგზაურობა“, „თავგადასავალი“. რა ხდება, როცა ამ „მოგზაურობას“ განვიხილავთ, როგორც შრომისა და დასაქმების ფორმას? ხშირად ამ ორს შორის ტოლობის დასმას, სუროგაციაში ჩართული ყველა მხარე, მათ შორის სუროგატი დედებიც, ერიდებიან. არადა, პოზიცია, რომ უცნობი წყვილისთვის ბავშვის გაჩენა, გარდა გაწეული შრომის სანაცვლოდ მიღებული ფინანსური ანაზღაურებისა, დიდი სიკეთისა და ალტრუიზმის გამოვლინებაა, სუროგატებს შრომით ლიმბოში ტოვებს. ამ ლიმბოში სახელმწიფო არ იცავს მათ შრომით უფლებებს და ყველაფერი სააგენტოების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სამედიცინო მხარის შეფასებით, სუროგაციის პროცესში ჩართვამდე ეს ყველაფერი ქალებს იოლი ეჩვენებათ და ფულის მარტივად გამომუშავების გზად აღიქვამენ, თუმცა მოგვიანებით მუცლის გაზრდასთან ერთად პრობლემებიც იზრდება. სხეულის ფორმის ცვლილება ამ პროცესის დაფარვის საშუალებას აღარ იძლევა. სუროგატს ან დამალვა უწევს, ან ამ პროცესში ჩართულობის გამჟღავნება. გაზრდილი მუცელი და ორსულობის ბოლო თვეების სირთულეები სუროგატებს საკუთარი შვილების მოვლის პროცესსაც ურთულებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალები პროცესში უმეტესად სწორედ იმიტომ ერთვებიან, რომ თვითონ შეძლონ საკუთარი შვილების პირობების გაუმჯობესება.
საკუთარი სხეულის აღქმას კულტურა გვიყალიბებს და სხეულებრივი გამოცდილებებიც მნიშვნელობას კულტურის წნეხის ქვეშ იძენს. სუროგატი დედების მხრიდან სუროგაციის პროცესში ჩართული საკუთარი სხეულის აღქმა კულტურისა და სოციუმების მიხედვით განსხვავდება. კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმის დადგენაა, თუ როგორია ეს აღქმა ქართულ კონტექსტსა და ქართველი ქალების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ თვითონ ექიმების შეხედულებები და პოზიციაც იცვლება. თავიდან სუროგატებს უფრო ამრეზით უყურებდნენ. სააგენტოს წარმომადგენლების აზრით, დღეს ექიმების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება თითქმის აღარ გვხვდება, რადგან სუროგაციაზე ინფორმაცია უკვე იოლადაა ხელმისაწვდომი.
საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებული კანონების სივიწროვე და ცნებების განმარტებაც პრობლემაა. ასევე პრობლემურია დამატებითი რეგულაციების არარსებობა. ელენე ამბობს, რომ კვლევის მიზანი საკანონმდებლო გარემოს შესწავლაცაა. დღეს, იმისთვის, რომ სუროგატის აყვანა შეძლო, პირველ რიგში, უნდა გქონდეს სამედიცინო ჩვენება. სხვა შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა სუროგაციას კრძალავს. წყვილს, ვისაც ორი შვილი ჰყავს, აღარ აქვს უფლება სუროგატი დედის დახმარებით კიდევ ერთი ბავშვი გააჩინოს, მაგრამ რეგულაციების არარსებობის პირობებში სხვა რეალობას ვაწყდებით: ახლახან გახდა ცნობილი ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოსთურქის, შესახებ, რომელიც თავის პარტნიორთან ერთად გეგმავს, სუროგაციის გზით 105 შვილი იყოლიოს.
კანონი იმდენად მწირია, რომ შეიძლება ითქვას, კლინიკები საკუთარი საქმიანობის რეგულაციას თავად ეწევიან. როგორც აცხადებენ, ისინი საერთაშორისო სტანდარტებს და გამოცდილებებს ითვალისწინებენ, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო განზეა გამდგარი. ამ ინდუსტრიის მთავარი აქტორები კი – სააგენტოები და კლინიკები, თავად ცდილობენ პრაქტიკების ბიოეთიკურად დახვეწას. მაგალითად, კანონი არ ზღუდავს, თუმცა სააგენტოები თავად აწესებენ ასეთ შეზღუდვას და სუროგატი ვერ გახდება ქალი, თუკი თავად არ ჰყავს ბიოლოგიური შვილი. 2020 წლის სექტემბრიდან გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში, რასაც განახლებული დისკუსიები მოჰყვა. კანონში დღეს წერია, რომ წყვილი ერთი წელი მაინც უნდა იყოს ქორწინებაში ან თანაცხოვრებაში, რომ სუროგაციით შვილის გაჩენის უფლება მოიპოვოს. ეს მუხლი მარტოხელა ქალებს, კაცებსა და ჰომოსექსუალ წყვილებს სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობას უკრძალავს.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონებზე მუშაობის პროცესში მთავარი აქტორები არ იყვნენ ჩართული. შესაბამისად, რეალურ გამოცდილებებსა და კანონს შორის დღეს არსებობს უფსკრული, რომელიც რეალური ადამიანების ცხოვრებაში იწვევს პრობლემებს.
ელენეს დაკვირვებით, საქართველოში ცნებები ერთმანეთშია აზელილი. ხშირად ამბობენ სუროგატ დედებზე, რომ ისინი საკუთარ შვილებს ყიდიან, რაც ასე არ არის, რადგან საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციაა დაშვებული. გესტაციური სუროგაციის დროს, ბავშვი სხვა ქალის კვერცხუჯრედიდან იბადება და სუროგატი დედის სხეულში 9 თვეს ატარებს. Სუროგატ დედებს ხშირად უმეორებენ, რომ ბავშვთან ბიოლოგიური კავშირი არ აქვთ და მათი სხეული მხოლოდ დროებითი სამყოფელია იმ ქალების დასახმარებლად, რომელთაც თავად არ აქვთ დაორსულების საშუალება. ზოგიერთი მათგანი იმასაც ფიქრობს, რომ ბავშვთან მაინც მნიშვნელოვანი ბმა აქვთ, რადგან 9 თვის განმავლობაში ბავშვი მათი სისხლით იკვებება, მაგრამ უფრო მეტი კავშირის აღმოჩენა შეგნებულად არ უნდათ. მაგალითად, ექოსკოპიაზე სუროგატები ხშირად არ უყურებენ ეკრანს და ცდილობენ, ემოციურად ნაკლებად ჩართულები იყვნენ პროცესში. თითქოს თავს ასე უფრთხილდებიან – ზღვარს იცავენ, ამ პროცესს, როგორც საქმეს ისე აღიქვამენ, რომელიც მალე ჩაივლის. თუმცა, ორსულობის დასრულების შემდეგ, თითქოს მაინც ცარიელდებიან.
ბავშვის გაჩენის მომენტამდე, სუროგატი ქალი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, მთავარი მოქმედი გმირია – ექიმისთვის, სააგენტოსა და მშობლებისთვისაც. ერთი მხრივ, დიდი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შვებისმომგვრელია: ყველაზე საპასუხისმგებლო მისია ჩავლილია, სხვისი გულისცემის ყარაულობა აღარ მოგიწევს, შენს ოჯახს მეტ ყურადღებას მიაქცევ და აიღებ ანაზღაურებას, რომელიც რამეს მაინც მოგიგვარებს ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ბავშვის დაბადება არის გადასვლის რიტუალი - პროცესიდან - სიცარიელეში.
ფოტო: მარიამ მენთეშაშვილი