პასუხისმგებლობის რეცეპტი ხაბაზისგან
„იმედი გვაქვს, რომ ასე უფრო მალე მივაწვდენთ ხმას მაღალი დონის ათლეტებსა და ზოგადად ყველა ახალგაზრდას და იმასაც შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ: უზადო სპორტული შედეგების მიღწევა და ჯანსაღად ცხოვრება თუ გვინდა, პირველ რიგში, სწორად უნდა ვიკვებოთ”, - მოდი, ეს იყოს მარტივი გამოცანა თქვენთვის - აბა, თუ მიპასუხებთ, ვინ შეიძლება ამბობდეს ამ სიტყვებს? კარგად არც მე ვიცნობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ არც ცნობილი დიეტოლოგია ავტორი, არც რომელიმე სპორტული გუნდის ექიმი, არც რომელიმე წონაში დაკლებით შვებამოგვრილი ექს-ჭარბწონიანი.
ამ სიტყვებს კომპანია “ბაკალდრინის” ხელმძღვანელი ამბობს მას შემდეგ, რაც ეს 50 წლის წინ დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის ავსტრიული მწარმოებელი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა და ევროპული ოლიმპიური გუნდების გამოკვებაზე დაიწყო ზრუნვა.
ზრუნვაში ვგულისხმობ იმას, რომ “ბაკალდრინი” თავისი პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სპორტსმენთა რაციონისთვის შესაფერის ნაწარმს მიაწოდებს ყველა ევროპულ ოლიმპიურ გუნდს და ამით იზრუნებს იმაზე, რომ ჯანსაღი ცხიმებითა და ცილებით, სწორად დამუშავებული საფუარითა და ვიტამინებით გაჯერებული პურეული მიირთვან იმ ადამიანებმა, ვისაც ევალებათ იყვნენ ათლეტურები; და შესაბამისად, არც წონაში მომატება, მოდუნება და ავად გახდომა ეპატიებათ.
პურის ცხობა ოსტატობააო, გამიგია; ცოტა უფრო პათეტიკურ-სენტიმენტალური გურმანებისგან ისიც გამიგია, რომ პურის ცხობა ალქიმიაა, ლოცვაა და და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ჩუმად, ჩემთვის, გულაჩუყებული, ზოგჯერ მეც ვეთანხმები ხოლმე მათ შეფასებებს. თუმცა, ახლა, მას შემდეგ, რაც ოლიმპიელი სპორტსმენებისა და “ბაკალდრინის” კონტრაქტის ამბავი გავიგე, სენტიმენტალური ცრემლები მოვიწმინდე და მტკიცედ ვთქვი, რომ პურის ცხობა, ჩვენს დროში, პირველ რიგში, მეცნიერებაა.
თუ გინდა, რომ პურის ცხობის მნიშვნელობის საკრალური ხაზიც შეინარჩუნო და თან ეს უხსოვარი დროიდან დაგროვებული ცოდნა განავითარო და თანამედროვე ადამიანების ფიზიკურ მოთხოვნებსა და გემოვნებას მოარგო, მაშინ - დიახ, პურის ცხობისთვის ჩვენს დროში თონეზე მეტად ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი გჭირდება.
აღმოვაჩინე, რომ “ბაკალდრინს” სწორედ ასეთი კვლევითი ცენტრი აქვს, სადაც ცდილობენ მავნე პურ-ფუნთუშეულისგან აღარაფერი დარჩეს (რაც, როგორც წესი, რჩება ხოლმე, თუ ხორბლის დათესვა-გაზრდა, მოსავლის აღება, ფქვილის დაფქვა, ცომის ამოფუება და პურის ცხობა დარღვევებით მიმდინარეობს); რომ პირიქით ხორბლეულმა ბოლომდე გამოავლინოს ჯანსაღი თვისებები; და რომ მართლა შეიკრას ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წრედი - გზა მიწიდან მზემდე და პირიქით, რომლის სიმბოლოც სწორედ პურია.
სილიკონ ველის და ზოგადად ტექნოლოგიური ნოვაციების ხანაში შეიძლება ძველმოდურადაც კი ჟღერდეს ტერმინი - „ოჯახური ბიზნესი“, თუმცა, “ბაკალდრინს” რომ დღიდან დაარსებისა ერთი ოჯახი ფლობს, მისი კლიენტებისთვის ნდობის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი უფროა: როცა ერთი და იგივე ოჯახი, თავშივე განსაზღვრული ფასეულობებით, უცვლელად აგრძელებს საქმეს და ამ ფასეულობებში ფუნდამენტურად არაფერს ცვლის, პირიქით, განვითარების ახალ დონეზე აჰყავს ჩანაფიქრი, ესე იგი, ეს პირველივე ჩანაფიქრი ჰქონიათ ძალიან ზუსტი, მარტივი და ამით გენიალური - აცხონ ჯანსაღი პური. აცხონ ბევრნაირი ჯანსაღი პური. და ეს ბევრნაირი ჯანსაღი პური ბევრგან გაყიდონ.
ეს სამი კომპონენტი „ბაკალდრინში“, როგორც ჩანს, უწყვეტად მუშაობს - მხოლოდ გაყიდვები, ან მხოლოდ კვლევა, ან მხოლოდ ასორტიმენტის გაზრდა კი არა, აქაა: ასორტიმენტისა და გაყიდვების გაზრდა კვლევაზე დაფუძნებით.
წესით, სწორედ ეს ერთიანი მიდგომა ამართლებს და “ბაკალდრინი” დღეს 600-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ჰყიდის პურეულის, როლების, ნამცხვრებისა და საკონდიტრო ნაწარმის გამოსაშვებად. წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, 15-ში კი ფლობს საკუთარ ფილიალს. და არანაკლებ მნიშვნელოვანი: სწორედ ზემოთ ხსენებულ კვლევებზე დაფუძნებით, “ბაკალდრინში” ადრეული 1990-იანი წლებიდან აფასებენ ორგანულ საკვებს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის განმსაზღვრელ შტრიხს და აქვთ სრულიად დამოუკიდებელი მიმართულება “ბიო”, რომლის ქვეშაც ბევრნაირი დასახელების ორგანულად სუფთა პურ-ფუნთუშეული გამოდის.
შეიძლება დღემდე არც იცოდეთ, რომ “ბაკალდრინის” ამა თუ იმ ნაწარმს საქართველოშიც მიირთმევდით წლების განმავლობაში; რადგან ეს კომპანია, უკვე წლებია, თავისი პროდუქციით ამარაგებს პურ-ფუნთშეულის რამდენიმე ქართულ საწარმოს.
2016 წლიდან კი “ბაკალდრინი”-საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. მის ადგილობრივ პარტნიორთაგან ერთ-ერთმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ “ბაკალდრინისგან”, მექანიკურად და გაუაზრებლად, მხოლოდ პროდუქციის მიღება კი არ უნდა, რომ შემდეგ უბრალოდ ხარისხიანი პური აწარმოოს; არამედ “ბაკალდრინისგან” სურს მიიღოს იდეებიც, ცოდნაც, სტიმულიც და ინსპირაციული ფასეულობებიც და პური მხოლოდ კი არ აცხოს; არამედ აცხოს პასუხისმგებლობითა და სიყვარულით; და აცხოს უბრალოდ პური კი არა - ნამდვილი პური.
“ჩვენს შორის ფასეულობების სრული თანხვედრაა”, - ფიქრობენ ამ ქართულ კომპანიაში, რომელსაც “ბროტმაისტერი” ჰქვია და 150 კვ.მ. ფართობზე აშენებულ საწარმოსაც ისეთი თანამედროვე დანადგარებით აწყობენ, რომლებიც საშუალებას მისცემთ, სწორედ ნამდვილი პური, როგორც ფასეულოება, ისე აწარმოონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოიყენონ პურის ცხობის ტრადიციული ცოდნა და ჯანსაღი მიგნებები და თან გემოს დახვეწა-განვითარებაზეც იზრუნონ.
“ბროტმაისტერს” სადა, უპრეტენზიო სახელი ჰქვია - პურის ოსტატი - პირდაპირ თარგმანში ასეთია სახელი. თუმცა ოსტატობა ხომ პასუხისმგებლობით სავსე მიდგომას, საქმეზე სრულ კონცენტრაციას, საქმეში დიდი ძალისხმევისა და სიყვარულის ჩადებას და ცოდნასაც გულისხმობს. თუ “ბაკალდრინთან” საზიარო ფასეულობებზეა ლაპარაკი, ამ ორ კომპანიას საზიაროც სწორედ ეს მიდგომები უნდა ჰქონდეს.
„ბროტმაისტერში“ ამბობენ, რომ მათი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი „ბაკალდრინის“ რეცეპტურის მიხედვით ცხვება, მაგრამ მას მერე რაც საზიარო ფასეულობების შესახებ ვიცი, ვხვდები, რომ რეცეპტურის გადმოღება არა მხოლოდ ინგრედიენტების მათემატიკური სიზუსტით კოპირებას ნიშნავს, არამედ იმ ცოდნის გააზრებას, რომ სწორედ ამ ინგრედიენტების კონფიგურაციითა და ასეთი დოზებით ცხვება ნამდვილი პური, ფუნთუშა თუ ნამცხვარი.
არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს, კარს მოგადექით რელიგიური ლიტერატურით ხელში და დაჟინებული მზერით “ჭეშმარიტი ღმერთის” შესახებ გიმტკიცებთ სკანდალურ ცნობებს. ამიტომ, თუ დაინტერესდით, თავად ნახეთ.
ესეც “ბროტმაისტერის” რეალური მისამართი. სწორედ ახლა მივდივარ, მცხობელებს მინდა მოვაყოლო, მაინც რას ნიშნავს ეს “ნამდვილი” პურთან მიმართებაში.