ფიროსმანი
თიბისი გალერეაში მირზაანიდან
თიბისი გალერეაში დღეს, 2 თებერვალს უნიკალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ფიროსმანის უკვე რესტავრირებული „თამარ მეფე“ და „რუსთაველი“ პირველად საზოგადოებამ სწორედ აქ იხილა. თიბისი გალერეაში ასევე გამოფინეს ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის სრული კოლექციაც. სწორედ ამ კოლექციაში შედიოდა თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები, რომლებიც ფიროსმანს 1913-14 წლებში შეუსრულებია. მირზაანის მუზეუმამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა.
ორივე ნამუშევარი სრულფასოვან რესტავრაციას საჭიროებდა. ეს პროცესი „თიბისი ბანკის“ დაფინანსებით განხორციელდა. ნამუშევრების რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. საფუძვლიანი კვლევის შემდეგ დაზიანებული ადგილები აღადგინეს, დეფორმაცია გაასწორეს, დაამუშავეს და გაწმინდეს ზედაპირი.
მირზაანიდან თბილისში ჩამოტანილი კოლექციის და აღდგენილი ნამუშევრების დასათვალიერებლად თიბისი გალერეაში სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო ტურები მოეწყობა. თიბისი ბანკის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ანიმაცია ფიროსმანის შემოქმედების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გამოფენაზე შედგა.
მირზანიის მუზეუმი ფიროსმანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ეს კოლექცია ათწლეულების განმავლობაში კერძო კოლექციებიდან და მუზეუმებიდან ივსებოდა.
„კალოობა“ ფიროსმანის მუზეუმის პირველი ექსპონატია. იგი პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა გადასცა მუზეუმს. მირზაანში დაცული ფიროსმანის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევრებია ასევე „ნატურმორტი შაქრის თავით“ (1895-1903 წწ.), რომელიც თავდაპირველად დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი დუქნის აბრის ნაწილი იყო და 1905 წელს შესრულებული „მალაკნების ქეიფი“, რომელიც დიდუბის ბორანთან მდებარე ერთ-ერთ დუქანში ეკიდა.
შემდეგ, ნელ-ნელა, თბილისის ღვინის სარდაფებიდან და დუქნებიდან ფიროსმანის სურათებმა კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში გადაინაცვლა. ასე მოხვდა „მწოლიარე ქართველი ქალი“ და „მუშა სოსო“ ივ. კეკვაძის ღვინის სარდაფიდან, საბოლოოდ, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმში.
„ხილის დუქანი“, „დათვი თავისი ბელებით“ და „სონა უკრავს გარმონს“ ფიროსმანის სახლ-მუზეუმს საჩუქრად სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გადასცა, მიხეილ ოქრუაშვილის დაკვეთით თბილისის ერთ-ერთი ღვინის სარდაფისთვის შესრულებული ,,წარაფი” კი - გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა. ფიროსმანის მუზეუმში მოხვედრამდე კერძო კოლექციაში ინახებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სურათიც - „ქალი სააღდგომო კვერცხებით“.
სწორედ ამ საინტერესო ექსპონატებს იხილავთ თიბისი გალერეაში გახსნილ გამოფენაზე. აქვე დაათვალიერებთ პაბლო პიკასოს მიერ 1972 წელს შესრულებულ ფიროსმანის პორტრეტსაც. ფიროსმანი გამოფენა 16 თებერვლამდე გაგრძელდება.