გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

პლატფორმა მუდმივი წინსვლისთვის

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოების ახალი პლატფორმა გამოცდილების გაზიარების სივრცეა, რომელმაც ასეულობით ქართული კომპანიისათვის ინოვაციების დანერგვის და განვითარების წინაპირობა შექმნა. თიბისი ბანკის ამ ინიციატივასა და წარმატების გაზიარების მნიშვნელობაზე ინდიგო თამარ ჟიჟილაშვილს, თიბისის ბიზნესკლიენტების მომსახურების მართვის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა. 

ბიზნესდაჯილდოება უკვე მესამე წელია იმართება, იზრდება თუ არა კონკურსში კომპანიების ჩართულობა და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ კონკურსებს ბიზნესგარემოს განვითარებისთვის? 

წლევანდელ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყო. ჩვენ დიდ ჩართულობას ველით. აქამდე კი, 1200-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. პირველ წელს უფრო მეტი სტარტაპის ტიპის კომპანია გზავნიდა განაცხადს, მეორე წელს კი კომპანიების ასაკიც გაიზარდა და ზომაც.

ბიზნესდაჯილდოების მიზანი წარმატებული ბიზნესების ცნობადობის გაზრდაა. საქართველოში ჯერ კიდევ შეიმჩნევა პოსტსაბჭოთა სივრცის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი საქმის, ბიზნესის წამოწყება პოპულარული არ არის. ამ დროს, მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. ამგვარი დაჯილდოებებით ვცდილობთ, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ბიზნესის კეთებაში სათაკილო არაფერია და სხვების წარმატების გაზიარებით, მათაც გავუჩინოთ საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი.

„წლის ქართული პროდუქტი“, „წლის ტურისტული ბიზნესი“, „წლის სტარტაპი“, „წლის ბიზნესი“ – ამ ნომინაციებს წელს კიდევ ორი – „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ და „წლის ქალი მეწარმე“ დაემატება. რატომ ეს ორი ნომინაცია?

ქვეყნის პრიორიტეტებზე დაკვირვებით, თიბისი ბანკი აქცენტებს ყოველწლიურად ცვლის. წელს გადავწყვიტეთ, ისეთი ნომინაცია დაგვემატებინა, რომელიც კომპანიის სოციუმზე დადებით ზეგავლენას გაზომავს და მას ამის მიხედვით შეაფასებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიისთვის შემოსავლის გენერირებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მიზანიც ეს უნდა იყოს. შემოსავლიანი კომპანია შემდეგ ინვესტიციას სხვა რამეში დებს, ვითარდება, მეტ ადამიანს ასაქმებს, მეტი ინოვაცია შემოაქვს და ამით ბიზნესგარემოს აუმჯობესებს. თუმცა მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი რამ, შენი საქმიანობით სოციალური ფონის გაუმჯობესებაა. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოოდ ისეთი ეკონომიკური წყობა ჩამოყალიბდეს, სადაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლის გენერირება და გარემოზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა. ნომინაციაც „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ სწორედ ამას ემსახურება.

წლევანდელი დაჯილდოების მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი ქალი მეწარმეების წახალისებაა. საქართველოში ქალებს ბიზნესის წარმოების ისეთივე შესაძლებლობები აქვთ, როგორიც მამაკაცებს. ბიზნესის სფეროში კაცები მაინც მეტად აქტიურობენ. მენტალური ძვრა უნდა მოხდეს – ქალებმა უნდა თქვან, რომ ისინი ყველანაირ ინსტრუმენტს ფლობენ და სრულიად დამოუკიდებლად შეუძლიათ ბიზნესის წამოწყებაც და მართვაც.

ვინ არიან ჟიურის წევრები და რა არის გამარჯვებული კომპანიებისთვის მთავარი ჯილდო?

მესამე წელია, ჟიური დამოუკიდებელია, თიბისი ბანკი მისგან სრულიად გამიჯნულია. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება სწორხაზოვანი არ იყოს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების გარდა, ჟიურიში აკადემიური, ხელოვნებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებიც თანაბრად არიან.

პირველი ორი წელი გამარჯვებულ კომპანიებს მხოლოდ ნომინალურ პრიზს გადავცემდით. წელსაც ჯილდო მატერიალური არ იქნება, თუმცა გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი თავიანთ ბიზნესსაქმიანობაში დაეხმარება. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდსტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა – ამ ჯილდოებიდან გამარჯვებული კომპანიები ერთ-ერთს აირჩევენ. 

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი თიბისი ბანკის კიდევ ერთი ინიციატივაა. რა იყო მისი ინსპირაცია?

ამ კონკურსის ინსპირაცია ბიზნესდაჯილდოებიდან მივიღეთ. მცირე და საშულო ბიზნესები დღეს უმეტესად უცხოური წარმოების პროგრამებს იყენებენ. ჩვენ კი გვინდა, რომ ამგვარი ბიზნესებისთვის გამოყენებადი ტექნოლოგიური ბაზა საქართველოშიც შეიქმნას. რადგანაც საქართველოში წარმოებული პროგრამები თითქმის არ არსებობს, რისკიც დიდი იყო, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველები არ იქნებოდნენ. წელს პირველი კონკურსი უკვე მოეწყო და, ჩვენთვის მოულოდნელად, 73-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 6 ფინალისტი, ხოლო მათგან 3 გამარჯვებული გუნდი გამოვავლინეთ. გუნდებმა ძალიან საინტერესო პროგრამები შემოგვთავაზეს, მათ შორის, ინვოისების დამუშავების, კონტრაქტების შექმნის, საბუღალტრო რეპორტინგის ინსტრუმენტები. 

ამგვარი პროექტებით გვინდა, ისეთი პროგრამების შექმნას შევუწყოთ ხელი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საქმის უკეთ კეთებაში დაეხმარება და ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. 

ჩვენ ასევე შევქმენით ონლაინპლატფორმა businesstool.ge, სადაც ყველა ქართულ კომპიუტერულ პროგრამას, მობილურ აპლიკაციას თუ ვებსერვისს ვუყრით თავს. დეველოპერებს, რომლებიც ბიზნესისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიან, შეუძლიათ, თავიანთ პროდუქტზე ინფორმაცია ატვირთონ და ამ გზით გაზარდონ პროდუქტის ცნობადობა. თავის მხრივ, კომპანიებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, მოძებნონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. 

პროგრამული უზრუნველყოფის პროცესში თიბისი ბანკსაც უნდოდა თავისი წვლილის შეტანა, ამიტომ განვაახლეთ ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისთვის. ეს სიახლე მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალურ დღეს წარვუდგინეთ. თიბისი ბანკის მომხმარებელ იურიდიულ პირებს ახლა შეუძლიათ, გაცილებით გაუმჯობესებული და გამარტივებული ინტერნეტბანკით ისარგებლონ.  

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა