გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პორტრეტების პარადოქსი - იკონურობა და ხელოვნული ინტელექტი | მარიამ ნოზაძე


სიტყვა პორტრეტი, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი პოპულარული ჟანრი, ლათინური სიტყვიდან ( prō- +‎ trahō (“I drag”) მოდის და „ზიდვას“, „მოთრევას“, „მოტანას“ ნიშნავს . 

რა მოაქვს ჩვენამდე პორტრეტს? უპირველესად და ისტორიულად, იმ ადამიანის გამოსახულება, ვისაც ასახავს პორტრეტი. სემიოტიკური განზომილებით თუ განვმარტავთ ამ მოვლენას, პორტრეტი იკონურ, მიმსგავსებით მიმართებაშია იმ ადამიანის გამოსახულებასთან, ვისაც ასახავს.

მე-13 საუკუნიდან, ვიდრე ფოტოგრაფიის გამოგონებამდე ცოტა გზა თუ არსებობდა რითაც ადამიანი თავისი გარეგნობის სხვა მედიუმში გადატანას და „შენარჩუნებას“ შეძლებდა. შესაბამისად, იკონური მიმართება ადამიანის სახეებსა და კლასიკურ პორტრეტებს შორის საუკუნეების განმავლობაში მეორდებოდა და მტკიცდებოდა.

ავტორს,  პორტრეტის სრულყოფისთვის სჭირდება გადმოიტანოს ადამიანის არა მხოლოდ რეალურთან მიახლოებული გამოსახულება, არამედ ემოცია, განწყობა - საბოლოოდ კი ენერგია. რაც მიიღწევა ფერის, სილუეტის, პროპორციის, ფონის, განათების და სხვა არაერთი კომპონენტის შერჩევით და იმ სემანტიკით, ანუ შინაარსით, რაც კონკრეტულ ფერს, ფორმას, მახასიათებელს და ნიშანს აქვს მედიუმში (ვთქვათ, ტილოზე) გადატანისას. 

სემიოტიკური განმარტება რომ მოვიშველიოთ, ავტორი არის მედიაციის რგოლი ადამიანის სახეს, - აღსანიშნს და საბოლოო ტილოზე გადატანილ გამოსახულებას, - ამ ადამიანის აღმნიშვნელ იმიჯს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად კლასიკურ პორტრეტში მიზანი ადამიანის სახის სიზუსტით გადმოტანა იყო, ფაქტობრივად ორი კომპონენტის - ავტორის მედიაციის და ტილოს ორგანზომილებიანობის გამოისობით ყველა პორტრეტი სინამდვილეში, პირობითია. 

ეს გახლავთ კლასიკური პორტრეტების პირველადი და უმთავრესი პარადოქსი.

სწორედ ეს პარადოქსი დაგვეხმარება ჩვენი სტატიის მთავარი ექსპონატის, მარიო კლინგემანის  ინსტალაციის - Memories of Passersby“-ს  („გამვლელთა მოგონება“) განხილვაში.. 

მარიო კლინგემანი გერმანელი არტისტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მეშვეობით პორტრეტებს ქმნის. „გამვლელთა მოგონება“ კლინგემანის პირველი გახმაურებული პროექტია და იგი ხელოვნური ინტელექტის პროგრამაა, რომელშიც დასავლური ცივილიზაციის მე-17- მე-19 საუკუნის ფერწერული პორტრეტების გამოსახულებებია ჩატვირთული .  ამ გამოსახულებების მონაცემებზე დაყრდნობით მარიო კლინგემანის ალგორითმი გამუდმებით და რეალურ დროში ახორციელებს ახალი გამოსახულებების „დაგენერირებას“(წარმოქმნას) და ეკრანზე გამოტანას.

ამ პროექტის ინსტალაცია შეადგენს მუდმივად ჩართულ კომპიუტერს, რომელშიც ჩატვირთული ხელოვნური ინტელექტის პროგრამა განუწყვეტლივ „ხატავს“ ახალ პორტრეტულ გამოსახულებებს. ინსტალაციის ექსპოზიციისას ეს კომპიუტერი ხის ყუთშია მოთავსებული და დამთვალიერებელი მას ვერ ხედავს. სამაგიეროდ, ინსტალაციის მნახველი ხედავს ორ ციფრულ ეკრანს, ამ კომპიუტერის ორ მონიტორს, რომელთაგან ერთი მუდმივად ქალური ვიზუალის პორტრეტებს, მეორე კი მუდმივად მამაკაცური გარეგნობის პორტრეტებს გვაჩვენებს. პორტრეტები უწყვეტად და რეალურ დროში გარდაიქმნება, ერთი გამოსახულება მეორეში გადადის და ეკრანზე მუდმივად ახალი პორტრეტები ჩნდება. „გამვლელთა მოგონების“  ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად და უსასრულოდ აგრძელებს სახეების შექმნას და ერთმანეთში გარდასახვას. აღსანიშნავია, რომ მარიო კლინგემანის ეს ნამუშევარი 2019 წელს სოტბის აუქციონზე 40000 ფუნტად გაიყიდა.

რა მოვლენაა კლინგემანის ეს ინსტალაცია? არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ „დახატული“, ეკრანზე გამოტანილი პორტრეტები პორტრეტები, მაშინაც კი, თუკი ისინი არ არსებულ ადამიანებს ასახავენ?

ქუჩაში გამვლელი ადამიანების სახეებიც ხომ სინამდვილეშიც ასე ერთმანეთში გარდასახულად, ერთიდან მეორეში გარდამავალ სახეებად ლაგდება ჩვენს მახსოვრობაში? ან კიდევ, რა დაგვამახსოვრდება მუზეუმში გამოფენაზე მისულებს პორტრეტების თვალიერებისას, როგორ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში ტილოებზე ნანახი სახეები? არსებობს კი კაცის, ან ქალის ზოგადი პორტრეტული სახე? სწორედ  ბევრ ასეთ კითხვას აჩენს ინსტალაცია „გამვლელთა მოგონება“.

თავად მარიო კლინგემანი სოტბის აუქციონისთვის მომზადებულ ინტერვიუში ამბობს, რომ კლავიატურა, რომელზეც მან „გამვლელთა მოგონების“ ალგორითმი შექმნა, მისთვის ფუნჯებია  და მიზანი პრინციპულად პორტრეტზე მუშაობა იყო. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ეს პორტრეტები პროპორციის, ფერის, ფონის, გრაფიკული ფორმის და კლასიკური პორტრეტისთვის საჭირო ყველა კომპონენტის თანახმად, წმინდად პორტრეტულ იმიჯებს გვთავაზობენ. ისინი იკონური მიმსგავსების კანონზომიერი შესაბამისობით ჰგვანან ყველა ფლანდრიულ, ან ესპანურ პორტრეტს, მაგრამ არ ასახავენ არცერთ რეალურ ადამიანს, არც ისტორიულ ფიგურას, მათ მიღმა აღსანიშნის, როგორც რეალური ადამიანის სახის განზომილება გაუქმებულია. 

დასაწყისში ვთქვი, რომ პორტრეტის ჟანრის პარადოქსი არის ის, რომ ტილო პირობით მიმართებაშია ადამიანის სახის გამოსახულებასთან. მარიო კლინგემანის ალგორითმის მიერ შექმნილი პორტრეტი კი არათუ პირობით, არამედ ნულოვან მიმართებაშია რომელიმე რეალური ადამიანის სახესთან, მაგრამ სამაგიეროდ, უზუსტესი ხარისხით, ყველა მხატვრული კანონის დაცვით ჰბაძავს პორტრეტის ჟანრს და ამ ჟანრის ფარგლებში ნანახი სახეების მახსოვრობას ჩვენს გონებაში.

მარიო კლინგემანის ეს პროექტი საინტერესო შეიძლება იყოს არა იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის უნარები შევაფასოთ, თუ რა მასშტაბის ვიზუალური მონაცემების გადამუშავება შეუძლია მას, ან აჯობებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ადამიანს პორტრეტების ხატვაში, არამედ მისი მიზანია დაგვაფიქროს სინამდვილეში რა მოსწონს დამთვალიერებელს როცა პორტრეტს უყურებს, ნახატის ვინმეს მიმართ იკონურობა, თუ მისი პორტრეტულობა? 

ხელოვნური ინტელექტის ხელოვნებაში შემოტანა,  სწორედ ასეთი ტიპის მიზნებს ემსახურება, - ადამიანის მხატვრული აღქმის უკეთ შესწავლას და იმის დადგენას, თუ რა კრიტერიუმების შემდეგ იწყებს ადამიანის ცნობიერება გამოსახულების ხელოვნებად მიჩნევას.  ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ამ მხრივ უფრო და უფრო იხვეწება და შესაბამისად, ფართოვდება ადამიანის მხატვრული აღქმის შესწავლის გზებიც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა