ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მიმოხილვა

ქალები, ქალები, გვამები, გვამები...

მაისი / ივლისი / 2016

მაგდა პაპიძე ბევრისთვის და, მათ შორის, ნაფიცი მსაჯულებისთვის მხოლოდ ცივსისხლიანი მკვლელია. სხვებისთვის – ფსიქიკადანგრეული ადამიანი. მაგდა პაპიძე მათთვის ერთი კონკრეტული ადამიანი – კონკრეტული დამნაშავეა. მაგრამ კიდევ არიან სხვები, ვინც სურათის აღქმისათვის დისტანციაზე დგებიან და ამა თუ იმ კომპოზიციას რომელიმე ზოგად და ფართო დარბაზის ნაწილად განიხილავენ. მათ თქვეს, რომ მაგდა პაპიძემ ჯერ საკუთარ ბინაში, შემდეგ კი სასამართლო დარბაზში უკიდურესი სიმძაფრით აირეკლა ჩვენი კულტურის კრიზისი. მისი მრავალმხრივი განშტოებები. რომ მაგდა პაპიძემ ცული არა მხოლოდ ადამიანს, არამედ საკუთარ ყოფას, წარსულს და ამ წარსულის ყოველგვარ კვალს მოუღერა. კანონს კულტურული კრიზისი არ აინტერესებს. მაგრამ ის სხვებს გვაინტერესებს. მათ, ვინც შევამჩნიეთ, რომ ცოლის მკვლელი არცერთი ქმრის პირადი ცხოვრება თუ ოჯახს შიგნით არსებული ინტიმური ამბები, მედიაში საქილიკო თემად არ ქცეულა. არცერთ შემთხვევაში არ გვისაუბრია, თუ როგორ სძულდა მკვლელ ქმარს ცოლი. პირიქით, ყველა ვამბობთ ხოლმე, რომ უყვარდა, ეჭვიანობდა და ამიტომ მოკლა...

რატომ მოკლა შვილები? ეს ყველაზე რთულად პასუხგასაცემი კითხვაა, არა მხოლოდ ჩვენს დროში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, არამედ იმ საქმესთან დაკავშირებითაც, რომელსაც ანტიკურ კულტურაში მიეჩინა ადგილი. საქმეს „მედეა“ ჰქვია და ამ საქმეს ძველი საბერძნეთის არსებობის დასრულების შემდეგ დღემდე არჩევენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ენაზე.

მედეასადმი, როგორც ამბისა და პერსონაჟისადმი, ქართველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი ვართ, საკმარისია, უბრალოდ დაგუგლოთ და გამოჩენილი მეცნიერების სტატიებს ნახავთ, რომლებშიც დამაჯერებელი და სრულიად დაუჯერებელი არგუმენტების ნუსხაა, იმის შესახებ, თუ რატომ არ მოკლავდა ის შვილებს... და როგორ და რატომ იცრუა ევრიპიდემ.

ეს იმის მიუხედავად, რომ ათეულობით ავტორი, ჯერ კიდევ ევრიპიდემდე ახსენებს მედეას. და ანტიკური მითოლოგია იცნობს მედეას კორინთოდან გაქცევის ორ ვერსიას. იმას, რომელიც გულისხმობს შვილების მკვლელობას და იმას, რომელიც გულისხმობს შვილების კორინთოში დატოვებას და კორინთოელების მიერ ბავშვების მოკვლას. თუმცა, ისტორიამ უპირატესობა მიანიჭა პირველს. პირველი გახდა უფრო ძლიერი და უფრო დამაჯერებელი. აქვს თუ არა მნიშვნელობა მაშინდელ სინამდვილეს, როცა ისტორიამ შექმნა სხვა, ალტერნატიული სინამდვილე, ბევრად აქტიური და გავლენიანი კაცობრიობის აზროვნებაზე. როგორი იყო სინამდვილეში ის ქალი, ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს. ჩვენ ვიცნობთ მედეას, როგორც ფენომენს. როგორც მოვლენას, როგორც პრეცედენტს, რომელიც სამყაროში ისეთივე გამეორებადია, ისევე არსებობს, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც ანგრევს ლოგიკურ, მოსალოდნელ და მისაღებ პროცესს; რომელიც უპირისპირდება წესრიგსა და ადამიანურ ფასეულობებს და სპობს მათ. ჩემი აზრით, სპობს იმისთვის, რომ საკუთარი არსებობის კვალი მოსპოს იმ გარემოში, იმ დროში, იმ წესრიგში, რომელშიც ამ აქტამდე უცხოვრია. არავინ და არაფერმა მოაგონოს საკუთარი გზა, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები. არაფერმა მოაგონოს თავი.

ქართულ ხელოვნებაში „მედეას“ თემა ყველაზე ხშირად მაინც თეატრში იღვიძებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხდება არა იმიტომ, რომ აღნიშნულ პერსონაჟთან დაკავშირებულ ნარატივში დარჩენილ უპასუხო შეკითხვებს გავუმკლავდეთ, რომ გავიგოთ, რატომ მიდის ადამიანი პროტესტის გამოხატვის ყველაზე მძიმე ფორმებამდე, არამედ მედეას ვიგონებთ იმიტომ, რომ ეფექტური დრამა გვქონდეს რეპერტუარში. ჩემი ღრმა რწმენა, ალბათ, იმ დადგმებმა განაპირობეს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სცენაზე მინახავს.

რამდენიმე დღის წინ მუსიკისა და დრამის თეატრში აღმოვჩნდი და მეორედ ვნახე მიხელ ჩარკვიანის მიერ დადგმული „მედეა“, მთავარ როლში ბუბა გოგორიშვილით. მედეა – თანამედროვე ინტერიერში, არაკონკრეტულ დროში. უკვე მიტოვებული. უკვე ტკივილით და ეჭვით სავსე. მაინც მოსიყვარულე დედა და მაინც ვნებიანი ქალი, როგორც უკვე ყოფილი ქმრისთვის, ისე კორინთოს მეფისთვის, რომელმაც ჯერ მისი ქმარი სიძედ მიიღო, შემდეგ კი მისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, შვილებთან ერთად კორინთოს დატოვება უბრძანა. ბუბა გოგორიშვილი დიდ ენერგიას და ემოციას ტოვებს მედეას ტყავში, არც ზედმეტად პათეტიკურია (სხვებისგან განსხვავებით) და არც ყალბი (ბევრისგან განსხვავებით), ამიტომაც არის, რომ გასული თეატრალური სეზონის დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, მის მიერვე იმავე სცენაზე შესრულებულ სხვა პერსონაჟებთან შედარებითაც კი. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დადგმის მეორედ ხილვის შემდეგ მაინც გავიგე, როგორია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე რეჟისორის პასუხი – რატომ მოკლა შვილები?

ზოგადად, ყველაზე პოპულარული არგუმენტებია შემდეგი: იმიტომ, რომ ქმარი გაამწარა. ან იმიტომ, რომ თავისი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე საკუთარ შვილებს, რომლებსაც სიცოცხლე ისედაც არ ეწერათ.

თუკი სერიოზულად განვიხილავთ მედეას ამბავს, ორივე ხომ უკიდურესად ინფანტილური არგუმენტია, იმისთვის, რომ შვილების კვლის აქტი სცენაზე გაათამაშო. თუმცა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანს წარმოდგენის კულმინაციად, მთავარ ამბად შვილების მოკვლის გადაწყვეტილებაში ძიება არ მიაჩნია. კულმინაცია ცოლისა და ქმრის ურთიერთობაშია. ეჭვში, ღალატსა და ქალის ტკივილში. შვილების მოკვლა მხოლოდ ამ კულმინაციის გამოძახილია, მისი შედეგი, მისი რეზონანსი, მექანიკური ქმედება. რომელსაც ახლავს ატირებული იასონის, როგორც მამის მექანიკური, ფიზიკური სწრაფვა შვილების ცხედრებისკენ. მსახიობს მისცე ამოცანად, დაიტიროს შვილები პირდაპირი გაგებით და ხმამაღლა იტიროს ისე, რომ ეს იყოს დამაჯერებელი, ალბათ მიხეილ ჩარკვიანის ყველაზე დიდი შეცდომა იყო აღნიშნულ დადგმაში, რომელმაც სიყალბის და ზედაპირულობის ისეთი განცდა დატოვა, რომ სხვა, მეტ-ნაკლებად საინტერესო გადაწყვეტილებები, ჩრდილისთვის გაიმეტა. მიხეილ ჩარკვიანის „მედეა“ ქალია, რომელიც ბოლომდე სიყვარულით ელის ქმრის შინ დაბრუნებას და ასეთად რჩება ბოლომდე.

შეყვარებულები და ასევე ლოდინით შეპყრობილები არიან მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის პერსონაჟი ქალები. „იცოდე, არ გელოდები“ – ერქვა გამოფენას და ამავდროულად მის ერთ-ერთ სერიას, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გახლდათ გამოფენილი. სერია მოლოდინზე, თმენასა და სურვილზე. სოფიო ჩერქეზიშვილის მხატვრობა ყოველთვის ჰგავდა მოთხრობებს. ქალებზე, თავგანწირულ, ისტორიების მატარებელ ქალებზე. ქალებზე, რომლებიც სიზმრებს ხედავენ და რომლებსაც აგონდებათ. ნახატებიც სიზმრებს და მოგონებებს ჰგვანან. მოგონებებშია მხოლოდ ყველაფერი დაცოტავებული, მთავარის გარდა. სოფიოსთანაც მხოლოდ მთავარია – მარტო ქალები, სივრცეებში, ამორფულსა და დიდრონ ტყეებში. ხან მონატრებაზე ლაპარაკობენ იქვე მიწერილი წარწერებით, ხან – მარტოობაზე, ხან – შიშზე და ხანაც – სურვილებზე. გამოფენაზე, რომელიც უკვე ვახსენე, პირველად ვიფიქრე, რომ ნამუშევრებს ზედვე მიწერილი წარწერები არ სჭირდებათ. წარწერები, რომელთაც თავისთავად გააჩნიათ გრაფიკული სახე, მხოლოდ იტაცებენ ენერგიას და ყურადღებას და იმაზე მეტად აუბრალოებენ მხატვრულ სახეებს, ვიდრე საგანგებო სიმარტივე მოითხოვს. ამავდროულად, ხანდახან, ჩვეულებრივი სათაური და სათაურის დისტანცირება მხატვრული ნამუშევრისგან, ბევრად უფრო ქმედითია, ვიდრე ნამუშევარზე, როგორც პლაკატზე, მიწერილი ტექსტი – სლოგანები.

უსიტყვო, მაგრამ არანაკლებ ემოციური და ეროტიკული იყო თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თამარ მელიქიშვილის ფერწერის გამოფენა. ერთმანეთს ენაცვლებოდა პოსტიმპრესიონისტული იერის სადა, ურბანული პეიზაჟები და რთულ მოძრაობებში ხან ზემოდან და ხან გვერდიდან დანახული სხეულები. სწრაფი, მოქნილი და ძალიან ცოცხალი გამოსახულებები, „დაუხვეწავი“ და ზუსტი ფორმები და დინამიკა. ცალკე აღებული თითქმის ყველა ნამუშევარი საინტერესო იყო. ცალკე და ნეიტრალურ ფონზე, სადაც ბევრი ჰაერია, დავკიდებდი ამ ნამუშევრებს და დავაკვირდებოდი, მაგრამ ქარვასლის ექსპოზიცია იყო ისეთი, როგორც ყოველთვის და ყველგან – გადატვირთული, უჰაერო. რაც თითქმის ყოველ ნამუშევარს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო გამორჩეული; მაყურებელს კი ართმევდა უფლებას, შეჩერებულიყო სადმე და ჰქონოდა შესვენების უფლება. გადატვირთული ექსპოზიციები – თითქოს იოლად მოსაგვარებელი საკითხია. მაგრამ თან სრულიად არაწვრილმანი შეცდომის შედეგი. გამოფენის ორგანიზატორებს ავიწყდებათ, რომ ექსპოზიცია არის ხელოვნების ნამუშევრების ურთიერთობა არა კედელთან, არა ფართობთან, არა სიბრტყესთან, არამედ – სივრცესთან. ექსპოზიცია ნიშნავს ხელოვნების სივრცეში წარმოჩენას და ამ ხელოვნებისთვის საუკეთესო სივრცის ორგანიზებას.

გასულ თვეს, ორი გამოფენა კიდევ დამამახსოვრდა, მაგრამ არა მისი ექსპოზიციებით, არამედ იმით, რომ მე ისინი ვერ ვნახე:

დიმიტრი შევარდნაძის თბილისის სურათების ეროვნულ გალერეაში ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძის კურატორობით გაიხსნა გამოფენა „მწვანე“ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და მასში მონაწილეობდა ძალიან ბევრი თანამედროვე ქართველი ხელოვანი. როგორც სათაური გვეუბნება, ექსპოზიცია შეეხებოდა გარემოს, ბუნებას, ან ეკოლოგიას, ზოგადად და არა რომელიმე საკითხს. შესაბამისად, როგორც ფეისბუკზე გამოფენილი ფოტოებიდან შეიძლება მსჯელობა, ხელოვანებმა „მწვანე“ მოიაზრეს, როგორც ბუნება და ნამუშევრებიც შექმნეს ბუნების ინსპირაციით. ყველაზე საინტერესო გახლდათ ის, რომ გამოფენა სულ 10 დღეს გრძელდებოდა, მაგრამ 10 დღეც არ გამოვიდა, რადგან მუზეუმი ყოველდღე არ მუშაობს, სამუშაო დღე კი 17.00 საათზე სრულდება. გამოდის, რომ თუ მუშაობთ, სამუზეუმო გამოფენაზე სამუშაო დღეებში ვერ მოხვდებით. ჩემთვის შესაძლებელ შაბათს თუ კვირას მისულს კი უკვე დასრულებული დამხვდა. სახელმწიფო მუზეუმებში გამართული გამოფენების ამოცანები ბევრად ფართოა, ვიდრე კერძო გალერეებისა, რომელთაც აქვთ უფლება, რომელიმე კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფთან გააბან კომუნიკაცია. მუზეუმის ამოცანა ფართო საზოგადოების ინფორმირება და განვითარებაა. ამას გარდა, დიდი სამუზეუმო ღონისძიებები გამოფენებში დიდ რესურსს ხარჯავენ და ხანგრძლივი რეზონანსის იმედი უნდა ჰქონდეთ... მაგრამ... ჩემი წუწუნი სინამდვილეს ვერ შეცვლის. საქართველოში, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც, ხშირად სახელოვნებო პროცესები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მიმდინარეობდეს და არა საზოგადოების ჩასართავად.

მსგავსი ან უარესი მელოდა სრულიად არასახელმწიფო გალერეაში.

არტარეას გალერეამ ორი ახალგაზრდა არტისტის გამოფენა გახსნა. ანდრია დოლიძე. ქეთა გავაშელი. მათი არტისტული დუეტი სიახლეს წარმოადგენდა, ეს ფაქტი და კიდევ ანდრია დოლიძისადმი მხატვრობით დაინტერესებულ საზოგადოებაში კარგად ჩამოყალიბებული და ულევი ინტერესი, საკმარისი მიზეზები იყო იმისთვის, რომ გამოფენის სიმშვიდესა და მარტოობაში ნახვის სურვილი გამჩენოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არტარეას გალერეა დადგენილი საათების მიხედვით არ მუშაობს. უფრო სწორად, რთულია იმის გარკვევა, როგორ და როდის მუშაობს. გალერეაში ბნელოდა და სინათლე ვერავინ ამინთო. ერთი სიტყვით, თბილისში აჯობებს გამოფენები გახსნის დღეს ნახოთ. და თუ ვერ წახვალთ, მერე იქით არც გაიხედოთ. თუკი არ გექნებათ გარანტია, რომ კარს გააღებენ და სინათლეც დაგხვდებათ.

კარი გაუღეს და გამოუშვეს. დაახლოებით 20 წლის შემდეგ მარინა რევია სახლში დაბრუნდა. იქ დახვდნენ შვილები და რძალი. დედა მთელი ეს დრო იყო ციხეში. იყო ციხეში უმცროსი შვილის, ჩვილი შვილის მკვლელობის გამო. გარემო ჰიპერნატურალისტურია. გაზქურით, ჯამით, ჭურჭლით, ტახტითა და ტელევიზორით. დიალოგებიც – ყოველდღიურობიდან მხოლოდ. ნიშნავს იმას, რასაც ამბობენ. არაფერი იგულისხმება. არაფერია განსაცდელი. არაფერია დასაფიქრებელი. ეს ალექსი ჩიღვინიძის პიესის რეალიზმია. დედა, რომელიც ციხიდან ბრუნდება, მიუღებელია ზრდასრული შვილებისთვის, რომლებსაც თავიანთი უცნაური და დაძაბული ცხოვრება აქვთ. ერთი სიტყვით, სახეზეა დეპრესია. დედა დედის როლში შედის. ალაგებს, ასუფთავებს. ბოლოს კი გაირკვევა, რომ დედა გმირია და არა მკვლელი. ბავშვი არ მოუკლავს. გარდაცვლილ-გაგუდული ჩვილის გვამი პატარების მიერ დედიკოსთვის მომზადებული საჩუქარი გახლდათ. წლების წინ დედამ შვილები გადაარჩინა. ფარდა.

მარინა რევიას ნინო კასრაძე თამაშობს. პიესა გურამ ღონღაძემ სამეფო უბნის თეატრში დადგა. დრამატურგიცა და რეჟისორიც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს სტუდენტები არიან. სპექტაკლი დინამიკურად მიმდინარეობს. ახალგაზრდა მსახიობებიდან ნინო კასრაძეს ღირსეულ პარტნიორობას უწევს მხოლოდ ერთი მსახიობი – მაგდა ლებანიძე. რომელიც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს პერსონაჟის როლში და არც მაყურებელს ანერვიულებს სამსახიობო ოსტატობის მოუქნელობით.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რა ვნახე. რა მითხრეს? რაზე იყო ამბავი? აღმოვაჩინე, რომ პიესა და დადგმა იყო შემდეგზე: რომ დედები თავს სწირავენ შვილების გამო? რომ დედებს უყვართ შვილები? რომ ციხე ანადგურებს ურთიერთობებს და აუცხოებს ადამიანებს? შესაძლებელია ამ საკითხებზე სერიოზულად მსჯელობა? ისეთ ტრიბუნაზე, როგორიც სცენაა? საინტერესო იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი ტექსტი და ფორმა დამანახებდა გაუცხოებით, შეწყვეტილი დიალოგით და გვამის ლანდით გამოწვეული ადამიანების მდგომარეობას. ეს იქნებოდა რეალიზმი. სინამდვილე მხოლოდ ნამდვილ გრძნობასთან შეხების მომენტში იბადება. ამის გარეშე თხრობა ციხეზე, დედობაზე, გმირობაზე, სიყვარულზე – სოცრეალიზმია. სინამდვილის ფალსიფიკაცია. და მაინც, მნიშვნელოვანია, რომ დამწყებმა რეჟისორმა და დრამატურგმა დასრულებული ფორმის და დრამატურგიულად გამართული ნამუშევარი შექმნეს.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა