გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რას ნიშნავს ქვეყნისთვის იყოს ენერგო დამოუკიდებელი?

დათო ჭიპაშვილი
"მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი

უნდა ვიცოდეთ, რომ ენერგეტიკა, პირველ რიგში, არ არის ელექტროენერგეტიკა მარტო. ენერგეტიკა მოიცავს სხვადასხვა ენერგოპროდუქტებსაც. მათ შორის, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, მათ შორის, ბუნებრივი აირი. მთლიანად ენერგეტიკაში მეოთხედი წილიც კი არ უჭირავს ელექტროენერგეტიკას. ამიტომ საუბარი, რომ ამდენ ჰესს ავაშენებთ ან ამ ჰესს ავაშენებთ და ვიქნებით ენერგოდამოუკიდებელი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია.

ცივილიზებულ სამყაროში ყველა ქვეყანა მეტ-ნაკლები დოზით დამოკიდებულია ერთმანეთთან. მაგალითად, თუნდაც რუსეთი ან სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი დამოკიდებულნი არიან იმ ქვეყანაზე, სადაც ექსპორტით გააქვთ თავიანთი ენერგოპროდუქტები. მაგალითად, ერთ დღესაც რუსეთს რომ გამოუცხადოს ევროკავშირმა, რომ მე თქვენი ბუნებრივი აირი აღარ მჭირდება, რუსეთის ბიუჯეტი საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდება ამ მოვლენისადმი. აი, სულ რომ არაფერი, არც ერთი ჰესი არ ავაშენოთ და რაც გვაქვს ის გვქონდეს, ერთ წელიწადში დაახლოებით შეუძლია სისტემას ჩვეულებრივად შეიერთოს, ასე რომ ვთქვათ, ჩართოს სისტემაში არანაკლებ 1000 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგური და დაახლოებით 2000 მეგავატამდე მზის სადგური. ეს რას ნიშნავს, იცით? ჩვენ რომ ზამთარში გვაქვს დეფიციტი ელექტროენერგიის, ეს ზამთრის დეფიციტი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ელექტროენერგეტიკა შედგება 80%  ჰიდროელექტროსადგურებისგან, რომელიც ფიზიკურად ზამთარში წყლის უკმარისობის გამო ვერ მუშაობენ.

თუ ქარის სადგურს, ის ერთადერთი სანიმუშო ქარის სადგურს თუ ნახავთ, ის ქარის სადგური, თუნდაც იანვრის თვეში, ზამთრის ნებისმიერ თვეს გამოიმუშავებს უფრო მეტ ენერგიას, აი, ამ წელსაც ესე დაფიქსირდა, ვიდრე 14 მცირე და საშუალო ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგური. ეს უბრალოდ ნათელი სურათია იმისა სინამდვილეში, რომ რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის სისტემის გენერაციის დივერსიფიკაცია. ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა ქვეყანას არ აქვს. ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა ცალკე ამოგლეჯილად არასოდეს არ იწერება. უნდა ეხმიანებოდეს რაღაცას, ამ შემთხვევაში ეკონომიკას. რა გვინდა ჩვენ ეკონომიკაში და აი, ის რაც გვინდა ეკონომიკაში, რა დარგების განვითარებაც გვინდა და ვაპირებთ ან მოხდება იმის დასაკმაყოფილებლად და აი, ამ ეკონომიკის მიერ წარმოშობილ გამოწვევებზე რა პასუხები ექნება ენერგეტიკას. ეს უნდა იყოს გაზომვადი, რეალისტური და მიღწევადი მიზანი.

მთავრობის საქმე არ არის სად რა ობიექტი აშენდება. ევროკავშირის ენერგო თანამეგობრობაში მთავრობის როლი არის განსაზღვრული, როგორც ენერგოპოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოსი. ანუ მან მხოლოდ უნდა იფიქროს და განსაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკა. რაც შეეხება განახლებადი ენერგიების ხელშეწყობას, როგორც წარმოგვიჩენენ ხოლმე ჰიდროელექტროსადგურებს, ევროკავშირის ენერგო თანამეგობრობაში, აი, ამ განახლებადი ენერგიების ხელშესაწყობი საერთო ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ანუ ჩვენ შემთხვევაში სემეკი. თქვენ თუ ჩაიხედებით ნამახვანის ხელშეკრულებაში, იქ სემეკს ვერ აღმოაჩენთ უბრალოდ. მისთვის არც უკითხავთ საერთოდ ამ ხელშეკრულებას რომ აფორმებდნენ ამ ჰიდროელექტროსადგურზე პრობლემებს გვიქმნის თუ არა ან შეგვიქმნიდა თუ არა მაგალითად, ენერგო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების გზაზე.

რჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ კომპანია რასაც ეუბნებოდა  და რასაც ითხოვდა, ყველაფერზე თავს უქნევდა სახელმწიფო. იმიტომ, რომ საერთოდ, როგორც წესი, ისეა ხოლმე ხელშეკრულებაში, რომ ერთი მხარეც იღებს ვალდებულებებს, მეორე მხარეც იღებს ვალდებულებებს და ეს უნდა იყოს შეწონილი, დაბალანსებული, რაღაცაზე ისიც უნდა იყოს პასუხისმგებელი, რაღაცაზე ესეც უნდა იყოს პასუხისმეგებლი. ამ ხელშეკრულებაში თუ ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და  არაფერზე პასუხისმგებელია კომპანია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა