გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რეჟისორები საცოც კედელზე | გზა სულ არის აკეთო კინო

კონცეპტუალურად რომ ვილაპარაკოთ, კიბეზე ასვლა დიახ, წარმატებაა, მაგრამ - შეზღუდული, მხოლოდ ასვლა და მერე უკან ჩამოსვლა შეგიძლია, ამისთვის გიწევს, ხელმეორედ გაიარო იგივე, ნაცნობი საფეხურები. „ჯანგლ ჯიმის“ პრინციპი კი ადამიანს ართობს, გზების მრავალფეროვნებას სთავაზობს და უფრო სრულ პანორამას უქმნის. ეს იმას ჰგავს, მიზნისკენ სვლას მიუდგე, როგორც საბავშვო გასართობ კომპლექსში, იგივე “ჯანგლ ჯიმში” თამაშს, სადაც კიბეცაა, სასრიალოც, თოკის საცოციცა და კლდის ასასვლელიც და ასე უფრო შემოქმედებითად იარო მიზნისკენ, გაკვალო შენი გზა, რომელზედაც, დრო და დრო, პატარა ორმოებს კი წააწყდები, მაგრამ მათი გადალახვა მეტ კმაყოფილებას მოგანიჭებს.

მე ახლა იმ რეჟისორებზე გიამბობთ, ვინც მიზნის მიღწევაში სწორედ პროცესის აზარტულობას აფასებს, და დაბრკოლებაში ხედავს შანსს, საკითხი ორიგინალურად გადაჭრას. გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი შეძლეს ერწმუნათ, რომ გზა სულ არის.

...

“მკვდარი ძროხის მოთრევა სულაც არ იყო საჭირო!”

- დარწმუნებული ვარ, ამას გაიფიქრებდა ბუნუელი, როდესაც “ანდალუზიური ძაღლის” გადაღებაზე მკვდარი ძროხა მართლაც შეიტანა მოედანზე პერსონალმა. ეს მაშინ მოხდა, როცა პირველივე ჩაშლილი სცენის როგორღაც გადაღებას ცდილობდნენ. ძროხა კი თავად ბუნუელის იდეა იყო.

ყველაფერი ასე მოხდა: სალვადორ დალის სიზმარში ნანახი მთვარის დისკო და მისი მჭრელი ღრუბელი ლუის ბუნუელის სიურეალისტურ კინოში ახლო ხედითა და მაქსიმალურად დამაჯერებლად უნდა ეჩვენებინათ. მსხაიობი კი ვერაფრით დაითანხმეს, მონაწილეობა მიეღო სცენაში, რომელშიც ვითომ მისი თვალის გუგას ჭრიან. რა თქმა უნდა, ბუნუელი მის დაზიანებას არ აპირებდა, თუმცა, მსგავსი სცენის გათამაშება საჭირო იყო - 1929 წელს რეალისტური სურათის მისაღებად სხვას ვერაფერს იზამდნენ - კამერა მაქსიმალურად უნდა მიახლოებოდა თვალს ისევე, როგორც მჭრელი სამართებელი. სამართებელი თავად ბუნუელს უნდა სჭეროდა და წამწამებამდე მიეტანა ის. მსახიობი ამ ყველაფერს არაფრით თანხმდებოდა. სცენის გადაღება ვერ ხერხდებოდა. სიზმრების ლაბირინთებში გაწაფული რეჟისორი ამ რეალურ საყოფაცხოვრებო სირთულეში გაიჭედა. თუმცა, როდესაც ადამიანი ჩიხშია, სწორედ მაშინ იწყებს შემოქმედებითად აზროვნებას - და ბუნუელმა გზა მაინც გამონახა: მსახიობს შეეშვა და ფილმის პირველი სცენისთვის ძროხის თვალის გაჭრა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ძროხა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო და ამიტომ გადასაღებ მოედანზე ძროხის თავის შეტანაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ, როგორც დალი იხსენებს, დათქმულ დროს სტუდიაში დიდი მკვდარი ძროხა შეაგორეს.

საბოლოოდ,  16-წუთიანი სურეალისტური ფილმის პრემიერაზე ბუნუელი ეკრანის გვერდით, ჯიბეში ქვებჩაწყობილი იდგა, რადგანაც მაყურებლების შოკის შემდგომი რეაქციის ეშინოდა, თუმცა, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.  

...

კანის ფესტივალზე სმოკინგში გამოწყობილ კრისტიან მუნჯიუს არაფერი ეტყობოდა, რომ გადაღებების დროს უამრავი დაბრკოლება შეხვდა. 2007 წლის ფესტივალზე, რუმინელმა რეჟისორმა ოქროს პალმის რტოც მიიღო ფილმისთვის „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“. მას შემდეგ, რეჟისორი გამუდმებით საუბრობს ევროპული კინოს ფინანსურ პრობლემებზე, რადგანაც მიაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი ფილმი სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ან ვერ გადაიღეს, ან გადაიღეს და მასზე არავინ არაფერი იცის. კრისტიან მუნჯიუს კი გაუმართლა - ფილმი მცირე ბიუჯეტით გადაიღო და კანამდე მიიტანა, პალმის წყალობით კი, ფილმის მომავალი უკვე ცნობილი პროდუსერებისა და კინოგამქირავებლების ხელში აღმოჩნდა.

არადა, ამ პრიზიორი ნამუშევრის გადაღებას უმრავი სირთულე ახლდა და ამის გამო, რეჟისორმა სცენარი ორჯერ შეცვალა. ძირითადი რესურსი ნატურაზე გადაღებებში ჩადო, რადგანაც მაქსიმალურად სურდა ეჩვენებინა რეალური გარემო, გაეზარდა დასწრების ეფექტი რუმინეთის ბნელ ქუჩებში; ოპერატორთან, ოლეგ მუტუსთან ერთად განსაზღვრა ყველა ის დეტალი, რაც ხელოვნურად ან სტერეოტიპულად მოეჩვენებოდა მაყურებელს და მიზანსცენები მსგავსი დეტალებისგანაც გაასუფთავა.

გადაღების დაწყებამდე ერთი კვირა რჩებოდა, მაგრამ ფილმის მთავარი გმირი ოტილია არსად ჩანდა. მუნჯიუმ კასტინგზე დაიბარა 18-28 წლის ასაკის ყველა რუმინელი მსახიობი ქალი, მაგრამ თავისი გმირი ვერცერთ მათგანში ვერ ამოიცნო. ანამარია მარინკას ლონდონიდან გამოწვევა კი ნიშნავდა მცირე ბიუჯეტის კიდევ უფრო დარტყმის ქვეშ დაყენებას, ამასთან, არ იყო გარანტია, რომ მარინკა ნამდვილად შეძლებდა ამ როლის შესრულებას. მუნჯიუს მიდრეკილება სირთულეებთან გამკლავებაში ამ მომენტშიც გამოვლინდა: მან ლონდონის ძვირადღირებული ბილეთი შეიძინა და გვიან საღამოს მარინკას აეროპორტში დახვდა. თუმცა, ამაოდ - იმედი გაუცრუვდა: დაასკვნა, რომ ის ფილმის გმირი ვერ გახდებოდა. მუნჯიუს ამ პროექეტზე ისედაც უამრავი ფინანსური პრობლემა ჰქონდა. დარჩენილ სამ დღეში ამიტომ სრულიად წარმოუდგენელი იყო ახალი მსახიობის პოვნა და მისი დაინტერესება. გამოდიოდა, რომ ფილმი დაწყებამდე ჩავარდებოდა. სხვა გზა არ იყო, მუნჯიუმ მარინკასთან ერთად სცენარის კითხვა გადაწყვიტა და კიდევ კარგი, რომ ასე მოიქცა - რეჟისორის თქმით, მისი ცხოვრება იმ წამსვე შეიცვალა, როგორც კი მსახიობმა დიალოგიდან ერთი ფრაზა წარმოთქვა. მაშინ მიხვდა მუნჯიუ, რომ ამ წამიდან ფილმი გამოუვიდოდა ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაიფიქრა.  

...

კინოს ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა უბედური შემთხვევა - ვგულისხმობთ მსახიობის გარდაცვალებას. მსგავსი ტრაგედია ახლდა, მაგალითად, თან თენგიზ აბულაძის “მონანიების” გადაღებებსაც. ფილმი დასრულდა თუ არა, თორნიკე არავიძის როლის შემსრულებელი გეგა კობახიძე თვითმფრინავის გატაცების საქმეზე დააპატიმრეს, სიკვდილი მიუსაჯეს და დახვრიტეს. რეჟისორი, ფილმი რომ გადაერჩინა, იძულებული იყო, ყველა სცენა თავიდან გადაეღო, რომელშიც თორნიკე არავიძე ჩანდა. ასე შედგა მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში, მან არავიძის როლი ახლიდან შეასრულა.

2008 წელს, მსგავსი მიზეზით, ტერი გილიამმაც ბეწვის ხიდზე გაიარა. ის ამ წელს იღებდა ფილმს „ექიმი პარნასიუსის იმიჯინარიუმი“, რომელშიც ჰიტ ლეჯერი მონაწილეობდა. ცნობამ ჰიტ ლეჯერის სიკვდილის შესახებ გადამღები ჯგუფი შოკში ჩააგდო, გააშეშა. ადამიანურ ემოციებთან გამკლავება, რაც ლეჯერის გარდაცვალებამ გამოიწვია, ყველას უჭირდა. გარდა ამისა, რეჟისორის და პროდუსერის საზრუნავი ფილმის ბედიც გახდა - უმეტესი ნაწილი უკვე გადაღებული ჰქონდათ და თავიდან ფილმის დაწყებას ვეღარ შეძლებდნენ. რეჟისორი სასოწარკვეთამ შეიპყრო, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერაფრით ხვდებოდა, ნამუშევარი როგორ გადაერჩინა. შემდეგ, კი, ორიგინალური ხერხი მოიფიქრა: მას შემდეგ, რაც ჰიტ ლეჯერის გმირი ექიმ პარნასის ჯადოსნურ სარკეს გაივლის, ის გარეგნობას იცვლის - სარკეში შესვლა ლეჯერის ბოლო გამოჩენაა ფილმში, ხოლო სარკის შემდეგ ლეჯერის როლს უკვე ჯონი დეპი, კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუ ასრულებენ. შედეგი ეფექტური და განსხვავებული გამოვიდა.

...

მიუხედავად იმისა, რომ ბუნუელი ყოველთვის უარყოფდა, “ანდალუზიურ ძაღლში” სიმბოლურ დატვირთვას არცერთი დეტალი არ ატარებსო, ფილმის გადაღება - როგორც სირთულეების დაძლევის შემოქმედებითი პროცესი - ისევ ბუნუელის „ანდალუზიურ იდეამდე“ დადის:

თუ გინდა, ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანო, უნდა „გაჭრა“ ობიექტივი - გახვიდე საზღვრებს გარეთ და დაინახო იმაზე მეტი, ვიდრე თვალი ხედავს. ამას ვერაფრით მოახერხებ, თუ სასოწარკვეთილებას აჰყვები და დიდ, ერთი შეხედვით დაუძლეველ დაბრკოლებაზეც კი, გაიყინები. მთავარია, იმოძრაო და დაიჯერო, რომ გზა სულ არის მიაღწიო მაყურებლამდე - შეუქმნა მას დასწრების ეფექტი და დაარწმუნო, რომ კადრში, რომელსაც ახლა უყურებს, თვალის გუგა დიახ, რეალურად იჭრება - იჭრება ის, რაც ყველაზე ხშირად გვატყუებს და გვაიძულებს რეალობა ან დავინახოთ, ან ქუთუთოს მიღმა დავემალოთ მას.


ავტორი: ნინო კალანდია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა