გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ჭადრაკი
თეგები: #ინდიგო N18

ღია კარი „ევროპულ სკოლაში“

"ევროპულ სკოლაში" 9 წელი ვსწავლობდი. მხოლოდ წაიკითხე-დაწერე არასდროს გვქონია. ამ სკოლამ ურთიერთობები გვასწავლა. ჩვენთან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეებიც სწავლობდნენ და ახალი კულტურების ასე გაცნობაც ძალიან მომწონდა", - ნიკა ჩახვაძე, 2016 წლის კურსდამთავრებული.

"ამ სკოლამ ბევრი რამე დამიტოვა, რაც მხოლოდ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად კი არა, ზოგადად, ყველაფერში გამომადგა. ჯანსაღი გარემოა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არასტანდარტული ურთიერთობა. თვითმმართველობაში როცა ვიყავით, ერთმანეთში როლებსაც კი ვცვლიდით და თუ რამე არ მოგვწონდა, ერთად ვცდილობდით, გამოგვესწორებინა", - ნათია ნაცვლიშვილი, სკოლის პირველი გამოშვება (2012 წელი).

"არ არსებობს, აქ ფეხი წაგიცდეს და ყურადღება არ მოგაქციონ. ყველა ბავშვის სუსტი და ძლიერი წერტილები იციან. დილის 9-დან 5-მდე ვრჩებოდი ხოლმე სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა კლუბში შევდიოდი. ამ სკოლამ მასწავლა მიზნისთვის ბრძოლა და პრობლემებთან გამკლავება. უნივერსიტეტიც სკოლის დახმარებით შევარჩიე - სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგულარულად გვაცნობდნენ თავიანთ პროგრამებს და ეს შეხვედრები ძალიან გამომადგა", - მარიამ ტაბატაძე, 2015 წლის კურსდამთავრებული.

როდესაც შვილისთვის სკოლას არჩევ, პირველ რიგში, უსმენ იმას, თუ რას ამბობენ სკოლების შესახებ მშობლები და კურსდამთავრებულები. მათი გამოცდილება, შთაბეჭდილება და შეფასებები სკოლის შერჩევის პროცესში, ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

„ევროპულ სკოლას“, რომელიც თბილისში ათი წლის წინ გაიხსნა, 184 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენიმე მათგანთან გასაუბრების შემდეგ ვხვდები, რომ თავიანთი ცოდნის, თვითდაჯერების, ენთუზიაზმის, ამბიციების დიდ ნაწილს და საერთოდ სამყაროს ცნობისმოყვარე თვალით აღქმის, პრობლემების გამოწვევებად გარდაქმნის უნარს ამ სკოლას უმადლიან. ის, რაც „ევროპულ სკოლაში“ მიიღეს, როგორც ჩანს, მათი მომავალი განვითარებისთვის მყარი ფუნდამენტია. სულ სხვადასხვა სიტყვებით, ეს ახალგაზრდები სწორედ ამას მეუბნებიან.

„ევროპული სკოლის“ ღია კარის დღეზე ამიტომ კიდევ უფრო დიდი ინტერესით მივდივარ.

სკოლის ეზოს უსაფრთხოების ტურნიკეტების გავლის შემდეგ, თვალწინ ბაღი იშლება და ვხვდები, რომ რაც თბილისში სკოლები მინახავს, „ევროპულ სკოლას“ „ყველაზე მწვანე სკოლის“ სტატუსს დაუფიქრებლად მივანიჭებდი. გამოცდილ ბოტანიკოსსაც კი გააკვირვებს, მარტო აქაურ ორანჟერეაში იმდენი მცენარეა.

სკოლის კედლები საგამოფენო დარბაზის კედლებს ჰგავს. ყველა მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რაც „ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ავტორობით შექმნილა, აქაა გამოფენილი. მეტი შთაგონებისთვის კი კედლებზე ცნობილი ადამიანების ინსპირაციული ფრაზებიც გამოუფენიათ.

ორი დიდი ბიბლიოთეკა არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს. მასპინძლები მიყვებიან, რომ აქ მოსწავლეებს არა მხოლოდ მდიდარი ბეჭდური კოლექციები ხვდებათ, არამედ – სპეციალურად სკოლისთვის შეძენილი ელექტრონული რესურსებიც. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეებისთვის კაცობრიობის ისტორიაში დაგროვებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა იხსნება.

საკონფერენციო აუდიტორიები, საგამოცდო ოთახები, კინო-საკონცერტო დარბაზი, მულტიმედიის, რობოტექნიკის და კომპიუტერული კლასები, საგანგებო ტექნიკით აღჭურვილი ფიზიკის, ქიმიის თუ ბიოლოგიის ლაბორატორიები – ვათვალიერებ ამ ყველაფერს და ვხვდები, რომ აქ ვინც სწავლობს, მომავალში გამომგონებელი და დიდი მეცნიერი აუცილებლად გამოვა. წინ გეოგრაფიის ლაბორატორიაა. სანამ შევალ, ჩემთვის ვფიქრობ, რა შეიძლება დამხვდეს შთამბეჭდავი დიდი, დეტალური რუკების გარდა? თუმცა, მოსწავლეების ხელით შექმნილ იმდენნაირ ვულკანს თუ სხვა თვალსაჩინო მასალას ვათვალიერებ, ჩემი გეოგრაფიის ცოდნა ყირაზე დგება. სკოლას 3D პრინტერიც აქვს და მოსწავლეების მიერ მოდელირებული ერთი ვულკანი სწორედ მისი შექმნილია.

ეს ყველაფერი ზედა კლასების მოსწავლეებისთვისაა. თუმცა, პატარებმა რომ არ იგრძნონ თავი გაუცხოებულად, მათთვის ორგანულ – ციფრულ სივრცეში სხვადასხვა აქსესუარის გამოყენებით შედიან. ასეთია, მაგალითად, შმარტ Kიდს-ის ოთახი; ანდა ე.წ. სმარტ დაფა და მერხები – თითის გასრიალება და დაფა შენს ქმედებაზე რეაგირებს, ეხები და იწერება, იშლება – კავშირი თანამედროვე ტექნოლოგიურ ნოვაციებთან აქ თავიდანვე, დაბალი კლასებიდანვე ხელშესახებია.

„ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ“ – ეს ამ სკოლის დევიზია. თუმცა, სკოლის დათვალიერების შემდეგ ვხვდები, რომ აქ მოსწავლეებს ჩარჩოებისგან კიდევ უფრო თავისუფალი, განვითარებასა და მომავალზე კიდევ უფრო ორიენტირებული განათლების მიღება შეუძლიათ.

გაკვეთილები კლასიკურ დროს მთავრდება და კლასების მიხედვით იცვლება დასრულების დრო, თუმცა, სწავლის პროცესი დღის ბოლო ზარის დარეკვის შემდეგაც გრძელდება. „ევროპულ სკოლაში“ 22 სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტული კლუბი თუ სტუდიაა. ბავშვებიც, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ირჩევენ ფოტოგრაფიის, ხატვის, თეატრის თუ ტელევიზიის წრეებს. ფიზიკური სიჯანსაღისთვის სკოლის ტერიტორიაზეა ღია და დახურული სპორტული მოედნები და კორტები.

ამ ყველაფერს „ევროპული სკოლის“ შესახებ პირველ ნახევარ საათში გაიგებთ.

შეიტყობთ იმასაც, რომ „ევროპულ სკოლაში“ პედაგოგების კვალიფიკაციაც განსაკუთრებით მაღალია. აქაური პედაგოგების გუნდში არიან მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, სახელმძღვანელოების ავტორები, სწავლების თანამედროვე მეთოდიკის მწვრთნელები და ინგლისური ენის საზღვარგარეთ სწავლების უფლების მქონე („სელტა“) მასწავლებლები. ასე რომ, კითხვა – როგორია მასწავლებელი? – „ევროპულ სკოლაში“ არ დგას. არჩევანი სხვა მიმართულებითაა გასაკეთებელი. იმის მიხედვით, თუ რომელი კულტურული გარემოსთვის ამზადებთ შვილს, რა ტიპის განათლება გსურთ, რომ მისცეთ, სამ სხვადასხვა პროგრამას შორის გააკეთებთ არჩევანს: ქართულენოვანი პროგრამა, საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლის (IB) მოდელი და ამერიკული საშუალო სკოლის (AHშ) მოდელი. მივყვეთ თანმიმდევრულად:

ქართულენოვანი პროგრამა – მათთვისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ბავშვმა ზოგადი განათლება მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სკოლის კურსდამთავრებულები მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული პროგრამის გარდა კი, მოსწავლეებს ბევრ სხვა კლასგარეშე აქტივობაში ჩართვაც შეუძლიათ. ასწავლიან ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს, რუსულს, თურქულს, იტალიურს. უცხოელი მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის გარდა კლუბურ მუშაობაში ერთვებიან.

IB-ის (საერთაშორისო ბაკალავრიატის) პროგრამა – ესაა მსოფლიოს 5 ათასამდე სკოლაში დანერგილი სწავლების სქემა, რომელიც „ევროპულმა სკოლამ“ 2009 წელს შემოიტანა.

ამ პროგრამის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მისი დიპლომი მსოფლიოს მრავალი კოლეჯისა და უნივერსიტეტის მიერ არის აღიარებული და IB-ის დიპლომის მქონე აბიტურიენტს ამ უმაღლეს სასწავლებლებში სტიპენდიებისა თუ თანადაფინანსების მოპოვების შანსს უზრდის.

შეგიძლიათ IB პროგრამას ბავშვი თავიდანვე „ანდოთ“ – დაწყებითი კლასებიდან, როცა პროგრამაც (PYP) შესაბამისად მსუბუქია; ანდა 11 წლიდან გადაიყვანოთ – სწორედ ამ დროს იწყება IB პროგრამაში საბაზო ნაწილი (MYP), რომელიც მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნებას, ტრადიციულ საგნებსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის დანახვას ასწავლის. შემდეგი საფეხური წინასაუნივერსიტეტო კურსია (DP) – სპეციალურად XI-XII კლასელთათვის. აქ მოსწავლეს სრული კომფორტი აქვს მხოლოდ იმ საგნების შესასწავლად, რომლებიც მომავალი პროფესიისთვის სჭირდება. მოსწავლე ირჩევს ექვსსაგნიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და მას მიჰყვება.

სწავლების პროცესის ისე დაყოფა, როგორც ამას IB პროგრამა ითვალისწინებს, მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაშია მიღებული და ქართველი მოსწავლეც შესაბამისი დიპლომით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშიც ხვდება.

ამ პროგრამას კურსდამთავრებულთა 6 ნაკადი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

„ევროპული სკოლა“ 2013 წლიდან ამერიკული საშუალო სკოლის (AHშ-ის) მოდელსაც გვთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ VIII-XII კლასის მოსწავლეები სრულყოფილი ამერიკული სასწავლო პროგრამით სწავლობენ. მე-10 კლასიდან სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს AP-ის (Aდვანცედ Pლაცემენტ) გაკვეთილები და გამოცდებისათვის მზადება. „ევროპული სკოლა“ 19 სხვადასხვა მიმართულების AP კურსს სთავაზობს მოსწავლეებს და გამოცდების ჩაბარების საშუალებასაც სკოლაშივე აძლევს. ამ კურსებით დაგროვებული კრედიტები მოსწავლეებს უნივერსიტეტებში ეთვლებათ და შეუძლიათ იგივე საგნები უმაღლეს სასწავლებლებში აღარ გაიარონ. ეს განსაკუთრებით იმისთვისაა კარგი, ვისაც მოკლე დროში სურს უნივერსიტეტის დასრულება. მოსწავლეებს ეს შესაძლებლობა პროფესიის არჩევაშიც ეხმარება.

IB-ის მსგავსად, ამ კურსების გავლა და ტესტების წარმატებით გადალახვა ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში თანადაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებს ზრდის.

სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

ალბათ, დამეთანხმებით, რომ განათლების ზემოთ აღწერილი სისტემა საკმაოდ უცხო და ნოვაციურია. სწორედ ამიტომ, შეიძლება უმჯობესიც იყოს, ბავშვმა ამ ფასეულობებთან შეგუება სკოლამდელი ასაკიდანვე დაიწყოს. „ევროპულ სკოლაში“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრიც ფუნქციონირებს. აქ ბავშვებს თბილი და მზრუნველი გარემო ხვდებათ, სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამა კი თავისუფალი აზროვნების, ცნობისმოყვარეობის, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული.

სკოლიდან გამოსვლის შემდეგ ვხვდები, რომ აქ ნანახი და აქაურობის შესახებ მოსმენილი ერთმანეთს აჭარბებს. საბოლოო შთაბეჭდილების შექმნაში კი კურსდამთავრებულთა შედეგების აღმნიშვნელი რიცხვებიც მეხმარება – „ევროპული სკოლის“ ყოფილი მოსწავლეები საქართველოსა და მსოფლიოს 100-მდე საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობენ. ბოლო წლებში მათ $ 1, 197 600 სტიპენდია უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად მოიპოვეს (საუბარია 20 ქვეყნის უნივერსიტეტზე); $ 95 000 კი – საქართველოს უნივერსიტეტებში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა