ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როცა დედამიწა მართლა მსუბუქია

 ოქროსფერი, ხრიოკი მთების ფონზე - ჰაერში, უეცრად ბიჭის სილუეტი იჭრება და მოწყვეტით, ხმაურით ეშვება მიწაზე. მიტოვებული ნაგებობის ნანგრევებში სკეიტბორდით სრიალებენ, ეცემიან, ფიცრებით აშენებულ ტრამპლინებზე ხტებიან. ეს პირველი სცენაა - ნათელი, ცოცხალი და მელანქოლიური.

ფილმი სკეიტერების ნაკვალევს მიჰყვება და ჩვენც თითქოს სრიალით ვათვალიერებთ რაღაც მისტიკურ ქალაქს და მის ფრაგმენტებს ვხედავთ. გვესმის რუსული ესტრადის ხმა მეზობლის ტელევიზორიდან, ვხედავთ როგორ ლივლივებს ღამის ქალაქი, როგორ იცინიან და ისვრიან ტყვიებს შიშველ მდელოზე, როგორ აპროტესტებენ, როგორ იმეტებენ.

"როცა დედამიწა მსუბუქია" ორი სამყაროს მიჯნაზე, მათი გადაკვეთის თუ დაშორების წერტილებზე მოძრაობაა. ერთ მხარეს ახლის დასაწყისია - თავდავიწყებამდე გალაღებული, თამამი და დაბნეული, მეორე მხარეს - აგრესიული, ხმაურიანი, დამთრგუნველი საჯარო სივრცე. ეს ქალაქი ფილმის გმირებისთვის ყველაფერია ერთად - არის "გეტოც" და "კალიფორნიაც", ჯადოსნურიც, აბსურდულიც და უხეშიც, თავისუფალიც და დაუნდობელიც. ქალაქისთვის კი ისინი, უბრალოდ, ლამაზი აჩრდილები არიან.

ფილმის პრემიერა "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე" დეკემბერში შედგა. "როცა დედამიწა მსუბუქია" ახლა მოგზაურობს, წინ კიდევ საფესტივალო პრემიერები და კონკურსებია.

ინდიგო: ვისთვის რა იყო ფილმი თავიდან, რად გადაიქცა ბოლოს, სამის კოლაბორაციის შედეგად?

დათო: ჩემთვის ეს ფოტოპროექტი იყო, გამოფენას ვამზადებდი.

სალომე: და სულ კედელზე გაკრულ ფოტოებს ვუყურებდით. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს კინო იყო – ყველაზე ზუსტი ფორმა საქართველოზე რამის მოყოლის.

თამუნა: ძალიან შთამბეჭდავი იყო ქალაქში სკეიტერების ნახვა, თითქოს საიდანღაც ჩამოსმულები იყვნენ იმ სივრცეში. მერე მივხვდით, რომ თუ არ მოვყვებოდით სად მოძრაობენ, ვერ ვიტყოდით ვინ არიან, რით განსხვავდებიან, თუნდაც ელეიში სკეიტერებისგან. ასე წამოვიდა რეალობის მეორე ხაზი.

სალომე: სამუშაოს დიდი ნაწილი დათოს უკვე გაკეთებული ჰქონდა. ვიცოდით როგორ გამოიყურებოდნენ, როგორია ადგილები, სადაც მოძრაობენ, რა განწყობა აქვთ, ჩვენ შევავსეთ დრამატურგიულად. ეს იყო ჩვენი კოლაბორაცია.

ინდიგო: სკეიტერებს დიდი ხანია აკვირდები. ფილმის გმირები უკვე მესამე თუ მეოთხე თაობაა. შეგიძლია თქვა, რომ ეს უკვე სუბკულტურაა, რომელსაც ბუნდოვანი, მაგრამ თავისი ნიშნები და შინაარსი აქვს? რჩება რაღაც, რაც გრძელდება, რაც გადადის ყოველ შემდეგში?

დათო: არ ვიცი, არის თუ არა სუბკულტურა. სხვასთან საერთოს მონახვის სურვილი უფროა, ერთად სრიალის რომანტიკული გამოცდილება.

სალომე: ეს „განმეორებადი“ ჩემთვის, ორი სიტყვით არის: რომანტიზმი და ფატალურობა – უმომავლობა. თითქოს არ აქვთ ამბიცია, ეს გამოცდილება უფრო პროფესიონალურ, სერიოზულ რამედ აქციონ. კიდევ ეს არის ძალა, რომელიც წინ უდგება მასობრივ სტილს. მათი გარეგნობა ისევ კონფლიქტშია ნორმასთან. სკეიტბორდინგს თავისი გამოკვეთილი ვიზუალური ნიშნები, ბევრი ატრიბუტი აქვს. სკეიტერები შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიან ქუჩაში, აუცილებლად იწვევენ რეაქციას.

დათო: და ხშირად ეს არ არის აღფრთოვანების რეაქციები.

ინდიგო: გამორჩეულობის სურვილი აერთიანებთ?

თამუნა: განსხვავებულობის უფრო. ისინი სრიალით ურბანულ არქიტექტურას უცვლიან ფუნქციას, პარკში კიბეს, ნაგვის ურნას აქცევენ ტრამპლინად, სახტუნაოდ. რაც მეორდება, ალბათ ესაა – დადგენილი ნორმების ტრანსფორმაციის აქტი.

ინდიგო: თვითონ აღიქვამენ ასე?

თამუნა: როცა ფილმს ვიღებდით, მაშინ ვერ იაზრებდნენ, მაგრამ სადღაც გრძნობდნენ ამას. როგორც კი დაფაზე დგები და მისრიალებ, იქვე მოდის ეს მიღებულის გარდაქმნის სურვილი.

სალომე: საქართველოში სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი აქრობს, რაც ანთია, ყველაფერს ახალს და ლამაზს გადააქცევს დაღლილ, დეპრესიულ რაღაცად. ამ დროს, რენესანსი იმ ასაკშია, როდესაც პოლიტიკური კონტექსტი ჯერ ვერ ახდენს გავლენას. ძალიან ცოტას შეუძლია ეს ძალა ზრდასრულობაშიც შეინარჩუნოს. ჩვენ გვინდოდა ის მომენტი დაგვეფიქსირებინა, როცა ყველაზე ძლიერები არიან.

ინდიგო: ამ დროს ფილმის ანოტაცია განმაწყობს ფინალისთვის – კრახს ველოდები. თუმცა, არაფერი მიმანიშნებს იმაზე, რომ ვერ პოულობენ თავისუფლების კუნძულებს. თქვენ ასე ხედავთ, მარცხდებიან?

დათო: ფინალით შეგვეძლო შეგვეცვალა ყველაფერი, მაგრამ დავამთავრეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ – გარშემო მდელოა, ისინი კი შიგნით რჩებიან, ჩაკეტილ სივრცეში.

სალომე: მე მინდოდა ყველას თავისი ფინალი ჰქონოდა. ვინ იცის, იპოვიან თუ არა თავისუფლებას, ეს მთელი ცხოვრების აზრია. მათ ხომ იპოვეს ის, რამაც ეს პარალელური სამყარო შექმნა. ფინალურ კადრში ერთ-ერთი გმირი დგას და სადღაც იყურება, თითქოს გადაწყვეტილებას იღებს. მე მინდოდა მაყურებელს დარჩენოდა განცდა, რომ იქ რაღაც ახალი იწყება. 

თამუნა: ყველა სამოთხეს ვეძებთ, მაგრამ ვპოულობთ მხოლოდ იდეალურ მომენტებს, სადაც დროებით ვრჩებით, მერე ისევ რეალობაში ვბრუნდებით – უფრო ამას ვგულისხმობდით.

ინდიგო: ფილმს ბევრი პერსონაჟი ჰყავს. არიან სკეიტერები, და არიან სხვებიც – ქალაქი, ტელევიზორი, ხმები ფილმში დამოუკიდებელი პერსონაჟებია, რომლებიც პერიოდულად იკვეთებიან, მაგრამ თითქოს ერთმანეთთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო.

სალომე: კი, ქალაქი, ხმაური, ყვირილი, პერიოდულად რომ შემოიჭრება – ყველა ცალკე პერსონაჟია, ერთმანეთისგან დისტანცირებული, ისევე, როგორც ყველაფერი საქართველოში. თითქოს კონტაქტია დაკარგული, ჩვენთან არ არსებობს დიალოგი. მთელი სამყაროები – ბავშვების, დიდების, მშობლების, ძალიან იშვიათად შედის ერთმანეთთან დიალოგში. ყველაფერი გაფანტულად, თავისთვის ცხოვრობს. ეს ქვეყანა ერთი აუწყობელი ლაბირინთია, სადაც სამი პრეზიდენტი ერთად ლაპარაკობს, სადაც ყველაფერი ერთად ლაპარაკობს, მაგრამ ერთმანეთს არავინ უსმენს. და ზუსტად ამ კაკაფონიის ჩვენება გვინდოდა.

ინდიგო: ფილმში დომინანტური მაინც ორი ნარატივია – სკეიტერების სამყარო და მეორე, სხვა – ხმა მედიიდან, დემონსტრაციებიდან, რუსული გადაცემებიდან, ესტრადიდან. მაინც რას აჩვენებს ამ ორი ნარატივის სინქრონი?

თამუნა: აჩვენებს ყველაზე ტრაგიკულს – რომ აქეთა სამყარო ვერ ხედავს იქითას.

ინდიგო: „იქითა სამყარო“ ხედავს აქეთას?

სალომე: ჰოდა, ვერა, და ამან გამაგიჟა. პირველი ქასთინგი 17 მაისს გვქონდა. ყველანი მოვიდნენ. მე ვიყავი ნამდვილი გიჟი, ვეკითხებოდი: იცით დღეს რა მოხდა-მეთქი? – და, „ო, კაი, რა!“ – მპასუხობდნენ. არც უფიქრიათ, რომ რაღაც ტრაგიკული ხდებოდა. აი, მაშინ, ამ ბავშვებში დავინახე საბჭოთა მეტასტაზი – როცა არაფრის გჯერა, არაფერია მნიშვნელოვანი, არ არსებობს პასუხისმგებლობა, ყველაფერი ფორმალურია. ამ დროს, ისე გამოიყურებიან, თითქოს დიდი არჩევანი ჰქონდეთ.

პირველად „ზაჰესით“ მივხვდი (თამუნა ქარუმიძის დოკუმენტური ფილმი „ზაჰესი 708“ [2001]), დიდი ხნის მერე რომ ჩამოდიხარ საქართველოში, იმ წამსვე ამჩნევ, როგორ აგრესიულად, ყვირილით შემოდის ეს სამყარო. ხვდები, რომ ვინც აქ ცხოვრობს, საერთოდ ვერ ამჩნევს ამას. უყურებ ტელევიზორს და უცბად ყვირილს იწყებ: „შეხედეთ რას აჩვენებენ!“ – ამ დროს, დიდებიც, პატარებიც მშვიდად სხედან და გპასუხობენ: „უჰ, კაი, რა, სულ ასე არ არის?“ ხვდები, რომ ორი პარალელური სამყარო ცხოვრობს ერთად და საერთოდ არ ეხება, იგნორირებას უკეთებს ერთმანეთის არსებობას.

ჩვენ გვინდოდა ამაზე დაფიქრებულიყვნენ. ინფორმაციას ხომ აქვს დიდი გავლენა, ინტენსიურობა, მაგრამ არ აქვს შინაარსობრივი ინტენსიურობა. განიცდი იმას, რასაც ხედავ და იმიტომ, რომ განიცდი, ვერ ახერხებ გაანალიზებას.

ინდიგო: რადგან ქალაქიც ერთ-ერთი პერსონაჟია, მასზეც გკითხავთ. ეს ლოკაციებიც თითქოს პირობითია, ხან ვცნობთ თბილისს, ხან ვერა. ასეთია მათი ქალაქი, ეს მათი ტრაექტორიაა? თუ ასეთია თქვენი ქალაქიც?

სალომე: მე ვხედავდი პატარა მიკროსივრცეებს, სადაც ისინი მოძრაობენ. ჩემთვის თბილისი მარტო ლამაზია. ვგიჟდები ამ აუწყობელ რაღაცებზე, სულ რომ ტრანსფორმირდება. გარშემო ყველაფერი ეკლექტურია, შეიძლება იმიტომ, რომ ეს ორი უდიდესი დროის, ორი უზარმაზარი კულტურის – აზიურის და დასავლურის და ორი წყობის, კომუნიზმის და კაპიტალიზმის შეჯახების მომენტია.

ინდიგო: რა რეაქცია ჰქონდათ ფილმზე თვითონ პერსონაჟებს?

სალომე: ჩვენებაზე დარბაზი სავსე იყო ბავშვებით. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ახლა მივხვდით რა მოხდა 17 მაისსო. ფიქრი დაიწყეს. თავიანთი დაკარგულობა დაინახეს. იდეაც ეს იყო, რომ შეკითხვები გასჩენოდათ. ყველაზე ძალიან მიხარია, რომ IDFA-ზეც ზუსტად ეს დააფასეს. 

ინდიგო: საინტერესოა როგორ გვაცნობენ და აღწერენ ერთმანეთს. ეს მინიშნებები შეიძლება ერთდროულად მოგეჩვენოს ზედაპირულიც და ძალიან ღრმაც. ეს სცენები მათთან დაახლოების მოლოდინს აჩენს, მაგრამ უფრო ახლოს ვერ მივდივართ. განგებ ხდება ასე? მათთან მიახლოება შეუძლებელია?

სალომე: მე არასდროს მაინტერესებდა ისინი, როგორც ცალკეული ადამიანები – მაინტერესებდა ერთად ვინ იყვნენ. როგორ ხედავდნენ ერთმანეთს, როგორ ურთიერთობდნენ – დისტანციიდან შეიძლებოდა დაგვენახა. არავინ იცის, მართალს ამბობენ თუ არა, რასაც ჰყვებიან, მხოლოდ მათი კონცეპტებია ერთმანეთზე.

თამუნა: არ ვიცით სახლში რას აკეთებენ, ვისთან ურთიერთობენ, სად დადიან, იმიტომ, რომ ჩემთვის, ფილმი არასდროს ყოფილა მათზე. ისინი სიმბოლოები არიან. სიმბოლოსთან კი, ახლოს ვერ მიდიხარ.

ინდიგო: რისი სიმბოლოები არიან?

სალომე: ტრანსფორმაციის შესაძლებლობის. ამ ბავშვებით დავინახეთ, რომ კულტურის ტრანსფორმაცია შეიძლება. მათ შეუძლიათ ჩვენი ტრავმებიდან მარტო პოზიტიური წამოიღონ და იმაზე ააგონ ახალი. დაძველებულ სიმბოლოებს ისე გარდაქმნიან სილამაზედ, რომ არავითარი პროტესტის განცდა არ აქვთ, არ ბრაზობენ, არც ითრგუნებიან. ფილმის ერთ სცენაში თბილისის ზღვაზე, უზარმაზარ მონუმენტებს შორის დასრიალებენ („საქართველოს მატიანე“, ავტორი: ზურაბ წერეთელი, 2011). უცბად ერთ-ერთი შეხტება, ქრისტეს ფიგურას ხელზე ხელს დაჰკრავს და გზას აგრძელებს. არავითარი დისტანცია მათ შორის არ არსებობს. პირველად მაშინ ვიფიქრე, რომ ეს მონუმენტი შეიძლება ლამაზიც კი იყოს. ამ წმინდანებს გამართულები, როგორც თანასწორს, ისე უყურებენ. ამიტომ ეს ხელზე ხელის დარტყმის ჟესტიც ისეთი ბუნებრივი იყო, არავითარი სარკაზმი, ირონია არ იგრძნობოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ მხოლოდ ასე შეიძლება შეიცვალოს. თუკი ამ განცდაში დარჩებიან, მართლა შეიძლება დიდი რაღაც მოხდეს. 

პირველი ჯილდო: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი "პრომეთე". საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

მეორე ჯილდო: "როცა დედამიწა მსუბუქია" პირველი ქართული ფილმია, რომელმაც ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის (IDFA) კონკურსში გაიმარჯვა. ნომინაცია: საუკეთესო დებიუტი.

გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 3SAT  ფილმის ჩვენების ლიცენზია შეიძინა. გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში 3SAT-ზე მიწი სატელევიზიო პრემიერა 2016 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა