როცა დრო გვცვლის, მაგრამ ზაფხულის მოგონებები სულ შენთანაა
თიბისის ახალი კრეატული პროექტი
ფოტო და ვიდეო ათასობით მოგონებას აცოცხლებს, ეს ცნობილია, მაგრამ ვიდრე თქვენს საზაფხულო-სამოგზაურო შთაბეჭდილებებს საკუთარ ფოტოალბომებში ჩაამწკრივებთ, გადახედეთ თიბისის ახალ, კრეატიულ პროექტში მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრებს, სადაც ზაფხული თითქოს „გაცდენილი“ დროის ანაზღაურებას აღნიშნავს.
ახალი პროექტისთვის, რომლის სახელწოდებაა „ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა“ – შვიდმა ფოტოგრაფმა გადაიღო ფოტოები. ესაა კადრები, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებსა და შთაბეჭდილებს აღწერს. ამ საზაფხულო ისტორიებს კრეატიულმა სააგენტო „ვინდფორსმა“ მცირე ფორმატის ვიდეოარტი დაურთო, რომლისთვის ტექსტი ანა კორძაია-სამადაშვილმა შეთხზა, ხოლო გია ყანჩელის ულამაზესი მუსიკალური თემა „ის აქ არის“ გია მახნიაშვილის არანჟირებით ჟღერს.
საზაფხულო თავგადასავალებში ბევრი რამაა მოსაძებნი. მაგალითად, როგორც ანა კორძაია-სამადაშვილი კლიპში ამბობს, „ნახატები, სანოტო რვეულები, წიგნები“. თანაც თუ ბედმა გაგიღიმათ, რომელიღაც პატარა ქალაქის ხიდზე ბეჭედსაც გაჩუქებენ და ეს თავგადასავალი უფრო დიდი აღმოჩენებით დასრულდება, ვიდრე ელოდით...
მოგონებები სხვადასხვა სიფაქიზის განცდებს უყრის თავს: მაგალითად, ეროსი მანჯგალაძის ხმას, რომელიც გურამ დოჩანაშვილის ლამის არქეტიპად ქცეულ ტექსტს კითხულობს („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“); ან ზღვისპირა ცეკვის კადრებს ლანა ღოღობერიძის ცნობილი ფილმიდან „როცა აყვავდა ნუში“.
გაცოცხლებულია კადრები მიშა ჭიაურელის დოკუმენტური ფილმიდანაც „მე პელეს ნათლია“, რომელშიც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ასევე ცნობილ ქართველ მსახიობს, კახი კავსაძეს ხვდება მილანის „სან სიროს“ სტადიონზე. საფეხბურთო თემას ეხმიანება გახარებული გულშემატკივრების რეაქცია, რომლებიც 1981 წლის ევროპის თასების თასის მფლობელს, თბილისის დინამოს“ ფეხბურთელებს სტადიონზე ხვდებიან.
რაც შეეხება ფოტოებს. მათზე აღბეჭდილი გარემო ბავშვური სიხალისით და სიმშვიდით სუნთქავს. თითქმის ყველა ფოტოზე ბავშვები და ზაფხულია, რაც, პირველ რიგში, არდადეგებს გვახსენებს, უდარდელობის და თამაშის ხანას. შვიდი ფოტო ნამუშევრიდან სულ ორია შავ-თეთრი: დარო სულაკაურის ნამუშევარი ბავშვობის უზრუნველობას და დიდებისადმი მიბაძვას ასახავს; დინა ოგანოვა კი პარკში მოთამაშე, დედასთან ჩახუტებული პატარა გოგონების ემოციებს გვაჩვენებს.
ფოტო: დარო სულაკაური
ფოტო: დიანა ოგანოვა
გურამ წიბახაშვილი აეროპორტის შუშის კედლებს მიყრდნობილ პატარა ბიჭს საშუალო ხედით გვიჩვენებს, კედლებს მიღმა კი სულ სხვა სივრცე და სამყაროა - ესკალატორი, ხალხი, ჩანთების გროვა... ირაკლი ძნელაძის ობიექტივი საბავშვო ატრაქციონს წარმოგვიდგენს ზღვის სანაპიროზე, თანაც შორი წერტილიდან; ზუკა კოტრიკაძე მოულოდნელ რაკურსს ირჩევს და ხიდიდან წყალში გადამხტარ მოზარდებს აღბეჭდავს; გიორგი ქობალია - ზღვის ნაპირზე გოგონასა და მძინარე ძაღლს; გიორგი ნაკაშიძე - ახალგაზრდას, რომლისთვისაც ზაფხული წიგნის კითხვის დაუვიწყარი მოგონებებია.
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ფოტო: გიორგი ქობალია
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
ფოტო: ზუკა კოტრიკაძე
ფოტოებზე აღბეჭდილ განწყობასა და „ვინდფორსის“ ვიდეოარტს შორის კავშირი მხოლოდ საზაფხულო რიტმით არ შემოიფარგლება. ეს ის შემთხვევაა, როცა ფოტოებზე ასახული საზაფხულო ისტორიები ანა-კორძაია სამადაშვილის ექსპრესიონისტული და მგრძნობიარე ტექსტი და გია მახნიაშვილის მიერ გია ყანჩელის ტრანსფორმირებული მუსიკა ერთ მთლიან, ახლანდელ რეალობას ქმნის.
ამ კრეატული პროქტის მიზანიც ესაა - ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებს სიცოცხლისა და ჩაკეტილი სივრცის გარღვევის სურვილი გაუჩნდეთ. თუნდაც იმიტომ, რომ იმ დიდი და დრამატული ცვლილებების ფონზე, რაც სამყაროში ხდება, რაღაც მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, თუნდაც საზაფხულო თავგადასავალი ჩვენთან დარჩეს!