გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ირინა ჯავახიშვილი

როდესაც არჩევანი არ არის შემთხვევითი

არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ცხადად, ხელშესახებად გრძნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, ზუსტად იციან, რა სჭირდებათ წინსვლისა და ბედნიერებისთვის და, ბევრი ყოყმანის გარეშე, უბრალოდ, აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. ამ ადამიანების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა; არა, მხოლოდ საინტერესო კი არაა, თერაპიული ეფექტიც აქვს - მათ ისტორიებს შესწევს ძალა, განკურნოს ჩვენი ეგზისტენციალური დილემები, აგვავსოს შემართებით, მიზანდასახულობითა და ძლიერი სურვილით, რომ ჩვენც ვიდგეთ მყარად მიწაზე, ოღონდ ისე, რომ მაღლაც ავიჭრათ, ცაში - შორეული მიზნებისკენ.

ირინა ჯავახიშვილი
Japan Tobacco International (JTI)
ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი კავკასიაში

ამ არჩევანმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, გამაძლიერა, თვითრწმენით ამავსო, სულ სხვა კუთხით დამანახა საკუთარი თავი, ადამიანები და გარემო.

ყოველი არჩევანი რაღაცის შეცვლის, ახლის ძიებისა და აღმოჩენის საშუალებაა. არჩევანი გვეხმარება, თავად განვსაზღვროთ მომავალი, მიზნები და საშუალებები, რომლითაც ამ მიზნებისკენ მივისწრაფვით.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი ალბათ ორი წლის წინ გავაკეთე, როდესაც კომპანიამ ჟენევაში ერთი წლით გამგზავრება და იქ მუშაობა შემომთავაზა. ეს შემოთავაზება საკმაოდ მოულოდნელი იყო და არჩევანის გაკეთებაც არ ყოფილა მარტივი: უნდა დამეტოვებინა ჩემი ჩვეული გარემო, სამსახური, მეგობრები. მეორე მხრივ, ეს იყო შესაძლებლობა, მიმეღო ახალი გამოცდილება და ცოდნა, გამეცნო ახალი ადამიანები, მიმეღწია სრულიად ახალი, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი მიზნებისათვის...

დავთანხმდი გამოწვევას. კიდევ კარგი! ამ არჩევანმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, გამაძლიერა, თვითრწმენით ამავსო, სულ სხვა კუთხით დამანახა საკუთარი თავი, ადამიანები და გარემო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიზნად დავისახე, გამეგრძელებინა საქმიანობა უკვე შვეიცარიაში მიღებული გამოცდილებით. კომპანიამ მომცა შესაძლებლობა ამ მიზნისთვის მიმეღწია. დღესდღეობით ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარების განყოფილებას ვხელმძღვანელობ, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და მაქვს საშუალება, დავეხმარო სხვებს განვითარებასა და მიზნების მიღწევაში.

დავით თომაძე
Japan Tobacco International (JTI)
იურიდიული სამსახურის დირექტორი კავკასიაში

და მაინც, თუ ჩემი არჩევნების კონკურსს მოვაწყობ, ვფიქრობ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება იყო. ამ გადაწყვეტილებამ გააქრო მცირე გამოწვევები ჩემი ცხოვრებიდან და საღამოს გასატარებლად მომიყვანა შატო შანტილის პარკში, ჩემი ლეპტოპით, ფრანგული ყველით და ცოტა შაბლით, რის მერეც მოხდა ის, რასაც ძნელად თუ წარმოვიდგენდი.

ადამიანის ცხოვრება სურვილების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვაა. მატერიალური კეთილდღეობა, პოპულარობა, მომხიბვლელი გარეგნობა, წარმატებული შვილების აღზრდა, მსოფლიოში დადებითი ცვლილების გამოწვევა რამდენიმე მაგალითია. თუმცა ზოგჯერ ჩვენი სურვილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და აი, ამ დროს არჩევანის გაკეთება გვიწევს.

არჩევანის პირისპირ დგომა არასდროს მაშინებს. ჩემი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარების სურვილია. სიახლე, დინამიკა და მოძრაობა ‒ ეს ჩემი სტიქიაა და ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს გაჩერებული ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. სწორედ ამიტომ იყო, აშშ-დან დაბრუნებულს დიდხანს არ მიფიქრია, ისე შევუერთდი JTI-ს, სადაც საერთაშორისო გარემო, ახალგაზრდა, მეგობრული და პროფესიონალი გუნდი მელოდებოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ვიცოდი, რომ გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა მომეცემოდა, ვხედავდი საერთაშორისო კარიერის პერსპექტივას და სამი წელი არც გასულა, რომ კომპანიასთან ერთად პარიზში აღმოვჩნდი.

ჩემი ცხოვრება დიდი და მცირე არჩევნების ჯაჭვია და უსამართლო იქნება, რომ ერთი კონკრეტული არჩევანის მადლობელი ვიყო. და მაინც, თუ ჩემი არჩევნების კონკურსს მოვაწყობ, ვფიქრობ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება იყო. ამ გადაწყვეტილებამ გააქრო მცირე გამოწვევები ჩემი ცხოვრებიდან და საღამოს გასატარებლად მომიყვანა შატო შანტილის პარკში, ჩემი ლეპტოპით, ფრანგული ყველით და ცოტა შაბლით, რის მერეც მოხდა ის, რასაც ძნელად თუ წარმოვიდგენდი: ვისაუბრებდი სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს სახელით; მივიღებდი გადაწყვეტილებებს მრავალმილიონიან საგადასახადო დავებზე; ვუხელმძღვანელებდი და დავნერგავდი დავების მართვის ავტომატურ ელექტრონულ სისტემას და გადამხდელებს საჩივრების ონლაინ წარდგენის საშუალებას მივცემდი; ვუხელმძღვანელებდი სამი ქვეყნის იურიდიულ გუნდს მულტინაციონალურ კომპანიაში.

„თუ არ იცი, სად მიდიხარ, იქ ვერასოდეს მოხვდები“, ‒ ამტკიცებს ერთი გამოთქმა, „არ ვიცი, სად მივდივარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ“, ‒ ამტკიცებს მეორე.

მე ამ ორივე გამოთქმას ერთდროულად ვეთანხმები: თამასას მაღლა ვწევ და ვამტკიცებ, რომ ცხოვრება ერთდროულად შედეგიცაა და პროცესიც: როგორ შეიცვლება სხვების ცხოვრება შენი არსებობით და რამდენად სასიამოვნო იქნება შენი ცხოვრების გზა? დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სად იქნება ჩემი შემდეგი გაჩერება, თუმცა, მიმართულება ერთია: 45 გრადუსით წინ და ზევით!

გიორგი მოდებაძე
Japan Tobacco International (JTI)
ბიზნესაპლიკაციების კოორდინატორი კავკასიაში
JTI-ს სტიპენდიატი

ჩემთვის არაყოველდღიური არჩევანის გაკეთება ყოველთვის სიახლესთანაა დაკავშირებული, თუმცა გაცნობიერებული მაქვს ის საფრთხეებიც, რომელიც ამ პროცესს შეიძლება ახლდეს.

მთავარი წყარო, მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაცია და მისი სწორი ანალიზია, რაც რისკების გამორიცხვის საშუალებას და მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, რაკი მომავლის წინასწარმეტყველება ასი პროცენტით შეუძლებელია, ასევე ინტუიციასაც ენიჭება გარკვეული როლი.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროფესიის არჩევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს უპირატესობები დღეს ნათლად ჩანს, საბოლოო ნაბიჯის გადადგმა მაინც გამიჭირდა. მერე კი აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამ პროფესიამ განსაზღვრა ჩემი დღევანდელობა, სოციუმი და საქმე, რომელსაც ხალისით ვაკეთებ.

ჩემი აზრით, ახლა უკვე განვითარების პირველი ეტაპის დასასრულს მივაღწიე, რაც გულისხმობს საბაზო და უმაღლესი განათლების მიღებას, და უფრო პროფესიული განვითარების ეტაპზე გადავედი, მის საწყისებს ვითვისებ. ამ ეტაპზე მთავარი ახლო მიზანი ჟთI-ში მაქსიმალურად განვითარება და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაა, რომელსაც ეს კომპანია მაძლევს, ასეთი კი, ნამდვილად ბევრია, რადგან ტექნოლოგია დღეს ადამიანის ენაზე, ძალიან გასაგები სენტენციებით გვესაუბრება.

თეო გაგოშიძე
Japan Tobacco International (JTI)
ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტი კავკასიაში 

თავიდან ალბათ ყველას აშინებს ის მომენტი, როდესაც ხვდება, რომ თავად არის საკუთარი ცხოვრების მსვლელობაზე პასუხისმგებელი. თუმცა, ეს უფლებაა და ზოგ შემთხვევაში პრივილეგია, რომლის გამოყენებაც ყველა ადამიანის ვალია.

არჩევანის გაკეთების დროს რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება განვითარებისთვის. რისკები უნდა მივიღოთ და შევაფასოთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, ხელი შეგვიშალოს ნაბიჯის წინ გადადგმაში. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი პროფესიის არჩევას უკავშირდება. გადაწყვეტილებამ, მიმეღო უმაღლესი განათლება ბიზნესის განხრით, გზა გაუკვალა ჩემს დღევანდელ კარიერას და ცხოვრების სტილს.

ჩემი არჩევანის სისწორეში ყოველდღე ვრწმუნდები, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას, მათ წინსვლას და პროფესიულ ზრდას ეხება. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ კარიერული წარმატების ყველაზე ეფექტური გზა ჯანსაღ გარემოში მუშაობაა; იმის გაცნობიერება, რომ კომპანიისთვის, სადაც მუშაობ, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი ძვირფასი აქტივის ‒ თანამშრომლების ‒ განვითარება.

ქეთი ტარყაშვილი
Japan Tobacco International (JTI)
ბიზნესაპლიკაციების სუპერვაიზერი კავკასიაში და, როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპანიის Web-გოგონა

ჩემი უცვლელი მიზანი კი, გნებავთ ახლო, გნებავთ შორეულ პერსპექტივაში, ცოდნის დაგროვებაა. სწორედ ცოდნის გამდიდრებით შევძლებ, მუდამ გავამართლო ჩემი პირადი არჩევანი.

ჩვენთან არჩევანს ხშირად არ მოიაზრებენ, როგორც უკეთესი მომავლის საწინდარს, ჩემთვის კი მომავლის პერსპექტივის შეგრძნება, პირველ რიგში, ხიბლთან ასოცირდება. ხიბლი და მიზიდულობა უკეთესი ან უარესი, საინტერესო ან დამთრგუნველი გარემოებების, გამოწვევების მიმართ. მე ორივე შემთხვევას გამოცდილებად აღვიქვამ. გამოცდილების შეძენა არასოდეს მაშინებს და არც მაბნევს ‒ ცხოვრებისეული სწავლაც ხომ ცოდნის ამაღლებაა.

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი სამსახურის შეცვლაა ‒ სახელმწიფო სექტორიდან კერძო საერთაშორისო კომპანიაში გადმოვედი. თავდაპირველად, დისკომფორტს მიქმნიდა ის, რომ საზოგადოებრივ საქმეებზე მეტად ახლა პირად არჩევანზე გავხდი კონცენტრირებული. თუმცა, შემდეგ, როცა უფრო მკაფიოდ გავითავისე კომპანიის მიზნები და ხედვა, მივხვდი, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფასეულობების გასატარებლად არეალი აქაც დიდია. ამ კომპანიაში მრავალგვარ სასარგებლო იდეაზე შემიძლია ფიქრი და ახლა უკვე სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. პირიქით, ამ გადასახედიდან, წინა, გასული პერიოდი მიტოვებს დროის უქმად დაკარგვის შეგრძნებას.

სტაბილურ გარემოში ადამიანს განვითარების, სამომავლო პერსპექტივებზე დაფიქრების მეტი საშუალება ეძლევა. კომპანია მაძლევს ამ არჩევანის ფუფუნებას, სწორედ ორიოდე თვის წინ შევიცვალე პროფილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან გაყიდვების ადმინისტრირების და ანალიტიკის განყოფილებაში გადავინაცვლე. დაგროვილი ცოდნა აშკარად მაძლევს საშუალებას, მთლიანობაში აღვიქვა ბიზნესპროცესი. ამ გადანაცვლებას პირად გამოწვევად მივიჩნევ, თუმცა, ამავდროულად, ვხედავ, რომ ეს კომპანიისთვისაც შანსია, ამა თუ იმ პოზიციაზე აიყვანოს ამ მიმართულებაში უფრო გამოცდილი კადრი, ან შიდა გადანაცვლებით დააკომპლექტოს არსებული ვაკანსია და ჯერ საკუთარ თანამშრომელს მისცეს განვითარების შესაძლებლობა. 

ბაჩო მორჩაძე 
Japan Tobacco International (JTI)
გაყიდვების სუპერვაიზერი

კომპანიაში არანაკლებ შთამბეჭდავი "ქორეოგრაფია" დამხვდა: აქაც შეთანხმებული ანსამბლია, მხიბლავს ღირებულებათა სიმეტრია და კომპანიის ერთიანი, მნიშვნელოვანი მიზანი, რომლისკენაც მთელი გუნდი მიდის.

მხიბლავს პერსპექტივის შეგრძნება, შესაბამისად, არც მაშინებს და არც მაბნევს არჩევანის გაკეთება. ჩემთვის არჩევანი ის მომენტია, როცა მომავლის კარგად აწონ-დაწონასა და გააზრებას ვახერხებ: რას მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება? ჩაფიქრებულ მიზნამდე რამდენად სწრაფად მიგვიყვანს? არჩევანი ჩემთვის ჯერ კიდევ ისეთი აბსტრაქციაა, რომლის დასაკონკრეტებლად, ფორმის მისაცემად, უამრავ ინფორმაციას ვეძებ, განვიხილავ შესაძლო ვარიანტებს, ათასჯერ მაინც წარმოვიდგენ სხვადასხვა სცენარს და მხოლოდ მერე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვაკეთებ არჩევანს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი მაშინ გავაკეთე, როდესაც, ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმეზე, ჩემს ძირითად მისწრაფებაზე ‒ ქორეოგრაფიაზე ვთქვი უარი, რადიკალურად განსხვავებული სფერო ავირჩიე და საბოლოოდ მოვედი JTI-ში, კომპანიაში, სადაც არანაკლებ შთამბეჭდავი „ქორეოგრაფია“ დამხვდა: აქაც შეთანხმებული ანსამბლია, მხიბლავს ღირებულებათა სიმეტრია და კომპანიის ერთიანი, მნიშვნელოვანი მიზანი, რომლისკენაც მთელი გუნდი მიდის.

JTI-ში მუშაობის დაწყებისას ძალიან ბანალური მიზანი დავისახე ‒ განვითარება მსურდა. ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ ყველაზე მეტს ‒ საკუთარ თავზე.

ახლა კი ვფიქრობ, რომ ახალი მიზნების დროა, ახლებურად განვითარების დრო, რადგან თითოეული ადამიანი სწავლობს იმისთვის, რომ იცხოვროს და პირიქით ‒ ცხოვრობს, რათა ისწავლოს და იაროს წინ. ეს მუდმივი, შეუქცევადი პროცესია, რომელიც მთელი თავისი ატრიბუტიკით მიზიდავს. 

ავტორი: თამარ კვინიკაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა