ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როდესაც იდეა იბადება სტარტაპისთვის, იქ ვჩნდებით ჩვენ - Cartooli

Cartooli ქართველების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომ ინოვაციურ წამოწყებებს იდეიდან ბოლომდე გაჰყვეს და კომპანიებს საკუთარი პორტფოლიოს დახვეწაში, ბაზრის არეალის განსაზღვრაში და მის გაფართოებაში დაეხმაროს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაინტერესებს სერვისიც და პროდუქციაც.

ნებისმიერ ახალ ბიზნეს-წამოწყებას შეუძლია პორტალზე დარეგისტრირება, რომ პოტენციურმა ინვესტორებმა, ან მომავალმა მომხმარებელმა მათ იოლად მიაგნონ. პლატფორმა მიჯნავს მომსახურებასა და პროდუქციას და მათ დამოუკიდებელ სივრცეში ათავსებს: მომსახურება work.cartooli.com-ზე გვხვდება, პროდუქცია კი, shop.cartooli.com - ზე განთავსდება. თუ ციფრულ შინაარსზე მუშაობთ, video.cartooli.com ან content.cartooli.com დაგეხმარებათ თქვენი ნაშრომებისთვის მაყურებლისა და მკითხველის მოძიებაში და მასალის მონეტიზაციაში.

Cartooli-ს ორი დამფუძნებელი და ჯერ-ჯერობით სამი თანამშრომელი ჰყავს. ერთი წლის თავზე, shop.cartooli.com-ზე უკვე სამოცზე მეტი ბრენდია დარეგისტრირებული.

Work.cartooli.com-ზე კი ათასზე მეტ ფრილანსერს აქვს საკუთარი პორტფოლიო. Cartooli -ს 6 ათასამდე გამომწერი ჰყავს და სხვადასხვა ქსელში მისი აუდიტორია 9 ათასს სცილდება. დღეს უკვე მხოლოდ work.cartooli.com-ზე თვეში, საშუალოდ 100-150 ადამიანი წევრიანდება.

როგორ დაიწყეთ ფიქრი და როგორ მიხვედით Cartooli-ს საბოლოო ფორმამდე, პლატფორმამდე?

15 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ბიზნეს კონსულტანტად ვმუშაობ.  მთელი ეს დრო ვაკვირდებოდი და თავად ვმართავდი პროცესებს დიდ კორპორაციებში. ათი წელი კი,  კომპანიების განვითარებაში, ბიზნეს-ოპერაციების დახვეწასა და გაზრდაში ვმონაწილეობდი. ბოლო ხანს უკვე ვფიქრობდი იმაზე, როგორ შემეძლო ჩემი გამოცდილება საქართველოსთან დამეკავშირებინა.

2018 წელს გადავწყვიტე, რომ დრო იყო ბედი სტარტაპშიც მეცადა.

ერთ წარმატებულ სტარტაპში ქართველი კონტაქტი აღმოვჩინე და მან დამაკავშირა დამქირავებელს. შესაბამისად, ინტერვიუზეც მიმიწვიეს. გამიხარდა, რომ ასეთი წარმატებული სტარტაპის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ქართველი იყო. მაშინ დამებადა იდეა: შეგვექმნა მსოფლიო რუკა, სადაც ქართველების დიდ პროფესიულ ქსელს ავაწყობდით. ასეთი პლატფორმა ბევრ ქართველ ემიგრანტს გაგვიადვილებდა ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად, იქამდე კი უკვე ნანახი გაქვთ სხვა ემიგრანტების პორტფოლიოები, ვინც ახლოს ცხოვრობენ. იცნობთ მათ საქმიანობას, ვინც თქვენს ინტერესებთანაა ახლოს. ეს კომუნიკაციას აადვილებს.

აი, ასე დავიწყეთ ლაპარაკი მე და რობმა, ჩემმა ქმარმა, რომელიც ასევე ბიზნეს-კონსულტანტად მუშაობდა და მრავალ სხვადასხვა პროფილის კომპანიას უწევდა კონსულტაციას. რამდენიმე ასეთი საუბრის შემდეგ დაიბადა Cartooli.

რობმა სამსახურს თავი დაანება, რომ ამ წამოწყებაში ბოლომდე გამომყოლოდა და ერთ თვეში, ჩვენი 5 თვის და 5 წლის შვილებით ნიუ-იორკში გადავედით საცხოვრებლად. ნიუ-იორკი ავარჩიეთ, რადგან ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მათთან ურთიერთობა დაგვეხმარებოდა ჩვენი იდეის განივთარებაში.

რამდენი მიმართულებით მუშაობს Cartooli?

როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, ყველაფერი იდეით იწყება. Cartooli Idea Hunt აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ iOS და Android ტელეფონებში გადმოწეროთ, საშუალებას აძლევს ქართველებს თავისი იდეა გააზიარონ და სხვა დამფუძნებლებისგან კომენტარები შეაგროვონ. ეს პროცესი ხელს უწყობს ბაზრის შესწავლასა და იდეის დახვეწას, რაც აუცილებელია სტარტაპის შესაქმნელად. შემდეგ გვაქვს Startup და Business ცნობარები (ასევე აპლიკაციები), რომელშიც შეგიძლიათ თქვენი კომპანია დაარეგისტრიროდ და გაზარდოთ თქვენი ცნობადობა. ამის შემდეგ მოდის მონეტიზაცია და ამისთვის რამდენიმე პროდუქტს ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას.

  • shop.cartooli.com ნებისმიერ ქართველს საშუალებას აძლევს საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნას რამდენიმე წუთში, უფასოდ. აიტვირთება თუ არა პროდუქტი, მისი შეძენა შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ასევე Facebook, Instagram და Pinterest-ის მაღაზიებში. ჩვენს პლატფორმას და ბრენდებს სხვადასხვა წყაროებით ვუწევთ რეკლამას. ამ ეტაპზე, 15 ათასამდე ადამიანთან გვაქვს წვდომა. Cartooli კომპანიებისგან მხოლოდ გაყიდული პროდუქციის საკომისიოს იღებს. ამიტომ, ჩვენი წარმატება მხოლოდ ამ ბრენდების წარმატებაზეა დამოკიდებული. გეფერინი, ბიოსიო, Lalo Cardigans, Moods, და მრავალი ინდივიდუალური მწარმოებელი დღეს ჩვენს კატალოგში იძებნება. ყოველ კვირა ახალი სახელები უერთდებიან ჩვენს პლატფორმას. საკუთარი პორფტოლიოები აქვთ არტისტებსაც: მარიკა ქოჩიაშვილი, მუსია, მაშოლენდი და გამეზა Cartooli-ს პლატფორმაზე საკუთარ ნამუშევრებს ათავსებენ.
  • work.cartooli.com სამუშაო პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს სწორი კანდიდატის, ადამიანებს კი სამსახურის პოვნას უადვილებს. ჩვენს პლატფორაზე ყველას შეუძლია პროფესიული პროფილის შექმნა. კომპანიები კი, კანდიდატებს უნარების მიხედვით შეარჩევენ და მხოლოდ ყველაზე შესაფერის კანდიდატებს შეხვდებიან გასაუბრებაზე. პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ თანხის გადახდაც აწარმოოთ და თუ მომსახურებით უკმაყოფილო დარჩით, ეს თანხა შეგიძლიათ საჩივრის მეშვეობით უკან დაიბრუნოთ. დამატებით, მომავალში საერთაშორისო პროექტების ჩართვასაც ვგეგმავთ. ეს ის პროექტებია, რომლებიც დისტანციურად, კონტრიბუტორების დახმარებით ხორციელდება.
  • video.cartooli.com-ზე ნებისმიერს შეუძლია საკუთარი არხი შექმნას. იდეა ჰგავს YouTube-ს უბრალოდ, YouTube-ზე ქართული მასალის მოძებნა რთულია, რადგან შინაარსის მოცულობაა ძალიან დიდი. ჩვენი პლატფორმა ქართველ პროფესიონალებს მოემსახურება, რომ მათ საკუთარი აუდიტორია გააფართოვონ. მომავალში, შინაარსის მონეტიზაციასაც ვგეგმავთ, რომ არხის მფლობელს ვიდეოსთან წვდომის შეზღუდვა და საწევრო გადასახადის დაწესებაც შეეძლოს. ეს მასწავლებლებისთვის, მწვრთნელებისათვის, ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებლებისთვის ახალი, პოტენციური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს.
  • ცალკე ბლოკი ეთმობა ქართულენოვან ციფრულ შინაარსსაც, რომელიც content.cartooli.com-ზე განთავსდება.

ჩვენი მიზანია ქართული ბრენდები უფრო დიდი მასშტაბის ბაზრებს გავაცნოთ. ასევე გვინდა მნიშვნელოვან წამოწყებებს, საინტერესო არტისტებს ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენაში დავეხმაროთ. 

პლატფორმის ალგორითმი გაზიარების პრინციპზეა აწყობილი და ნებისმიერი ერთის წარმატება, პლატფორმაზე სხვებისთვისაც ახალი პერსპექტივების გაჩენას ნიშნავს. როდესაც ინტერესდებიან ერთით, შანსი უჩნდებათ სხვებსაც, რადგან მათ საერთო სივრცე, ერთი პლატფორმა - Cartooli აერთიანებთ.