გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ ასწავლიან ისტორიას საქართველოში – საბჭოთა მემკვიდრეობა და რელიგიური თვითგამორკვევის პროცესი აჭარაში

ბათუმის დიდი მეჩეთის მიმდებარედ რომ პატარა თურქული კაფეებია, მანდვეა „ქართველ მუსლიმთა კავშირი“. ეს ორგანიზაცია არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ მუსლიმებს, არამედ აზერბაიჯანელებსა და ქისტებსაც აერთიანებს. სწორედ იქ უნდა შევხვდე ბათუმელ სკოლის მოსწავლეებს. მანამდე მეჩეთში შევდივარ – შუადღის ლოცვას ვესწრები. ირგვლივ ბევრი ხალხი ირევა.

საქართველოს რეგიონულ ქალაქებს შორის ბათუმს, თბილისთან ერთად, მულტიკულტურულობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. დაახლოებით ოცი წლის წინ დადგა დრო, როცა ბათუმს შეეძლო ამ კულტურულ სიჭრელეში საკუთარი განსაკუთრებულობა დაეფასებინა, თავის საგანძურად აღექვა ის, რომ მის ურბანულ სივრცეში თანაარსებობს და ვითარდება ყველანაირი რწმენისა და ფასეულობის მოქალაქე  ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ფასეულობებისაც კი. ეს იქნებოდა გზა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში გავრცელებული ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმისკენ. პროცესი ნელა, შეფერხებებით, მაგრამ თავისით და გარდაუვლად, მაინც აქეთკენ მიდის, თუმცა, ხელის შეწყობის ნაცვლად, სახელმწიფოს პოლიტიკა მას გაუაზრებლად აფერხებს. კომპლექსურ ფაქტორთაგან უპირველესი განათლების სისტემაა.

ბათუმში მეც ამ მისიით ჩავდივარ, ვნახო ყოველდღიურობაში  ვთქვათ, ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში  სად ჩანს კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, როგორც პრიორიტეტი, რომელსაც განათლების სისტემა აწესებს. უბიძგებენ თუ არა პედაგოგები მოსწავლეებს, თავიანთი ქვეყნის კულტურულ სიჭრელეზე დაფიქრდნენ, წარსული ახლებურად გაიაზრონ და როგორ იყენებენ ამ პროცესში სახელმძღვანელოებს, რომელთა ლეგიტიმურობასაც სპეციალური გრიფით სახელმწიფო ადგენს.

რელიგია

წვიმიანი დღეა, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დერეფანში სამი გოგონა შემოდის. ქეთი უნივერსიტეტში სწავლობს, მაკა და მარიამი  სკოლაში. სამივეს ჩადრი აფარია.

 დიდი ხანია, ჩადრი გაიკეთეთ?

– მე მეთერთმეტე კლასში გავიკეთე, – ამბობს ქეთი.

– ადვილი იყო?

 არა, ყველას ძალიან ეუცხოვა, კლასელებს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს.

 კლასელებს განსაკუთრებით,  მიდასტურებს მაკა,  სანამ ქეთი ჩადრს დაიფარებდა, მთელი სკოლისთვის მაკა ვიყავი... მერე „ჩადრიანის და“, ან „იმის და“ გავხდი.

 გაკვეთილებზე სულ ვგრძნობდი მათ მზერას, ისე მიყურებდნენ, როგორც სამუზეუმო ექსპონატს... მერე, მგონი, მეც კი გავუუცხოვდი საკუთარ თავს... მაგრამ დირექტორი მალევე დარწმუნდა, „მოდას აყოლილი“ რომ არ ვიყავი და თავის კაბინეტში დამიბარა, მითხრა, შენ გვერდით მიგულეო.

 რას ნიშნავს „მოდას აყოლილი“?

 ბოლო დროს, აქ ასეთი სტერეოტიპია, ჰგონიათ, თუ ვინმე მუსლიმი ბიჭი მოგეწონა, განსაკუთრებით კი, თუ ის თურქია, თავი რომ მოაწონო, ჩადრს იფარებ... რელიგიური და პატიოსანი გოგოს როლს ირგებ. მეზობლებმაც ამრეზით დამიწყეს ყურება. ზოგი მოდიოდა და გულწრფელად მირჩევდა, ჩადრი მომეხადა და ისევ „ჩვეულ ცხოვრებას“ დავბრუნებოდი. სიმართლე გითხრა, ეს ყალბი გულითადი რჩევები უფრო მაღიზიანებდა. სჯობდა, ისევ ირონიულად ექირქილათ ზურგს უკან, ვიდრე ვითომ ვენუგეშებინე: რა ლამაზი გოგო ხარ, რა გჭირს დასამალიო.

რელიგია


როგორც ფარაჰ შილანდარი თავის სტატიაში „ირანელი ქალი: ჰიჯაბი და იდენტობა“, აღნიშნავს, მუსლიმი ქალის იდენტობის განხილვის დროს, ნიკააბის საკითხი, ალბათ, ყველაზე კონტრავერსიულია. ზოგიერთი ინტელექტუალი მიიჩნევს, რომ ჰიჯაბი ანგრევს ქალის ნამდვილ იდენტობას და ანაცვლებს მას მორჩილი ქალის იდენტობით. ჰიჯაბის საკითხი აქტუალურია დასავლეთის ქვეყნებშიც. ნიკააბით შემოსვა აკრძალულია საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და ბელგიაში. საქართველოში ჯერ ეს დისკურსი არ გაფართოებულა მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეათე მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში მუსლიმია, რაც მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. ქართველ მუსლიმთა უფლებებზე, მათ თვითგამორკვევის საკითხზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, ყველაზე აქტიურად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  EMC. მათთან ერთად პანკისშიც ჩავსულვარ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში  „ფუნდამენტური ისლამი: თვითაღქმა და სახელმწიფო პოლიტიკა პანკისში“. რამ განაპირობა 2011-16 წლებში პანკისელი ახალგაზრდების გადინება სირიაში? ხომ არ იყო ეს სახელმწიფოს მიერ პანკისის რეგიონში გატარებული ძალადობრივი პოლიტიკის შედეგი?  ეს კითხვები ჯერაც პასუხგაუცემელია.

– ჩვენ არ გვყავს მუსლიმი გმირები. არ გვყავს კეთილი პერსონაჟები ისტორიული ლეგენდებიდან, რომლებიც მუსლიმები არიან. არა, განა იმას ვამბობ, რომ ეს ცუდია, ან პირიქით  კარგია, უბრალოდ, ფაქტს ვუსვამ ხაზს. ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებშიც მუსლიმები ყოველთვის მტრებად, დამპყრობლებად და მოძალადეებად არიან გამოყვანილი. კი, მეტწილად ეს ისტორიები სიმართლეს გვიყვებიან, მაგრამ აქ და ახლა, იქნებ ჯობია, მოსწავლეებს ისლამი სხვა სახით გავაცნოთ და ვუთხრათ, რომ სიტყვა „მუსლიმი“ მოძალადისა და დამპყრობლის შესატყვისი დღეს მაინც აღარ არის...

– ერთადერთი მუსლიმი დადებითი გმირი მახსოვს სასკოლო სახელმძღვანელოდან და ისიც ყოფილი მუსლიმია, ამბობს ქეთი და აბოს ახსენებს.

– როგორ ისწავლეთ მისი ამბავი?

– როგორ და თვალები აეხილაო... ჭეშმარიტ რელიგიაზე გადმოვიდაო.

– ყივჩაღები?  ამატებს მაკა,  დიდგორის ბრძოლაში ჩვენ მხარეს იბრძოდნენ.

– თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იგულისხმება „ჩვენში“? ჩემი მასწავლებლები მე ხშირად მეუბნებოდნენ: „ჩვენ დავამარცხეთ გადამთიელები“, „ჩვენ დავამარცხეთ მომხდურები…“, ვინ არის ეს „ჩვენ“ და მოიაზრებთ თუ არა საკუთარ თავს ამ წარმოსახვითი ერთობის ნაწილად?

– კი, ხშირად ამბობენ ხოლმე მასწავლებლები. „ჩვენში“, ალბათ, ქართველებს გულისხმობენ. უფრო სწორად, ქართველ მართლმადიდებლებს და არა მუსლიმებს. კი ასეა, ჩვენ არ გვგულისხმობენ, მაგრამ მე მაინც ამ „ჩვენის“ ნაწილად მივიჩნევ თავს... – ამბობს მაკა. სხვებიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევენ.

ჩვენს მეხსიერებაში საუკუნეების განმავლობაში ილექებოდა მუსლიმის, როგორც მტრის ხატი, რომლის კვლავწარმოებას მეტწილად აკადემიური და სახელოვნებო სივრცეები უწყობდა ხელს. მათ შორის იყო კინოც  როგორც მძლავრი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. სტალინის მოსვლის შემდეგ გავრცელდა ფოლკლორული ნაციონალიზმი, რომელიც უპირველესად, ისლამს ეწინააღმდეგება. იცვლება თურქეთთან საგარეო პოლიტიკაც. შეიძლება ითქვას, რომ მთელი 30-იანი წლების მეორე ნახევრის კინო საბჭოთა ნაციონალიზმის აღმოცენებაა. ამ პერიოდის კინოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა ხდება ისტორიული ფილმები, რომლებშიც გვიჩვენებენ, თუ როგორ ებრძოდნენ ეროვნულ კულტურას მუსლიმები, როგორ ანადგურებდნენ ქართულ ძეგლებს. საქართველოს უნდა აერჩია ან მუსლიმები, ან მართლმადიდებლური სამყარო. ამის  შესანიშნავი მაგალითია „გიორგი სააკაძე“, რომლის სცენარიც, ფაქტობრივად, სტალინთან ერთად დაიწერა. უკვე ომის შემდეგ პერიოდში, ჩნდება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი  „დავით გურამიშვილი“, რომელშიც დავით გურამიშვილსა და მის ცხოვრებაზე ყურადღება იმდენად არ არის გამახვილებული, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ აქცია ზურგი მუსლიმურ სამყაროს საქართველომ. და არამარტო მუსლიმურ სამყაროს, არამედ ევროპასაც და, საბოლოოდ, აირჩია რუსეთი. „ბაში-აჩუკიც“ ეგაა – მტრის ხატის შექმნა მუსლიმებისგან... ბოროტი შაჰები ანადგურებენ ჩვენს ძეგლებს, კულტურას, ამიტომ საქართველომ აირჩია რუსეთი“,  ამბობს გოგი გვახარია.

ამგვარ ხედვას, კინოს პარალელურად, საბჭოთა ისტორიოგრაფია ქმნის. სიტყვებს  „მომხდური“, „სარკინოზი“, „ურჯულო“ და ა.შ., მაშინდელ ისტორიულ ნარკვევებშიც ხშირად შეხვდებით. ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ (1982 წ.) ან „დედა ისტორია“ ამის დასტურია. თაობა გაიზარდა. მათში ისტორიული ნარატივები არა მხოლოდ ცოცხლდება, არამედ ხელოვნურადაც იქმნება და ამას პირველ რიგში ენა უწყობს ხელს. ხშირად ვხვდებით ეპიზოდებს, რომლებშიც ავტორი გადამეტებული ბრუტალურობით აღწერს ისტორიულ ფაქტს ან მოვლენას:დვინის მახლობლად ქართველები შეხვდნენ არაბთა დიდძალ არმიას, რომელსაც სარდალი ბარაბა უდგა სათავეში. ნერსემ ბრწყინვალედ წარმართა ბრძოლა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და აოტნეს მტერი, ბევრი არაბის სისხლი დაიქცა“  („უქარქაშო ხმლები“, ლ. სანიკიძე).

რელიგია


ეს ცნებები და ენა, თითქმის ავტომატურად და უკრიტიკოდ, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც გადადის. ამ წიგნებში ისლამის თემა მუდამ პოლიტიკურ ჩარჩოშია მოქცეული. არცერთ წიგნში არ აანალიზებენ მას, როგორც ადგილობრივთა რელიგიურ პრაქტიკას  როგორც ადგილობრივი ყოფითი კულტურის ნაწილს. ამიტომაც მოსწავლეთა ცნობიერებაში სიტყვა „ისლამი“ დღესაც მხოლოდ ძალადობრივი, ექსპანსიონისტური პოლიტიკის ასოციაციას იწვევს. ხოლო იმ ქართველებს, ვინც ამ რელიგიის მატარებლები არიან, ხშირად ერის მტრებს, „თურქების ჯაშუშებს“ და მოღალატეებს უწოდებენ.

საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრის (GIDC) კვლევაში, რომელიც მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებებს, ინფორმაციის მიღების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, ვკითხულობთ: „მედიაში გაშუქების მხრივ მთავარ პრობლემად რესპონდენტები მუსლიმების ტერორისტებთან გაიგივებას, მათ თათრებად, მოძალადეებად მოხსენიებას ასახელებენ. პრობლემურად მიიჩნევენ ასევე რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტების გაშუქების ცალკეულ შემთხვევებს“.

„1970-იან წლებში საქართველოს ისტორიის რვატომეული გამოიცა – „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ – ამ სახელწოდებით,  იხსენებს ისტორიკოსი გიორგი სანიკიძე, – ეს დიდი უცნაურობა იყო, არცერთ სხვა რესპუბლიკაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს არის ექსკლუზიურობის პრობლემა, რომელიც დღემდე სიმპტომურია ქართული ისტორიოგრაფიისთვის. ერთხელ ცეკა-ს დელეგაცია ჩავიდა უზბეკეთში და ქართველმა ისტორიკოსებმა, თურმე, თემურ ლენგის საფლავთან ფურთხება დაიწყეს... ამას მოჰყოლია მთელი ამბები, გაწევ-გამოწევა... ასეთი ტიპები ქმნიდნენ სამეცნიერო და სასკოლო ლიტერატურას. მაშინ, როცა აუცილებელია მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ისტორიული ფიგურა, რომელიც ჩვენთვის დამპყრობელია, სხვისთვის შეიძლება გმირი იყოს“.

თანდათანობით ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები გადამთიელებმა დაიკავეს. ეს დიდი უბედურება იყო ქვეყნისთვის“.

...თურქმანები კახეთიდან გადაიხვეწნენ. ქვეყანა ერთიანად გაიწმინდა შემოსახლებული მომთაბარეებისაგან“ – (TDI: „რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“)  ეს კი ციტატებია გამომცემლობა „კლიოს“ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდან, რომელსაც საჯარო სკოლების მეცხრეკლასელები სწავლობენ. მსგავსი შინაარსის წიგნებით სწავლობენ ისტორიას აჭარის მაღალმთიანი სოფლების სკოლებშიც, სადაც ხშირად კლასის უმრავლესობას აღმსარებლობით მუსლიმი მოსწავლეები შეადგენენ.

ხულოში

შუადღის ორი ხდებოდა, როცა „მარშრუტკის“ მძღოლმა გადმომძახა, ცენტრში ვართო. სკოლის დირექტორს მოსწავლეები უკვე შეეკრიბა. ბავშვები ისე მიყურებდნენ, როგორც სკოლის პირველ დღეს მე ვუყურებდი კლასში შემოსულ, შავებში ჩაცმულ ქალს, რომელსაც ხელში უზარმაზარი ხატი ეჭირა და გვითხრა, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო პატარებო, მე თქვენი დამრიგებელი ვარო. მერე ეს ხატი ჩემს მერხზე დადო პირაღმა, თვითონ კი დაფისკენ შეტრიალდა რაღაცის დასაწერად.

ინტერვიუზე სამი გოგონა დამახვედრეს. ერთი ჩადრით. ციოდა. სამასწავლებლოში დავსხედით, სადაც დიდ, თეთრ დაფაზე წითელი ფერის მარკერით ეწერა: „ვემზადებით ახალი წლისთვის! ნაირა  იგრუშკები, მამუკა  ჩიჩილაკი, ქეთინო  ფერადი წვიმები, რეზო  რასაც ხელს გამოაყოლებ“.

– რა არ მოგწონს თქვენს წიგნებში?

– ის არ მომწონს, რომ აჭარელ მუსლიმებზე არაფერი წერია, – მითხრა მე-11-კლასელმა ელზამ, – მაგალითად, არაფერი წერია იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ამ მხარეში ისლამი, მოსახლეობის რამდენი პროცენტია ამ რელიგიის, მეჩეთები როდის აიგო აჭარაში და ეგეთები...

– შენი აზრით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

– იმიტომ, რომ ესეც ჩვენი ისტორიაა, ისევე, როგორც, მაგალითად, გადმოცემები საქართველოს გაქრისტიანებაზე, გადმოცემები ბრძოლებზე, რომლებიც ქართველმა მეფეებმა გადაიხადეს და ასეთები.

– შენი აზრით, რამდენად მართებულია, როცა ისტორიის სახელმძღვანელოში არ სახელდება კონკრეტული პოლიტიკური ძალა და ტექსტის ავტორი იყენებს ისეთ განზოგადებულ ტერმინს, როგორიცაა „მაჰმადიანთა ლაშქარი“?

– ალბათ, სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, დიდგორის ბრძოლის შემთხვევაში, სწორიც იქნება, ასე თუ ვიტყვით, რადგან ილ ღაზი მუსლიმთა კოალიციას სარდლობდა და არა ერთ კონკრეტულ არმიას, მაგრამ არაბთა შემოსევებს „მაჰმადიანთა შემოსევა“ არ უნდა დავარქვათ.

– რატომ?

– რუსების შემოსევებს „მართლმადიდებელთა შემოსევებს“ თუ არ ვუწოდებთ, ისლამმა რა დააშავა?  ჩაეცინა.

– გეთანხმები. რახან რუსეთზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთ კითხვასაც დაგისვამთ. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება, რომ ერთმორწმუნეობა პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი იყოს?

სამივენი ჩაფიქრდნენ და მერე მარიამმა მიპასუხა:

– ხან ისე, ხან ასე... მსოფლიო ისტორიაში ხომ ჩანს, რომ სახელმწიფოები ხშირად რელიგიური ნიშნით ერთიანდებოდნენ. აი, ჯვაროსნებიც ხომ მასე გაერთიანდნენ? მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც... მაგალითად, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა. რუსებიც მართლმადიდებლები არიან, მაგრამ მათაც ისევე დაგვიპყრეს, როგორც თავის დროზე, მუსლიმმა არაბებმა.

– ჰო, მაგრამ, ალბათ, ვიღაცები ფიქრობენ, მუსლიმებმა რომ დაგვიპყრონ, მაგას ისევ ქრისტიანებმა დაგვიპყრონ, ჯობიაო, ჩაგვერთო ელზა.

– დაპყრობა დაპყრობაა... არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება დამპყრობელი, ვალოდია თუ მუჰამედი,  შეეპასუხა თამარა.

ოთხივეს გაგვეცინა.

– და შენ როგორ გგონია, რომელია დღეს ჩვენი მტერი, პირველი თუ მეორე?

– პირველი, რა თქმა უნდა,  მიპასუხეს.

– ხშირად მომისმენია მასწავლებლებისგან და კიდევ უფრო ხშირად  მართლმადიდებელი სასულიერო პირებისგან, რომ ნამდვილი ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი შეიძლება იყოს. სხვა ყველა, მუსლიმი იქნება, კათოლიკე, ბაპტისტი თუ მორმონი, „უცხოტომელია“, ან კიდევ  „შემოკედლებული“  ამ სიტყვას სასკოლო წიგნებში ალბათ თქვენც შეხვდებოდით, როგორ აღიქვამთ ამგვარ შეფასებას თქვენ?

ჩემი კითხვა, შეეტყოთ, რომ ეუცხოვათ, მივხვდი, რომ ამაზე ხმამაღლა არ ულაპარაკიათ საერთოდ, თუმცა, უფიქრიათ და აზრიც აქვთ.

– არ არის სწორი. რელიგია სისხლით არ გადადის. ადამიანები მას ხანდახან ირჩევენ კიდეც. თან საქართველო ყოველთვის ჭრელი იყო ამ მხრივ. ქართველი შეიძლება მუსლიმიც იყოს, ბუდისტიც და ზოროასტრიზმის მიმდევარიც.

– ისე, რას ფიქრობ, ქართველები ტოლერანტი ერი ვართ?

– რა ვიცი, წიგნებში ასე წერია და...  გამიღიმა და დაამატა:  კი, ტოლერანტი ერი ვართ, უბრალოდ, ცოტა მშიშრები.

– მშიშრები?

– ხო, ისტორიის სახელმძღვანელოში რომ ქართველ მუსლიმებზე არაფერი წერია, ეგეც შიშის ბრალი მგონია.

– რისი შიშის? ზოგადად, რაღაც უცხოსი და ახლის, ამ შემთხვევაში ისლამის. ვიღაცებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ისლამის გამზიარებელი ქართველებიც არიან. რომ ჩვენი გვარებიც შვილზე და ძეზე მთავრდება, მაგრამ თან მუსლიმებიც ვართ.

დაწვრილებით

ისმაილი

ორსართულიანი, დაბალჭერიანი აგურის სახლი იყო. ჭიშკარი ჭრიალით შევაღეთ და შევედით. ახლოს ვართ მეჩეთთან, ხო ხედავ?  გამიღიმა და კარი მოიხურა.

– აზანის ხმაც მარტივად აღწევს, არა?

– განთიადის ლოცვა რომ მეზარება, ისე არაფერი მეზარება საერთოდ... ღმერთო, მაპატიე...  თქვა სიცილით. შიგადაშიგ რაღაც კითხვებს მისვამდა ყურანიდან, თავს ირთობდა, ან, უბრალოდ, აინტერესებდა, მართლა წაკითხული მქონდა მისი საღვთო წიგნი თუ ვატყუებდი. ჩვენგან დასავლეთით, მთებზე ნისლი სქელ ფენად იდო, თითქოს, პურის ყუაზე გადასმული არაჟანიაო.

მისაღებ ოთახში რომ შევედით, სადილი გაწყობილი დაგვხვდა. სუფრას მივუსხედით. „სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობელისა…“  თქვა ისმაილის მამამ, ბატონმა მირომ და ჭამა დავიწყეთ. სადილის დროსაც სასაუბრო თემად ჩემი კითხვები იქცა. ბატონი მირო ატმის კომპოტს მისხამდა ჭიქაში, თან დუდუნებდა:

– მომხდური... სარკინოზი... ურჯულო... გადამთიელი... ვაი და ვუი... თავი მურვან ყრუ მგონია ხანდახან... ისიც არ გეცოდინება შენ, ქედის სოფლებში მღვდელი რომ დადის ურმითა და წყლით გავსებული ბიდონით და გვეძახის: „მოინათლეთ, თქვე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილებო... მოინათლეთ“,  დადის ასე, ყვირის და იმ წყალს ყოველ შემხვედრს ასხურებს.

საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრის ზემოთ უკვე ხსენებულ კვლევაში ასეთ სტატისტიკურ მონაცემსაც ვხვდებით:

გამოკითხულ მუსლიმ რესპონდენტთა 30,7% მიიჩნევს, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ღირებულებები ძალზედ განსხვავებულია, შედარებით ნაკლები (10,8%) კი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთმანეთს გაუგონ; 35,7% ფიქრობს, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები საკმარისად სცემენ ერთმანეთს პატივს, ხოლო დომინანტი რელიგია ამ მხრივ გამონაკლისია.

– შენი აზრით, საქართველოს ისტორია მეტწილად გამარჯვებების ისტორიაა თუ დამარცხებების?  ვეკითხები ახლა ისმაილს.

– გამარჯვებების ისტორია, იმიტომ, რომ ამ წიგნებში სულ ვიმარჯვებთ. როცა ვმარცხდებით, მაშინაც გამარჯვებულები ვართ  დამარცხებებიც ისე წერია, გეგონება, გავიმარჯვეთო. როდესაც დამპყრობლები მოდიან და ჩვენს ხალხს კლავენ, ჩვენ მოკლულებს წმინდანებად ვრაცხავთ... ასე ვუხდით მათ სამაგიეროს... ასე ვიმარჯვებთ მათზე.

– შენი მასწავლებელი მუსლიმია თვითონ?

– კი.

– უთქვამს თუ არა თქვენთვის, ისტორიის სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული ტექსტები წერიაო?

– დისკრიმინაციულიაო, ასე არ უთქვამს, მაგრამ მახსოვს, ერთხელ, წიგნში ისე ეწერა, თითქოს ისლამი ძალადობას ქადაგებს და ჩვენმა მასწავლებელმა თქვა, გაუხმეს ამის დამწერს თავიო.

ხმამაღლა გამეცინა.

– ხო, ასე თქვა... მუსლიმია თვითონაც და მოხვდა ეტყობა გულზე...

„ენის გარდა, პრობლემა კვალიფიციური მასწავლებლების სიმცირეშიც არის. მახსოვს, ავტორთა ჯგუფი მივედით ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელთა უმეტესობას კი გულწრფელად უკვირდა, ამ სახელმძღვანელოში სომხებს როგორ არ ლანძღავთო“,  ამბობს გიორგი სანიკიძე, ისტორიკოსი.

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით კი, თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტერიტორიული ისტორიის არქონაა. არ მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ საქართველო სხვა ეთნიკური ერთეულების სამშობლოც იყო. საკმარისი ცოდნა არ გვაქვს თბილისის არაბულ საამიროზე, რომელსაც ოთხი საუკუნის ისტორია გააჩნია. ჩვენ მას მუდამ კოლონიალიზმის კონტექსტში განვიხილავთ და განზე გვრჩება მათგან დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა.

ისლამის ძალადობრივ, მტრულ რელიგიად წარმოჩენა რუსული პროპაგანდის ნაწილია. რუსეთი საუკუნეების განმავლობაში მოიაზრებდა თურქეთს მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქედ კავკასიის რეგიონში.

„საბჭოთა კავშირი არ გვიშლიდა ხელს, რომ წარსულით გვეამაყა. ამას პირდაპირი კავშირი აქვს ხალხურობასთან. გასაქანი მიეცა ფოლკლორს, „ტრადიციებს“, მაგრამ არა მომავალს. რუსი მიდის კოსმოსში და თუ შენც გინდა, წახვიდე, რუსი უნდა გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიც გინდა, იამაყე წარსულით, რამდენიც გინდა, იძახე, რომ შენზე დიადი ისტორია არავის აქვს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, მთელი ნაციონალური ენერგია მიმართული იყო წარსულისკენ“,  ლაშა ბაქრაძე.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ნაციონალისტური ექსკლუზივიზმი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. თუ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა 1918-21 წლებში გამუდმებით იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ ქართველი ერი არის ეთნიკურად და კონფესიურად ეკლექტური და შედგება როგორც ქრისტიანებისგან, ასევე მუსლიმებისგან, კათოლიკეებისგან, სომხებისგან და ა.შ., პოსტსაბჭოთა საქართველოში ეთნოცენტრულმა განწყობამ იხუვლა. ამ განწყობების გამტარი და აღმასრულებელი მთავრობა იყო. კახეთში, ადგილობრივ დაღესტნელებთან კამათის დროს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თქვა: „კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ ჭარბობდა, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ“…

როგორც ისტორიკოსი და პოლიტოლოგი სტივენ ჯონსი წერს, „თუ 1970-იან წლებში ზვიად გამსახურდიას ღვარძლი მიმართული იყო იმპერიის ცენტრისკენ, 1980-იან წლებში მთელი გაღიზიანება გადაიტანა რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც მიიჩნევდა საქართველოსთვის არამკვიდრ (საბჭოთა კატეგორია) მოსახლეობად, როგორებიც იყვნენ სომხები და ოსები“ (საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ, „ზვიად გამსახურდია და პოპულიზმი“).

ეთნიკურ უმცირესობებთან სახელმწიფოს ურთიერთობა არც შემდეგი მმართველობების დროს შეცვლილა. ეთნოცენტრიზმი, როგორც არსებობის ფორმა, კვლავაც რჩება გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ ტენდენციად. როგორც „ეროვნული უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტში“ ვკითხულობთ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უწყვეტი და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. რაიმე კონკრეტული გეგმა და სტრატეგია ამ მიმართულებით სახელმწიფოს არ გააჩნია.

ამასობაში, მეცხრე კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში კვლავაც რჩება ფრაზა-რეფრენად ასეთი სიტყვები:

„ამ წიგნში დასაბამიდან დღემდე შენი სამშობლოს  საქართველოს ისტორიას შეისწავლი. [...] ქართველი ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობდა სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან  ებრაელებთან, სომხებთან, ბერძნებთან და სხვ., რომლებიც ისტორიული ქარტეხილების დროს საქართველოს შემოეკედლნენ და მისი ჭირისა თუ ლხინის თანაზიარნი გახდნენ. ეს რეალობა ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.  





ფოტო: დავით მსახურაძე
ისტორია მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა