როგორ გახდე სრულყოფილი | რონ პეჯეტი
Everything is perfect, dear friend.
KEROUAC
ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“ ბევრმა ნახა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ ფილმისთვის ლექსები რონ პეჯეტიმ დაწერა. პეჯეტი თანამედროვე ამერიკული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი პოეტია. რთულია მოძებნო ესთეტიკური კონფიგურაცია, რომელშიც ეს ავტორი ჩაჯდება. ამიტომაც, სადაც პეჯეტია, იქვეა კამათიც: ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად წერს? როგორ შეიძლება ასე წერა! და ა.შ. მაგრამ ის უყვართ პროფესიონალებს – კრიტიკოსებს, ფილოსოფოსებს, ლიტერატურისმცოდნეებს და ჯიმ ჯარმუშს. უყვართ, რადგან ის მუშაობს ცოცხალ ენაში, ცოცხალ სააზროვნო მოდელებს გვთავაზობს და ძალზე ცოცხალია, ზედმეტად ცოცხალიც კი.
გამოიძინე.
ნუ გასცემ რჩევა-დარიგებებს.
კბილებს და ღრძილებს მიხედე.
იმის ნუ შეგეშინდება, რასაც ვერ აკონტროლებ. ნუ შეგეშინდება, მაგალითად, იმის, რომ როცა გძინავს, სახლი ჩამოიქცევა, ან იმის, რომ ის, ვინც გიყვარს, შეიძლება, უცებ მოკვდეს.
ყოველ დილას ჭამე ფორთოხალი.
იყავი კეთილგანწყობილი. ეს ბედნიერებამდე მიგიყვანს.
კვირაში ოთხჯერ ზუსტად 20 წუთი აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, ისე, რომ
გულისცემა წუთში 120-მდე აგივიდეს.
ყველაფრის იმედი გქონდეს. გარდა არაფრისა.
იმას მოუფრთხილდი, რაც სახლთან გაკავშირებს. ვიდრე სამყაროს გადაარჩენ,
ჯერ სახლი გამართე. სამყარო მერე გადაარჩინე.
იცოდე, რომ სურვილი, იყო სრულყოფილი, ალბათ სხვა სურვილის ფარული
გამოხატვაა – ვინმეს უყვარდე, ან არ მოკვდე.
ხეს თვალებში უყურე.
სკეპტიკურად განეწყვე ყველა მოსაზრების მიმართ, მაგრამ ეცადე თითოეულში
რამე ღირებული დაინახო.
ისე ჩაიცვი, რომ შენც გსიამოვნებდეს და შენ ირგვლივ სხვებსაც.
სწრაფად არ ილაპარაკო.
ყოველდღე რაღაც მაინც ისწავლე. (Dzien dobre!)
კარგად მოექეცი სხვებს, ვიდრე მათ ცუდად მოქცევის საბაბი არ მიეცემათ.
გულში ბრაზს ერთ კვირაზე მეტხანს ნუ ჩაიტოვებ, თუმცა, ნუ
დაივიწყებ, რამ გაგაბრაზა. ბრაზი ხელში მინის ბურთივით დაიჭირე, მკლავი გაშალე და
დააკვირდი. შემდეგ ისიც შენს მინის ბურთების კოლექციას დაუმატე.
იყავი ერთგული.
ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი.
ისეთი საქმიანობა შეარჩიე, რომელიც შენს წონასწორობასა
და მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
თუნდაც აუტანლად გეჩვენებოდნენ, ხნიერ ადამიანებს კეთილად მოეპყარი, როცა მოხუცდები, კეთილად მოეპყარი ახალგაზრდებს. ნუ ესვრი ხელჯოხს, როცა ბაბუას დაგიძახებენ. შენი შვილიშვილები არიან!
იყოლიე ცხოველი.
ბევრ ხალხთან მაინცდამაინც დიდ დროს ნუ გაატარებ.
თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე.
შეარჩიე დახვეწილი პოზა და ივარჯიშე, ვიდრე ძვალ-რბილში არ გაგიჯდება.
თუ ვინმე შვილს მოგიკლავს, იარაღი აიღე და ტვინი გაასხმევინე.
დღე ისე დაგეგმე, რომ სულ არ ჩქარობდე.
გამოხატე მადლიერება მათ მიმართ, ვინც შენთვის რაღაცას აკეთებს, თუნდაც მათ ფულს უხდიდე, ან თუნდაც იმას გიკეთებდნენ, რაც არ გითხოვია.
ფულს, რომელიც შეგეძლო გაჭირვებულებისთვის მიგეცა, ქარს ნუ გაატან.
იცოდე, რომ საზოგადოება განუვითარებელია. მაშინ ივიშვიშე, როცა ნახავ, რომ ის
იმაზე ბევრად განუვითარებელია, ვიდრე წარმოგედგინა.
როცა რამეს ითხოვებ, უკან უკეთეს მდგომარეობაში დააბრუნე.
მაქსიმალურად ეცადე, პლასტმასისა და ლითონის ნაცვლად ხის ნივთები
გამოიყენო.
აი, იქ, ჩიტს გახედე.
სადილის შემდეგ დარეცხე ჭურჭელი.
შეინარჩუნე სიმშვიდე.
ნახე უცხო ქვეყნები, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ხალხს შენი მოკვლის სურვილი გაუჩნდება.
ნუ ელი, რომ შვილებს ეყვარები, თუმცა, თუ თავად მოინდომებენ,
ესეც შესაძლებელია.
იფიქრე სულიერებაზე. და თუ მოგეწონება, შეგიძლია უფრო შორსაც წახვიდე.
მაინც, რა არის იქ (შიგნით)?
ზოგჯერ იმღერე.
არასოდეს დააგვიანო, მაგრამ როცა დააგვიანებ, დაწვრილებით ახსნა-განმარტებას
ნუ მოამზადებ.
ნურც ზედმეტად თვითკრიტიკული იქნები, და ნურც ზედმეტად თავდაჯერებული.
არ იფიქრო, რომ პროგრესი არსებობს. არ არსებობს.
კიბეზე ფეხით ადი.
კანიბალიზმზე არც კი იფიქრო.
წარმოიდგინე, რა გინდა მოხდეს და არაფერი გააკეთო ისეთი,
რაც ამის ახდენას ხელს შეუშლის.
ტელეფონი კვირაში ორჯერ მაინც აიღე ხელში.
დაწმინდე ფანჯრები.
პირადი ამბიციების კვალიც კი გაანადგურე.
სიტყვას გაანადგურე ძალიან ხშირად ნუ გამოიყენებ.
ზოგჯერ მიუტევე სამშობლოს. თუ ვერ შეძლებ, სხვა ქვეყანაში გადადი.
თუ დაიღლები, დაისვენე.
გაზარდე მცენარე.
ნუ იხეტიალებ სადგურიდან სადგურზე ბურტყუნით „მაინც ყველანი დავიხოცებით" .
ნამდვილ მეგობრებს შორის იყოლიე ადამიანები შენი ცხოვრების სხვადასხვა სადგურიდან.
დააფასე მარტივი სიამოვნება, მაგალითად, ღეჭვის სიამოვნება, გრილი სიოთი, თუ ზურგზე თბილი წყლის ნაკადით მიღებული სიამოვნება, ჩაძინების სიამოვნება.
ნუ წამოიყვირებ, „განა საოცრება არაა ტექნოლოგია!"
ისწავლე, როგორ გაიმაგრო კუნთები. და ყოველდღე გაიმაგრე.
იმის გამო ნუ იდარდებ, რომ ბერდები. ამით თავს უფრო ბებრად იგრძნობ. რაც
ნამდვილად სადარდებელია.
ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე აკეთე.
თუ თითს დაიწვავ, მაშინვე ცივ წყალში ჩაყავი. თუ თითს ჩაქუჩით
დაიჩეჩქვავ, ოცი წუთით ხელი ზემოთ ასწიე, შეიგრძენი სიცივისა და მიზიდულობის
ძალის სამკურნალო თვისებები.
ისწავლე, ყურისწამღებად როგორ უსტვინო.
კრიზისის დროს შეინარჩუნე სიმშვიდე. რაც უფრო კრიტიკულია სიტუაცია, მით უფრო
მშვიდად უნდა იყო.
დატკბი სექსით, მაგრამ აკვიატებად ნუ გადააქცევ. გარდა იმ მცირე პერიოდებისა,
როცა მოზარდი ხარ, ან ახალგაზრდა, ან შუა ხნის, ან მოხუცი.
ყველაფრის საპირისპირო მხარე განჭვრიტე.
თუ უცებ აღმოჩნდება, რომ ოკეანეში ძალიან ღრმად შეცურე
და შიშისგან გაშეშდები, მობრუნდი და სამაშველო ნავისკენ გაცურე.
არ ჩაკლა ბავშვი საკუთარ თავში.
წერილებს მაშინვე უპასუხე. კონვერტს ლამაზი მარკები დააკარი, როგორიცაა,
მაგალითად, ტორნადოს სურათი.
დროდადრო იტირე, ოღონდ, როცა მარტო იქნები. მერე დააფასე, ის, რომ
თავს ბევრად უკეთ იგრძნობ.
კვამლი არ ჩაისუნთქო.
ღრმად ისუნთქე.
პოლიციელს არ გაეჭიმო.
ვიდრე ქუჩის გადასასვლელს არ მიადგები, ტროტუარზე იარე. ტროტუარიდან
უყურე ადამიანებს, რომლებიც ცოფიან მანქანებს შორის არიან გაჭედილები.
კარგად მოიქეცი.
სხვადასხვა ქუჩაში ისეირნე.
უკან-უკან.
გახსოვდეს სილამაზე, რომელიც არსებობს, და ჭეშმარიტება, რომელიც არ არსებობს.
იცოდე, რომ წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ არაა ისეთი ძლიერი, როგორიცაა წარმოდგენა მშვენიერების შესახებ.
არასოდეს მოხვდე ციხეში.
სიბერეში გახდი მისტიკოსი.
ქოლგეითის თარტარ ჩონტროლ ფორმულა კბილის პასტა გამოიყენე.
მოინახულე ნაცნობ-მეგობრები საავადმყოფოში. როცა მიხვდები, რომ
შენი წასვლის დროა, წადი.
იყავი გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, და დიპლომატიური სხვების მიმართ.
ხშირად არ გაგიჟდე. დროის ფლანგვაა და სხვა არაფერი.
წაიკითხე და მერე დროდადრო გადაიკითხე დიადი წიგნები.
ორმო ნიჩბით ამოთხარე.
ზამთარში, ვიდრე დაწვები, საძინებელი დაატენიანე.
იცოდე, რომ იდეალურ შემთხვევად მიჩნეულია 300 ქულა ბოულინგში,
27 უკუმგდებელი და 27 აუთგეიმი ბეისბოლში.
სვი ბევრი წყალი. როცა გკითხავენ, რას დალევ,
უპასუხე, „წყალს, თუ შეიძლება".
იკითხე „სად არის ტუალეტი?" და არა „სად შეიძლება მოვშარდო?"
საგნებს კეთილად მოეპყარი.
ორმოცი წლიდან ყოველ მეორე წელს სრული გამოკვლევა ჩაიტარე ექიმთან,
რომელსაც ენდობი და მოგწონს.
გაზეთი წელიწადში ერთხელ წაიკითხე.
ისწავლე, როგორაა ჩინურად „გამარჯობა", „ნახვამდის" და „ჩხირები".
აბოყინე და აკუე, ოღონდ შენთვის.
უცხოელებს განსაკუთრებული სითბო აჩვენე.
იარე ჩრდილების თეატრში და წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთი გმირი
თავად ხარ. ან ყველა მათგანი.
ნაგავი გადაყარე.
გიყვარდეს ცხოვრება.
თანხა ზუსტად გადაიხადე.
როცა გარეთ ისვრიან, ფანჯარასთან ნუ მიხვალ.
- დალილა გოგია
- რონ პეჯეტი