გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ მოიპოვეს ბრიტანელმა ქალებმა ხმა 100 წლის წინ

რაც არ უნდა მოხდეს მარტში, ვინც არ უნდა დაიბადოს, რაც არ უნდა აფეთქდეს, ან რა კანონიც არ უნდა ჩავარდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტი ასეთი ქალებისაა. წლების მერე გამოჩნდა მხოლოდ, რომ მათ სიგიჟესა და ქვის სროლას ან ფინჯან ჩაიზე მსჯელობას – ყველაფერს ჰქონდა აზრი. 

100 წლის წინ, 30 წელს გადაცილებულმა ბრიტანელმა ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს. მანამდე...

„როცა დღე და ღამ იღწვი მიზნის მისაღწევად და ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გეძვირფასება, გვერდზე გადადებ ... იმედი გიცრუვდება, რადგან ერთადერთი, ვისაც შენი იდეების საპარლამენტო გადაწყვეტილებად გადაქცევის უფლებამოსილება და ძალა აქვს, გეუბნება: ... „ოდესმე, როცა ყველა ჩვენს საქმეს მოვიმთავრებთ, აუცილებლად შემოვიღებთ თქვენთვის სასურველ კანონს, ოღონდ იცოდეთ  სანამ ზოგიერთი თქვენგანი ისეთი ჯიუტია, რომ ქვებს ისვრის, არაფერი გამოგივათ“. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ქვების სროლას სწორედ ასეთი დამოკიდებულება აიძულებს და ვხვდებით, რომ ჩაკეტილ წრეზე სირბილს გვთხოვთ. ვოცნებობ უუფლებო ქალი იყოთ და არა ხაზინის კანცლერი. როგორი შემართებით გაუძღვებოდით ქალთა მოძრაობას..."

ეს წერილი სუფრაჟისტმა (suffragist) ქეთრინ მარშალმა დევიდ ლოიდ ჯორჯს მისწერა. ქვისმსროლელებად წერილში სუფრაჯეტებია (suffragette) მოხსენიებული. ფუძე ერთია - ანუ ხმის უფლება. მათ შორის განსხვავება განსხვავებულ ბრძოლის მეთოდებშია. თუმცა ჩემთვის ეს წერილი იმას უფრო აჩვენებს, რა ჰქონდათ მათ საერთო, ვიდრე განსხვავებას მათ შორის. 


















მილისენთ ფოსეთი (1847 - 1929)


მისი ქმარი, ჰენრი ფოსეთი – პარლამენტის წევრი და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა. ახალგაზრდა ცოლი მისი პირადი ასისტენტი გახდა. ის სრულად იზიარებდა ქმრის ლიბერალურ შეხედულებებს. თავის მხრივ ჰენრი ფოსეთი მხარს უჭერდა ცოლს ქალთა საარჩევნო უფლებისთვის ბრძოლაში. მილისენთ ფოსეთმა ორი წიგნი დაწერა ეკონომიკის შესახებ, ერთი – ქმართან თანაავტორობით. ის უჭერდა მხარს ქალებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასაც და კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა კოლეჯის დაარსებას, სადაც მოგვიანებით მისი შვილი – ფილიპა ფოსეთი სწავლობდა. 1897 წელს მილისენთ ფოსეთი სათავეში ჩაუდგა ქალთა საარჩევნო უფლების საზოგადოებათა ეროვნულ გაერთიანებას (National Union of Women's Suffrage Societies – NUWSS) და მას თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ეს იყო ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ყველაზე დიდი ორგანიზაცია 50 000-ზე მეტი წევრით, რომელიც ემიჯნებოდა ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ გაერთიანებას და  მიზნის მისაღწევად მხოლოდ კანონიერ და მშვიდობიან ხერხებს მიმართავდა.





ემელინ ფანქჰარსთი (1858 -1928)


1903 წელს დააარსა ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანება (Women's Social and Political Union – WSPU). გაერთიანების წევრების ისედაც ძალადობრივი განწყობა კიდევ უფრო რადიკალური გახდა 1910-1911 წლებიდან – მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ქალების საარჩევნო უფლების შესახებ ჩავარდა. ისინი საპროტესტო მარშებს აწყობდნენ, ვიტრინებს ამსხვრევდნენ, საფოსტო ყუთებს წვავდნენ, გალავანზე თავს ჯაჭვით იბამდნენ... იყო აფეთქებებიც. დაპატიმრებულები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ. მათ ან ძალადობრივად კვებავდნენ, ან დასუსტებულებს ათავისუფლებდნენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაეპატიმრებინათ. ფანქჰარსთი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ კანონის დარღვევით იყო შესაძლებელი მათი ქცევის მიზეზებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. მისი ცნობილი სიტყვებია: „მირჩევნია ვიყო მეამბოხე, ვიდრე მონა“. 1928 წელს, ემელინ ფანქჰარსთის გარდაცვალებიდან თვეზე ნაკლები იყო გასული, როცა ბრიტანეთის მთავრობამ ქალთა საარჩევნო უფლება კაცებისას გაუთანაბრა.









ემილი დევისონი(1872 - 1913)


1906 წლიდან ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანების წევრი. ოქსფორდის სენტ-ჰიუს კოლეჯში სწავლა უმაღლესი შეფასებებით დაასრულა, თუმცა, ქალებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ხარისხი ვერ მიიღო. რადიკალური მეთოდების მომხრე დევისონი ცხრაჯერ იყო დაპატიმრებული. ერთხელ ქუჩაში მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც პოლიტიკოს დევიდ ლოიდ ჯორჯს მიამსგავსა. 1911 წელს, ბრიტანეთში საყოველთაო აღწერისას, კაცებთან პოლიტიკური თანასწორობის მოთხოვნის გამოსახატად, ღამე ვესტმინსტერის სასახლეში შეიპარა და კარადაში დაიმალა ერთადერთი მიზნით – აღწერის ოფიციალურ ფურცელში ქალებისთვის სრულიად დახურულ სივრცეში  ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა – წარმომადგენლობით პალატაში დაფიქსირებულიყო.

გარდაიცვალა 1913 წელს, ეფსომის დოღის დროს, მეფე ჯორჯ V-ის ცხენის შეჩერების მცდელობისას მიღებული დაზიანებების შედეგად.








ქრისთაბელ ფანქჰარსთი (1880 -1958)


ემელინ ფანქჰარსთის ხუთი შვილიდან სამი - ქრისთაბელი, სილვია და ადელა აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა მოძრაობაში. ისინი იზიარებდნენ დედის მოსაზრებას, კონსტიტუციური მეთოდებით ბრძოლის არაეფექტურობის შესახებ, რის გამოც ფანქჰარსთებმა დატოვეს NUWSS და 1903 წელს ემელინის მიერ დაარსებულ ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდნენ. 1905 წელს, ქრისთაბელმა და მისმა თანამოაზრემ – ენნი ქენნიმ ლეიბორისტული პარტიის შეკრებაზე გაშალეს ტრანსფარანტი წარწერით: „ხმის უფლება ქალებს“ და ამავე შინაარსის შეძახილებით არ მისცეს გამომსვლელს სიტყვის დასრულების საშუალება.

ქრისთაბელი პოლიციელზე თავდასხმის, ენნი კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში და საზოგადოებაში, ვინაიდან პირველი შემთხვევა იყო, როცა ქალებმა ძალადობრივი ფორმით მოითხოვეს ხმის უფლება. დროსთან ერთად გაერთიანების წევრები უფრო და უფრო რადიკალურ და ძალადობრივ ხერხებს მიმართავდნენ. 1914 წელს სილვია და ადელა ფანქჰარსთებმა დატოვეს გაერთიანება, რადგან პრინციპულად არ ეთანხმებოდნენ დედის და უფროსი დის ზოგიერთ გადაწყვეტილებას და მათთან კავშირიც სამუდამოდ გაწყვიტეს.


















ენნი ქენნი (1879 - 1953)


10 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ბამბის ფაბრიკაში. მალე მოძრავ ბობინაში ხელი ჩაყვა და თითი დაკარგა. 13 წლიდან მუშაობდა სრული სამუშაო დღე – 13 საათი დღე-ღამეში დილის 5 საათიდან. 1905 წელს, მას შემდეგ რაც, ქრისთაბელ ფანქჰარსთის სიტყვა მოისმინა დამოუკიდებელ მუშათა პარტიის კრებაზე ენნი ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანების წევრი და ქრისთაბელის ერთგული თანამებრძოლი გახდა.

1905 წელს ისინი დააკავეს ლიბერალური პარტიის კრების ობსტრუქციის გამო და რადგან ორივემ უარი განაცხადა ფულადი ჯარიმის გადახდაზე, პატიმრობა მიუსაჯეს. ენნი 13-ჯერ იყო დაპატიმრებული. ის იყო ერთადერთი  მუშათა კლასიდან, ვინც ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ გაერთიანებაში. 1918 წელს, როცა 30 წელს გადაცილებულ ქალებს ბრიტანული კანონით ხმის უფლება მიენიჭათ, ენნი პოლიტიკას ჩამოშორდა. მას მრავალჯერადი შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხშირად და ბევრს ავადმყოფობდა.












loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა