„საბა“ ფრანკფურტში
„დღეს პრემია „საბა“ ტარდება იქ, საითკენაც ყოველთვის მიილტვოდა საქართველო“, – განაცხადა თიბისი ბანკის და „საბას“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალზე. – „შემთხვევითი არ არის, რომ პრემია სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს. მწერლის, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დესპანი იყო ევროპაში. პრემია სწორედ მისი დიდი მოსახელეს ტრადიციებს აგრძელებს“.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, საქართველოსთვის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმა იყო, სადაც ქართული ლიტერატურა მთელი სპექტრით, მრავალფეროვნებით, სიახლით და თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიით იყო წარმოდგენილი. გერმანული ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, საიმპერატორო დარბაზში გამართული ცერემონიალი კი, ქართული პროგრამის ერთგვარი კულმინაცია იყო, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, მრავალი ლიტერატურული წარდგენით, შეხვედრით, დიალოგითა და ტექსტების კითხვით ჩაიარა.
„საბას“ პრემიამ, ტრადიციულად, გასული წლის ქართული ლიტერატურული პროცესი შეაჯამა და ნომინაციებში თერთმეტი ახალი გამარჯვებული გამოავლინა.
დაარსებიდან დღემდე, უკვე ას ორმოცჯერ გაიცა პრემია.
დაჯილდოვდა ას თერთმეტი ავტორი.
ჟიურიმ განიხილა სამი ათას ოთხასი წიგნი.
განსაკუთრებული ვითარების გამო, მეთექვსმეტე „საბას“ რამდენიმე ახალი ნომინაციაც დაემატა. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკისთვის და ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობისთვის წელს პირველად დააჯილდოვეს ავტორები და გამომცემლები.
პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს გადაეცა. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის კი ჯილდო ერგოთ ეკატერინე ტეტს და იულია დენგის – მათ რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები“ გერმანულად თარგმნეს.
საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში „საბა“ ზურაბ ჯიშკარიანმა აიღო წიგნისთვის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“. საუკეთესო თარგმანისთვის კი ჯილდო დავით წერედიანს გადაეცა (გოეთე, „ფაუსტი-II“).
ჯილდოს მისაღებად, ფრანკფურტის მერიის საიმპერატორო დარბაზის სცენაზე ასული ავტორები და გამომცემლები პლატფორმას უფრო ფართო კონტექსტზე საუბრისთვის იყენებდნენ. უმეტეს შემთხვევაში, ეს კონტექსტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა და ზოგადად ის ნდობა იყო, რაც გერმანიამ საქართველოს ლიტერატურას „ცნობიერად“ გამოუცხადა.
„შურით ვარ აღსავსე, – განაცხადა იურგენ ბოსმა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა, როდესაც მან პრემია „საბას“ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. – ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოში დიდი შემოქმედებითი ნიჭი არსებობდა, მაგრამ არ ველოდით იმას, რაც რეალურად დაგვხვდა“.
საქართველოს აღმოჩენამ გერმანიისთვის მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, აღნიშნავდნენ „საბას“ მისაღებად სცენაზე ასული გერმანელი კრიტიკოსები და გამომცემლები.
წლის საუკეთესო რომანის ავტორის ვინაობა კი, ცერემონიალის დასასრულს გაითქვა – ლაშა ბუღაძეს პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის, „პატარა ქვეყნისთვის“ გადასცეს. წიგნი უკვე გამოცემულია გერმანულად და გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.
დღეს ოცდათოთხმეტ ქვეყანაშია გამოცემული პრემია „საბას“ ლაურეატების წიგნები. ფრანკფურტში, ქართულ პავილიონში, ამაყად გამოფენილი სამასი ნათარგმნი გამოცემიდან, უმეტესობა სწორედ „საბას“ ლაურეატი ავტორის წიგნია.