
„საბა, შენთან ვართ!“ | საბა ჯიქიას საქმე
საბა ჯიქია 19 წლის სტუდენტია. დაბადების დღე საპატიმროში ჰქონდა. 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს ინციდენტის გამო, რომელიც ხუთი დღით ადრე, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასობრივი პროტესტისას მოხდა.
ბრალდების მიხედვით, არეულობისას საბა ჯიქიამ წიხლი ჩაარტყა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ს) თანამშრომელს. ეს პოლიციელზე თავდასხმას ნიშნავს და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით რეგულირდება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმავე მუხლით საპროტესტო აქციებში მონაწილეთაგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ 9 ადამიანს, მათ შორის, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორს, მზია ამაღლობელს. ბრალს არც ერთი აღიარებს.
19 წლის საბა ჯიქიაც თავიდანვე აცხადებდა, რომ უდანაშაულოა.
რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობს, მოლაპარაკება არც საპროცესო შეთანხმებაზე დაწყებულა. თუმცა, უფრო ხმამაღალი და მკაფიო განცხადებებით საბა არ გამოირჩევა. ამიტომ, სულ ესაა, რაც ამ ახალგაზრდა სტუდენტის შესახებ ვიცით.
მედიასთან კომუნიკაციაზე საბას დაკავების დღიდანვე უარს ამბობენ მისი ოჯახის წევრებიც და, ოჯახისვე თხოვნით, ჟურნალისტებთან ინტერვიუზე უარს ამბობს ადვოკატიც. საბას ნათესავები არც სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციებზე ჩანან. სხვა პატიმრების ფოტოები და ბანერები ხშირად დააქვთ ოჯახის წევრებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თუ სხვა ადგილებში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებსა და მსვლელობებზე. საბა ჯიქიას ოჯახის წევრები კი არც ამ მხრივ აქტიურობენ. ასე რომ, საბაზე რასაც წაიკითხავთ, სასამართლო პროცესებიდან შეკრებილი ინფორმაციაა, რომელიც მედიით გავრცელდა.
ბოლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი უძღვებოდა, 15 მაისს გაიმართა. პატარა დარბაზში საბას დედა, მამიდა, მისი რამდენიმე მეგობარი და აქტივისტები ისხდნენ. საბა მამიდას და დედას ხელით გულის სიმბოლოს აჩვენებდა, უღიმოდა – ასე უსიტყვოდ ამხნევებდა დედას, რომელიც უხმოდ ტიროდა. პროცესის მიმდინარეობისას საბას არ ჰქონია რაიმეს თქმის სურვილი, მოწმეების დაკითხვის პროცესსაც ჩუმად, განსაკუთრებული რეაქციების გარეშე უსმენდა. ისინი აღწერდნენ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტს.
1994 წელს დაბადებული გოგი ხმალაძე, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს და 30 ნოემბრის ღამეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ იყო, იხსენებდა, რომ აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ მოწოდებებს, ისროდნენ ქვებს და ამ დროს დაესხნენ თავს გდდ-ს თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს. ხმალაძე ამბობს, რომ მის დასახმარებლად მივიდა. სწორედ ამ დროს ბრალდებულმა კიბეებზე აირბინა და წაქცეულს ფეხი ჩაარტყა. ხელში კი ეჭირა დანა, რომელიც, ხმალაძის თქმით, გაქცევის მომენტში დაინახა.
ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული მოწმის სტატუსით გამოვიდა ბექა გოტიაშვილიც. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა წააქციეს და ფეხი ჩაარტყეს, მაგრამ თვითონ თავდამსხმელი ვერ დაინახა, ხოლო დარტყმის შედეგად დაზიანება არ მიუღია. კითხვას, რა პოზიცია ჰქონდა ბრალდებულ საბა ჯიქიასთან მიმართებით, ასე უპასუხა: „სასამართლომ გადაწყვიტოს“.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას კვლავ პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა. მან არც ამჯერად გაითვალისწინა ადვოკატის შორენა ძინძიბაძის თხოვნა, გადასინჯულიყო აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა და მის ნაცვლად განხილულიყო 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის საკითხი. მოსამართლე მჭედლიშვილმა თავისი უარი საბას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული რისკით ახსნა.
საბა ჯიქია ნასამართლევი არ არის. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.
„თქვენი დროც მოვა!“ – ისმოდა თამარ მჭედლიშვილის მისამართით.
„საბა, გამაგრდი“, „შენთან ვართ!“
ხმაურის გამო, ახალგაზრდებს მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.
„ყველა გამოკითხული ან გამომძიებელია, ან ექსპერტი, სხვა ნეიტრალური მოწმე საქმეში არ არსებობს. საბა ჯიქიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე“, – ასეთია საბას ადვოკატის, შორენა ძინძიბაძის პოზიცია, რის გამოც ის პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს 5000 ლარის ოდენობით ითხოვდა 25 აპრილის სხდომაზეც და 29 იანვარსაც, როცა საბა ჯიქია პატიმრობაში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დატოვა. კალიჩენკო დაეთანხმა პროკურორ თამარ იაკობიძის დასაბუთებას, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებებზე ზემოქმედებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
2025 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომაზე ჩვენება გამომძიებელმა ეკატერინე მთივლიშვილმა მისცა. ამ ჩვენების მიხედვით, საქმეში არსებულ ვიდეომასალაში ჩანდა, როგორ ურტყამდა საბა ჯიქია ფეხს სპეცრაზმის ძირს დაგდებულ თანამშრომელს. ეს ვიდეომასალა გამოძიებამ სოციალურ ქსელში მოიპოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში გააგზავნა პირის ვინაობის დასადგენად. მოწმის სახით იმავე 25 აპრილის პროცესზე დაიკითხა პოლიციელი ლევან ქარჩავაც, რომელმაც თქვა, რომ ვიდეოში საბა ჯიქია ჩანს.
15 მაისის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მოწმედ გამოძახებულ გდდ-ს თანამშრომელს ჰკითხა: იყვნენ თუ არა ტიტუშკები აქციაზე.
პროკურორი: – ვინ არიან ტიტუშკები?
ადვოკატი: – ვინც შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. პროვოკაცია. არეულობა.
მოწმე: – არა, არ ვიცი.
საბა ჯიქიას შემდეგი პროცესი 17 ივნისს გაიმართება. ამ დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.
საბა ჯიქიას წერილი ციხიდან. 29 მაისი, 2025.