საბავშვო არჩევანი | ტატო ჩანგელია
13.06.2020(ეძღვნება კარლ სენდბერგსა და ჟაკ ლაკანს)
არსებობს ორი მთვარე:
ერთი ლურჯი, მეორე – წითელი.
ლურჯი მთვარისკენ
ორმოცი წუთის სავალია,
საათში მინიმუმ ასი კილომეტრით თუ ვიარეთ
და წითელი მთვარისკენაც
თითქმის ორმოცი წუთის სავალია,
საათში მინიმუმ ასი კილომეტრით თუ ვიარეთ.
აირჩიე, რომელი მთვარისკენ წავიდეთ,
რომელი მთვარის მიწაზე გავშალოთ კარავი,
რომელი მთვარის ქვიშაზე მოვხარშოთ ყავა,
რომელი მთვარის სუფთა ჰაერზე ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე,
რომელი მთვარის მოქალაქეები გავხდეთ,
რომელი მთვარის შუქზე გავაჩინოთ ბავშვები,
რომელი მთვარის ჰორიზონტზე ვიყოთ ასე თუ ისე ბედნიერები,
აირჩიე –
წითელი თუ ლურჯი?
რომელს გადაჭრი, როდესაც არჩევანის გაკეთება გარდაუვალია,
როდესაც ერთად გვინდა წავიდეთ მთვარეზე,
და გავშალოთ კარავი და ქვიშაზე მოვადუღოთ ყავა და
სუფთა ჰაერზე ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე და
გავხდეთ მთვარის მოქალაქეები და გვეყოლოს შვილები და
ვიცხოვროთ ასე თუ ისე ბედნიერად,
თუმცა ჩვენთვის 1+1 აუცილებლად სამის ტოლია,
და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ნებისმიერი თეორიით
ერთადერთ აბსურდს ვიღებთ, პასუხად – ორი.
ორიდან ერთი აირჩიე,
მაინც საითკენ ავიღოთ გეზი,
რომელი მთვარისკენ წავიდეთ ერთად –
წითელი თუ ლურჯი?