გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი, #საბა

საბკულტურა - საბას ახალი პლატფორმა

როცა სკოლის მეორე ცვლაში ვიყავი, ნახევარი დღის გატარება დედაჩემის სამსახურში მიწევდა. საავტომობილო გზებს შორის „კუნძულზე“ იდგა ამ სამსახურის შენობა. ამავე „უსაფრთხო“ ზონაში იყო წიგნების მაღაზიაც და საბავშვო ბიბლიოთეკაც. შესაბამისად, ორივეგან მარტოს შემეძლო სიარული. მართალია, წიგნების მაღაზიაში როგორც კი საინტერესო წიგნები მოვიდოდა, მაგალითად, ფერადყდიანი საბავშვო მწერლობის ტომები, მაშინვე ქრებოდა და სახლების თაროებზე მიჰქონდათ გამომწერებს, მაღაზიის თაროზე მაინც აქა-იქ ჩნდებოდა ხოლმე ახალი და ჩემთვის საინტერესო წიგნები და იქ ნაპოვნი სიხარულები ახლაც ზუსტად მახსოვს – არჩილ სულაკაური, გურამ პეტრიაშვილი და ალფონს დოდე. ეს სიხარულ-ბედნიერება-ცქმუტვის შეგრძნება, რომელიც მარტო ორ რამეს მოაქვს – ახალი წიგნის და მუსიკის პოვნას, ამ ორ შენობაში აღმოვაჩინე. უფრო – ბიბლიოთეკაში.

ბიბლიოთეკარები – მარინა, ელისო და ლეილა არასოდეს მიბღვერდნენ და უფლება მქონდა, ხის თაროებს შორის ნახევრად განათებულ ოთახში უსასრულოდ მებოდიალა. წიგნის, მტვრისა და მასტიკის არომატით გაჯერებულ ჯადოსნურ სუნში ვიქექებოდი და ვიქექებოდი. სხვა ქვეყნების გაცნობას მსოფლიო ხალხთა ზღაპრებიდან ვცდილობდი, იქ ვიპოვე პირველი ვირტუალური მეგობრები – პეპი, ტომი და ანიკა.

გზაზე გადასვლა როცა მარტომ დავიწყე, ცენტრალურ ბიბლიოთეკასაც მივადექი უფრო დიდური წიგნებისთვის. იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მარტოს უკვე ყველგან შემიძლია სიარული, დედას სამსახური ელექტრონულ-დისტანციური გახდა, ჩემი ბიბლიოთეკაც ასეთივე და მას შემდეგ, რაც პირველი სმარტფონი შევიძინე, ყველა ჩემი წიგნი ყველგან ჩემთანაა – მანქანაშიც, მატარებელშიც, ჰამაკშიც და რესტორანშიც.
ჩემი პირველი ელექტრონული მობილური სამკითხველო „საბა“ იყო. 2012 წელს თიბისის მიერ შექმნილმა პლატფორმამ მწერლების, წიგნებისა და მკითხველების ურთიერთობა თავდაყირა დააყენა. მანამდე თუ ზაფხულში, გურიის ეზოში, ღამით დასადგურებულ სიჩუმეში მსხლებს შორის გაბმულ ჰამაკში საკითხავად წიგნიც და ფანარიც მჭირდებოდა, ერთ წელსაც ისე წავედი, რომ ერთმა გაჯეტმა დაიტია ყველაფერი.
ამ ბიბლიოთეკაში ყოველდღიურად იზრდება წიგნების რაოდენობა და უკვე 6 ათასზე მეტია. სადმე წასვლისას აღარ ვჯავრობ, სად ჩავატიო წიგნი; ვაითუ, ეს წიგნი მალე დავამთავრო? მეორეც წავიღო? ტყუილად ხომ არ ვათრევ? სადაც მინდა, იქ ვიქექები ვირტუალურ თაროებზე და ცოტა ხნის წინ გამოცემულ ბესტსელერებსაც აღმოვაჩენ.

ეს ელექტრონული ბიბლიოთეკა მუდმივად ვითარდება და გარდა ცალკე აღებული წიგნებისა, სხვა ბევრ ახალ რამესაც გვთავაზობს. ბოლო სიახლეები ასეთია – საბამ და კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა კიდევ ერთი ქართული პლატფორმა – „საბკულტურა“ შექმნეს. საბკულტურა ღია სივრცეა წიგნის მოყვარულებისთვის, სადაც ლიტერატურაზე საუბარი, დისკუსია და შთაბეჭდილებების გაზიარება მარტივი იქნება. საბკულტურა მოძრაობაა, სადაც წიგნში სტრიქონების ცვლილებასთან ერთად დამოკიდებულებებსაც ცვლი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდა საბას აპლიკაცია – SABA Reader:

ახალი პლატფორმა მკითხველებს ფაბრიკაში რატი ამაღლობელმა („საბა“) და ვახო ვახტანგიშვილმა („ლივინგსტონი“) გააცნეს. საღამო კი კარგი ქართველი მკითხველის – ლევან ბერძენიშვილის ლექციით დაგვირგვინდა.

ყოველდღიურად ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით აზრებს, ემოციებს და წიგნებს. გვჯერა, რომ კითხვა ცვლის ჩვენს ფიქრებს, ფიქრები – ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
საბკულტურა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და ახალი თაობის, ტექნოლოგიებთან დამეგობრებულ მკითხველთან მისი ყოველდღიური ჩვევების გათვალისწინებით მიაქვს საკითხავი სხვადასხვანაირი ფორმით.

ადრე თუ საბა მხოლოდ მკითხველებისა და გამომცემლების დასაკავშირებელი პლატფორმა იყო და კითხვაზე იყო აქცენტი, საბკულტურა ცოდნასა და განათლებაზეა ორიენტირებული. კითხვის ფორმატს დიდი ხანია დაემატა ხმოვანი წიგნები და განახლებულ საბას აპლიკაცია SABA Reader-ში უკვე შესაძლებელია პოდკასტების, რადიოგადაცემებისა და ლექციების მოსმენაც.

გარდა ამისა, აქამდე თუ საბას ჩვენი პირადი ბიბლიოთეკის თაროებზე მხოლოდ ნაყიდი ან ნაჩუქარი წიგნების კითხვა შეგვეძლო. ახლა უკვე საბას მთელ საცავში შეგვიძლია ქექვა და 6000-ზე მეტი წიგნიდან ამორჩევა-კითხვა, თუ ყოველთვიური გამომწერები გავხდებით. ეს პროცესს ძალიან ამარტივებს და მოხერხებულს ხდის.

SABA Reader-ის (Android, iOS) ახალ ვერსიაში მკითხველი თავად არეგულირებს ფონს, ფონტის ზომას, სიკაშკაშეს. მარტივადაა შესაძლებელი ჩანიშვნებისა თუ კომენტარების გაკეთება, ფერებით კოდირება და შემდეგ მათი თუნდაც ერთ გვერდზე ჩამოშლა ნებისმიერ დროს.

თუ ჯერ ამ ჯადოსნურ მახეში არ გაბმულხართ და iOS ან Android სისტემის მომხმარებელი ხართ რომელიმე გაჯეტით, სცადეთ და მთელი 14 დღე უფასოდ იბორიალეთ საბას ვირტუალურ თაროებზე, აღმოაჩინეთ წიგნები და იკითხეთ ან უსმინეთ. რომელიმე მომდევნო განახლების შემდეგ, იქნებ უკვე წიგნებში მოგზაურობაც შევძლოთ.

„საბკულტურა“ მკითხველთა მოძრაობაა, სივრცე, სადაც საყვარელმა წიგნმა შეიძლება მნიშვნელოვანი
ადამიანი გაპოვნინოს, ადამიანი, ვინც შენნაირად კითხულობს, შენნაირად ფიქრობს და სამყაროს, ანუ ტექსტს, სწორედ შენნაირად უყურებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა