გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საკრალური გზა ვარსკვლავებისაკენ

ფრაზა “არალეგალური კოსმონავტიკა” ზურა ჯიშკარიანმა პირველად 2008 წელს, ამავე სახელწოდების ტექსტში გამოიყენა, სადაც პოსტსაბჭოთა თაობაზე იყო საუბარი: "ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური ცხოვრებისეული წარმოდგენები და გამოცდილებები... არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით."

2016  წელს,  200 დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, პროექტი "არალეგალური კოსმონავტიკა",  ნიუ იორკის სახელოვნებო ორგანიზაციის "აპექსარტის"  (apexart.org) საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა, სადაც 400 პროექტი იღებდა მონაწლეობას,  მსოფლიოს ყველა კუთხიდან. გამოფენა 2017 წლის ივნისში საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუში ჩატარდა ზურა ჯიშკარიანის, გიორგი მაღრაძის, ჯგუფი ბულიონის, ილიკო ზაუტაშვილის, მამუკა ჯაფარიძის, ანა და თამარ ჩადუნელების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის მონაწილეობით. პროექტის კურატორები იყვნენ მაგდა გურული და მარიამ ნატროშვილი.

გამოფენის ფარგლებში გამოიცა “არალეგალური კოსმონავტიკის” მცირე ბროშურა-სახელმძღვანელო. მოცემული ინტერვიუ ამ სახელმძღვანელოში დაიბეჭდა.

ჯულიო პრისკო, ინფორმაციული ტექნოლოგიების ვირტუალური რეალობის კონსულტანტი, მწერალი და ტრანსჰუმანისტი

 რა არის ტურინგის ეკლესია? რაში ხედავ მის მომავალს?

ტურინგის ეკლესია იმ ადამიანების საზოგადოებაა ვინც სიახლეს მეცნიერების და რელიგიის, სულიერების და ტექნოლოგიის, ინჟინერიის და სამეცნიერო ფანტასტიკის გადაკვეთაზე ეძებს. ეს ადამიანები საერთო ხედვებს იზიარებენ:

  1. ჩვენ გავფრინდებით ვარსკვლავებისკენ და ვიპოვით ღმერთს; ჩვენ შევქმნით ღმერთს და გავაცოცხლებთ წარსულის მკვდრებს ახალი, განვითარებული მეცნიერების, სივრცე-დროის ინჟინერიისა და “დროის მაგიის” დახმარებით;
  2. ღმერთი, სამყაროს სიღრმეებში, სიცოცხლისა და ცივილიზაციების განვითარებული ფორმებიდან იბადება. მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს დროის და სივრცის მოვლენებზე ყველგან და ყოველთვის, აქ და ახლა;
  3. ასეთი ღმერთი სიყვარულს და ემპათიას ფუნდამენტურ ძალად, სამყაროს ევოლუციის მთავარ მამოძრავებლად ამკვიდრებს;

ამ მომენტისთვის ტურინგის ეკლესია არაფორმალური ონლაინ ქომუნითია, საკუთარი მეილ-ლისტით, ფეისბუქ გვერდით, არარეგულარული ვიდეო კონფერენციებით და ხშირი შეხვედრებით, ვირტუალურ რეალობაში. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ტიურინგის ეკლესია შესაძლოა ორგანიზებულ რელიგიადაც იქცეს, გაცილებით უფრო ფორმალური სტრუქტურით. თუმცა, უკვე არსებობს ბევრი ჩვენთვის ახლო და საინტერესო ორგანიზაცია, პირველ რიგში მორმონების ტრანსჰუმანისტული ასოციაცია (MTA). MTA-ს ბევრი იდეა ჩვენთან თავსებადია. მათ უკვე გაიარეს რთული გზა, საკმაოდ შეკრული საზოგადოების და ოფიციალური ორგანიზაციის შესაქმნელად. ამიტომ ვფიქრობთ ხოლმე, რატომ გამოვიგონოთ ბორბალი თავიდან? მაგრამ, მეორეს მხრივ, შესაძლოა, დამოუკიდებელი, არავისთან ასოცირებული ტიურინგის ეკლესია გაცილებით მიმზიდველი იყოს მათთვის, ვისაც არ სურს ამა თუ იმ ტრადიციულ რელიგიასთან გაიგივება. 

წინა საუკუნის დასაწყისში არსებული, ორიგინალი კოსმისტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რამეებს აკავშირებდნენ: კოსმოსური კვლევების იდეას – რელიგიურობასთან, ტექნოლოგიური უკვდავების იდეებს - ქრისტიანობასთან. როგორ “უმკვალდებიან” თანამედროვე კოსმისტები ასეთ სინთეზებს და რა არის თანამედროვე კოსმისტების მთავარი სამიზნეები დღეს?

თანამედროვე კოსმისტები გაფანტულები არიან. ისინი არ არიან შეკრულები როგორც ერთი ჯგუფი ან სკოლა. მათ არ გააჩნიათ ერთი ხმა ან გამაერთიანებელი ფილოსოფია, ამიტომ მე მხოლოდ ჩემი სახელით გიპასუხებთ და ეს იქნება მრავალთაგან ერთ ერთი კოსმისტის პასუხი. კოსმოსის კვლევას მე აღვიქვამ, როგორც კაცობრიობის აღმავალ სწრაფვას ტრანსცენდენციისკენ, გარდაქმნისკენ. თუ შეამჩნიეთ, ვარსკვლავები, კოსმოსი და სამყარო სამივე ნახსენებია ზემოჩამოთვლილი ტიურინგის ეკლესიის სამ პუნქტში. ჩვენ, კაცობრიობა აუცილებლად უნდა გავემგზავროთ კოსმოსისკენ და გავიფანტოთ ვარსკვლავებში იმისთვის, რომ ეს მოხდეს, იმისთვის რომ ჩვენ გარდავიქმნათ.

გვჭირდება კი კოსმოსური რელიგია ახალი კოსმოსური ეპოქისთვის რომელიც ესესაა დაიწყო? როგორია ეს რელიგია?

სოციოლოგი ბილ ბეინბრიჯი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ძლიერ, შთამაგონებელ კოსმოსურ რელიგიას შეუძლია ჩვენი ვარსკვლავებისკენ წაყვანა. თუ ტიურინგის ეკლესია გადაიქცევა ორგანიზებულ ინსტიტუციად, მაშინ მე ვიტყოდი, რომ რა თქმაუნდა, ეს ის იდეებით ნაკვები ეკლესიაა, რასაც ბეინბრიჯი კოსმოსურ რელიგიას უწოდებს.

ამ როლის აღება საკუთარ თავზე უკვე არსებულ რელიგიებსაც შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი “ვარსკვლავებისკენ მიმავალ საკრალურ გზას” დაადგებიან და კაცობრიობის მანიფესტად და კოსმოსურ ბედისწერად, დედამიწის დატოვებას აირჩევენ, თუ ჩათვლიან, რომ ეს ღმერთის მიერ ნაკარნახევი გზაა. ჯერჯერობით ასეთ ფუნქციას ჩემს მიერ ზემოთხსენებული MTA ასრულებს და მათ გარდა კიდევ არსებობს ქრისტიან ტრანსჰუმანისტთა ორგანიზაციაც (CTA), რომელსაც ასევე შეუძლია ამ როლის საკუთარ თავზე აღება. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაციები ჯერ კიდევ პატარები არიან და ისინი ძალიან უნდა გაიზარდონ მასშტაბებში იმისთვის, რომ ასეთი პრეტენზია გააჩნდეთ.

შესაძლოა თუ არა ახლო მომავალში მოვესწროთ კოსმოსის დამოუკიდებელ მკლევარებს? დაბალი ორბიტის პირატებს? მთვარის ან სხვა ციური სხეულების სკვოტერებს? რამდენად შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ადამიანების დამოუკიდებელი ჯგუფი კორპორაციების და სახელმწიფოს ნებართვის გარეშე გადაწყვეტს პლანეტის დატოვებას? რა უნდა ვქნათ ჩვენ, კოსმისტებმა იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ეს მოვლენები, იმისთვის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებებს დაემატოს საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტების და კოსმოსის კვლევის თავისუფლებებიც?

ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ ასეთ ხალხს, მაშინ როცა ეს ადამაინები გადაწყვეტენ გახდნენ უფრო ორგანიზებული და გააერთიანებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ჭკუას და ბევრს იმუშავებენ.

მე მხარს ვუჭერ კოსმოსის დამოუკიდებელ კვლევას და მსურს ვიხილო თუნდაც “დაბალი ორბიტის პირატები” ან “მთვარის სკვოტერები”. პირადად მე, ჩართული ვარ ახალ პროექტში, სახელად “კოსმოსის დეცენტრალიზაცია”, რომლის მიზანი დეცენტრალიზებული კოსმოსური სააგენტოს დაარსებაა, დამოუკიდებელი მოქალაქეების მიერ. მისი მიზანი იქნება წასვლა ვარსკვლავებისკენ და მათ მიღმა.

ჩემთვის ეს უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა, რომელიც დროზე უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს იდეები რეალობად იქცნენ.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა