სანდრო, 39 წლის | მე ვთამაშობ
ძალიან პატარა ვიყავი. სკოლაში ვსწავლობდი ჯერ კიდევ. ჩვენ სკოლასთან ქვევით იყო დიდი ტოტალიზატორი. მაგ დროს, სკოლის პერიოდში, 90-იანებში გასართობი იყო ნოლი. ერთი ივერია იყო კინო და არც ჩანდა რას უყურებდი. მანდ დავბოდიალობდით კლასელები, ტერიტორიაზე, სადაც ეს ტოტალიზატორი იყო. ერთხელაც შევედით. რომ შევედით, ისეთი სიტუაცია დაგხვდა - გაბრდღვიალებული ყველაფერი, ზღაპრული ცოტა, მოიხიბლები. მაშინ დიდად არ აქცევდნენ მეპატრონეები ყურადღებას ბავშვია შესული თუ ვინ არის. მე-8 ან მე-7 კლასში ვიყავი.
სახლიდან ფულს გვატანდნენ, ლარს, ორ ლარს. აპარატები იყო, პოკერის, ორმაცდაათეთრიანებს ყრიდი, ძველებური. ერთი კაცი იყო, თამაშობდა და სულ დიდ ფულებს აყრევინებდა. მოვიხიბლეთ ამ აპარატით. მე და ჩემი მეგობარი მივედით, ჩავაგდეთ ფული და მოვიგეთ. ორმოცდაათი თეთრით თხუთმეტი ლარი. მაგრად გაგვისწორდა. წამოვედით, დავხარჯეთ, ჟუაჩკები, შოკოლადები, სიგარეტი ვიყიდეთ.
რაღაც პერიოდის მერე - მოდი კიდევ ჩავიდეთ. აი ასე შევიკარით სამი - ოთხი მეგობარი, სკოლელები. სკოლას ვაცდენდით და მანდ მივდიოდით. ერთი იყო კინოთეატრი ივერია, რუსთაველზე, ზემელის მოპირდაპირე მხარეს. ქვევით რომ ჩადიოდი, მანდ იყო დიდი ტოტალიზატორი. მეორე იყო ფოსტა რო არის რუსთაველის, მანდ. ნახევარი რაღაც კაფესავით იყო და იქვე იდგა რამდენიმე აპარატი. ესე შევიკრიბებოდით ბიჭები, მეგობრები, ძმაკაცები და ვთამაშობდით. ხან ერთგან, ხან მეორეგან.
მერე უკვე მოთხოვნილება გაგვიჩნდა.
გაკვეთილებს ვაცდენთ, შატალოზე დავდივართ, ვიკრიბებით სკოლასთან და სკოლაში არ შევდივართ, იქ მივდივართ.
რასაც ვიგებდით, არც იყო დასახარჯი არაფერი. ერთი ორი საბილიარდე იყო და იქ მივდიოდით ხოლმე. ერთ-ერთი მოგებულიდან წავედით ბოულინგ ცენტრი იყო პავლოვზე, მანდაც აღმოჩნდა აპარატები. კიდევ ერთი წერტილი შეემატა ჩვენს სამოძრაო ტრასას. აი ესე, ნელ-ნელა, ნელ-ნელა შემოგვეპარა და მერე გართობაც ეგ იყო, მოგებული ფულის დასახარჯი წერტილიც ეგ გახდა. მოგებულის, გრუბად, ათ პროცენტს დავხარჯავდით სადმე და მერე მეორე, მესამე დღეს ისევ მანდ ვბრუნდებოდით სათამაშოდ.
მერე ცოტა უფრო სერიოზული სახე მიიღო და ლარი და ოცი ლარი რომ აღარ გვაკმაყოფილებდა, სახლიდან რაღაცეების გამოტანა დაიწყო, ძვირფასი ნივთების დალომბარდება.
პირველად ჩემმა მეგობარმა გამოიტანა სახლიდან ბეჭედი. კიდევ ოქროს, ბაჯაღლოს, სლიტკა იყო. ჩვენ ძალიან იაფად ვყიდიდით, იასნია. მაშინ იყო ეგეთი ადგილები, თავისუფლების მოედანზე, პადზემკაში იდგნენ ქალები. გაივლიდი თუ არა - ოქროს ვიბარებ, ოქროს ვიბარებ. მაგათ რა მორალი და ეთიკა მოეთხოვებოდათ, სკოლის მოსწავლისგან რომ ბრილიანტის ბეჭედს იყიდი, ათი ათასი დოლარი რომ ღირს და სამას ლარს რომ მისცემ, ხო ხვდები რა. თაღლითები.
ერთი ისეთი ბეჭედი იყო ამ ბიჭის გამოტანილი, რომ აი, ფირუზი და ბრილიანტები, საგვარეულო და ამბავი. მერე მაგისი ძებნა მოგვიწია და დაბრუნება. მშობლებმა რომ გაიგეს.
ჩვენც ხო შევატყეთ რომ უბრალო არ იყო, და იმ ქალებთან არ წავიღეთ. გვყავდა ერთი მეგობარი, მეგობარი რა, ესე გაცნობილი ტიპი, რომელიც გვემეგობრებოდა, ჩვენზე უფროსი იყო და საბუთი ქონდა, პირადობა თუ პასპორტი, თვრამეტს აცილებული იყო. მაგან გაგვაყიდინა სადღაც. დედამისიც ჩაერთო ამ ბეჭდის გაყიდვაში. მაგარი ბეჭედი იყო და ვინც ნახა, ყველას ხელში ჩაგდება მოუნდა. ძალიან ძვირფასი რაღაც იყო თურმე. ხუთასი დოლარი მოგვცეს ჩვენ. მაშინ ხუთასი დოლარი ბავშვებისთვის დიდი ფული იყო. კაი ხანი იყო გასული, სამი, ოთხი თვე და გაუგეს რომ რაღაც ნივთები დაიკარგა სახლიდან. იმ სლიტკაზე არა, არც სხვა ბეჭედზე და ძეწკვზე არ იყო ისეთი აქცენტი, როგორც ამ ბეჭედზე, ეგ გვაპოვნინეთო.
წავედით მე და ჩემი მეგობარი და დავიწყეთ იმ ბიჭის ძებნა, ვინც გაგვაყიდინა, პასპორტიანის. მივაგენით. ამან არ ვიციო, ეხლა საიდანო. ერთხელ არაო, არ მახსოვსო, ისა ესა, ტყუილებს გვეუბნებოდა. კაი, მეორეჯერაც მივადექით, ვცდილობდით უკონფლიქტოდ დაგვებრუნებინა. ჩემს მეგობარს მაგარი პრობლემები ქონდა უკვე სახლში. არა, არა, არაო და ბოლოს მოგვიწია და გავლახეთ მაგრად. ბოლოს დედამისმა დააბრუნა. ფული მივეცით, დავაბრუნეთ რაც მოგვცა, იმ ბიჭის ოჯახმა გააძრო, ვისიც იყო ბეჭედი.
ხოდა, აი ესე. მერე ახევებიც იყო, მანქანებიდან რაღაცეების მოპარვებიც იყო. ჩვენ არ ვიყავით გაბოროტებული ტიპები, ჩვენი ავტორიტეტი გვქონდა, გინდა სკოლაში, გინდა ეზოში, უბანში. ისეთი ავტორიტეტი გვქონდა, რო ვითვლებოდით რო რაღაც, მაგრამ აგრესიულები არ ვიყავით რა, ხო ხვდები. ბიჭო, ეხლა წახვალ შენ ფულს მოიტან, - ეგეთიც ყოფილა იშვიათად, მაგრამ არ მსიამოვნებდა ეგეთი მიდგომა. მერჩივნა, უფრო დიპლომატიურად მიგვეწოდებინა აზრი - აი ესე, ესე, გვჭირდება, რაღაცა უნდა ქნა. არც იმას რო არ ჩაეთვალა თავის თავი დაჩაგრულად და თან რო შეესრულებინა რასაც ვთხოვდით. მიზეზს არც ვეუბნებოდით, გვჭირდება და ვსო რა. ტელეფონები მაშინ არ იყო, არ არსებობდა. ფული. ფულს ვართმევდით. ვიცოდით ვისთანაც უნდა მივსულიყავით, გაჭირვებულთან არ მივიდოდით, ხო ხვდები რა. ვისაც საშუალება ქონდა ასე თუ ისე და ვიცოდით, რომ ისეთი ოჯახიდან იყო, ეგეთ ტიპებს ვართმევდით ფულს.
ქუჩაშიც, მანქანებსაც ვტეხავდით და ეგეთ რამეებს. და თან ეგეც გართობის ერთ-ერთი გზა იყო. მარტო ფულის გამო კი არ ვაკეთებდით. მანქანებს რო ტეხავ და მაგნიტაფონს რო იპარავ, ეხლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ეგ იყო ერთ-ერთი გასართობი ჩვენთვის. დავდიოდით ერთი ათი კაცი, ვტეხავდით ამ მანქანებს. დაუჭერივართ კიდეც. ქურდობებზე და ძარცვაზე დამიჭირეს. მანქანის, მაღაზიის. მაშინ რა მაღაზიები იყო, ბუტკები. მაგაზე ერთი რვა კაცი დაგვიჭირეს. ღამე დავბოდიალობდით, დავძრწოდით. დაგვიჭირეს, გააგებინეს ჩვენებს და მაშინ ხო იცი რაც ხდებოდა, კორუფცია მძვინვარებდა ყველგან, მით უმეტეს მილიციაში. ფულს ვიხდიდით. გიშვებდნენ. ესეთ წვრილმან დანაშაულზე დაახლოებით სამასი - ხუთასი დოლარი იყო.
სახლში მძიმედ მიიღეს, შოკში ჩავარდნენ, მეჩხუბეს კიდევაც. მეც გამიტყდა, რომ ვნახე რა დღეში ჩავაგდე. თან ჩემი ოჯახი წესიერი ხალხია. დედაჩემი პროფესორია, არაფერი შეხება არ ქონია ეგეთ რაღაცეებთან. მძიმედ გადაიტანეს. მეც ცუდად ვიგრძენი თავი, დამნაშავედ.
მაგრამ, რაღაც პერიოდის მერე გადამიარა და ისევ იგივე წრე… გამოგყვებოდა ერთი-ორი თვე და ვითომ წესიერად იქცევი, დადიხარ სკოლაში, არაფერს აღარ აფუჭებ. მერე ისევ უბრუნდები.
მრავალფეროვანი იყო ქუჩა. ეხლა რომ ვუყურებ, ბავშვური რომანტიზმი იყო. რაც არ არის, იმას რომ ეძებ. რომანტიკულად რომ უყურებ.
კაზინოში პირველად როცა შევედი, 21 წლისაც არ ვიყავი, არ მიშვებდნენ. უფროსი მეგობრები მყავდა და ერთ-ერთის დაბადების დღე იყო, ვერაზე. მაგასთან ვსვამდით სახლში, გოგოები, ბიჭები. იქიდან რატომღაც - წამო კაზინოშიო, გასართობად. არ შემიშვეს მე. ასი თუ ორასი დოლარი მედო. ესენი რომ შევიდნენ და მე რომ არ შემიშვეს, მაგარი მუღამი გამიჩნდა. შესასვლელიდან რომ გავხედე და იქიდან რომ კაზინოს ჟრიამული გამოდიოდა, რულეტკის ბზრიალის ხმა და ფიშკების, ახალი მომაჯადოებელი სივრცე გამეჩითა. აჰა, ეს შეიტანე მეთქი და ციფრებს ვკარნახობდი ერთ-ერთს - ამაზე დადე, ამაზე დადე, ამაზე. ვერაფერი ვერ მოვიგე. ეს მოვიდოდა, ვუკარნახებდი რაღაცა ციფრებს, სხვა ვერაფერში ვერ ვერკვეოდი, კარტს ხო არ ეტყოდი, ეს ყველაზე მარტივი იყო. წავაგე და მაგის მერე მალევე გავხდი 21 წლის. და იმდენად ჩამებეჭდა, ძაან მალევე წავედი. ფული საიდან და როგორ, ეხლა ვეღარ ვიხსენებ, თბილისში მოძრაობ რა, საიდანღაც ჩნდებოდა ეს ფული.
ბოლო წლებია ბევრს ვკითხულობ ზოგადად დამოკიდებულებებზე, როგორც ავადმყოფობაზე. ეს არის ჩვეულებრივი ავადმყოფობა. მერე ეს ავადმყოფობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება - თამაშში, სმაში, ნარკოტიკებში. ვინ როგორ.
ანუ, თამაშიც და წამალიც ერთი ავადმყოფობაა. ჩემ შემთხვევაში, ნარკოტიკში უფრო მეტად იყო გამოვლენილი, ვიდრე თამაშში.
ნარკოტიკი უფრო დიდი პრობლემა იყო. ჯერ თამაში დაიწყო. მთელი ცხოვრება ვთვლიდი, რომ თამაშზე დამოკიდებული არ ვიყავი. როგორ არა ხარ დამოკიდებული, როცა ყოველ დღე მიდიხარ სათამაშოდ და ფულს იძიებ სხვადასხვა გზით, ყველაფერს აკეთებ რომ ფული ჩაიგდო ხელში სათამაშოდ. დამოკიდებულებაა, აბა რა არის.
მაგრამ, შემეძლო სათამაშოდ არ წავსულიყავი და დოზა რომ არ მეშოვა ჩემთვის და წამალი რო არ მეშოვა, ეგ არ შემეძლო.
ვითომ ხო დამოკიდებულად არ მიმაჩნდა თავი, მაგრამ ძაან შეტოპილი მქონდა, ორივე მიმართულებით. ვალებში ვიყავი ჩაფლული - ლომბარდები, ბანკები, ადამიანებისგან გამორთმეული. მეგობარს და ახლობელს რო ვალს ააღებინებ ბანკში და არ გადაუხდი. იმას მაინც ვახერხებდი რო პროცენტები გადამეხადა, ერთს ვართმევდი, მეორეს ვაძლევდი, ვალომბარდები, პროცენტს ვიხდიდი…
ერთხელაც ბინა ჩავდე ბანკში. დედაჩემს ვთხოვე, მოვატყუე რაღაცეები. პირდაპირ არ მითქვია, მინდობილობა გავაკეთებინე ჩემზე. ეს აუცილებელი ვალები რაც მქონდა დავფარე. რაც დარჩა, წავაგე. ბლომად წავაგე. ვითომ ვიგებდი, ერთ და ორ დღეში კი არა, ერთი თვე, თვეზე მეტი გრძელდებოდა. წინაც ვიყავი გასული. მერე მეგონა რო უფრო მეტს მოვიგებდი. ისიც, ესეც მინდოდა, ყველაფერი ერთად. დურაკული ილუზია, რომ ყველაფერს მოაგვარებ ცხოვრებაში - ეხლა მოვიგებ და ვსო, ამით დამთავრდება. საბოლოო ჯამში ეგ ფული წავაგე.
დნოზე ჩადიხარ, ისეთ რაღაცეებს კადრულობ რომ ქაოსიც არ ქვია. უშვებ, რომ სადაც ცხოვრობ, ისიც გაანიავო. სად უნდა წახვიდე, არ ფიქრობ. არანორმალური ქმედებაა. მაგრამ, გწამს რო ამით რაღაც მოგვარდება. ოღონდ ამ წუთში ფული გქონდეს და მოიგებ და იქნება ყველაფერი. სქემები რომ გაქვს დაწყობილი, უეჭველი მოვიგებ აბა რას ვიზავ და იქ ცალკე ტოტალიზატორზე დებ ხუთი ათას დოლარს ორ თამაშზე და ცალკე კაზინოში თამაშობ. თავს იტყუებ რა.
ყველა დროს ვაბრალებთ ყველაფერს. ალბათ, ყველაზე დიდი ფაქტორი დრო იყო. რატომ უნდა მქონოდა პატარა ბავშვს, თექვსმეტი წლისას უკვე ნარკოტიკთან შეხება, თამაშთან შეხება. მერე უკვე ავტოპილოტზე მიდის ყველაფერი. მერე უკვე წრეც იკვრებით ეგეთი, ანუ შენნაირი ტიპები. ცალკე სასტავი ხართ, ყოველდღე რაღაც გაქვთ საჩალიჩო, ეგეც საინტერესო იყო. იმ დროს, როცა არაფერი არ ხდება და სულ ერთფეროვნებაა და ამით თითქოს ალამაზებდი ცხოვრებას. გამოდიოდი, სულ ექშენში იყავი. ფულს ჩალიჩობ, მერე ბარიგა უნდა ნახო, მიხვიდე, იმოგზაურო, ჩახვიდე სადღაც ჯანდაბაში, დღეს რომ მარტივად არის ტელეფონით, ეგეთი რამე ხო არ იყო ადრე. შეიძლება ასობით კილომეტრის გავლა დაგჭირვებოდა.
მძიმე ნარკოტიკებს მოვიხმარდი. ჰეროინი. ოპიატები. ხო, ნუ ძირითადად ეგ იყო. მერე სუბუტექსი შემოვიდა. სუბუტექსი გამარტივდა, იმდენი დაიყარა თბილისში. ვიღაცის ინტერესებში იყო სავარაუდოდ, ძალიან შემოიყარა, უბნიდან გასვლაც არ გჭირდებოდა, ისე შოულობდი. მაგანაც წალეკა ჩემი თაობის ტიპები. ცოტა უმცროსები, ცოტა უფროსები. წალეკა რა, ბევრი შეიწირა, რამდენი ცოცხალი აღარ არის. ჩაყლაპა. ბევრი ოვერდოზებით, ბევრი პირდაპირ მაგითი არა, მაგრამ მაგან მიიყვანა სიკვდილამდე.
ეხლა ბევრი კლინიკაა და არ ტეხავს და მაშინ არ ლაპარაკობდნენ მაგაზე. ტეხავდა კლინიკაში დაწოლა, ბოლო პონტი იყო.
ვსო, ძაან ყელშია ყველაფერი, ყველაფერზე გული მერევა, აღარ შემიძლია და ჩავწოლილვარ სახლში უარაფროდ. კლინიკაშიც დავწოლილვარ. გასულა თვეები და არ გავკარებივარ. ერთხელ უარი თქვი, ორჯერ უარი თქვი. ბოლოს მაინც უბრუნდები. ის არ არის მარტო, რო გადააგდე და ვსო. მერე იწყება რეალურად. სიცარიელე, რაც გრჩება, რომ შეავსო. მარტო ვერ გაუმკლავდები. ვერაგი დაავადებაა. ქრონიკული დაავადება, რომელიც მუდმივად პროგრესირებს. იგივეა თამაშიც.
მერე უკვე გაჩნდა თბილისში ათასი წასასვლელი და წამოსასვლელი. მერე უფრო ხვდები რა წუმპეში ხარ. გინდა, რომ როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა იცხოვრო, ჩვეულებრივი სიხარულები გქონდეს, ყოფითი. ჩვეულებრივი ურთიერთობები გქონდეს.
ბევრნაირი დღე იყო.
ცუდი დღეებიც იყო, კარგი დღეებიც იყო.
როგორი დღეები იყო და გაიღვიძე დილით, ფული ნოლი გაქვს. პაძელნიკი, შენი ძმაკაცი ვინც არის, ზუსტად იგივე მდგომარებაშია, ოღონდ თავის სახლში. ფიზიკურად ცუდად ხარ. ყველაფერი საჩალიჩო გაქვს. პირველ რიგში უნდა ადგე, თავს ძალა დაატანო. არც ბანაობის თავი გაქვს, ოღონდ ჩაიცვა რაღაცნაირად. მერე, ფულის ამბავი გაარკვიო რამენაირად, თითქმის ყველა ხერხს რო მიმართავ. ნუ, რაც მორალს არ ცილდება, იმის მიუხედავად რომ ესეთ კატასტროფაში ვიყავით, მაინც იყო მორალური საზღვრები, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გადავაბიჯებდი. მაგან გადამარჩინა ბევრ რაღაცას.
ადგომა, ფულის ჩალიჩი, შეწუხება ისეთი ხალხის რომ, აი მართლა რო კვდები მაშინაც რო არ დაურეკავ. ძაანაც რო არ გინდა მოატყუო, რომ ამაში და ამაში გჭირდება, ოჯახის წევრია ან შინაურია ძაან. არ გეტყვის უარს, იმიტომ რომ უყვარხარ და თავს იტყუებს ალბათ რომ წამლისთვის არ გჭირდება ან არ იცის რომ ესე ხარ დამოკიდებული.
იშოვე დაუშვათ ხო. ურეკავ შენს ძმაკაცს, იმიტომ რომ პაძელნიკია, ძმაკაცია და ისიც იგივენაირად ცუდად არის. ურეკავ, რო აი რაღაცა ფული ვიშოვე. მერე მიდის გარკვევა სად იყიდოთ. ეგ კიდე ცალკე ეტაპია, რომ მოძებნო ვიღაცა. მერე ამ ვიღაცამ კიდე ვიღაცა უნდა ნახოს, რო ბარიგამდე მიხვიდეთ.
კარგი დასასრული ის იყო, რომ გაიკეთებდი წამალს. კიდე სვერხუ ფული რაც დაგრჩებოდა, სად, სად, სად და წავედით კაზინოში. რაღაც ილუზიაში რომ ხარ, რომ მოვიგებ, ცოტა ვალებს გადავიხდი, ის, ის, ის…მეორე დღის ფულიც გექნება რომ იგივე კოშმარში არ გაიჩითო, დაიდო შენთვის წამალი, ვითომ ბედნიერი დღე იქნება უკვე ეგ, სისულელე რა.
შევსულვარ და მართლა მომიგია და ეს ვალებიც გამისტუმრებია ცოტა და წამალიც მიყიდია, დილით გამიღვიძია კაი ხასიათზე.
იყო უარესი დღეებიც. წახვედი, დაუშვათ, იშოვე ფული, მიეცი ბარიგას და ბრახ და ტიპი ქრება, დილიდან ნაჩალიჩარი ფულით. ის რატო ქრება, ეგ ცალკე თემაა. იცის თან, რომ მერე რო ნახო, ცუდად დაუსრულდება საქმე. ეგ კიდე ცალკე თბილისური ამბავია, რომ იმან ისე ვერ მოაგვარა როგორც თვითონ უნდოდა, ვითომ ძმაკაცურად კი მიდიოდა, მაგრამ რეალურად ხო ვიცით რო, რაღაც სარგებელი იმასაც უნდა ენახა. ყველამ ვიცით რატომ და როგორ.
და გვტოვებდნენ ესე, უარაფროდ. მაგაზე კოშმარი რა უნდა იყოს. მაგ პერიოდში მაგაზე ცუდს ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ელოდები და ხუთ წუთში - გეუბნება და მერე ტელეფონი აქვს გათიშული.
და მერე თავიდან, გააჩნია, ღამის რომელი საათია და თუ მოასწრებ, თუ იპოვი ვინც მიდის. მერე ფული. ღირს ვთქვათ ასი დოლარი, იშოვე 50 და მეტს ვეღარ შოულობ, და მოდი კაზინოში შევიდეთ, შავზე დავდოთ, თუ გაამართლა, გაამართლა და თუ არადა დაგვერხა. და ძაან ბევრჯერ ყოფილა, შევსულვარ და არ გამმართლებია, წითელი ან ზერო ამოსულა. ეგეთებიც იყო. ყველაფერი იყო.