გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შემზარავი სისასტიკე

გაზეთი „კომუნისტი”, 1990, 5 ინვარი

შემზარავი სისასტიკე

შიდა ქართლში კრიზისული ვითარებაა

ის, რაც 3 იანვრის ღამეს მოხდა ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისში, იმდენად შემზარავია თავისი სისასტიკით, რომ აღწერა მიჭირს, (როდესაც ამ ამბავს ისმენდნენ, თვით მრავლისმნახველმა ჟურნალისტმა მამაკაცებმა ცრემლი ვერ შეიკავეს); ნიკორიშვილების ოჯახს თავს დაესხა შეიარაღებული ბრბო და აკვანში ტყვიით მოკლეს 9 თვის თოთო ბავშვი. გორის საავადმყოფოში ჩაყვანილი თავში მძიმედ დაჭრილი ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კიდევ ერთი ბარბაროსული აქტი! ჯერაც არ გაციებულა 17 წლის თამარაშენელი ჭაბუკის ვეფხია თუთარაშვილის სისხლი და აი, კიდევ ერთი მსხვერპლი. ჯერაც არ შემშრალა ჯგუფურად გაუპატიურებული და მხეცურად ნაწამები ქართველი გოგონას ცრემლები და კიდევ ერთი დანაშაული!

და აივსო მოთმინების ფიალა. გუშინ, 4 იანვარს, სიმართლის საძიებლად თბილისს მოაშურა ერედვის, ქურთის, ქემერტის, ფრისის და სხვა სოფლების ხალხმრავალმა წარმომადგენლობამ, 150-ზე მეტმა ქალმა და კაცმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა. ისინი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობას მიადგნენ და პრესის მუშაკებთან შეხვედრა მოითხოვეს.

ეს შეხვედრა „კომუნისტის“ სათათბირო დარბაზში გაიმართა, მასში მონაწილეობდნენ გაზეთების რედაქტორები, სახტელერადიოს ხელმძღვანელი მუშაკები, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების, სახალხო ფრონტის, ილია მართლის საზოგადოების, ჰელსინკის ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები. გაიმართა მღელვარე, უკომპრომისო საუბარი. შიდა ქართლიდან ჩამოსულებმა იქ ქართველთა ყოფის მძიმე სურათი წარმოგვიდგინეს.

გიორგი ქრისტესაშვილი, ხანდაზმული, მრავალჭირგამოვლილი კაცი აღელვებას ვერ ფარავს: დიდი გასაჭირი გვადგას ქართველებს, ფაქტობრივად, უუფლებონი ვართ. ოსი ეროვნების მილიციის მუშაკები თვითონვე მონაწილეობენ ჩვენზე თავდასხმებში. შიშით ცხინვალში ვერ ჩავსულვართ, იქიდან ვერავითარ სურსათს ვერ ვიღებთ, ყველაფერი ოსურ სოფლებში ნაწილდება. გორის რაიონი რომ არ გვეხმარებოდეს, შიმშილობა მოგვიწვეს. დაეხეტებიან ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ჯგუფები. 3 იანვარს სროლით დაესხნენ თავს სოფელ ხეითს. კეხვი, ქურთა, ძარწემი და სხვა სოფლებიც ლამის ალყაშემორტყმულია.

ლალი ცოტნიაშვილი: განა ფრისში მომხდარი ამბავი გამონაკლისია? პირველ იანვარს თავს დაესხნენ და სროლა აუტეხეს ერედველ ფრიდონ ბორცვაძეს, რომელსაც მანქანით ცოლ-შვილი მოჰყავდა. ტყვია დაახალეს ქრისტესიაშვილის მანქანასაც. ორივე სასწაულად გადარჩა. ცხინვალის რადიო კი ისეთ ცნობებს გადასცემს „ქართველთა მხეცობაზე“, რომ ხალხს სისხლს უმღვრევს.

ლალი ბალიაშვლი: მე ცხინვალელი ვარ, მაგრამ ახლა ქმარ-შვილით ერედვს შევეხიზნე. გვაშინებენ, მე თვითონ შვილთან ერთად მომავალს გადამიდგნენ გზაზე, რევოლვერი მიადეს მკერდზე ჩემს ბიჭს და ჩახმახს გამოკრეს. არ გავარდა, დაუტენავი ყოფილა, მაგრამ ერთი სიკვდილი გავათავე. სამჯერ დაესხნენ თავს პირველ ქართულ სკოლას. არ ვიცი რა გზით, მაგრამ ფაქტია, რომ ჯავშანტრასნსპორტიორებს ჯარისკაცებთან ერთად ექსტრემისტებიც დააგრიალებენ, ყოველღამ სროლაა.

მიხეილ ქრისტესიაშვილი: 27 ნოემბერს რამდენიმე შეიარაღებილი კაცი დავაკავეთ, იარაღი ჩამოვართვით და ჩვენს მილიციას ჩავაბარეთ. მერე რა? ადგნენ და გაუშვეს. ჰოდა, ისე არიან გათამამებულები მიმტევებლობით, რომ ხვალ უარესს გვიზამენ.

ლიანა ზუბაშვილი: ჩემი მაზლი სევასტი ზუბაშვილი დაჭრეს. გორში ჩავიყვანეთ საავადმყოფოში, მეორე დღეს ცხინვალის რადიომ გამოაცხადა, ქართველებმა კიდევ ერთი ოსი სევერიან ზუბაევი დაჭრესო, ასე, კიდევ ერთით გაიზარდა „დაზარალებული“ ოსების რიცხვი.

ცისანა ვახტანგიშვილი: სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ვმუშაობ სანიტრად. თვითონ ვნახე იმათ „თავდაცვის შტაბში“, რომელიც ცხინვალის ქორწინების სახლშია მოთავსებული, საშინლად ნაცემ-ნაგვემი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ტელევიზიითაც აჩვენეს.

ნათელა ბაღაშვილი: ცხინვალში ქართველების დევნა და აბუჩად აგდება ყოველგვარ საზღვარს გასცდა. 20 ნოემბერს ავად გავხდი, ექიმი გამოვიძახე, რომ გაიგო ქართველი ვიყავი, არც იმ და არც მეორე დღეს არ მოვიდა. ჩემს მეზობელ ოსთან კი სასწრაფოდ გამოცხადდა. ბიბლიოთეკაში, სადაც ვმუშაობ, კატეგორიულად ამიკრძალეს რაიმეზე ხელის ხლება, ქართულად რაიმეს შევსება. ყველა ჩემს ქართველ მეზობელს სარდაფი გაუძარცვეს.

გივი ბორცვაძემ, საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტმა სამხრეთ ოსეთში, დაასახელა დისკრიმინაციული საკადრო პოლიტიკის მაგალითები. ხაზგასმით აღნიშნა, რომ როკის გვირაბით ჩრდილოეთ ოსეთიდან დიდძალი იარაღი შემოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ გვარამიას, რომელიც შეეცადა შეკრებილებისთვის წარმოედგინა სამხრეთ ოსეთში შექმნილი ოპერატიული ვითარება და სინანული გამოთქვა – ქართველები თავდასხმის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართავენ მილიციას იმისთვის, რომ ყველა შემთხვევა დაფიქსირდესო, სიტყვა შეაწყვეტინეს რეპლიკებით, რომ იქ მილიციამდე მისვლაც კი ჭირს, რომ სამხრეთ ოსეთის მილიცია თავს არიდებს ქართველთა დაზარალების დაფიქსირებას, რომ, საერთოდ, საქართველოს მილიცია უსუსურობას იჩენს, რომ ჯერ არსად ჩანს ერედველთათვის დანაპირები ლაზარეთი, რომ თვით მაიორი გია სანაკოევი, რომელმაც ქართველი დაჭრილი მილიციის მუშაკი შეურაცხყო, ჯერაც ფორმით დადის.

ერთი სიტყვით, შიდა ქართლში ისეთი მდომარეობა გამოიკვეთა, რომელმაც არ შეიძლება არ შეგძრას. ჩამოსულებმა დააყენეს იქ მცხოვრები ქართველების მოთხოვნა: მდგომარეობა უაღრესად კრიზისულია, სათანადო ორგანოები შეუწყნარებელ უმოქმედობას იჩენენ. არ კმარა ცარიელი დაპირებები და ცალკეული ღონისძიებები. რესპუბლიკის მილიციამ თავის ხელში უნდა აიღოს მდგომარეობის მართვა ცხინვალში, უნდა გაუქმდეს იქ არსებული ეგრეთ წოდებული „თავდაცვის შტაბი“.

საუბარში მონაწილეობა მიიღეს: ზვიად გამსახურდიამ, ელიზბარ ჯაველიძემ, აპოლონ სილაგაძემ, მინდია უგრეხელიძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, გურამ ყორანაშვილმა, რამინ ჭელიძემ, ლევან თოფურიძემ, ვალერი კვარაცხელიამ, ვლადიმერ გოგოლაშვილმა და სხვებმა.

ითქვა, რომ რესპუბლიკის პრესა და ტელევიზია მოსახლეობას ვერ აწვდიან ამომწურავ და ოპერატიულ ინფორმაციას შიდა ქართლში შექმნილ ვითარებაზე, საკავშირო პრესაში კი ცალმხრივი, უპირატესად დეზინფორმაციული მასალები იბეჭდება. ქართველმა ჟურნალისტებმა მიმართვა გაუგზავნეს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს და მინისტრთა საბჭოს.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა