გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზურა ჯიშკარიანის ლექცია

ალტშულერი და შეხვედრა სასწაულთან | ზურა ჯიშკარიანი

ზურა ჯიშკარიანის საჯარო ლექცია შეხვედრა სასწაულთან

01. შემოქმედება, როგორც ზუსტი მეცნიერება

შემოქმედება, როგორც საკრალური ირაციონალურის სფერო, უსხეულო პროტო-ციფრული არსებების ნავსაყუდელი, იდეათა განსაკუთრებული კლასის მუზების VIP განსასვენებელი.

შემოქმედი ადამიანი ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც ცოცხალი ხორცის ანტენა, ბავშვივით გულუბრყვილო და სასტიკი გარემოების ხელებში, რომელიც გარკვეულ პოზიციებსა და მდგომარეობებში ჩვეულებრივი ინფორმაციული შიშინის, ყოველდღიური სემანტიკური ხმაურის ნაცვლად ხანდახან დალაგებული მელოდიების სიგნალებს იჭერს გალაქტიკური რადიოდან მაუწყებლობს.

შემოქმედება ხალხის ძირითადი მასებისთვის ყოველთვის აღიქმებოდა ერთდროულად გარკვეულ სასწაულად და ახირებად ან წყევლად.

შემოქმედების "სასწაულად" აღქმა პირდაპირ მიუთითებს ჩვენი სისტემების საშინლად არაშემოქმედებით საფუძვლებს თუ არსებობის პროცესს. როგორც შემოქმედების ერთ-ერთი ადრინდელი პროფესიონალი მკვლევარი,გენრიხ ალტშულერი ამბობდა –

შემოქმედებითი პიროვნება საგანმანათლებლო, ცენზურისა და ურთიერთქმედების სისტემებში გაჩენილი ხარვეზების შედეგად ჩნდება.

საბჭოთა აზერბაიჯანში დაბადებულმა “გენიოსმა”, ალტშულერმა თავისი კვლევები გამომგონებლური იდეების კვლევით დაიწყო და ჩათვალა, რომ შეძლებდა, ეპოვა ზოგადი ალგორითმები გამომგონებელთათვის, იმ გარკვეული სირთულეების და ბარიერების გადასალახად, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ხვდებოდათ გამომგონებლებს.

ალტშულერმა უამრავი გამოგონების ისტორიის და გამომგონებლის ბიოგრაფიის გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ აზროვნებითი პროცესები ჰგვანან დასწავლილ ალგორითმებს და რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს აზროვნებას, პრობლემების გადაწყვეტის უნარს და შემოქმედებით სამუშაოს "აკონტროლებს" ფსიქოლოგიური ინერცია, დიდი დაღი რომელსაც ჩვენში ტოვებს საგანმანათლებლო სისტემა და საზოგადოებრივი კონდიციონირება. ფსიქოლოგიური ინერცია ის დამღუპველი გზაა, რომლის გამოც ჩვენ ხშირ შემთხვევებში ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ და იმავე ჩიხში ვექცევით.

ახალ ტექნოლოგიას მოჰყვება ახალი პრობლემები და ამ პრობლემების გადასაწყვეტი ახალი მეთოდები – ფიზიკურ ტექნოლოგიებთან ერთად უნდა აზროვნების ტექნოლოგიაც შეიცვალოს.

საგამომგონებლო [ტექნოლოგიური შემოქმედების] სფეროდან ალტშულერმა ნელ-ნელა მხატვრული შემოქმედების სფეროში გადაინაცვლა. მას აინტერესებდა "შემოქმედება, როგორც ზუსტი მეცნიერება", შესაძლებელია თუ არა ხელოვნების ალგორითმიზაცია, ინფორმაციულ ფონზე – ათასობით ხელოვანის ბიოგრაფიის და მუშაობის სტილის გაანალიზებაზე დაყრდნობით, შემოქმედებითი ცხოვრების "რეცეპტის" დაწერა, გენიალურობის ალგორითმის გამოყვანა, შემოქმედებითი ადამიანის ცხოვრებისეული სტრატეგიის დადგენა.

დარწმუნებული ვარ, ამ უკანასკნელი ფრაზის წაკითხვისთანავე ბევრ თქვენგანს ცნობილი ფსიქოლოგიური ინერციის მიხედვით, დაუძლეველი პროტესტის გრძნობა გაგიჩნდათ, მაგრამ შეეცადეთ, არ აყვეთ ინერციას და როგორც ბებერი ლი იტყოდა, შეეცადეთ, გაანადგუროთ ასოციაციური ჯაჭვები, რომლებიც ქმნიან ამ პროგნოზირებად ინერციას.

რაღაც მომენტებში ალტშულერის და მისი "სკოლის" რეცეპტები შეიძლება მიამსგავსო იმ ავადსახსენებელი მაკულატურის მდინარეებს, მენტალურ სპამს "როგორ გავხდე წარმატებული", "როგორ მივაღწიო კარგ კარიერას" და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ ალტშულერის სისტემა ახლოსაც არ დგას ამ პოსტ-ნიუეიჯურ პოპ-ფსიქოლოგიასთან, რამდენადაც "შემოქმედებით პიროვნებას" ალტშულერი საერთოდ არ განიხილავს კარგ კარიერისტად ან კარგ ბიზნესმენად, რამდენადაც თვლის, რომ თვითონ ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობა მთლიანად ანტი-შემოქმედებითია, რაც თავიდანვე ქმნის გარკვეულ ანტაგონიზმებს.

"შემოქმედი პიროვნება არის სასწაული." ეს სასწაული განვითარებისა და აყვავებისთვის საჭიროებს არსებობის სპეციფიკურ წესს.

ალტშულერი ქმნის ინფორმაციულ ფონდს, ეს არის ათიათასობით ბიოგრაფია, პირადი წერილები, შემოქმედებითი მუშაობის მეთოდები თვითონ შემოქმედებებისგან და ამ ინფორმაციული ფონდის გაანალიზების შედეგად მიდის დასკვნამდე:

"შემოქმედებით პიროვნებებს" ბიოგრაფიებს შორის საოცარი მსგავსებებია და ყველა მათგანი გარკვეულ პერიოდებში ერთნაირი სახის პრობლემებს აწყდებოდა. 

რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ გვიყვარს შემოქმედები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, ტანჯვით და ნაადრევად კვდებიან. შემოქმედის ეს ხატი ყველაზე გემრიელი სადომაზო კომერციული ხატია, ინერცია, მასაჟი რომელზედაც ყველანი ჩუმად ვანძრევთ, თუმცა ალტშულერს არ აინტერესებს ეს ტკბილი კომერციული სადომაზო, მას აინტერესებს შემოქმედებითი სტრატეგიის მაქსიმუმი, სოციალურად მოწესრიგებული სივრცე-დროის სისტემის ტოტალური აყირავება შემოქმედებითი სტრატეგიისთვის, და შემოქმედება, როგორც რევოლუციური სუპერ-იარაღი სამყაროს შესაცვლელად.

02. ჭადრაკის თამაში ბედისწერასთან

ალტშულერი იგონებს საინტერესო ანალოგიას: ციფრულ ჭადრაკს, სადაც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეთამაშება ორი მოწინააღმდეგე,

პირველ და უძლიერეს ნაბიჯს ყოველთვის დგამს გარემო მდგომარეობა, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემოქმედებითი პიროვნების პასუხი, და იმისათვის, რომ ეს პასუხი იყოს ადეკვატური, ძლიერი და გააჩნდეს სავარაუდო სამომავლო პასუხების პოტენციალი, საჭიროა შემოქმედებითი სტრატეგიის გამომუშავება.

გარემოების სვლა გამოუთვლელი ნაბიჯია, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე: ეს შეიძლება იყოს ღრმა ეკონომიური კრიზისი, ფიზიკური ნაკლი, ახლობლების სიკვდილი, არახელსაყრელი გარემო, ნებისმიერი რამ, რაც ხელს უშლის შემოქმედებით პიროვნებას განვითარებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოწინააღმდეგის ხელშია ყველაზე მომაკვდინებელი ძალა დრო, რომელიც ყოველთვის მასზე მუშაობს. საპასუხო სვლებთან ერთად, შემოქმედებითი პიროვნება უნდა ცდილობდეს ამ მოუხელთებელი ცხოველის გახედვნასაც.

მოკლედ, აქ იწყება ჩემი ყველაზე საინტერესო მომენტი ალტშულერთან, როცა კასტანედას და სხვა საყვარელი კონსესუალური რეალობის მარგინალების მსგავსად, ის იწყებს საკუთარი ალტერსოციალური სისტემის ჩამოყალიბებას, აქ იწყება თამაში

მოკლე შინაარსი ასეთია:

შემოქმედებით პიროვნებას აქვს მიზანი.
ეს მიზანი უნდა იყოს აბსტრაქტული, მიუღწეველიც კი.
ეს მიზანი უნდა იყოს ერეტიკული.

ამ აბსტრაქტული მიუღწეველი მიზნის მისაღწევად შემოქმედებითი პიროვნება წერს კონკრეტულ "კოდს", ქვემიზნების იერარქიას, რომელთა გადალახვაც საჭიროა, რომ მიუახლოვდე მთავარ მიზანს. მიზნის აბსტრაქტულობას რამდენიმე პლუსი აქვს: ის იცავს მას მცირედი კმაყოფილებებისგან, კარიერისტული ჩიხისგან და თავისი სიდიადის გამო უბიძგებს ორმაგი, სამმაგი და ათმაგი "შრომისკენ".

შემოქმედებითი "შრომა" - აღიქმება, როგორც მოსაწყენი რუტინა, შემოქმედებითი პიროვნებისთვის გადაქცეულია ნარკოტიკად და სიამოვნებად, ის არ აღიქვამს თავის შრომას შრომად, ის არ არის დაქირავებული მუშაკი რეალობის გადამამუშავებელ ქარხანაში, ის თავისუფალი შემოქმედია. ის "მუშაობს" შეუჩერებლივ.

მაგრამ არავინ იცის, რამდენი დრო აქვს მისთვის შემონახული სამყაროს, პლუს, კეისარი ითხოვს კეისრის ვალს, შემოქმედებით პიროვნებას ესაჭიროება საკუთარი განუმეორებელი კალენდრის შექმნა, დროისა და სივრცის ტოტალური, ზოგჯერ კი ტოტალიტარული გადანაწილება საკუთარი მიზნის შესაბამისად.


03. შეხვედრა სასწაულთან

თუმცა აბსტრაქტული მიზანი ნებისმიერ დროს შეიძლება დაფაროს უბრალო შავმა ღრუბელმა, ამისათვის მიზანს უნდა ასაზრდოებდეს სპეციალური სახის ელემენტები. ასეთი სახის ელემენტია ცნება - შეხვედრა სასწაულთან.

ძირითადად, შეხვედრა სასწაულთან ხდება ადრეულ ასაკში, როცა ჩვენი გმირი იხილავს, გაიგონებს ან შეიგრძნობს ისეთ რამეს, რის შედეგადაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრება დაუთმოს გარკვეულ საქმიანობას.

შეხვედრა სასწაულთან ის აფეთქებაა, როცა ყველა ზეგავლენა სუფთავდება და შენ ხვდები, რა გინდა სინამდვილეში.

ხშირად შეხვედრა სასწაულთან იჩრდილება პიროვნების ჩამოუყალიბებლობის ან გარემო პირობების ძლიერი სვლების გამო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საკეისროს გაკეთება და ასეთი შეხვედრის ინსტრუმენტალური დაჩქარება. ესაა მარადიული ჟრუანტელი რაღაც თემაზე, ჩაუქრობელი სურვილი, ჭია სულში, რომელიც გღრღნის, რაც გინდა, ის დაარქვი, შეხვედრა სასწაულთან არის ბედისწერა. პროგრამა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ აინსტალებს შემოქმედებითი პიროვნება საკუთარ თავში, აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად. ამ აბსტრაქტულ მიზანს ალტშულერი კონკრეტული სახელით მოიხსენიებს ღირსეული მიზანი.

შეხვედრა სასწაულთან არის მოვლენა, რომელიც თავის კვალს ტოვებს მთელი ცხოვრება, ამ კვალის საფუძველზე შემოქმედებითი პიროვნება მივა ღირსეულ მიზანთან. აქ კი ალტშულერი სთავაზობს შემოქმედებით პიროვნებას სასოწარკვეთილ ომს, რომელიც რაცინალური გადანაწილების ომიცაა.

მიზნის არჩევა, მიზნის მიღწევის მიმართულებების ძიება, მიზნის მიღწევის კონცეფცია პროგრამა.

ქვემიზნებად დაყოფილი კიბერნეტიკული სისტემა გულისხმობს დროის ტოტალურ ინდივიდუალურ გადანაწილებას და კიდევ ერთ "ეზოთერულ" პრაქტიკას თვითკონტროლს ["სტალკინგი" კასტანედასთან, "რაბოტა" გურჯიევთან და ა.შ.]. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი და საკუთარი ვარსკვლავისადმი მინდობილი არტისტი სწავლობს თვითრეფლექსიას, ამკვიდრებს თვითკონტროლს და ძალაუნებურად აკეთებს იმას, რასაც ლუსიდ დრიმერები აკეთებენ თავიანთ დასაწყისში ბუნდოვან და უკონტროლო სიზმრებში. ის პოულობს საკუთარ თავს და იღვიძებს საკუთარ სიზმარში.

"შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი პარამეტრი ღირსეული მიზანია."

ეს მიზანი ძალიან ინდივიდუალური ახირებაა, მაგრამ მისი მიღწევა გლობალურ ცვილებებს გულისხმობს.

"ჩვენი მუშაობის ცენტრალური იდეა იდეალური პარტიის მოფიქრებაა თამაშში, რომელშიც შემოქმედებითი პიროვნება გამოდის შინაგანი და გარეგანი გარემოებების წინააღმდეგ".

ყოველ მიღწეულ მიზანს ალტშულერი განიხილავს, როგორც სისტემურ იერარქიას სამი ნაწილით: 1. მიზანი 2.ზე-მიზანი 3.ზე-ზემიზანი,

ხშირად მიზანი 1 არის ტექნიკური, მიზანი 2 – მეცნიერულ-ტექნიკური და მიზანი 3 – სოციალურ-მეცნიერული.

მაგალითი:

მიზანი 1: ელექტრონული ლამპის გამოგონება

მიზანი 2: ელექტრიფიკაცია

მიზანი 3: სოციალური გადაწყობა საყოველთაო ელექტრიფიკაციის საფუძველზე.

შესაბამისად, ასეთი სახის ღირსეულ მიზანზე ლაპარაკობს ალტშულერიც და შიგადაშიგ განიხილავს სხვადასხვა ადამიანის ბიოგრაფიებს.

ალტშულერი ეხმაურება არაადეკვატურობასაც, რომელიც თითქოს დამახასიათებელია აბსტრაქტული მიზნისკენ მიმავალი ადამიანისთვის.

მსუბუქი სახის არაადეკვატურობა დამცავი ფარია რუტინის რვაფეხებისგან.

დაცინვა ან დიდი წინააღმდეგობა, რომელსაც შეხვდებით – ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია იმისა, რომ სწორი მიმართულებაა აღებული, ყოველ ასეთ წინააღმდეგობაზე ან დაცინვაზე შემოქმედებითმა არტისტმა უნდა უპასუხოს საკუთარი ქმედებების ორმაგი აქტივაციით. "არადეკვატურობა დღეს არის ძალაუფლება მომავალში".

ესაა ძალიან მოკლე შინაარსი ალტშულერის შეიძლება უკვე მოძველებული სისტემის, რომლის ხიბლი, ალბათ, თვითონ ავტორის გადამდები აღფრთოვანებები და შემოქმედების, როგორც საკრალური სფეროს კიბერნეტიკული გააზრების მცდელობებია. ვინაიდან არ არსებობს მარად უცვლელი და საკრალური სფერო ან საგანი, რამეთუ ცვალებადია ყველაფერი და ემორჩილება ენტროპიას და სიკვდილს, მხოლოდ ამ პროცესებს შორის მცირეოდენი გამონათებების პერიოდებში გვაქვს საშუალება, რამე შევცვალოთ, გისურვებთ, განიცადოთ პირადი სასწაული და გარემოებები დაამარცხოთ ცხოვრების ჭადრაკში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა