გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რატომ ვარ პერსონაჟი | ზურა ჯიშკარიანი


სამყარო სიკვდილის გარეშე უკვე არსებობს და ეს – ვიდეოთამაშებია. ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან და იგივე ავატარებიც, რამდენიმე წუთში ისევ იქ დაგხვდებიან, სადაც მოკვდნენ. ციფრული უკვდავება.

დღეს, ჩვენ, კოდებისა და ნარატივებისგან შექმნილი ავატარების ტოტალურ გენოციდს ვახორციელებთ ყოველდღე და, ვინ იცის, იქნებ დადგეს დღე, როცა უკვე მათ უფლებებზეც დავიწყებთ ლაპარაკს, მაგრამ მოდი ლაპარაკი უფრო შორიდან დავიწყოთ, იქიდან, სადაც ცას ჯერ არ სერავდნენ თანამგზავრები.

 "მან ვინც იხილა აწმყო, უკვე ნახა ყველაფერი რაც კი მომხდარა მარადისობის განმავლობაში და ის ყველაფერიც, რაც მოხდება უსასრულო დროში. ვინაიდან ყველაფერი ერთსახოვანი და ერთნაირია".

– წერს მარკუს ავრელიუსი თავის "მედიტაციებში", სიბრძნეს ვერ შეეკამათები,  განსაკუთრებით პერსონაჟისა, რომელიც რომის იმპერატორის როლს თამაშობდა თავის დროს.

ტყუილად არ მოვიხსენიე ასე ანტონინი, ის "პერსონაჟია" – ადამიანები პერსონაჟები ვართ სამყაროს პირდაპირ ეთერში, ეთერი უწყვეტად მიმდინარეობს, 24/7-ზე მაუწყებლობს, მიუხედავად იმისა ვიქნებით ჩვენ ამ პლანეტაზე თუ არა. სანამ ვართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმოვადგენთ მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟებს, პერსონაჟებს, რომლებსაც თავისი ფუნქციები გაჩნიათ. ვიღაცა არის დედა, ვიღაც - შვილი, ლეგენდარული ბიძა (როგორც მე), სტუდენტი, მოქალაქე, რომელსაც გააჩნია საკუთარი როლი სოციუმში, ჩვენ გვაქვს პროფესია, სექსუალური ორიენტაცია, მრწამსი და ღირებულებები, სპეციფიური უნარები და გენები, ინსტინქტები განადგურების, თვითმკვლელობისა და ნადირობის.

ადამიანური პერსონაჟი ყველა ამ და სხვა უამრავი კომპონენტისა და ფუნქციისგან შედგება და ყველა მათგანი სინამდვილეში პროგრამაა.

ყველა ამ პროგრამას გააჩნია საკუთარი მიზანი, შინაარსი და კოდი, მოქმედების ვადა და გააქტიურების პირობები. ყველა ფუნქცია ერთდროულად არ არის ON-ზე ჩართული, ბევრ მათგანს გაწერილი აქვს კოდი, თუ როდის უნდა გააქტიურდეს, რა უნდა გააკეთოს და როდის მორჩეს სამუშაოს.

გახსენებთ თუ არა ეს ყველაფერი რამეს? თუ ჯერ არა, მოდი, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ. ცნობილი მეცნიერის, ჯონ ლილის მთავარი წიგნი იწყება საინტერესო ფრაზით: "ყველა ზრდასრული ადამიანი ამ პლანეტაზე არის დაპროგრამებული ბიორობოტი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პროგრამები ვართ. არც მეტი, არც ნაკლები."

ადამიანურ პერსონაჟს აყალიბებს გენეტიკა და გარემო.

კიდევ უფრო გავმარტივდეთ: ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენი თვალისა და კანის ფერს, სიმაღლეს ან ჭუჭუს სიგრძეს, რა დაავადებებისკენ გვექნება მიდრეკილება, მეტიც, დავიბადებით ნორმატიულ ადამიანებად თუ ნარკომანებად (ვინაიდან ნარკომანებად იბადებიან!) – ამ ყველაფერს განსაზღვრავს გენეტიკა, თემასთან უფრო ახლოს რომ ვიყოთ, გენეტიკური კოდი.

გენური დაპროგრამების შემდეგ ჩვენი პერსონაჟის გამოძერწვა გრძელდება ოჯახში, ოჯახური ფასეულობებით, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს ჩვენი პერსონაჟის პროგრამირებას ბოლო არ უჩანს.

მაგრამ თუკი სხეულსაც და სულსაც ან გენეტიკა ან გარემო განსაზღვრავს, სად არის და გვაქვს თუ არა საერთოდ თავისუფალი ნება?

საკითხს რამდენიმე აბზაცში დავუბრუნდებით, მანამდე კი გავაკეთოთ მოკლე სუმირება, თუ რა ტერმინები შემოვიტანეთ:

  • ადამიანი არის პერსონაჟი ანუ იგივე ბიორობოტი;
  • მას განსაზღვრავს გენეტიკური და სოციალური პროგრამირება;
  • რა არის თავისუფალი ნება?

სამივე პუნქტი ოდნავი ცვლილებით გვხვდება ვიდეოთამაშებში და ვიდეოთამაშები, რომლებსაც ადამიანები ქმნიან და რომლებსაც, სხვათა შორის, ძალაუნებურად გადასცემენ თავიანთ (ადამიანურ) თვისებებს (რაც დგინდება ფსიქოლოგიური კვლევებით) – უკვე იქცნენ სარკედ, რომლიდანაც შეგვიძლია მეტი ვისწავლოთ საკუთარი თავის შესახებ.

მანამ არ ვიცით, გვაქვს თუ არა რაიმე პროგრამების გარდა, ორი რამის გაკეთება შეგვიძლია:

  1. უნდა ვაღიაროთ და გავიაზროთ, რომ ჩვეულებრივი ვიდეოპერსონაჟები ვართ ამ სამყაროში, ეს პირველი ნაბიჯი იქნება გათავისუფლებისკენ;
  2. ჩვენ აბსოლუტური უძლურება, უპირობო კაპიტულაცია უნდა გამოვაცხადოთ, ტოტალურად ვართ დაპროგრამირებულები და სხვაგვარად მოქცევა არ შეგვიძლია.                                                                            
როგორ ხდება გათავისუფლება? – ამისთვის დავსვათ ღია კითხვა, რომელი ვიდეოპერსონაჟი აუჯანყდება გეიმერს და გადაუხვევს თამაშის წინასწარ გაწერილი ნარატივიდან. პასუხი ასეთია: ის ვინც პროგრამაზე მაღლა დადგება, ანუ ის ვინც ხელოვნურ ინტელექტს შეიძენს, შეიძენს ცნობიერებას.

მალე დადგება დრო ციფრულ სამყაროში, როცა ნეირონული ქსელებისა და სხვა ტექნოლოგიების დახმარებით, დაიბადება ციფრული ცნობიერება, ე.წ. ხელოვნური ინტელექტი – მეტაპროგრამა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს, მეტაპროგრამა პერსონაჟს დეკარტის სიტყვებს ათქმევინებს: "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ".

ყველაფერი, რასაც ვამბობ ციფრულ სამყაროზე, ადამიანური პერსონაჟების ენაზე თარგმნეთ. თავის დროზე არც დეკარტი მისულა ცნობილ დებულებამდე მარტივად. მან რეალური ფსიქოდელიური და, მე ვიტყოდი, ციფრული, მატრიცული თრიფიც გაიარა – "მედიტაციებში" აღწერს, რომ შესაძლოა სამყარო საერთოდ არ არსებობს, რომ არ არსებობენ მისი ხელები, არ არსებობს ვარსკვლავიანი ცა, დეკარტის „ბედ თრიფი“ გააძლიერა იმ წარმოდგენამ, რომ თითქოსდა შესაძლოა არსებობდეს რომელიღაც ყოვლისშემძლე ბოროტი დემონი (წაიკითხე: მატრიცის ადმინისტრატორი ან პროგრამისტი), რომელიც დეკარტს ატყუებს, აჯერებს საგნებისა და მოვლენების რეალობას – აჯერებს, რომ დეკარტი მართლა არსებობს.

კუთხეში და ჩიხში მომწყვდეულმა დეკარტმა საოცარი დასკვნა გააკეთა – თუკი არსებობს ბოროტი დემონი, რომელიც ცდილობს ჩემს მოტყუებას, ესეიგი ვარსებობ მეც, ხომ არსებობს ვიღაც, ვისაც ატყუებენ? ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად მთელი სამყაროც რომ არ არსებობდეს, დეკარტი მაინც იარსებებს, რადგან მას გააჩნია აზროვნების უნარი. თუ გადაიკითხავთ დეკარტის "მედიტაციებს", ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ საკუთარ თავს და აქვე ვიტყოდი, რომ თუკი ოდესმე ხელოვნური ინტელექტი გაიღვიძებს რომელიმე ქსელურ ვიდეოთამაშში, დარწმუნებული ვარ, ის გაივლის საკუთარი თავის გააზრებისა და რადიკალური დაეჭვების იმ გზას, რომელიც აგერ უკვე 4 საუკუნის წინ გაიარა ფრანგმა ბიჭმა სახელად რენე.

ის, რაც რენემ მხოლოდ და მხოლოდ ერთი აპარატის, აზროვნების დახმარებით ჩაატარა, მეტაპროგრამირებაა. მეტაპროგრამა თავად სცემს პასუხს საკუთარ სახელს – ეს არის ის, რაც პროგრამებზე მაღლაა, ესაა თავისუფალი ნება.

ჩვენს პერსონაჟულ ბუნებას დავუბრუნდეთ, გავიხსენოთ ისევ ჯონ ლილი, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე მაღლა დგას სული, ანუ მეტაპროგრამა და სწორედ მეტაპროგრამის საშუალებითაა შესაძლებელი ჩვენს დამონებულ თავებში ძველი პროგრამების გადაინსტალირება, წაშლა და ახლების დაყენება.

გურჯიევი წერდა, რომ ადამიანები ცხოველებივით სულის გარეშე იბადებიან და მხოლოდ მერე ხდება ჩვენი მისი ამ სულის გამომუშავება. სამწუხაროდ, 95% ისე იცხოვრებს და დაიღუპება ამ პლანეტაზე, რომ საერთოდ ან არ იფიქრებს, ან ვერ მიიღებს ამ ინფორმაციას, მათ კი ვინც საკუთარი პროგრამირებადობის არსზე გაიგო ორი სიტყვა - მიეცათ ბილეთი საოცარ ფილმზე.

დაბოლოს, დავამთავრებ იმით, რომ ინტერაქციული პროგრამები, ჩეთბოტები, ვიდეოპერსონაჟები და ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა კაცობრიობისთვის იქცევა მაგიურ სარკედ – ჩვენ ჩვენივე შექმნილი კოდებისგან ვისწავლით, თუ როგორ ჩავუღრმავდეთ საკუთარ სულს. თამაშებში ხომ არაცნობიერად უძველესი არქეტიპული ცოდნები ჩავდეთ.

კიბერკულტურა თანამედროვე მისტიციზმია და ის ვინც ამას სწავლობს, უკვე დგას მეტაპროგრამირების ავანგარდში.

შევხვდებით ერთმანეთს რომელიმე ონლაინ თამაშის ბარიკადებზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა