ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შოკოლადი, რომელიც სინდისს არ ქენჯნის

ჩემმა შვილებმა იციან, ნახევარფაბრიკატებს არ ვაღიარებ და ყველაფერზე მეკითხებიან: ეს სახლში გაკეთებულია? სახლში გაკეთებული მათთვის ჯანსაღის სინონიმია და ასეცაა – როცა სახლში ამზადებ, თავად ირჩევ პროდუქტის ნატურალურობას. თუმცა, ჩემი შვილები ისევე, როგორც, ალბათ, თქვენი შვილები, აღმერთებენ ნახევარფაბრიკატებს – ძეხვსა და სოსისებს, სწრაფი კვების ბურგერებსა და ათასგვარი მინარევებით გაჯერებულ შოკოლადებს. ამიტომ შემრიგებლური ტონით ასეც მეკითხებიან ხოლმე: ეს ძეხვი სახლში გაკეთებული რომ ყოფილიყო, მოგეწონებოდა? რატომ არ ვჭამო ეს შოკოლადი, აბა, შენ გამიკეთებ?

არაფერი უნდა ამ კითხვებზე ჩემს წამოგებას. როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო ამ დროს, მაინც მომენტალურად გადავდივარ ხოლმე ოცნებებში: გავიხსენებ „ლიონებერგელი ემილის“ იმ ეპიზოდებს, როცა შინაურ ძეხვს ამზადებენ ემილის დედა და კრესა-მაია; ანდა ვიწყებ პირობის დადებას, რომ აი, ხვალ აუცილებლად ვასწავლი ანდრიასაც მაიონეზის სახლში მომზადებას (ქარხნული ძალიან უყვარს, მე კი, რა თქმა უნდა, არასდროს ვყიდულობ); და ვაჩვენებ , როგორ კეთდება სახლში შავი შოკოლადი.

ამ პირობას ხომ ვდებ ხმამაღლა და თან მასობრივად წარმოებული შოკოლადის ანტიპროპაგანდას ვეწევი ბავშვებთან: ერთად ვკითხულობთ ეტიკეტებს, შემაშინებლად გამოვთქვამ ქიმიური მინარევების აბრევიატურებს. კი, ვთამაშობ და ვიმანჭები ამ დროს, ვითომ მონსტრებზე ზღაპარს ვკითხულობდე, მაგრამ მართლა მისკდება გული, როცა ვკითხულობ, რამდენი არაბუნებრივი მინარევი აქვს ერთ 78-გრამიან შოკოლადს. 

შვილების ჯანსაღ კვებაზე გაფაციცებული დედები „ყნოსვით“ პოულობენ ერთმანეთს. ანაც ასე გავიცანი. უფრო სწორად, სტანდარტულად გავიცანი, მაგრამ მასში ჩემნაირი დედა ზუსტად ასე, ალღოთი შევიცანი.

ანა უკრაინელი ახალგაზრდა ქალია, რამდენიმე ხანია თბილისში ცხოვრობს, ორი შვილი ჰყავს და ბევრი დედის ოცნებას იხდენს – შვილებს შოკოლადებს თავისი ხელით, შინ უმზადებს. თავდაპირველად ვებსაიტი გააკეთა იმ მიზნით, რომ თავისი წილი პროპაგანდა გაეწია დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის. ამისთვის სამედიცინო ლიტერატურისა და კვლევების დამუშავება დაიწყო და ნაცნობ ექიმებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მარტივ, სახალისო ენაზე წერდა სტატიებს იმ კავშირის შესახებ, რაც კვებასა და ჯანმრთელობას შორისაა. როგორია მომატებული ქოლესტერინის მავნე გავლენა, როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი, რა როლი აქვს სასარგებლო ცხიმებს და ა.შ.

შემდეგ ვებსაიტს ონლაინმაღაზიის ფუნქციაც მიამატა. ახლა ორგანიკა.გე-ზე ბევრი საინტერესო პროდუქტი იყიდება, მათ შორისაა ინგრედიენტები, რაც შინაური შოკოლადის მოსამზადებლადაა საჭირო.

შინაური შოკოლადიც ისეთივე სურნელოვანი გამოდის, როგორც – „ნამდვილი“; რაც მთავარია, ბავშვები ვერც კი ხვდებიან, რომ მასში მინიმალურადაა შაქარი. შეგიძლია სასარგებლო თხილეულიც დაუმატო, ქიშმიშიც, კენკრაც; და შოკოლადი, რომელსაც სხვა დროს წონაზე დარდის გარეშე ვერ შეჭამდი, სასარგებლო დესერტადაც კი აქციო – დესერტად, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით გავსებს.

მე პირადად სწორედ ანამ მიმახვედრა, რომ ზოგჯერ ბავშვების „ჩამჭრელ“ კითხვებს ოცნებებში წასვლით, „ლიონებერგელი ემილის“ თაროდან გადმოღებით კი არა, სამზარეულოში მათი შერეკვით უნდა ვუპასუხო – აბა, თუ ბიჭები ხართ, მოდით, ერთად გავაკეთოთ შოკოლადი!




შოკოლადი კერობით 
> 100 გ კაკაოს ზეთი
> 4-5 ს.კ. კერობი (რაც მეტს ავიღებთ, მით უფრო ინტენსიური იქნება გემო)
> 2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი (თეთრ ნამცეცებად დაეტყობა შემდეგ)
> 1 ს.კ. ლერწმის შაქარი ან 1 ს.კ. თაფლი.





შოკოლადი კაკაოს ნატეხებით
> 100 გ კაკაოს ზეთი
> 80-90 გ კაკაოს ნატეხები
> 2 ს.კ. თაფლი
მოვამზადოთ ცხელი წყლის აბაზანა და ზემოდან შემოდგმულ ჯამში გავადნოთ კაკაოს ზეთი, დავუმატოთ კაკაოს ნატეხები, ფხვნილი ან კერობი და გამუდმებით ვურიოთ. ბოლო ეტაპზე დავუმატოთ შაქარი ან თაფლი. ჩავასხათ სასურველ ფორმებში (ბავშვების გასახალისებლად სხვადასხვა სათამაშოს გამოყენებაც შეიძლება) და რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში.
P.შ. კერობის და სხვა „სუპერგმირების“ შესახებ წაიკითხეთ სტატია მე-10 გვ.-ზე.