სიცილიელი. მარტინ სკორსეზე
16-24 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თიბისი სტატუსის კინომარათონი გრძელდება. ამ თვის რეჟისორი მარტინ სკორსეზეა და თქვენ დიდ ეკრანზე მისი 5 გამორჩეული ფილმის ნახვას შეძლებთ: „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, „მაგარი ბიჭები“ და „კომედიის მეფე“.
„ჩემგან ასე შორს რატომ ხარ? ჰა? რატომ დაჯექი შორს? მოდი აქ,“- ეუბნება ქმარს და ხელით ანიშნებს - აქ დაჯექიო. ტყავის ტახტზე სხედან. ტიპური 70-ების კაბა აცვია, ტანზე მომდგარი, წინ ღილებით რომ იკვრება. სახასიათო ფორმის ცხვირზე დიდ შუშებიანი სათვალე უკეთია და ჭაღარა თმა, ჩიტის ბუდესავით, მომრგვალებულად აქვს აფუებული. ოდნავ შეპუტკუნებულ ბიბილოებზე თეთრი ფერის კლიფსის საყურეები მოჩანს. „ხო იცით როგორ ამბობენ? - ენერგიულად განაგრძობს ქალი, - რომ ბერდები სიყვარულიც ძლიერდება!... ნუ გადმოჯექი!“. სანამ კამერს აყენებენ, კადრში კიდევ ერთი გმირი ჩნდება. ახალგაზრდა, საშუალო სიმაღლის და საკმაოდ გამხდარი მამაკაცი წინდაუკან დადის, ხან ასაკოვან წყვილს ესაუბრება და ხან ოპერატორს აძლევს მითითებებს. მარტი, როგორც შინაურები მარტინს ეძახიან, ამ ფილმის რეჟისორია. გადაწყვიტა, თავის მშობლებზე, ამერიკაში მცხოვრებ იტალიელ ემიგრანტებზე კეტრინ და ჩარლზ სკორსეზეებზე დოკუმენტური ფილმი „იტალიურ-ამერიკული“ გადაიღოს. „მარტინ, სად ვიყურო, შენ გესაუბრო თუ კამერაში ვილაპარაკო? - არ ჩუმდება კეტრინი - ნუ გამარკვიეთ საითკენ?! და... კითხვებს თქვენ დამისვავთ? დამისვით რა, განა ასე უკეთესი არაა?!“. - „კარგი,- მოულოდნელად ისმის კითხვა კადრს მიღმა, - მაშინ გვითხარით, როდის გააკეთეთ პირველად ხორცის ეს წვნიანი?“.
მანჰეტენის იმ ნაწილს, სადაც უამრავი სიცილიელი ემიგრანტი ცხოვრობდა „პატარა იტალიას“ეძახდნენ. ერთგვარი კომუნა იყო, ამერიკული სიცილია. ყოველ დღე, სკოლაში წასვლის წინ ჯერ მაღაზიაში შეივლიდა ხოლმე, სადაც გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ზეთისხილის ვებერთელა კასრები ელაგა, კედელზე გენიალურად შეზავებული ვიჩინა ეკიდა და ხორცის დელიკატესებს, ტუნას სალათასთან ერთად, მაღაზიის მფლობელი საკუთარი ხელით ამზადებდა. „ტორმინელი... და იცით რა სურნელი ტრიალებდა იქ? დაუჯერებელი!“ - იმ პატარა ოთახში გამოკეტილ სურნელებს მარტი ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებს. „პატარა იტალიაში“ არაერთხელ აღმოჩენილა სისხლიანი, მაფიოზური გარჩევების თვითმხილველი. ამიტომ ბავშვობიდანვე ძალიან კარგად იცოდა, სად რა უნდა ეთქვა და როდის უნდა გაცლოდა დაძაბულ სიტუაციას. მთელი ბავშვობა ჩაშხამებული ჰქონდა, ასთმა ბევრ რამეში უშლიდა ხელს. მაგალითად არ შეეძლო სხვა ბავშვებივით ეზოში ჩასვლა და თამაში. სპორტიც დახურული თემა იყო. ეგ კი არა, ექიმი ხშირად აფრთხილებდა „ბევრი არ იცინო, სპაზმი დაგეწყება და მოკვდებიო“. ექიმის ეს დანაპირები ყოველი შემოტევისას ახსენდებოდა. მშობლები ბევრს მუშაობდნენ და სახლში დაღლილები ბრუნდებოდნენ. არც ძილის წინ უკითხავდა ვინმე წიგნს. ამ წმინდა წყლის სიცილიური ოჯახის წევრები მხოლოდ კინოში წასვლისას ერთიანდებოდნენ. აი მაშინ, ოთხივე ერთად (ძმა ფრენკთან ერთად) მიაბიჯებდა ახლომდებარე კინოთეატრში და დიდ ეკრანზე, რომელიმე მორიგ ამერიკულ კლასიკას უყურებდნენ. ალბათ აქედან მოდის მისი დიდი სიყვარული კინოს მიმართ, რომელიც მშობლების სიყვარულთან სამუდამოდ გადაიჯაჭვა.
ელიზაბეტ სტრიტზე #232 სახლში გაიზარდა. მათთან ხშირად ჩამოდიოდნენ დედის ნათესავები მისი მშობლიური მხარიდან - სიცილიაში, პალერმოსთან ახლოს მდებარე პატარა სოფლიდან ჩიმინადან და ამიტომ, ყველა რომ შეიკრიბებოდა, ჩვენი სახლი პატარა ჩიმინას ემსგავსებოდაო. თავის დროზე იგივე ხდებოდა თურმე ქუჩის გადაღმა #241 სახლში, სადაც მისი მამა ცხოვრობდა. იქ ხალხი მამის სოფლიდან, ასევე პალერმოსთან ახლოს მდებარე პოლიცი ჯენეროზადან ჩადიოდა. ეს ორი სახლი ერთმანეთის პირისპირ იდგა და დედა უყვებოდა, როდესაც მე და მამაშენმა ერთმანეთი გავიცანით, ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემა გვქონდა: სხვადასხვა ეროვნების ვიყავითო. „ჰაჰაჰა, წარმოიდგინეთ? - ხარხარებს ამ ამბის მოყოლისას მარტი, - ასე ამბობდა, „სხვადასხვა ეროვნებისო“, არადა სინამდვილეში, სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ“.
კინო და რელიგია ერთად შემოვიდა ცნობიერებაში. მძიმედ ავადმყოფს, რელიგია მეხმარებოდაო. მღვდლობასაც კი აპირებდა, რომ არა სასულიერო აკადემიიდან მოსული უარი. მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამით რამე დაკარგა - კინო და რელიგია დიდად არც განსხვავდება ერთმანეთისგანო. ჰოლივუდის კლასიკაზე გაიზარდა. უყვარდა ეს ძველმოდური ფილმები და ათასჯერ შეეძლო ენახა მაიკლ პაუელის „წითელი ფეხსაცმელები“, სანამ 1961 წელს, ანტონიონის „თავგადასავალი“ არ ნახა. მაშინ მიხვდა, თავადაც დიდი სიამოვნებით გადაიღებდა. მიხვდა, რომ კინო თანამედროვეობის ამსახველი ძლიერი იარაღი იყო.
მისი პირველი ხმამაღალი ფილმი, რომლითაც ყურადღება მიიქცია „ბოროტი ქუჩები“ იყო. გამორჩეულად ძლიერი და სასტიკი შედევრი. „მეგონა ამ ფილმს ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ვაკეთებდი, არადა სინამდვილეში მამაჩემსა და მის ძმაზე გამიმივიდა. მამაჩემი ნიუ-იორკში დაიბადა, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა და იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილი სიცილიელი. უჭირდა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც „პატარა იტალიის“ კრიმინალური სამყარო ბატონობდა. მისი უმცროსი ძმა კი, სულ რაღაც ისტორიებში ეხვეოდა. ფილმის სიუჟეტშიც ასეა, უმცროს ძმას ადგილობრივი ბანდიტების ვალი აქვს და უფროსი ძმა, მას გადარჩენასა და ოჯახის ღირსების დაცვაში ეხმარება. იცით, იტალიური ოჯახების წევრები ემოციურად საშინლად გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთთან... ბიძაჩემი, მამაჩემის გარდაცვალებიდან ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა“.
სკორსეზეს პირველ ნამუშევრებში უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ის თემები და გმირები, რომლებსაც არაერთხელ შეხვდებით მის ფილმებში: „მაჩო“ კაცები, უმწიკვლო გარეგნობის ქერა, ცისფერთვალება ქალები, კრიმინალური სამყარო დევნითა და თვალთვალით, ქუჩის სისხლიანი გარჩევები, ნარკოტიკები... მარტინ სკორსეზემ ამერიკული კინოს ისტორია შექმნა: „ბოროტი ქუჩები“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „ფულის ფერი“, „შიშის კონცხი“, „მაგარი ბიჭები“, „კაზინო“, „ავიატორი“, „შეშლილთა კუნძული“, „ჰიუგო“... ყოველთვის ახერხებდა, ერთი შეხედვით ბანალური ანდა ჰოლივუდისთვის უკვე კარგად გადაღეჭილი თემები ახლებურად გადაეთამაშებინა და „პოპ-კორნული“ ჰოლივუდური კინოსგან, საავტორო კინო შეექმნა.
„არა, რა სისულელეა, რომ მე, ძალადობის პროპაგანდას მაბრალებენ. არც ერთ ფილმში არ ვაკეთებ ამას. ნუ, თუ ფილმი მაფიაზეა, რა თქმა უნდა დრო და დრო ვიღაც გაისვრის, რას ვიზავთ! მაგრამ მე ჩემს თავზე ვიღებ, რომ ის სიკვდილი რომელსაც აქ ნახავთ, მაქსიმალურად რეალისტური იქნება. აი ხომ გახსოვთ „მაგარი ბიჭები“ და „კაზინო“? ამ ფილმებზე კონსულტანტად ყოფილი დაქირავებული მკვლელი მყავდა აყვანილი. მეტი რეალისტურობისათვის“. ხშირად აკრიტიკებდნენ და იტალიელების ცუდი კუთხით წარმოჩენაში სდებდნენ ბრალს. როდესაც წლების წინ „ბოროტი ქუჩების“ გამართულ პრემიერაზე მარტი დედასთან ერთად დაესწრო ჩვენებას, ამ უკანასკნელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ მოგეწონათ თქვენი შვილის ფილმი? (თან ფილმის ნახევარი ხომ კეტრინის სახლში იყო გადაღებული). კეტრინმა იტალიური ტემპერამენტითა და ოდნავ დაბნეული სახით უპასუხა - „მინდა იცოდეთ, რომ წარმოდგენა არ მაქვს სად გაიგონა ეს სიტყვები. ჩვენ სახლში ასე არ ვლაპარაკობთ. ალბათ ქუჩაში?!“.
„მარტისთან მოედანზე ისეთივე სიჩუმეა, როგორც ეკლესიაში“, - თქვა ერთხელ მეთ დეიმონმა. ენერგიული და ოდნავ ნევროტული მარტი, მსახიობებს მოედანზე სრულ თავისუფლებას აძლევს. თვლის, რომ მსახიობი პატარა ბავშვივით უნდა გაანებივრო და ეს აუცილებლად, კარგ შედეგს მოგიტანს. ამის საილუსტრაციოდ „ტაქსის მძღოლის“, ამ საკულტო ფილმის საკულტო სცენის გახსენება შეიძლება - როდესაც წელს ზემოთ შიშველი დე ნირო სარკეში ესაუბრება თავის თავს და იარაღს უშვერს - “You talkin’ to me? Ha? You talkin’ to me?... Well, I'm the only one here.” – “იცით, სცენარში ცარიელი ადგილი დავტოვე და ბობს ვთხოვე (ასე ეძახის ის დე ნიროს), რაიმე ეთქვა სარკის წინ. სულერთია, რაიმე. აი ასე გაჩნდა ეს ლეგენდარული ფრაზაც“.
საშინელი პერიოდი ჰქონდა. ჯერ განქორწინდა, მერე მაგრად იჩხუბა ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტთან და სამსახურიც დაკარგა. ფული არ ჰქონდა, მანქანაში ეძინა და იქვე სვავდა. პორნოფილმების კინოთეატრი Pussycat-ის (აი იქ, სადაც კვენტინ ტარანტინო მოგვიანებით დაიწყებს მუშაობას) დარბაზში, ღამე რჩებოდა ხოლმე. ამ ყველაფერის შედეგად, 27 წლის სცენარისტი პოლ შრედერი სისხლმდენი კუჭის წყლულით საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქ მიხვდა, უკვე ერთი თვე იყო რაც არავისთან ულაპარაკია. ამ ყველაფერზე ფიქრობდა, რომ უეცრად თვალწინ ტაქსის სურათი გაჩნდა, ქალაქში მოსიარულე ბორბლებიანი რკინის კუბოსი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა. ის თითქოს მუდამ ხალხის გარემოცვაში იყო, მაგრამ ამ დროს, სრულიად მარტოდ გრძნობდა თავს. მივხვდა, თუ ამ გმირზე სცენარს არ დაწერდა, მაშინ თავად აღმოჩნდებოდა მის ადგილას. საავადმყოფოდან გამოვიდა თუ არა, ყოფილ გოგოსთან დაბინავდა და სცენარის წერა დაიწყო. მისი პირველი ვარიანტი 60 გვერდიანი იყო, მაგრამ სცენარით არავინ ინტერესდებოდა. ბრაინ დე პალმასაც (რეჟისორი ფილმებისა: „ნაიარევი სახე“, „კარლიტოს გზა“) კი წააკითხა, თუმცა „საჩემო არ არისო“, - მიიღო პასუხად. საბოლოოდ, სცენარი პროდიუსერმა მაიკლ ფილიპსმა სულ რაღაც 1000 დოლარად იყიდა.
„ტაქსის მძღოლი“ ეს არის ქალაქური ლეგენდა, მაქციის ისტორია, ურბანული იზოლაციის შედევრი, რომელიც მაყურებელს განადგურებული მთავარი გმირის თვალებით აჩვენებს სამყაროს.
„როდესაც მარტიმ დედას დაურეკა, მან იფიქრა რომ მარტი გაგიჟდა. მერე ისინი კი შეხვდნენ ერთმანეთს და როგორც სჩანს, მარტიმ დედა გადაარწმუნა“, - იხსენებდა ჯუდი ფოსტერი (ის მაშინ 13 წლის იყო), რომელსაც ფილმში არასრულწლოვანი მეძავი უნდა ეთამაშა. „მეგონა, ეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო იქნებოდა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა, რომ პერსონაჟი ნულიდან უნდა შეგვექმნა. მანამდე ასეთი რამ არ გამიკეთებია. მე და რობერტი (დე ნირო) ერთად ვსადილობდით, ვსეირნობდით ქალაქში, ერთად ვკითხულობდით სცენარს. დასაწყისში ძალიან მოსაწყენი იყო ეს ყველაფერი. ის რაღაცნაირი იყო, ჩაკეტილი, მგონი როლში შედიოდა. მე კიდევ სულ თვალებს ვაბრიალებდი, რადგან მასთან საერთო ენის გამონახვა მიჭირდა. ბევრჯერ მიტირია საგრიმიოროში, ვერ ვიტანდი იმ დურაკულ მოკლე შორტებს, ფეხსაცმელებს მაღალ პლაფორმაზე და მოკლედ გადაჭრილ ზედებს“. ღამღამობით დე ნირო ქალაქში ტაქსით გამოდიოდა. ღამის მგზავრები ხან ნიუ-იორკის გაჩახჩახებულ, ხან კი მის ყველაზე ჩაბნელებულ, ვიწყო ქუჩებში დაჰყავდა. - „ღმერთო! თქვენ ხომ შარშან „ნათლიაში" „ოსკარი“ მოიგეთ და ახლა რა? ტაქსაობთ?“ - შეჰყვირა უკანა სკამზე მოკალათებულმა ღამის მგზავრმა. ახალგაზრდა იყო, დამწყები მსახიობი. – „არა, მასალაზე ვმუშაობ, - გულახდილად უპასუხა მძღოლის ამპლუას მორგებულმა დე ნირომ; - „კარგი, კარგი, - მეგობრულად უთხრა უცნობმა და მხარზეც მოუთათუნა, - „რა მოხდა მეგობარო, ვის არ მოსვლია!“.
„ტაქსის მძღოლი“ ძალიან მოკლე პერიოდში და მინიმალური ბიუჯეტით გადაიღეს. შთაგონებას, ჟან-ლიუკ გოდარისგან ვიღებდითო. ტრევისის (დენირო) და აირისის (ფოსტერი) ბინებს მიგდებულ შენობებში იღებდნენ და თან ბანდიტებს ქირაობდნენ, რომ მათ, ისინი სხვა ბანდიტებისგან დაეცვათ. როდესაც ფილმის ჩვენება კანში გაიმართა, ყველანი იქ იყვნენ. მაშინ, ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა დაწერა, ჟიურის პრეზიდენტი ტენესი უილიამსი საშინლად განრისხებულა ამ ფილმის გამოო. ამის წაკითხვა და ყველას უკან გამოფრენა ერთი იყო. ერთადერთი მაიკლ ფილიპსი დარჩა ფესტივალზე, რომელსაც მეორე დღეს „ოქროს პალმის რტოს“ ასაღებად მარტოს მოუწია სცენაზე ასვლა. სამადლობელი სიტყვის დამთავრების შემდეგ, ფილიპს მაყურებლის ერთი ნაწილი მქუხარე ოვაციით აცილებდა, მეორე კი - სტვენითა და „ბუუს“ შეძახილით. ბევრს ეგონა, რომ იმ წლის „ოსკარი“ საუკეთესო ფილმისა და სცენარისთვის, მარტისა და პოლის გახდებოდა. თუმცა ამერიკის კინოაკადემიამ „ტაქსის მძღოლის“ ავტორები, ხელცარიელები დატოვა. - „გეწყინათ?; -„ძალიან მეწყინა, - მიახალა პასუხი ჟურნალისტს მარტიმ, - უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი - იცი რა? ესეიგი ეგრე იყო საჭირო! აბა რა მექნა? სახლში წავსულიყავი და მეტირა?!“.
ყოველთვის საკმაოდ ამბიციური იყო, ამას, არც არასდროს მალავდა. როდესაც „ბოროტი ქუჩების“ შემდეგ, ერთმა ჟურნალისტმა დაწერა - „მარტინ სკორსეზემ ასე თუ გააგრძელა, 10 წელიწადში ფელინი გახდებაო“, მარტიმ გულწრფელად ჰკითხა - „რა, მართლა ფიქრობ რომ ამას 10 წელი დასჭირდება?“. ხოლო როდესაც ოლივერ სტოუნმა ჰკითხა -„მარტი, რისი მიღწევა გინდა კინოში?; (არა, ჩვენ ყოველთვის ვეღადავებოდით ერთმანეთს, - ამატებს მარტი ამ ამბის მოყოლისას), - მე, თავხედმა ვუპასუხე: „იმედი მაქვს ჩემი ფილმები რაღაც კვალს დატოვებს ისტორიაში“. ოლივერმა ამაზე მაგრად გადაიხარხარა: “აჰაჰაჰა, ესეიგი შენ იღებ კინოს იმისათვის, რომ კვალი დატოვო?“; სინამდვილეში კი ვიცი რაც იგულისხმა: „შენ სასწრაფოდ უნდა მოუხერხო რამე მაგ შენ ამბიციებს!“.
როდესაც „ცოფიან ხარს“ იღებდა, კინაღამ მოკვდა. კოკაინს მოიხმარდა, ხშირად და დიდი დოზებით. მასთან მუშაობა უკვე არც ისე მიმზიდველი იყო. თავადაც ხვდებოდა ყველაფერს, ფიქრობდა, რომ ეს მისი ბოლო ფილმი იქნებოდა ამერიკაში. იმ დროს იმდენად ცუდად იყო, რომ ერთი სული ჰქონდა როდის დაამთავრდება მუშაობას. სულ ფეხებზე ეკიდა რა ბედი ეწეოდა ფილმს. უნდოდა, მთელი სიბრაზე, რაც შიგნიდან ჭამდა და ღრღნიდა, ამ ფილმში გადმოენთხია. ასეც გააკეთა. ლამოტას დესტრუქციული, მოძალადე და აგრესიული გმირი ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. პირველად, ჯეიკ ლამოტას ცხოვრებაზე რობერტ დე ნირომ „ნათლიმამა 2“-ის გადაღებებზე გაიგო, როდესაც მასზე დაწერილი წიგნი წაიკითხა. დარწმუნებული იყო, მისი ეკრანული ვერსია გაცილებით საინტერესო გამოვიდოდა. „რაა? ფილმი მოკრივეზე? ღმერთო, ეს ხომ ყველაზე მოსაწყენი სპორტია დედამიწაზე!“ - უპასუხა მარტიმ ამ იდეით აღტაცებულ რობერტს. ფილმის გმირი მოკრივე ჯეიკ ლამოტაა, თავის დროზე ცნობილი ამერიკელი სპორსტმენი, ჩემპიონი, რომელსაც მისი ხასიათის გამო „ცოფიან ხარს“ ეძახდნენ. სცენარზე მუშაობა ისევ პოლ შრედერმა დაიწყო. მისი საბოლოო ვერსია კი მარტიმ და რობერტმა გადაწერეს. იმ პერიოდში მარტი არაერთხელ მივიდა კრივის სანახავად. ყოველ ჯერზე, როგორც კი წყლიან ჯამში ჩაგდებულ სისხლით გაჟღენთილ ღრუბელს ხედავდა, გაოცებული სვამდა კითხვას - „და რა, თქვენ ამას სპორტს ეძახით?“, თუმცა როგორც წესი, მისი ეს რიტორიკა უკვალოდ იფანტებოდა ბრონქსის ნახევრად ჩაბნელებულ, სისხლის სუნით გაჟღენთილ დარბაზებში. რობერტმა კრივში ინტენსიური ვარჯიში დაიწყო. მისი მწვრთნელი თავად ლამოტა იყო. პერიოდულად მოკრივის ყოფილ ცოლს, ვიკის ხვდებოდა, რომელიც „ცოფიან ხარზე“ უყვებოდა. კრივი იმდენად ორგანული აღმოჩნდა დე ნიროსთვის, რომ მან სამ პროფესიონალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აქედან ორი, როგორც მას კომენტატორმა შეარქვა „ახალგაზრდა ლამოტას“ გამარჯვებით დასრულდა. გადაღებებისთვის მზადების პერიოდში არაერთხელ მოუნგრიეს თავ-ყბა. ფილმის მეორე ნაწილისთვის 30კგ-ის მომატება დასჭირდა. აი მაშინ, როდესაც ყოფილი ჩემპიონი მარტო უნდა დარჩენილიყო. მარტო საკუთარ თავთან, მარტო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიასთან, რომელთაც თავისი დადგმული კომედიური სკეტჩებით ართობდა. „ცოფიანი ხარი“ საოცარი ენერგიით მოყოლილი სევდიანი ისტორიაა ერთ ადამიანზე, მის აღზევებასა და დაცემაზე, მის ამბიციებსა და რწმენაზე. მის მარტოობაზე.
ახალი ფილმის იდეა, როგორც წესი ძველი ფილმების ყურების შემდეგ მოსდის. ოღონდ ხმას თიშავს, მხოლოდ გამოსახულებას აკვირდება. მერე კი რომელიმე სასტუმროს ოთახში მთელი კვირით იკეტება და მომავალი ფილმის მთავარი სცენების მონახაზს აკეთებს. მარჯვენა და მარცხენას ვერ ანსხვავებს. როდესაც გადასაღებ მოედანზე მსახიობს ეძახის „ისა, გაიწიეთ რა მარცხნივ“, საკუთარ მხარს უნდა შეეხოს, რათა ზუსტად აჩვენოს რას გულისხმობს ამ „მარცხენაში“. ამბობს რომ დისლექსიკია და თან ხსნის - „აი ნახეთ, როდესაც ვამბობ „ჰოსპიტალს“... აი კიდევ... არადა „სასტუმრო“ უნდა მეთქვა... სულ ასეა რა“.
1988 წელს მარტი ნიკოს კაზანძაკისის ამავე სახელწოდების გენიალური რომანის ეკრანიზაციას „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებას“ იღებს. უილიამ დეფოსა (იესო) და ჰარვი კეიტელით (იუდა) მთავარ როლებში. ეს წიგნი, გამოსვლის დღიდან აკრძალულ წიგნთა სიაში აღმოჩნდა. მისმა ავტორმა ხომ მაცხოვარის ორმაგი ბუნების გადმოსცემა სცადა და მის ადამიანურ მხარეს გაუსვა ხაზი. რა უყვარდა, რაზე ოცნებობდა, რაზე ფიქრობდა მარტოდ დარჩენილი მაცხოვარი. აქამდე ხომ არასდროს ყოფილა მისი სახე ასეთი ადამიანური, ასეთი ხორციელი. ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებას მარტი ადრეც აპირებდა, უბრალოდ მაშინ მუქარით სავსე იმდენი წერილი მიიღო „პარამაუნტ ფიქჩერსის“ დირექციამ, რომ უკვე დაწყებული გადაღებები შეწყვიტა. აი მეორედ კი, ფილმის გადაღებას ვეღარც ყოველდღიურმა მასიურმა გამოსვლებმა შეუშალა ხელი, ვეღარც რელიგიური ორგანიზაციების აქტიურმა პროტესტმა და ვეღარც წინასწარ, რამდენიმე შტატის კინოთეატრების დირექციასთან შეთანხმებულმა პირობამ - რომ ფილმს ისინი არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ ეკრანზე. პრემიერამდე ერთი დღით ადრე რელიგიური ორგანიზაციების კოალიციამ უზარმაზარი გამოსვლა მოაწყო ფილმის მწარმოებელ „იუნივერსალ ფიქჩერსის“ სტუდიასთან. 25,000 ადამიანი ხელში ბიბლიით იდგა და ხმამაღლა გალობდა, მღეროდა, ტიროდა. მიუხედავად პროტესტის ასეთი მძლავრი შემოტევისა, ფილმი ეკრანებზე მაინც გამოვიდა და საოცრად პოპულარულიც გახდა. მარტინ სკორსეზეს კი დიდხანს, დაცვით მოუწია სიარული.
იმ პერიოდში სატესტო ჩვენებებს ხშირად მართავდა. ხალხს აკვირდებოდა, აინტერესებდა რამდენს გაუძლებდნენ. ეკრანზე მანქანის ინტერიერია. შიგნით სამი გმირი ზის (რობერტ დე ნირო, ჯო პეში და საჭესთან რეი ლიოტა). უცბად გრუხუნი ისმის. მანქანა ჩერდება და საბარგულის კარი იღება, რომელშიც სისხლიან ზეწარში გახვეული მამაკაცია. ჯო პეში გრძელ დანას იღებს და კაცს ჩეხავს. რამდენჯერმე ურტყავს. ერთი, ორი, სამი დარტყმა... ხალხი დარბაზიდან იწყებს გასვლას. ამის შემყურე მარტიმ ტელმა შონმეიკერს (მისი მუდმივი მემონტაჟე) გადახედა და ჰკითხა - „ტელმა, რამდენი დარტყმაა სულ ამ სცენაში?“; -„შვიდი“,- პასუხობს ტელმა; - „მაშინ, რამდენიმე კადრი უნდა ჩავანაცვლოთ, თუ არ გვინდა რომ ხალხი დასაწყისშივე გავიდეს ფილმიდან“. 1990 წელს ეკრანზე „მაგარი ბიჭები“ გამოდის. „ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო, არვიცი მექნებოდა თუ არა კინოში ეს კარიერა. ალბათ არა“, - ამბობს მსახიობი მაიკლ იმპერიოლი, -„ვითამაშებდი კი მე „სოპრანოში“? ანდა საერთოდ, იარსებებდა კი „სოპრანო“? მგონი, ამ ფილმის სამსახიობო დასის 80% დღეს „სოპრანოშია.“ უყურო „მაგარ ბიჭებს“ იგივეა, რაც უყურო დოკუმენტურ ფილმს, რომლის ბრუტალური, მაგრამ შთამბეჭდავი გმირები იმ სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომელთაც დიდი აზარტით უყურებ, მაგრამ რომლებსაც დიდი იმედი გაქვს, რომ ცხოვრებაში არასდროს შეხვდები.
„მარტი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც ზუსტად იცის როგორ დააკავშიროს მუსიკა და გამოსახულება“, - ამბობს ფილმზე რეჟისორი სპაიკ ლი, -„ეს არაა ასე მარტივი, აიღო კარგი მუსიკა და დაატყეპო ის სცენას (გულისხმობს მთავარ გმირს, რომელიც კოკაინის ქვეშაა და მუსიკის ფონზე სწრაფი მონტაჟით მისი მთელი დღეა ნაჩვენები). არასდროს გამისინჯავს კოკაინი, მაგრამ ამ სცენის ნახვის შემდეგ ზუსტად ვიცი, როგორ ზემოქმედებს ის“. – „სცენებს ერთმანეთს ვარგებდით, ხორციანი წვნიანის კადრებს ვერტმფრენისას ვაბამდით და ამ დროს უკნიდან სულ ისმოდა - „სწრაფად, სწრაფად, უფრო სწრაფად!“, - იხსენებდა მონტაჟის პერიოდს ტელმა. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა მარტის მომავალი „ოსკარის“ დასადებად დაბალი მაგიდაც კი აჩუქეს. - „წარმოიდგინეთ, როგორია?! პირველ რიგში დამსვეს დედასთან ერთად და ისევ არ მომცეს „ოსკარი“! არა, მათ არ მოვწონვარ! არა და მორჩა!“ - იძახდა განაწყენებული.
„შეიცვალეთ ცხოვრებაში? - ეკითხებიან მას ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, -„დრო ყველას გვცვლის. არაფერი არ აყალიბებს ადამიანს ისე, როგორც დრო. დაბერების დადებითი მხარე ისაა, რომ ხვდები, ბევრი რაღაც უბრალოდ, აღარ გჭირდება. ახლა მინდება უბრალოდ, ვიჯდე სიჩუმეში და ვიფიქრო.“ უამრავ ჯილდოს 2007 წელს ერთადერთი „ოსკარი“ დაემატა ფილმისათვის „განდგომილები“, ამბობს - ამის შემდეგ, რესტორნებში უფრო მშვიდად დავდივარო. მხატვრული ფილმების გარდა, ძალიან საინტერესო დოკუმენტურებიც აქვს. მათ შორის ფილმები ამერიკულ და იტალიური კინოზე, რომლითაც კინემატოგრაფის სწავლა შეიძლება. მუდმივად მართავს ონლაინ მასტერკლასებს და ახალგაზრდა რეჟისორებს, თავის პროფესიაზე ესაუბრება. 2019 წლის 27 სექტემბერს კი ეკრანზე მისი ახალი ფილმი „ირლანდიელი“ გამოვიდა, რომელსაც „დამატყვევებელი შედევრი“ უწოდეს. IMDB-ის გვერდზე შესულს კი მისი სახელის ქვეშ 3 თუ 4 სამომავლო პროექტი მხვდება.
„მოვრჩით? - კეტრინი მარაოს იღებს და ისტერიულად ინიავებს სახეს. ყველაფერზე ისაუბრა, ყველაფერი გაიხსენა: ქორწინებიდან 35 წლის შემდეგ თაფლობისთვე იტალიაში, მათი ცხოვრება ნიუ-იორკში და ოჯახების ისტორია სიცილიაში. ხორცის წვნიანიც გააკეთა და კოხტად გაწყობილ სუფრაზე მეუღლესთან ერთადაც მიირთვა. აქეთ-იქით დადის და თან თავის დაზე მარტის რაღაცეებს უყვება. ბოლოს სკამების გადაადგილებას იწყებს - „დავაბრუნოთ ავეჯი თავის ადგილას? აბა, ასე ხომ არ დავტოვებთ? მოვრჩით? რაა? არ გაგითიშიათ კამერა და ამ ყველაფერს კიდევ იწერთ? ოჰ, ცოცხლები ვერ გადამირჩებით, იცოდე!“.
მარტინ სკორსეზეს მარათონი კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. სეანსები 20:00-ზე დაიწყება. ყველა ჩვენება ინგლისურ ენაზეა.
16 ნოემბერი - „ტაქსის მძღოლი“
17 ნოემბერი - „ცოფიანი ხარი“
22 ნოემბერი - „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“
23 ნოემბერი - „მაგარი ბიჭები“
24 ნოემბერი - „კომედიის მეფე“