სიცოცხლე კადრში და ზედხედიდან GIFT 2016
რა როლი აქვს ხელოვნებას მაშინ, როცა პოპკულტურა, ესტრადა და ტელევიზია უზარმაზარ სივრცეებს და ყურადღებას იტაცებს? ეს როლი, მისი განზომილება და ამოცანათა დიაპაზონი უეცრად იცვლება. სად არის ასეთ დროს ხელოვნების ადგილი? სულის მდგომარეობაშიო, გასცა პასუხი არტისტმა ნამ ჯუნ პაიკმა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში დაბადებულ ახალ სახელოვნებო მიმართულებაში „ფლუქსუსში“ გაერთიანდა და ეს ტენდენციაც ადამიანების მდგომარეობის განმსაზღვრელად წარმოიდგინა.
იმის მიუხედავად, რომ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში კონკრეტულ გაერთიანებებსა და სალონებში გაღვივებული მოდერნისტული ხელოვნების ფართო მასებისთვის გაცნობა დაისახეს მიზნად, ეს „წარმოება“ მასობრივი და ისეთი მულტიმედიური მაინც ვერ გახდა, როგორც 2-3 ათეული წლის შემდეგ. „ფლუქსუსის“ მიმართულების ქვეშ გაერთიანებული პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები და ზოგადად ხელოვანები ერთმანეთს შორის საზღვრებს შლიდნენ და თავიანთი ნამუშევრებითა და აქციებით ცდილობდნენ, წარმოეჩინათ ერთი ამოცანა – მდგომარეობა, ატმოსფერო, ან სამყარო სხვადასხვა ფორმით. მედიათა სინთეზი იყ