გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„სიჩუმე“ - მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი კინოთეატრებში

„სკორსეზეს საუკეთესო ფილმი“,  „სულისშემძვრელი ნამუშევარი“, „შედევრი“ - ასეთი მსუყე  შეფასებები დაიმსახურა კინოკრიტიკოსთა დიდი ნაწილისგან მარტინ სკორსეზეს ახალმა ნამუშევვარმა „ სიჩუმემ“, რომელიც ამერიკის კინოგაქირავებაში გასულ თვეში გამოჩნდა.

ფილმის ნახვა 26 იანვრიდან თბილისშიც იქნება შესაძლებელი. მას კინოთეატრები: „ამირანი“ და „კავეა ისთ ფოინთი“  წარმოგვიდგენენ.

რეჟისორი პროექტზე 25 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. სხვადასხვა პრობლემის გამო ხან  პროდიუსერებზე მოუწია უარის თქმა, ხანაც კინოკომპანიებთან ვერ შეთანხმდა. ფილმის ბედი საბოლოოდ მხოლოდ 2014 წელს გადაწყდა, როდესაც სკორსეზე პროდიუსერ ირვინ ვინკლერს შეხვდა და მოგვიანებით დისტრიბუციისთვის Paramount Pictures-თანაც  გააფორმა ხელშეკრულება.

„სიჩუმე“ იაპონელი მწერლის, შუსაკუ ენდუს 1966 წელს დაწერილი ამავე სახელწოდების რომანის  მიხედვით არის გადაღებული. როგორც ჩანს, წიგნი თავის დროზე საკმაოდ პოპულარული იყო, რადგან ის სკორსეზემდე ორ ფილმს, სპეკტაკლს და რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს დაედო საფუძვლად.

ფილმის სიუჟეტი მე-17 საუკუნის იაპონიაში ვითარდება და იქ ქრისტიანების დევნის ამბავს ასახავს. ორი ახალგაზრდა იეზუიტი მღვდელი, მამა როდრიგესი (ენდრიუ გარფილდი) და მამა გარუპე (ადამ დრაივერი) პორტუგალიიდან იაპონიაში მიემგზავრებიან, რომ მათი მენტორი, მისიონერი ფერეირა იპოვონ და მას იაპონიაში ქრისტიანობის გავრცელებაში დაეხმარონ. თუმცა, იქ ჩასულების სულერი მოძღვარი  მრწამსშეცვლილი დახვდებათ და დიდი ხნის დაგეგმილი მისიის შესასრულებლად გოლგოთას გზის გავლა მოუწევთ.

„სკორსეზე არასდროს იღებდა ვესტერნებს, მაგრამ „სიჩუქმე“ ყველაზე ახლოს დგას ამ ჟანრთან - ეს ერთგვარად ჯონ ფორდის „მაძიებლების“ მისეული ვერსიაა“ -  წერს New Yorker -ის კინოკრიტიკოსი, რიჩარდ ბროდი ფილმის შესახებ.  Time Out New York - ის მიმომხილველი, ჯოშუა როდკოფი კი მას ინგმარ ბერგმანის შედევრებს ადარებს.

რწმენა, ეჭვები, თავისუფლება, მორჩილება - ფილმი ამ თემების ირგვლივ ტრიალებს და  მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნის წინანდელ ამბავს გვიყვება, პრესის გამოხმარუებით და ფილმის წარმატებით თუ ვიმსჯელებთ, დღესაც ძალიან აქტუალური და საინტერესოა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა