სიტყვების ფესტივალი გარიყულაში
გარიყულაში უკვე მთელი ივლისია, სიტყვების ფესტივალი მიმდინარეობს. ბოლგარსკიანთ სასახლე მწერლების რეზიდენციად არის ქცეული და ავტორებს ნაკად-ნაკად იღებს. თითოეული მწერალი იქ საგანგებო მისიით ჩადის - უახლესი წარსულიდან გაიხსენოს ერთი წელი და მის შესახებ შეთხზას ტექსტი. ასე გამოდის, რომ მწერლები თითო-თითო წლით აღადგენენ იმას, რაც დაგვავიწყდა, გამოგვრჩა, გაცვთა, სააზროვნო არეალში ვერ შემოაღწია.
რა ხდებოდა პროტესტიდან პროტესტამდე, ომებიდან რევოლუციამდე, ხელისუფლებების ცვლილებიდან სამოქალაქო წინააღმდეგობებამდე? დაკარგული ტერიტორიებიდან დავიწყებულ ადამიანებამდე, დარბევებიდან გამარჯვებებამდე?
სიტყვების ფესტივალზე ინდიგოს კითხვებს პროექტის ხელმძღვანელი და იდეის ავტორი, მარიამ ნატროშვილი პასუხობს.
რით სრულდება ფესტივალი? რა რჩება ბოლოს რეზიდენციიდან?
ფესტივალი წიგნით სრულდება. აქ, გარიყულაში დაწერილი ამბების ერთ წიგნად აკინძვით. თითოეული მონაწილე 1989 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ერთ წელს ირჩევს და ამ წელზე წერს. წიგნიც საბოლოოდ სიტყვებით აწყობილი ისტორიის კალენდარი გამოვა. საინტერესოა, რა თემებზე გაამახვილებენ ავტორები ყურადღებას, რას გაიხსნებენენ, ან რას მოიგონებენ.
რატომ ყოფთ მოგონებებს წლების მიხედვით? ფიქრობთ, რომ ეს საერთო თხრობას მეტად დააზუსტებს ანდა მეტ ამბავზე გაგიყვანთ?
დროს წლებით ვითვლით. ჩვენი მოხაზული დროის მონაკვეთი დემონსტრაციებით იწყება და დემონსტრაციებით სრულდება. ამ ორ დემონსტრაციას შორის კი უთვალავი ამბავია და მოვლენაა. წლების შერჩევა, ერთი მხრივ, ამ ამბების კოლექტიური მეხსიერებიდან ისტორიულობაში გადაყვანის მცდელობაა - ამაზე სოვლაბთან ერთად ვმუშაობთ. მეორე მხრივ კი, მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტებით სუბიექტური ისტორიის თხრობა.
ამ წლებიდან, ზოგი ამბავი დავიწყებულია, ზოგი კი უბრალოდ გაცვეთილი, მაგრამ პასუხგაუცემელი. ვფიქრობთ, დრო მოვიდა, რომ წარსულს გადავხედოთ და მოვყვეთ, რა მოხდა.
მწერლების ნაწილმა უკვე მოიარა გარიყულა და როგორ მიმდინარეობს რეზიდენციაში ზოგადი პროცესი?
ივლისის თვეში გარიყულაში 30 ავტორი ჩამოვა, ერთმანეთს შეცვლიან, ნაწილმა უკვე დაწერა და დატოვა რეზიდენცია, ნაწილი აქაა, ზოგი ივლისის მეორე ნახევარში ჩამოვა.
ბოლგარსკიანთ სასახლე წერისთვის და ფიქრისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. სიჩუმეა და დღისით ქარის, ღამით მდინარის ხმის მეტი არაფერი ისმის.
წელს ეს პროექტი პირველად ტარდება, მომავალში არტ ვილა გარიყულა უფრო დიდი ხნით მიიღებს მწერლებს და ეს ადგილი ლიტერატურულ რუკაზე ჩაეწერება.