გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კურტ ვონეგუტის წიგნი

"სასაკლაო N5", "ესავის ხელები" და "მარსელი"

კურტ ვონეგუტი

„სასაკლაო N5“

მთარგმნელი: ქეთი ქანთარია

გამომცემლობა „დიოგენე“

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

„სასაკლაო N5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. ცენზურის მიუხედავად, წიგნი აღიარეს მკითხველებმაც და კრიტიკოსებმაც. ის, ერთი მხრივ, მოიცავს XX საუკუნის დრამატულ ისტორიულ ფაქტებს და, მეორე მხრივ, არარსებულ პლანეტა ტრალფამადორზე ცხოვრებას აღწერს.

რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ფანტასტიკური ამბები ხდება, თუმცა ეს ყველაფერი ისევ რეალური ცხოვრების სევდიანი თუ კომიკური გარემოებებითაა განპირობებული.

 

დათო ქარდავა

„ესავის ხელები“

გამომცემლობა „ინტელექტი“

„ესავის ხელები“ დათო ქარდავას რიგით მეოთხე წიგნი და რიგით მეორე პროზაული კრებულია, რომელიც 8 ნოველას აერთიანებს. „გროტესკი, რომლითაც დათო ქარდავას ნოველებია გაჯერებული, არა მხოლოდ ახალისებს მკითხველს, არამედ უტოვებს სრულიად განსაკუთრებულ ფიქრს, სევდასაც და, სწორედ ამის გამო, თავი შეიძლება რამდენჯერმეც წაგაკითხოთ. კიდევ რა გამოარჩევს ამ კრებულს? – სინამდვილე, მკაფიო და წრფელი სინამდვილე, გაუყალბებელი ამბები, რომლებსაც, ცხადია, ავტორი იგონებს, მაგრამ გამომგონებლობის დიდი ოსტატობის წყალობით, ისინი ნამდვილი და დასაჯერებელი ხდებიან“, – ამბობს წიგნის რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი.

 ენდი უირი

„მარსელი“

მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

ენდი უირის ბესტსელერ „მარსელს“ ხშირად თანამედროვე რობინზონ კრუზოს უწოდებენ, რადგან წიგნი მარსზე მარტოდ დარჩენილი ასტრონავტის, მარკ უოტნის შესახებ მოგვითხრობს. მასში ერთმანეთს ცვლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისთვის დამახასიათებელი სიზუსტე და სპეციფიკური იუმორი. სწორედ მახვილგონიერება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის ღრმა ცოდნა და ადამიანური სიკეთისადმი რწმენა გამოარჩევს „მარსელს“ ამ ჟანრის სხვა წიგნებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი, ძირითადად, ერთი პერსონაჟის გარშემო ტრიალებს, თხრობა მაინც არ კარგავს დინამიკურობას. სულ ახლახან შედგა რიდლი სკოტის ფილმის, „მარსელის“ პრემიერა, რომელმაც წიგნზე არანაკლები პოპულარობა მოიპოვა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა