სოფია კოპოლას ახალი ფილმი კინოეკრანებზე
27 ივლისიდან თბილისის კინოთეატრები კანის კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისურის პრიზის მფლობელი, სოფია კოპოლას „ ცდუნება” ( The Beguilled ) გამოდის. ფილმი, სადაც ჰოლივუდის მთელი თანავარსკვლავედი თამაშობს, რეჟისორის ძალიან წარმატებული დაბრუნება გამოდგა დიდ ეკრანზე. კოპოლა კანის კინოფესტივალის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, ვისაც რეჟისურისთვის მთავარი ჯილდო გადასცეს. პირველად პრიზი 1961 წელს, რუსმა რეჟისორმა, იულია სოლნცევამ დაიმსახურა ფილმისთვის Chronicle of Flaming Years.
“თვითმკვლელი ქალიშვილების“, „თარგმანში დაკარგულისა“ და „მარი ანტუანეტას“ ავტორი ამჯერად ისტორიული დრამით დაბრუნდა. მთავარ როლებს ფილმში ნიკოლ ქიდმანი, კოლინ ფარელი, კირსტენ დანსტი და ელე ფენინგი ასრულებენ. სიუჟეტი 1864 წლის ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ვითარდება და ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდის ამბებს ასახავს. ომისგან გადანდგურებულ ქალაქში ერთადერთი ქალთა სკოლა-პანსიონატია დარჩენილი, სადაც სულ რამდენიმე მოსწავლეღა შემორჩა. ერთ დღესაც ერთ-ერთი მოსწავლე ტყეში სეირნობისას დაჭრილ ჯარისკაცს აღმოაჩენს და მას პანსიონატში წაიყვანს. სწორედ აქ იწყება მთავარი ამბავი- პანსიონატის ყველა ბინადარი ცდილობს ჯარისკაცის გული მოიგოს და მას საჩუქრებით ანებივრებს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ინტერესი მალე დიდ დრამებში და დაპირისპირებაში გადაიზრდება.
ფილმი ტომას კულინანის 1966 წელს დაწერილი რომანის ადაპტაციაა. პირველად წიგნის ეკრანიზაცია 1971 წელს, დონ სიგელმა განახორციელა, კლინტ ინსტვუდით მთავარ როლში. თუმცა, პროექტი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. კოპოლას როგორც ჩანს გარისკვის არ შეეშინდა და სწორადაც მოიქცა - „ცდუნება“ მისი უკვე იქცა მისი კარიერის ერთ-ერთ საეტაპო ფილმად. რეჟისორი აქაც, ისევე როგორც თავისი ფილმების უმეტესობაში, მთავარ აქცენტს ქალებზე აკეთებს და მათი თვალით დანახულ გარემოს წარმოგვიდგენს. თუ წინა ეკრანიზაციაში მამაკაცის, ჯარისკაცის პერსპექტივით იყო რეალობა გადმოცემული, აქ ეს პრეროგატივა უკვე ქალ პერსონაჟებს აქვთ.
ფილმის ნახვა მაყურებელს დღეიდან ინგლისურ და რუსულ ენაზე კინოთეატრ ამირანში და კავეა ისთ ფოინთში შეეძლება.