სტენლი კუბრიკი - კაცი, რომელსაც ფრენის ეშინოდა
20-24 სექტემბერს თიბისი სტატუსი კინოთეატრ „ამირანში“ საკულტო რეჟისორების მარათონს აგრძელებს. სექტემბერი კუბრიკის დროა!
1945 წელს, ნიუ-იორკის ქუჩაში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოა. ქალს სახე არ უჩანს, კოპლებიანი კაბა აცვია და მაღალ ქუსლებზე სწრაფად, მაგრამ ამავე დროს ლაღად და თამამად მიაბიჯებს. თეძოსთან ჩამოშვებულ მაჯაზე, მარგალიტის მძივი რამდენჯერმე აქვს შემოხვეული. არ იცის, რომ უკან ფოტოაპარატიანი ბიჭი აედევნა. სტენლი 17 წლის არის, სკოლა ახალი დამთავრებული აქვს და ჟურნალისთვის „ლუქი“ ფოტოებს იღებს. 5 წლის შემდეგ ფოტოგრაფიიდან კინოში წავა. დოკუმენტურებით დაიწყებს და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე გადავა. ჯერ ჰოლივუდში იქნება, მერე ინგლისში წავა და სამუდამოდ იქ დარჩება. როდესაც უკვე ცნობილ რეჟისორს ჰკითხავენ თუ „რატომ ინგლისი?“, უამრავ რამეს მოიმიზეზებს - ხან ცენზურას („ლოლიტა“) და ხან მსახიობის პიტერ სელერსის განქორწინების პროცესს („დოქტორი სთრეინჯლავი“), ხან კი იტყვის - ფრენების მეშინია, არ ვენდობი ამ ავიაკომპანიებსო. 60-იანებში „ლოლიტას“, „დოქტორ სთრეინჯლავს“ და „2001: კოსმოსურ ოდისეას“ გადაიღებს. 70-იანებში კინოს ისტორიაში ძალადობაზე გადაღებულ ყველაზე ცნობილ ფილმს „მექანიკურ ფორთოხალს“ შექმნის და 80-იანებში „ნათებით“ მაყურებელს გვარიანად შეაშინებს. იღბლიანი იყო. ფილმის შექმნისას სტუდიებისგან სრული თავისუფლება ჰქონდა. სტენლი კუბრიკს ხომ არასდროს არავინ აკონტროლებდა.
საომარი ფილმები, პოლიტიკური სატირა, ფანტასტიკა, ეკრანიზაციები, საშინელებათა ჟანრი - კუბრიკმა ყველა თემა მოსინჯა. ამ ყველაფერს ისეთი ფანტასმაგორიული დეკორაციებითა და სპეცეფექტებით აკეთებდა, რასაც ჰოლივუდი მხოლოდ წლების მერე შესთავაზებს მაყურებელს. გამომწვევი მუსიკა, მსახიობების ექსპრესიული თამაშის მანერა, ფუტურისტული არქიტექტურა და გიჟური ინტერიერი - სტენლი კუბრიკი კინოში მითებს ქმნიდა.
„არა, ის ბევრს არ ლაპარაკობდა, ცოტა მორცხვიც იყო და ინტროვერტიც“, - იტყვიან მასზე ჟურნალ „ლუქის“ ყოფილი თანამშრომლები. მალკოლმ მაკდაუელი, თეთრ კოსტიუმსა და შავ ცილინდრში გამოწყობილი მისი ნაძირალა გმირის ალეკსის („მექანიკური ფორთოხალი“) შემსრულებელიც ყოველთვის დადებითად ისაუბრებს მასზე ჟურნალისტებთან. თუმცა ზოგჯერ მწარედ დაამატებს ხოლმე - „იცი როგორი იყო? აი გამოგწურავდა მაგრად და მერე მოგისვრიდა“.
„დიდების ბილიკები“ (1957წ.) კუბრიკის ანტიმილიტარისტული ფილმია, რომელიც კინოს ისტორიაში ამ თემაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. მისი სიუჟეტი პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთი-გერმანიის ფრონტზე ვითარდება. „არ უნდოდათ, რომ ეს ფილმი გამეკეთებინა, - ჰყვებოდა სტენლი, - უბრალოდ, არ მოეწონათ და მორჩა. მაგრამ მერე, როდესაც ამ პროექტით სუპერსტარი კირკ დუგლასი დაინტერესდა, უეცრად, ყველაფერი შეიცვალა“.
სტენლიმ ფილმი ჰემფრი კობის ნამდვილ ამბავზე დაწერილი წიგნის მიხედვით გადაიღო და, დუგლასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ როლზე, 68 წლის მსახიობი ადოლფ მენჟუ მიიწვია. მენჟუს, სამხედრო სკოლა დამთავრებულსა და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანს, კაპიტნის წოდება ჰქონდა. სტენლი მაშინვე მიხვდა, რომ გაიძვერა კაპიტნის როლის თამაში მენჟუს არ მოუნდებოდა, ამიტომ ასეთ ხერხს მიმართა - სცენარის ის ნაწილები წააკითხა, სადაც მხოლოდ მისი გმირის რეპლიკები იყო ჩამოწერილი და შესაბამისად, გენერლის სახეც უმწიკვლოდ ჩანდა. კირკ დუგლასს ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს როლი მის კარიერაში საუკეთესო იყო. საერთოდ, ყველანაირად ცდილობდა, სტენლის დახმარებოდა და მისი შემდეგი პროექტიც დიდი მონდომებით დააფინანსა. „სპარტაკი“ 1960-იანი წლების ისტორიული დრამაა, უამრავი სტატისტითა და ბატალური სცენებით, რომელთა გადაღებაც სტუდიას „იუნივერსალ ფიქჩერს“ ყველაზე ძვირი - 12 მილიონი დაუჯდა. „სტენლი? სტენლი კუბრიკი ნიჭიერი ნაბიჭვარია“, - იტყვის დუგლასი მას შემდეგ, რაც რეჟისორი ახლო ხედით გადაღებულ მის ბევრ სცენას ამოჭრის ფილმიდან. „ეს ჩემი ერთადერთი ფილმია, რომელიც არ მომწონს“, - იტყვის ბოლოს სტენლი.
ბატალურ სცენებსა და ომს დიდი ვნება მოჰყვა. „ლოლიტას“ (1962 წ.) გადასაღებად სტენლი კუბრიკი ინგლისში წავიდა. რამდენიმე წლით ადრე გამოსულმა ნაბოკოვის ამავე სახელწოდების რომანმა ხომ მაშინვე მოიპოვა სკანდალური წიგნის სახელი. ფილმისთვის სცენარი თავად მწერალმა დაწერა, თუმცა მისი პირველი ვერსია 400 გვერდამდე ავიდა. ეს 7-საათიან ფილმს უდრიდა. თუ წიგნში შუა ხნის მამაკაცისა და 12 წლის გოგონას (ფილმში ის 14 წლისაა) სასიყვარულო ისტორია პირდაპირაა გაჯერებული დაუფარავი სექსუალური სცენებით, კუბრიკის შავ-თეთრ ფილმში ასე არ მოხდა. ნაბოკოვის ავხორცული ვნება კუბრიკთან იმ მსუბუქ ბრიზად დარჩა, რომელიც მაყურებელს თავად უნდა ეგრძნო.ზუსტად ეს დამალული ვნება ხდიდა ფილმს ასე საინტერესოს. თუმცა რეჟისორი საპირისპიროს ამბობდა: „ცენზურა რომ არა, მე ისეთივე დოზებით ჩავდებდი ფილმში სექსის ელემენტებს, როგორც ეს ნაბოკოვთან იყო“.
ამავე წელს სტენლი კუბრიკმა პიტერ ჯორჯის წიგნის „წითელი განგაშის“ ეკრანიზაციის უფლება იყიდა. ომზე დაწერილი კიდევ 50 წიგნი წაიკითხა და 1964 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი - „დოქტორი სთრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი“. მისთვის ხშირად უკითხავთ, თუ რატომ გამოიყვანა ამგვარი სერიოზული თემიდან კომედია, რა იყო ამაში სასაცილო. „დასაწყისში სერიოზული ფილმის გაკეთება მინდოდა ბირთვულ ომზე, - უკვე მერამდენედ პასუხობდა ჟურნალისტებს სტენლი, - იდეები მოდიოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რომ სისულელე გამოდიოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი - „არა, ასე არ შეიძლება, ხალხს ამაზე გაეცინება!“. და სადღაც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჰო, ეს სასაცილოა! აბა მითხარით, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო უაზრო, ვიდრე იმის წარმოდგენა, რომ ორი ზესახელმწიფო (იგულისხმება აშშ და რუსეთი), პოლიტიკური უთანხმოების გამო, მთელი კაცობრიობის გასანადგურებლადაა მზად. 100 წლის შემდეგ ხომ ეს უთანხმოება ისეთივე უმნიშვნელო იქნება, როგორიც დღეს ჩვენთვისაა შუასაუკუნეების თეოლოგიური კონფლიქტები? ამ კუთხით მივუდექი და მივხვდი, რომ ერთადერთი გზა ფილმის გადასაღებად შავი იუმორი, სატირა იყო“. ამ ფილმისათვის, კენ ადამთან ერთად, კუბრიკმა კინოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გადასაღები მოედანი ააგო - „ომის ოთახი“ პენტაგონის მიწისქვეშეთში წარმოუდგენელი მილიტარისტული ინსტალაცია, აპოკალიპტური გარემო, რომელიც ბნელ გამოქვაბულს მოგაგონებდათ.
„პოლარის პროდაქშენი, ნიუ-იორკი“ - პირველ გვერდზე წვრილად აწერია სცენარს. შუაში კი სათაურია გამოტანილი - „მოგზაურობა ვარსკვლავებს მიღმა“, სტენლი კუბრიკი და არტურ კლარკი. ფურცლის ზემოთ, უფრო შუისკენ, წითელი კალმით სახელის კიდევ ერთი ვერსიაა მიწერილი - „2001: კოსმოსური ოდისეა“. ამ ფილმის გადაღებად 3 წელი დასჭირდა. ჯერ არტურ კლარკთან ერთად რომანი დაწერა, მერე სცენარად აქცია და ბოლოს ფილმად გადაიღო. „2001: კოსმოსური ოდისეა“ მითია, მაყურებელთან ვიზუალური, არავერბალური კომუნიკაციაა, როცა კუბრიკი უარს ამბობს სიტყვაზე და თავისი გამომსახველობით პირდაპირ ქვეცნობიერზე მუშაობს. ჯამში, ფილმი მაყურებლის პირად გამოცდილებად იქცევა, რომელიც ცნობიერებაში ღრმად მიმალულ კუთხეებს ეხება. 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ფილმში დიალოგები სულ 40 წუთს გრძელდება. „თუ თქვენ ამბობთ, რომ მშვენივრად გაიგეთ, რა ხდება ამ ფილმში, ესე იგი, ვერაფერიც ვერ გაგიგიათ. ჩვენ გვინდოდა იმაზე მეტი კითხვა გაგვეჩინა, ვიდრე პასუხები გაგვეცა“, - ამბობდა არტურ კლარკი ფილმზე, რომლის საპრემიერო ჩვენებაზეც დარბაზიდან 242 ადამიანი გამოვიდა.
„გადაახვიე, მიდი, თავიდან გაუშვი - უთხრა ცოლს სტენლიმ, როდესაც ისინი ლინდსი ანდერსონის ფილმს „თუ...“ უყურებდნენ. იმ ეპიზოდზე ახვევდნენ, როცა ახალგაზრდა მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი სპორტულ დარბაზში შედიოდა: შავები ეცვა, თავზეც შავი შლაპა ეხურა და პირიც, შავი შარფით ჰქონდა აკრული. მარტო თვალებს ხედავდი, გიჟურად აკიაფებულ ფართოდ გაღებულ ცისფერ თვალებს. - აჰა, - შეჰყვირა მაშინ სტენლიმ, - ჩვენ ვიპოვეთ ალეკსი“.
მაკდაუელის გმირი ამ ეპიზოდში გაღიმებული, ფართოდ აღებს კარს და დემონსტრაციულად მიაბიჯებს. იცის, რომ იქ მას გაროზგავენ, დასჯიან, მაგრამ იმდენად დიდია პროტესტის გამოხატვის სურვილი, ეს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. თუ ამ ეპიზოდს ერთხელ მაინც შეავლებთ თვალს, მაკდაუელის გმირში აუცილებლად ამოიცნობთ ენტონი ბერჯესის ანტიუტოპიური რომანის „მექანიკური ფორთოხლის“ არასრულწლოვან, თავხედ მეამბოხეს. თეთრ კოსტიუმებში, შავ ცილინდრებსა და შავ სამხედრო ბათინკებში გამოწყობილი 4 ნაძირალა „ბრატია“, რომლებიც სვამენ რძეს, უსმენენ ბეთჰოვენს და ადამიანების ცემითა და გაუპატიურებით ერთობიან. სისტემის პირმშოზე დაწერილმა ბერჯესის ამ წიგნმა მაშინვე მიიქცია სტენლის ყურადღება. გადაღებების დროს მალკოლმი კინაღამ დაბრმავდა. როდესაც მის გმირს ალეკსს „მკურნალობენ“ - გაკოჭილს, ქუთუთოებს რკინებით რომ გაუღებენ და ძალადობის სცენებს უსასრულოდ აჩვენებენ, მალკოლმმა ყვირილი დაიწყო, შველას ითხოვდა, ამბობდა რომ აღარ შეეძლო, სტენლი კი კამერას არ თიშავდა. „მექანიკური ფორთოხალი“ ფილმია, რომელშიც ისეთი გამძაფრებულია ყველაფერი, რომ არც კი მახსოვს, მანამდე ასეთი რამ მინახავს თუ არა კინოში. ეს არის ფილმი ამორალურ ტიპზე, რომელზეც მაყურებელს უთხრეს - შენ ის უნდა მოგეწონოს. სტენლიმდე მგონი ეს არავის გაუკეთებია“, - ამბობდა მაკდაუელი.
„მექანიკურ ფორთოხალში“ ყველაფერი პირობითია - დრო, ადგილი და ადამიანებიც. საოცრად სტილიზებული, კიჩური და თვალისმომჭრელად კაშკაშა ვიზუალი აქვს, გენიალური მიგნებებით, მუსიკით, დეკორაციებითა და წარმოუდგენელი კოსტიუმებით. ბრიტანეთში ის 1971 წელს გამოვიდა და 2 წელიწადში აიკრძალა. როგორც აღმოჩნდა, კუბრიკის ეკრანული ძალადობა მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი ახალგაზრდისთვის - ალეკსისავით ჩაცმულები ლონდონსა და პარიზში ძალადობენენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ. ფილმი ეკრანებზე მხოლოდ 27 წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკის გარდაცვალების მერე დაბრუნდა.
თუ კინგის „ნათებაში“ ნამდვილი მონსტრი ჯეკია, კუბრიკთან მონსტრი თავად კუბრიკია, - ასე წერდნენ გაზეთებში 1980 წელს სტივენ კინგის მიხედვით გადაღებული ფილმის „ნათების“ შესახებ. ერთ-ერთი სცენა სტენლიმ 127-ჯერ გადაიღო, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ამ ფილმში პირველად გამოიყენეს წელზე მიმაგრებული კამერა „სტედიკამი“, რომელიც ოპერატორს უფრო თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა. „სტედიკამის“ საშუალებით შეიძლებოდა უკაცრიელი სასტუმროს დერეფნებში მჩქეფარე სისხლის მდინარეების, სამთვლიან ველოსიპედზე საზარელ სიჩუმეში მოსეირნე დენისა და არსაიდან გაჩენილი, ცისფერ კაბებში გამოწყობილი ტყუპი დების კიდევ უფრო საზარლად, კიდევ უფრო შემაძრწუნებლად წარმოჩენა.
გადასაღებ მოედანზე ყველა ამჩნევდა, რომ სტენლი სულ ჯეკის (ჯეკ ნიკოლსონი) მხარეზე იყო და უენდის როლის შემსრულებელს, შელი დიუვალს აბუჩად იგდებდა, ჩაგრავდა. მერე ახსნა კიდეც, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა - მინდოდა, დაუცველი ქალის სახის შექმნაში მაქსიმალურად დავხმარებოდიო. „ბოლო 9 თვის განმავლობაში, კვირაში 5-6 დღე, დღეში 12 საათს მაინც ვტიროდი, სულ ვტიროდი“, - იხსენებს დიუვალი ფილმის გადაღების პროცესს. 2018 წელს ჟურნალმა „ემფაიერმა“ გამოკითხვა ჩაატარა და სტენლი კუბრიკის „ნათება“ ყველაზე საშიშ ნომერ პირველ ფილმად დაასახელა.
1987 წელს სტენლი ისევ დაუბრუნდა ომს, როდესაც ეკრანზე „რკინის საფარი“ გამოვიდა. სიუჟეტი სამხრეთ კაროლინაში ამერიკელი საზღვაო ძალების საწვრთნელ ბანაკში ვითარდება, სადაც ახალმოსულებს ქანცგაწყვეტამდე ავარჯიშებენ, აუტანელ სიმკაცრესა და უსასრულო წნეხის ქვეშ ამყოფებენ. მათი უფროსის, სერჟანტ ჰარტმანის მიზანი ცივსისხლიანი და დაუნდობელი ჯარისკაცების გამოყვანაა.
„მინდა, ფილმი გავაკეთო ომზე. მოვყვე მასზე, როგორც ფენომენზე, ყოველგვარი მორალური და პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე“, - ამბობდა სტენლი. მაიკლ ჰერის დაუკავშირდა, ავტორს, რომელსაც ვიეტნამის ომზე მემუარები დაეწერა. ცოტა ხანში კი გუსტავ ჰასფორდის წიგნი „The Short Timers” აღმოაჩინა და ორჯერ მაინც წაიკითხა. სულ მალე, სამკაციანმა ჯგუფმა ახალი ფილმის სცენარზე დაიწყო მუშაობა. მთავარი როლი ჯერ კიდევ უცნობ ბრიუს უილის შესთავაზა, რომელმაც უარი თქვა ისევე, როგორც არნოლდ შვარცნეგერმა, რომელსაც მებრძოლი მეტსახელად „Animal Mother“ უნდა ეთამაშა. მთავარ როლზე ტიმ კოლსერი დაამტკიცა, ხოლო მის კონსულტანტად მსახიობი რონალდ ლი ერმი მოიწვია, რომელიც ადრე ჯარში მსახურობდა და იქაური სიმკაცრეები, აუტანელი დისციპლინა, საკუთარ ტყავზე ჰქონდა გამოცდილი. შემდეგ იხსენებდნენ, რომ გადაღებებზე, მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებთან 30-წუთიანი ყვირილის შემდეგ ხელში ქანცგაწყვეტილი ტიმი შერჩათ, ერმიმ კუბრიკს საკუთარი თავი შესთავაზა ამ როლზე. „ერმი გენიოსია, - აღტაცებით ჰყვებოდა შემდეგ სტენლი, - ფილმში მისი დიალოგების 50 პროცენტი, აი ისინი, რომლებშიც გინება და უხამსობებია, სულ თავად მოიფიქრა“. ერმის შექმნილი დაუნდობელი სერჟანტის სახე ფილმის წარმატების ერთ-ერთ უდავო მიზეზად იქცა.
1999 წელს ეკრანზე სტენლი კუბრიკის ბოლო ფილმი „ფართოდ დახუჭული თვალები“ გამოვიდა. ფილმის პრემიერიდან 6 დღეში, სტენლი კუბრიკი გულით გარდაიცვალა. „მე მყავს ცოლი, სამი შვილი, სამი ძაღლი და შვიდი კატა. სულაც არ ვარ ფრანც კაფკა, ტანჯვასა და მარტოობაში მყოფი“, - ამბობდა ხოლმე ხშირად. თავის შემოქმედებაში მუდამ ადამიანს იკვლევდა, მის ქცევას, სექსუალობას, მის არსს. უბრალოდ, ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა გარემოში აგდებდა ხოლმე - ხან ომში და ხან კოსმოსურ სადგურში, ხან კი არარსებულ საზარელ ქალაქში შეუშვებდა, სადაც ნორჩი კრიმინალები ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას უსმენენ და „მოლოკო ბარში“ რძით იჭყიპებიან.
„არასდროს მთხოვოთ კინოსგან დასვენება, ეს იგივეა, ბავშვს სთხოვო, თამაშს შეეშვას“. შემდეგ პროექტად “ხელოვნური ინტელექტი” ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელსაც 20 წელზე მეტს ხანს უტრიალებდა. ფიქრობდა, რომ მის გადაღებაში სპილბერგი უნდა დახმარებოდა, რადგან ის ამ ფილმის გაადამიანურებას შეძლებდა. 2001 წელს ეკრანებზე სტივენ სპილბერგის „ხელოვნური ინტელექტი“ გამოვიდა - ფილმი, ყველაზე ადამიანური რობოტის შესახებ.
სტენლი კუბრიკის მარათონი კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.
სეანსები 21:00-ზე დაიწყება.
ჩვენება ინგლისურ ენაზეა.
20 სექტემბერი - „2001: კოსმოსური ოდისეა“
21 სექტემბერი - „დოქტორი სთრეინჯლავი“
22 სექტემბერი - „რკინის საფარი“
23 სექტემბერი - „დიდების ბილიკები“
24 სექტემბერი - „მექანიკური ფორთოხალი“