თბილისი – 2024
ნახევარი საათი სიმწვანეში ყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს – მსგავსი შინაარსის აღმოჩენებს მეცნიერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ. დიდი ქალაქების რუტინულ სქემებში ჩაბმული მოქალაქეები კი დასტურის ნიშნად ვუქნევთ თავს.
რაც უფრო შორს მიდის ოცნება კომფორტულ ქალაქზე, მით უფრო მეტი მწვანე ფერი ჩნდება ოცნებაში. ურბანულ კულტურას შეჩვეული ადამიანი, რომელსაც ქალაქი – თავისი ხმაურით, ყოველდღიური ნაცნობობით, ადამიანური სიმჭიდროვითა და თავგადასავლებით, დასათმობად არ ემეტება, ნელ-ნელა აბრუნებს მასში ბუნებას, როგორც კომფორტის ნიშანს.
ამიტომაც თუკი დავფიქრდები კითხვაზე, როგორი მინდა იყოს თბილისი ხუთ წელიწადში, პირველი, სწორედ ხეებში ჩაფლული უბანი წარმომიდგება. დასახლება, სადაც თითოოროლა შემორჩენილი ხე მხოლოდ ურბანული დეკორის ნაწილი კი არაა, აქა-იქ სილამაზისთვის ჩარგული, არამედ ფუნქციურად დატვირთული: მცენარეები, რომლებიც აჯანსაღებენ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს, აბრუნებენ მიკროუბნებში ფრინველებს, ადამიანებს უქმნიან თან ქალაქში, თან ბუნებაში ცხოვრების განცდას.
21-ე საუკუნის ჩემს საოცნებო ქალაქში ურბანული სერვისების კომფორტულობა (იოლი წვდომა ჩემთვის საჭირო და სასარგებლო ადგილებზე) და, ზოგადად, დატვირთული კულტურული და სოციალური ცხოვრება სწორედ ბუნებასთან ბალანსშია შესაძლებელი – ფოთლების შრიალის ფონზე, პარკებსა და ბაღჩებში, ჟანგბადით სავსე ჰაერზე; სადაც საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება უკიდურეს სტრესს არ იწვევს; სადაც საჯარო სივრცეებია დასვენების, გართობისა და შემეცნებისთვის; სადაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – საკუთარ ბინებში თუ ბინებს გარეთ – ბოლომდე ზრუნავენ.
თბილისმა, ბოლო წლებში დაგროვებული თავისი უამრავი ცუდი მაგალითით, საუკეთესოდ გვასწავლა, როგორი შეიძლება იყოს ქალაქი, საიდანაც გაქცევაზე კი არ ოცნებობ, არამედ გინდა, რომ დარჩე. ბოლოს და ბოლოს, ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, რომ ძვირადღირებული ბინის კომფორტი საკუთარი სადარბაზოს ზღურბლთან არ უნდა მთავრდებოდეს; რომ, როგორც ქალაქის ბინადარს, გაცილებით მეტი გვჭირდება, თორემ საკუთარი მიკროგარემოს „ევრორემონტით“ სრულფასოვნად ვერაფრით ვისიამოვნებთ.
თუკი მკითხავენ, როგორ თბილისში დავრჩებოდი საცხოვრებლად, ვუპასუხებ, რომ დავრჩები ქალაქში, სადაც: ახალ შენობებს ქალაქის ხასიათიდან გამომდინარე აგებენ და ახალ უბნებს აპროექტებენ ისე, რომ ითვალისწინებენ კომფორტისა და უსაფრთხოების პირობებს, ინოვაციურ საჯარო სივრცეებს კი ყველასთვის ქმნიან. ეს სივრცეებია: სუფთა და მწვანე სარეკრეაციო ზონები, სადაც გაზონზე ჩამოჯდომას არ გიკრძალავენ; სადაც, პირიქით, გარემოზე ზრუნვის იდეას მეზობლებს შორისაც ახალისებენ; საბავშვო მოედნები, სადაც გაცილებით მეტია გასართობი, აღმოსაჩენი და უნარების განმავითარებელი, ვიდრე წარმოგვიდგენია; სპორტული მოედნები და საცურაო აუზები, რომლებიც სახლთან ახლოსაა და ისევ და ისევ – ყველასთვისაა.
ხელმისაწვდომი და კომფორტული საერთო სამუშაო სივრცეები, სადაც ყველას შეუძლია განმარტოება და მუშაობა. მიწისქვეშა ავტოსადგომები, როგორც მანქანებით ჩახერგილი ტროტუარების ალტერნატივა. საერთო მოხმარების პარკები, რომლებიც სუფთა მიკროკლიმატს ქმნიან – გასართობს, მოსასვენებელსა თუ შესამეცნებელს ყველა ასაკის ადამიანს სთავაზობენ; გამწვანებული ზონები სახლების ახლოს – ისევ სამეზობლოების დასაკავშირებლად. ესაა ალტერნატივა, რაც ამ ქალაქში მინდა, რომ გაჩნდეს.
ესაა გარემო, რომელიც ენერგოეფექტურ, კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო სასტარტო პირობებს მომცემს ცხოვრებისთვის – თორემ ადამიანებს სტრესისა და იმედგაცრუებისთვის პირადი დრამებიც ჰყოფნით – მთავარია, საკუთარი ბინებიდან როგორ გარემოში გავალთ; მთავარია, როცა საცხოვრებელ სახლსა და უბანს ვირჩევდით, რა მოგვყიდეს – კვადრატული მეტრები თუ ჩვენზე, როგორც მოქალაქეებზე, ფიქრით შექმნილი სივრცეები.