თბილისი Design Hotels-ის წლიურ შეკრებას უმასპინძლებს
Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება – „არენა“ თბილისში 25-27 სექტემბერს გაიმართება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დისკუსიებზე, სემინარებსა და ვორქშოფებზე ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებზე პასუხების პოვნას შეეცდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტრენდებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ.
„არენას“ ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს. ხან – ლისაბონი, ხან – კოპენჰაგენი, ხან – ბარსელონა, ხან – სტოკჰოლმი. თბილისი ამ სფეროს და ამ მასშტაბის გლობალური ღონისძიების მასპინძელი პირველადაა. დედამიწის ამ წერტილში „არენას“ ღუზა რომ ეშვება, აჭარა ჯგუფის დამსახურებაა, რომლის 4 სასტუმროა Design Hotels-ის შემადგენლობაში. პირველი ამ ჯგუფში Rooms Hotel Kazbegi მოხვდა 2013 წელს, შემდეგი – Rooms Hotel Tbilisi იყო მომდევნო წელს; სტამბა 2018 წლიდან შეუერთდა კომუნას და წელს კიდევ ერთი – Rooms Hotel Kokhta შეემატა გამორჩეული სასტუმროების რიცხვს.
ამ წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფმა შეძლო ამ უნიკალური ჯგუფის მესვეურთა ნდობის მოპოვება და მათი დარწმუნება, რომ წლიურ შეკრებას, დაწესებული სტანდარტების შესაბამისად, თბილისშიც ისევე შეძლებდნენ, როგორც მსოფლიოს სხვა ცნობილ და დიდ ქალაქებში.
Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში. გაიცნობენ ქვეყნის კულტურას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ტრადიციებს. ამ მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურიზმის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ამ ღონისძიების განხორციელება და მასპინძლობა შესაძლებელი გახდა თიბისი სტატუსის და აჭარა ჯგუფის სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
„არენას“ პლატფორმა ქართველ ფერმერებსაც დაეთმობა – 26 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში მათ საშუალება ექნებათ თავისი წარმოებული პროდუქცია გამოფინონ, გაყიდონ და საექსპორტოდ პარტნიორებიც მოიძიონ.
არენას ყოველ შეკრებას თავისი სახელი აქვს. წლევანდელი „ახალი ჰორიზონტებია“. რას ელოდება ახალი, სხვადასხვანაირი მსოფლმხედველობისა და გემოვნების მქონე მოგზაური სტუმარ-მასპინძლობისა და მასთან მიბმული სფეროების ხვალინდელი ბრენდებისგან? რა გრძელვადიანი პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს ტურიზმის სექტორს? რა არის საერთო სურათის ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენს სასტუმრო ინდუსტრიაზე, სტუმრებზე, საზოგადოებაზე – ჩვენს სამყაროზე? როგორ მოიზიდონ ახალი თაობის მოგზაურები, რომლებიც ითხოვენ, ბრენდი მიზანმიმართულიც იყოს, სამოქალაქო პასუხისმგებლობისაც და ახალი იდეებისთვის ღიაც. თან ამ გამოწვევებს დღევანდელობის „დიდ პრობლემებზე“ (კლიმატის ცვლილებები, მოჭარბებული ტურიზმი, ფრენებზე შეზღუდვები, გენდერული თანასწორობა და ა.შ.) მთელ მსოფლიოში გაცხარებული კამათის პარალელურად უნდა უპასუხონ.
Design Hotels 1993 წელს დაარსდა და ამ ფორმატის პირველი ჯგუფია, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ, სრულიად უნიკალურ საკულტო სასტუმროებს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამ ჯგუფში გაერთიანებული სასტუმროები დამოუკიდებელი ოტელიერების ხედვითაა შექმნილი და ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე დიზაინითა და არქიტექტურული ხედვით გამოირჩევიან. ამ სასტუმროებს იგივე ოტელიერები მართავენ და ზუსტად მათი ორიგინალური ხედვა და ამ ხედვის შემოქმედებითად გადმოცემაა ის ღირებულებები, რატომაც Design Hotels-ის შემადგენლობაში ხვდებიან. ამ კომუნის წევრობის მსურველი საკმაოდ ბევრია ყოველწლიურად – 400-ზე მეტი. თუმცა, მათგან დაახლოებით 5 პროცენტი თუ ხვდება ამ უნიკალურ გაერთიანებაში.
თავის მხრივ Design Hotels-ი ჯგუფის წევრი სასტუმროებისთვის კონსულტანტიცაა და სხვადასხვა სერვისების მიმწოდებელიც. დამოუკიდებელი ოტელიერები ინტეგრირებული კომუნიკაციების ფართო სპექტრიდან ირჩევენ სერვისებს, როგორებიცაა მარკეტინგი, გლობალური გაყიდვები, ბრენდის მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობები და ა.შ.
თუ Design Hotels-ის ვებ-გვერდი ჯერ არ შეგისწავლიათ (designhotels.com), შევლას გირჩევთ. იმდენ და იმდენნაირ საოცარ ადგილს აღმოაჩენთ: მთებში ჩაკარგულს, სანაპიროზე მიმალულს, მეგაპოლისებში, ცნობილ კუნძულებზე, რომ მთელი ცხოვრების შვებულებების კალენდარს აავსებთ. ან, სულაც – სახლის ახალი დიზაინის დეტალებს მოიფიქრებთ.
ამ კომუნაში მოხვედრილი არც ერთი სასტუმრო არაა ჩვეულებრივი, არც – ბოჰემური და არც – ფერმის კონცეფციის. Design Hotels-ის წევრები უბრალოდ ღამის თევას კი არა, რეგიონული სტუმარმასპინძლობის კულტურით გაჯერებულ ნამდვილ ლოკალურ თავგადასავლებს გვთავაზობენ, რაც დღევანდელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნად იქცა.
Design Hotels-ის ნიშანს თუ ხედავ, უკვე იცი, რომ იქ დაგხვდება პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ინსპირაციები, იდეები და გატაცებებიც გაუზიარონ.