გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის ისტორიული ლანდშაფტის აკრძალული განაშენიანება

2015 წლის 8 სექტემბერს საქართველოს მთავრობის წევრებმა წერილი მიიღეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 14 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის “დაიცავი ევროპის მემკვიდრეობა” საქართველოს მთავრობას სთხოვდა, არ დაეშვათ თბილისის ისტორიული ლანდშაფტის გულში პროექტ „პანორამა თბილისის“ აშენება.

„თბილისი მდინარის ხეობის გასწვრივ გაშენებული, მთებს შორის მოქცეული გამორჩეული სილამაზის ქალაქია. ამ ჰარმონიას სწორედ მისი ბუნებრივი გარემო ქმნის. თბილისის ქედები 1975 წლიდანაა დაცული, რადგან ისინი ქალაქის ხასიათისა და მისი კულტურული მნიშვნელობის განუყოფელი ნაწილია“.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, 1985 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭომ ძველი თბილისის დასაცავად სპეციალური დადგენილება მიიღო და ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილს სამი დამცავი ზონა მიანიჭა: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; და გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა.   

ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, დღემდე დაუშვებელია დიდი მშენებლობები, რომელიც ახალ სატრანსპორტო ნაკადებს წარმოქმნის, აბინძურებს ჰაერს და წყლის აუზებს.

1985 წლიდან კანონი იცავს თბილისის ბუნებრივს რელიეფს და მის განაშენიანებას ზღუდავს.

სწორედ ამ ვალდებულებითა და ზონებით წარადგინეს თბილისი  1999 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში შესატანად.

1985 წლის საკანონმდებლო აქტი დღემდე მოქმედებს.  ორგანიზაციის  „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ კვლევის მიხედვით, არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც 1985 წლის დადგენილებას აუქმებს, ან მას ძალას უკარგავს.

2000-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, სოლოლაკის ქედზე, ბიძინა ივანიშვილმა საცხოვრებელი სახლისა და ბიზნეს კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტა. ამ მშენებლობას მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საბჭომ ნებართვა არ მისცა, თუმცა მშენებლობა კანონის დარღვევით მაინც დაიწყო. 2004 წელს, უკვე დაწყებული მშენებლობის გამართლება სცადა მაშინდელმა კულტურის მინისტრმა  გიორგი გაბაშვილმა და მშენებლობისთვის  ექსკლუზიურად გასცა ნებართვა.

ეს უკვე პრეცედენტი იყო. მას შემდეგ, თბილისის ისტორიულ ლანდშაფტის ზონაში სამშენებლო ბუმი დაიწყო.

2009 წელს თბილისის საკრებულომ ქალაქის გენერალური გეგმა მიიღო. ახალი გენგეგმის რუკაზე, საერთოდ აღარ აისახა 1985 წლის დადგენილებით გათვალისწინებული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რამაც ამ ტერიტორიაზე მომავალში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობები წინასწარ გაამართლა.

2014 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს თბილისის ისტორიული ნაწილის ათვისებას. ამჯერად, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის „პანორამა თბილისის“ მშენებლობა სწორედ ისტორიული განაშენიანების და ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაიგეგმა. 2014 წლის დეკემბერში, თბილისის მერიაში ახალი მოთხოვნა შევიდა: “პანორამა თბილისის” სამშენებლო ტერიტორიისთვის ყველა დამცავი ზონის მოხსნის მოთხოვნით. საპასუხოდ, თბილისის საკრებულომ სრულიად ახალი გენერალური გეგმა მიიღო, რომელშიც მშენებლობისთვის შემაფერხებელი ყველა ზონა გაუქმებული იყო.

მას შემდეგ, „პანორამა თბილისის“ გარდა, სოლოლაკის ქედზე, მთაწმინდის კალთებზე, თაბორის მთაზე კანონით აკრძალული განაშენიანება გაგრძელდა.

კანონით დაცული და საერთაშორისოდ აღიარებული სიკეთე  თბილისის უნიკალური რელიეფი ნელ-ნელა შეუქცევადად შეიცვალა.

2018 წლის გენერალური გეგმის პროექტში ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა ისევ ბრუნდება. ქალაქის მერი სახალხოდ აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროსთან ერთად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ ტერიტორიაზე მშენებლობებს გააკონტროლებს. მისივე განცხადებით, შეჩერდება სასტუმროს მშენებლობა გერგეთის ქუჩა #1-შიც, რომელიც ლანდშაფტის დაცვის ზონაში ექცევა.  

ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ახალი გენერალური გეგმის პროექტს დათქმა მოჰყვება, რომ აკრძალვები უკვე დასრულებულ შენობებს არ შეეხება; ეს იმას ნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომელიც განაშენიანების ნორმებს არღვევს და უხეშად იჭრება თბილისის ისტორიულ ლანდშაფტში, ახალი გენ გეგმის პირობებში მაინც აშენდება.

 

მულტიმედია ისტორია ეყრდნობა “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ კვლევის “როგორ გახდა შესაძლებელი პანორამა თბილისის მშენებლობა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში“ მიგნებებს.

კვლევის ავტორები: ანანო ცინცაბაძე, ნანო ზაზანაშვილი

 
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა