ტერი გუდკაინდი - „მაძიებელი - ჯადოქრის პირველი კანონი“
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
ყდა: ხატია ჩიტორელიძე
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ფასი: 17.90 ლარი
2016
ტერი გუდკაინდი თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და, როგორც მედიაში იხსენიებენ, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ავტორია. მას, პირველ რიგში, The Sword of Truth-ის წიგნების სერიით იცნობენ. დღეისათვის, მისი ტექსტები ოც ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. მისი სატელევიზიო სერიალის ადაპტაციას The Legend of Seeker ჰქვია.
გუდკაინდი მწერლობამდე ვიოლინოს ოსტატი იყო. „მომწონს რთულ ფორმებთან ურთიერთობა, მომწონს იდეა, რომ ვქმნი რაღაცას, რაც მარადიულად არსებობს. ასეა წიგნებიც“.
ტერი გუდკაინდის „მაძიებელი – ჯადოქრის პირველი კანონი“ ფენტეზის ჟანრში, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი სერიის პირველი წიგნია, მას კიდევ ათი მოსდევს. სწორედ ამ წიგნით იწყება ისტორია ტყის მეგზურ რიჩარდ საიფერის შესახებ, რომელიც სამყაროს სამი ხილული ნაწილიდან ერთ-ერთში ცხოვრობს, სადაც სულ სხვა კანონები მოქმედებს.
„ჯადოქრის პირველი კანონი ამბობს: „ადამიანები ბრიყვები არიან. და თუ დამაჯერებლად აუხსნი, რასაც გინდა, იმას დააჯერებ“.