ტეტჩერის ეპოქის გოგოები | დავით ბუხრიკიძე
კერილ ჩერჩილის პიესა „დინამო არენაზე“ რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის ინტერპრეტაციით
ერთი შეხედვით, გამამხნევებელ აბსურდს წააგავს პოლიტიკურ საგიჟეთად ქცეულ ნოემბრის ცივ საღამოს, „დინამო არენას“ სარბენ ბილიკებზე, სამი საათის განმავლობაში უყურო ბრიტანულ სოციალურ პიესას ქართველ მსახიობ ქალთა მონდომებით. სწორედ აქ, ამ ერთი შეხედვით უცნაურ და შეუსაბამო გარემოში, ცდილობენ ისინი ნასწავლი თუ ბუნებრივი თვითირონიით, მოთმინებასთან შერწყმული ენერგიით, მიკროფონებით წახალისებული მეტყველებით და კიდევ ათასგვარი ფსიქოლოგიური ნიუანსებით შეავსონ თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგისა და მწერლის, კერილ ჩერჩილის ალბათ ყველაზე მაგარი პიესა, „ყველაზე მაგარი გოგოები“.
ტექსტს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დაიწერა და მარგარეტ ტეტჩერის ეპოქის ბრიტანული საზოგადოების სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ განწყობებს ასახავს, შეიძლება წინასწარმეტყველურიც კი ვუწოდოთ. ის მთელი ათწლეულით უსწრებს 90-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში დაბადებული დრამის ახალ მიმდინარეობას სახელწოდებით In-ver-face Theare (დაახლოებით ითარგმნება როგორც „პირში მოხლილი თეატრი“).
კრიტიკოსთა და თეატრალთა უმრავლესობას ეგონა, რომ ეს მიმდინარეობა მაინც კონკრეტული ეპოქის უშუალო გამოძახილი იყო; რომ „განრისხებულ-ბრუტალური“ წერის მანერა მოდიდან მალე გადავიდოდა. თუმცა თეატრის სფეროში რადიკალური ცვლილებები ერთ, ან თუნდაც რამდენიმე წელიწადში არ იწყება და არც მთავრდება. მაგალითად, სარა კეინის პიესები, რომლებიც სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ 90-იანი წლების ბრიტანული დრამატურგიის გარდამტეხ და მნიშვნელოვან მოვლენად, გარკვეულწილად, წახალისებულია სწორედ კერილ ჩერჩილის ფემინისტური, სარკასტული და სოციალური ტექსტებით.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს, სამეფო უბნის თეატრში მაყურებელს შეეძლო ენახა რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი „ცრუ განგაში, ცხრა მთას იქეთ“, რომელიც მარტინ კრიმპისა და კერილ ჩერჩილის ტექსტს აერთიანებდა.
„ყველაზე მაგარი გოგოები“ ცხადია, არაა სტადიონისთვის განკუთვნილი. პიესის ადაპტაცია „დინამო არენაზე“ სწორედ „სხვა სივრცეების ბინადარმა“ რეჟისორმა, გურამ მაცხონაშვილმა სტადიონის სივრცის ათვისებით მოახერხა. კლუბები, დანგრეული შენობები, ზღვის სანაპირო თუ კინოსტუდიის პავილიონები, ის ექსპერიმენტული გარემოა, რომელსაც რეჟისორი მუდმივად ირჩევს და ახლებურად ითვისებს... თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ: ეს მუდმივი „გაქცევა“ კლასიკური თეატრალური შენობებისგან იძულებითი ნაბიჯია, თუ შემოქმედებითი თავისუფლებითა და იმპულსითაა ნაკარნახევი? რადგან პიესები და ტექსტები, რომლებსაც რეჟისორი ირჩევს, სწორედ სცენასა და პარტერს გულისხმობს და არა სტადიონებსა და კლუბებს.
„დინამო არენას“ სივრცის პოლიფონიურ ათვისებაში რეჟისორს ეხმარებიან: ლანა ყავრელაშვილი (სასცენო მოძრაობა და ქორეოგრაფია), ანუშკა ჩხეიძე (ელექტრონული მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი), ქეთანა სტურუა (არფაზე სოლოს შემსრულებელი), ლიზა კერესელიძე (რომელიც ორკესტრის გარეშე, ლაივში მღერის კლეოპატრას არიას Se pietà, di me non senti , ჰენდელის ოპერიდან „იულიუს კეისარი“), მოდის სახლი DALOOD (კოსტიუმები განსაკუთრებით საინტერესოა პირველ ნაწილში, რომელიც ისტორიულ თუ გამოგონილ პერსონაჟებს სრულიად სხვა დატვირთვას ანიჭებს).
თუმცა ამ პერფო-ქორეო-დრამატულ წარმოდგენაში გადამწყვეტი მაინც „მაგარი გოგოების“ - ცნობილი, გამოცდილი თუ შედარებით უცნობი ახალგაზრდა მსახიობი ქალების შებრძოლებაა ურთულეს და სანიმუშო ირონიით დაწერილ და თარგმნილ ტექსტთან (თარგმანი ნინა სურამელაშვილი).
ნატა მურვანიძე (მარლინი) დასაქმების სააგენტოს - „ყველაზე მაგარი გოგოების“, ახლად დანიშნულ დირექტორს თამაშობს. მარლინის გადამდები ენერგია და სარკაზმით შეიარაღებული ლოგიკა - ყველას დაუმტკიცოს საკუთარი წარმატება, იმდენად თვალსაჩინოა და საშიშიც, რომ მისადმი ყველას შურით ან შიშნარევი აგრესიით განაწყობს. ერთგვარი მტაცებლური ჟინი, მემარჯვენე მიდგომა ყველაფერში, გამოკვეთილი დამოუკიდებლობა და შრომა-ბრძოლის წარმატებისგან გაუმიჯნავი სურვილი, მას ტეტჩერის პოლიტიკის ნამდვილ პროტაგონისტად წარმოაჩენს.
ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიურადაც და დრამატურგიული თვალსაზრისითაც მარლინის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური დაპირისპირებაა უფროს დასთან, ჯოისთან (ნინო კასრაძე), რაც მეორე ნაწილში ხდება. დიალოგი, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდება, იმდენად ცოცხალი და შთამბეჭდავია, რომ გავიწყდებათ აბსურდული და კონტრასტული პირველი აქტი, როდესაც მარლინს ვახშამზე ისტორიული თუ გამონაგონი პერსონაჟები სტუმრობენ.
ჯოისი (ნინო კასრაძე) საშუალო ასაკის, პროვინციაში ჩარჩენილი, საინტერესო, მაგრამ კომპლექსიანი და „ნაცრისფერი“ ქალია, რომელსაც „შესატყვისად“ აცვია. ჯოისი მუშათა კლასის იმ ფენას ეკუთვნის, რომელსაც ცვლილებები არ სურს ან მისი ეშინია. ეს შიში აგრესიად ტრანსფორმირდება მარლინთან დიალოგში, რომელიც მასზე მდიდარი, წარმატებული და სექსუალურია. დებს შორის იდეოლოგიურ კონფლიქტს კიდევ ერთი “ბნელი“ და ფსიქოლოგიური მხარე“ აქვს - ესაა ჯოისის 16 წლის ქალიშვილი ენჯი (ამ როლს კატო კალატოზიშვილი თამაშობს), რომელიც სინამდვილეში მარლინის შვილია და რომელიც მან კარიერის გამო გაჩენისთანავე მიატოვა.
წარმოდგენა განფენილია სტადიონზე, უფრო ზუსტად, დასავლეთ ტრიბუნის სარბენ ბილიკებზე, ხოლო მაყურებელი პირდაპირ, პირველი იარუსის სკამებზე ზის. სცენოგრაფიული თავისებურება და გიგანტური სივრცე განაპირობებს მსახიობთა თამაშის სტილსაც და რეჟისორულ აქცენტებსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაკარნახევია საოპერო მიზანსცენებით, ზოგჯერ კი ქორეოგრაფიული ელემენტებით. თუმცა პიესაში ურთიერთობების ინტიმურ-ფსიქოლოგიური ველი (განსაკუთრებით მეორე ნაწილში) ახლო ხედის სურვილს ბადებს; ბუნებრივად გიჩნდებათ სურვილი ახლოდან დაინახოთ და ლამის „შეეხმიანოთ“ პერსონაჟებს. ამდენად, სასურველი იქნებოდა ვიდეო ეკრანის გამოყენებაც, რაც ამგვარ ინტიმურობას ნაწილობრივ მაინც გვაგრძნობინებდა (განსაკუთრებით მარლინისა და ჯოისის დიალოგის სცენაში).
არანაკლებ საინტერესო იქნებოდა პარალელურად, ეკრანზე დანახული ვახშამიც, როდესაც მარლინი წარმოდგენის პირველ ნაწილში უცნაურ ისტორიულ და გამოგონილ პერსონაჟებს უმასპინძლდება.
მათი ხანგრძლივი, ირონიული და ინტელექტუალური გაბაასება რეალური გასტრონომიული „სიამეების“ თანხლებით, ხან პაროდიას წააგავს ციკლიდან „ბურჟუაზიის მოკრძალებული ვახშამი“, ხანაც ირონიულ გადაძახილს საოპერო სექსტეტთან. ამ ფონზე სოციალური, მძაფრი და ფემინისტური მეორე ნაწილი გაცილებით კომპაქტური და სანახაობრივია. თუმცა სპექტაკლი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება, რაც დაღლილობის დამღას ბუნებრივად ასვამს წარმოდგენას.
სოციალური და ფსიქოანალიტიკური შრეები, რომელიც საგრძნობია მთლიანად წარმოდგენაში, რეჟისორის მკვეთრი მოქალაქეობრივი პოზიცია და მსახიობთა სრული ფსიქო-ფიზიკური მობილიზება ნოემბრის ცივ საღამოს, უფრო მეტს ნიშნავდა დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე, ვიდრე მხოლოდ ტეტჩერის ეპოქის “მაგარი გოგოების“ ჯგუფური პორტრეტი. თუმცა, გურამ მაცხონაშვილის დადგმაში "მაგარი გოგოები" არ ატირებულან. მათ, ალბათ, არც კათარსისის დაიჯერეს. თუმცა ვინ იცის, იქნებ რეჟისორის მიზანი ესეც იყო, რომ მაყურებელს ეფიქრა: "დინამო არენაზე" დროებით შექმნილი თეატრალური სამყარო, სადაც ერთმანეთს კვეთს ელექტრო მუსიკა და ჰენდელის საოპერო არია, „მაგარი გოგოების“ ცრემლების მიზეზი შეიძლება მომავალში გახდეს.
ფოტო: ნატა სოფრომაძე