თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე: გზა შორეული სამშობლოსკენ კრისტიან დიორის ესკიზებით
დიდი ხელოვანის საიდუმლო შრეებს ხშირად ისტორია ათწლეულების მანძილზე ინახავს, თუმცა ზოგჯერ ეს საიდუმლო ერთი გამოფენითაც შეიძლება ამოიხსნას. ერთ-ერთი ასეთია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე - ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში მცხოვრები მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი, სცენარისტი. ის ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალია, მამით უნგრელი და დედით ქართველი ხელოვანი, რომლის ცხოვრება სავსეა დრამატული ბიოგრაფიული მოულოდნელობებით, არტისტული ზიგ-ზაგებით, სიახლის მუდმივი სურვილითა და აღმოჩენებით.
უსამართლოდ დავიწყებული ხელოვანის შემოქმედებითი მემკვიდრეობას ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ქართულ საზოგადოებას საქართველოს ბანკი აცნობს.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ბიოგრაფია მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიეს და ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში სწავლობდა. თამარ დე ლეტეზე, როგორც უკვე ევროპაში გამორჩეულ და აღიარებულ სცენოგრაფზე, წიგნის ილუსტრატორსა და არტისტზე, საინტერესო რეცენზიები იწერებოდა მაშინდელ ფრანგულ პრესაში.
1947 წელს თამარ დე ლეტემ ნოე ჟორდანიას ვაჟზე, რეჯიბ ჟორდანიაზე იქორწინა, თუმცა ეს ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ აღმოჩნდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ ხელოვანის შინაგანი თავისუფლება მისთვის გაცილებით ბევრსა და მნიშვნელოვან რამეს ნიშნავდა, ვიდრე პირადი, თუნდაც უზრუნველი, არტისტული და ბოჰემური ცხოვრება.
1952 წელს ის მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გლამურული პარიზიდან ხმაურიან და ჭრელ სან პაულუში გადავიდა. მის წარმატებულ კარიერას თავისი კანონები ჰქონდა და თავისი თავგადასავალიც. საერთაშორისო არტ ფორუმებსა და ექსპოზიციებზე, სადაც მონაწილეობდა, მის გვარი ყველგან დაფიქსირებულია როგორც Thamar de Letay - თამარ დე ლეტე. ბრაზილიიდანვე იწყებს თანამშრომლობას საქვეყნოდ განთქმულ კრისტიან დიორის მოდის სახლთან. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა - ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. თუმცა როგორც ჩანს ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ის ერთ წელიწადში დასრულებულა, რისი მიზეზიც კრისტიან დიორის ფირმაში დირექციის ცვლილება ყოფილა.
საქართველოს ის გულითა და გონებით ატარებდა. ევროპულ ღირებულებებს შეთვისებული მხატვარი, სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ამაყობდა თავისი არისტოკრატიული წარმომავლობით, თუმცა შორეულ და მიუწვდომელ საქართველოში არასოდეს ჩასულა.
ბრაზილიაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ის საბოლოოდ მაინც ევროპაში დაბრუნდა. „მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები რაიმე სხვა. ყველაზე მომხიბლავი კი არის ის, რომ არ მინდა რაიმე სხვად ვიქცე“ - სწერდა მეგობარს.
მისი ბიოგრაფია და ტკივილიანი განცდები დღეს აღიქმება არა მხოლოდ კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად, არამედ პოლიტიკური ცვლილებებით აღბეჭდილ ეპოქალურ ინტონაციად. ალბათ ამიტომ იყო, რომ ევროპაში უკვე ცნობილმა მხატვარმა თამარ დე ლეტემ არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა სტატუსი, რაც მის პირად ბარათში ეწერა: ლტოლვილი საქართველოდან.
მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ალბათ, დრამატული დეტალია 1960-იან წლებში ნიუ იორკში ჩასვლა და უშედეგო შემოქმედებითი კავშირის ძიება ჯორჯ ბალანჩინთან. თუ თამარ დე ლეტეს პირად შთაბეჭილებას დავეყრდნობით, სახელოვანმა ქორეოგრაფმა და თანამემამულემ მას ერთობლივ საბალეტო პროექტზე უარი უთხრა, რამაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
1960-80-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა და ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. გარდა ამისა, ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, მუშაობდა ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და ა.შ.
თამარ დე ლეტემ შექმნა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები ბალეტისთვის „რომეო და ჯულიეტა“, „Dyade“. დრამატული სპექტაკლებისთვის „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. დგამდა სპექტაკლებს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს ჟან ჟიროდუს პიესა „უნდინე“. ასევე დიდი წარმატებით მუშაობდა ლილის ოპერაში.
1980 წელს გაიხსნა გამოფენა, რომელიც გაზეთ „ფიგაროს“ ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეებში „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“.
„უსარგებლოა მხატვრობაზე დიდ ხანს დაყოვნება. ის ან მოგწონს, ან არა. ესაა ერთადერთი კრიტერიუმი. გაქვს თუ არა სურვილი ასეთი ნამუშევრის საკუთარ ოთახში ხილვისა. აღძრავს ის თქვენში მხიარულებასა და სიამოვნებას თუ არა. სულ ესაა“, - ამბობდა თამარ დე ლეტე ერთ-ერთ ინტერვიუში. მან შექმნა სრულიად ორიგინალური პროცესი ერთ ტილოზე ერთდროულად ზეთის, გუაშის, პასტელის და ზოგჯერ კვერცხის გამოყენებითაც, როგორც ამას ძველად აკეთებდნენ. მისი რომანტიკული მხატვრობა წარმოაჩენდა მთელ ხიბლს დელიკატურობისა, სინაზისა და პოეზიისა.
თამარ დე ლეტე ვაჩნაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მომზადებულია გიორგი კალანდიას მიერ