გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უსახლკარო

დაიკეტა? 
მორჩა, დაიკეტა.
ქალი ამოისუნთქავს, მეტალო პლასტმასის თხელ კარზე სახელურს ბოლოჯერ მოქაჩავს, თვალები უელავს. კაცისკენ ტრიალდება. 
კაცს ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია, ზედ გაქონილი, მოფლაშული ქურთუკი და ცალი ხელით სახელდახელოდ აწყობილი ბორბლებიანი საზიდარი უჭირავს. როგორც ქვეშევრდომი დირექტორს, ისე უყურებს ქალს - თხელი, გაჭაღარავებული, კეფაზე აწეული თმით, რეცხვაში დამოკლებული, გაცრეცილი სვიტერით, რომელსაც წამდაუწუმ ექაჩება შარვლის სათავისკენ და გამობერილ მუცელს ძალაუნებურად აჩენს.

„გრუზი შევზიდეთ რა. ვსო, ეგ ბინა ჩვენია. ნაწილ-ნაწილ მოგვაქვს. ისე ალექსეევკაზე ვარ. რვა ნომერი ავტობუსი ხო იცი, ეგ მოდის ზედ ამ სახლთან. ორსართულიანია, ნახევრად დანგრეული. 10 წლის წინ შევნიშნე, ადგილს ვეძებდი, ღამის გასათევს. მას მერე იქა ვარ. მერე სხვებიც მოვიდნენ. გადავინაწილეთ. მე თვითონ ვუთხარი, აქ ღამის გათევა შეგიძლიათ-მეთქი. ცოტა მოვაწყვეთ, მაგრამ ბევრი არაფერი,  ფანჯრებიც არ მაქვს. ამასწინათ, ღამით მეძინა და იმისთანა ხმებმა გამაღვიძა. კატა გადმოსულა და იმ სიბნელეში დაფათურობდა. ავანთე სანთელი და ამ ჩემ კაცს დავურეკე, ამან მიშველა“. 

„ესაა ჩემი ქალი, მაგის იქით მე არავინ მყავს“, - ბორძიკით ერევა საუბარში კაციც. 

„აქ მე რომ მოვედი თავიდან, საწყობები იყო. ჯერ არ იყო არც რემონტი, არც ბინები. შემოვიჭერი - როგორც ამას ეძახიან. წინ მოვდიოდი, სხვები უკან მომყვებოდნენ, მაგრამ პატრულმა გაგვყარა. მაშინ დავემუქრე, მაინც დავბრუნდები-მეთქი. აი, ხომ დავბრუნდი. რომ დამირეკეს, ბინას გაძლევთო, აღარ ვიცოდი, რა მექნა“.

...

ორხევის სოციალურ საცხოვრისის მეტლახით დაფარულ ცივ და საავადმყოფოსავით გადანათებულ დერეფნებში ოთხი უცხო ადამიანი დავაბიჯებთ. სახლების კარები პალატების კარები გვგონია. მიახლოებაზე ტელევიზორის ხმები და ოთახებში ჩაგუბებული გამთბარი სადილის სუნი ძლიერდება, ვშორდებით და ექოდ მოგვყვება, დერეფნების სიცივეს ვერ ერევა და იკარგება. მაცივრები, ქურები, გამათბობლები, ტელევიზორები ამ ადამიანებს ბინებში დახვდათ, დანარჩენი ნივთების მოგროვება კი თავად შეძლეს. ნივთები ზოგჯერ იმდენი გროვდება, პარკებში ჩურთავენ. ოთახებში, სადაც ადამიანები ძლივს ეტევიან, ზედმეტ მოსართავს თუ უსარგებლო საგანს ვერ იგუებ. 

მოკლე დერეფანი პატარა ოთახში შედის, სადაც დიდი საწოლი და ვიწრო მაგიდა ეტევა. ვიწრო ნიშაში სამზარეულოა მოწყობილი. ფლიგელიდან ფლიგელში გავდივართ. ვუღიმით თხლად ჩაცმულ ბავშვებს, რომლებიც იქვე, ცივ დერეფნებში დაჭერობანას თამაშობენ და ცნობისმოყვარე შეძახილებს გვესვრიან. 

აქ ახლა 72 ბინაში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, 84 ბავშვია. ეს ორსართულიანი შენობა გადაკეთების და ფუნქციის შეცვლის მერე უსახლკაროებით მთლიანად შევსებულია. ასეთი სოციალური საცხოვრისი ქალაქში კიდევ ორია: ვარკეთილსა და დიდ დიღომში. სულ თერთმეტი საცხოვრებელი კორპუსია. უკვე ყველგან ცხოვრობენ. პირველ რიგში, შეასახლეს მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვეტერანები და, ცხადია, დაითვალეს ის ქულებიც, რაც სიღატაკის უკიდურესობას განსაზღვრავს. ბინა ორი წლით გადაეცათ. პერიოდულად აახლებენ მუნიციპალიტეტთან დადებულ კონტრაქტებს. ლალი და მისი ქმარი ორხევის ერთ-ერთი ბოლო ბინადრები არიან. 

...

სოციალური საცხოვრისი - ანუ სახლი, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით აშენებს და დროებით მფლობელობაში გადასცემს ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს, უსახლკარობის პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთი გადაწყვეტაა. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანაში სოციალური პროგრამები, მით უფრო მრავალფეროვანია გადაწყვეტის გზებიც. მრავალფეროვნება - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვაა, რადგან პრობლემა სახლის დაკარგვის ბევრნაირ გარემოებას, მიზეზს და გამოვლინებას მოიცავს და მხარდაჭერას სახელმწიფოსგანაც, შესაბამისად, სულ სხვადასხვაგვარი ისტორიის მქონე ადამიანები ელიან - არა მხოლოდ ისინი, ვინც პირდაპირი გაგებით, ქუჩაში დარჩნენ და ღამეს ტროტუარზე დაგებულ ქვეშაგებზე ათევენ.

უსახლკარობა

სრულფასოვანი და ქმედითი ჩანაწერი კანონში, რომელიც ამ კრიზისული სიტუაციების მრავალფეროვნებას თვალს გაუსწორებდა, არ გვაქვს. საყოველთაო სტრატეგია, რომელიც ასახავდა უსახლოდ დარჩენის საქართველოში გავრცელებულ მიზეზებს, ანდა ღირსეული საცხოვრისის ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს, ჯერ არ დაწერილა. ამიტომ ამ ეტაპზე ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობების ინიციატივებზე დგას. მათ კანონი ავალდებულებს თავიანთი მუნიციპალიტეტების საზღვრებში უსახლკაროთა აღრიცხვას და თავშესაფრის მიცემას. თუმცა, ამ ვალდებულების შესრულებას საქართველოში მდებარე 70  მუნიციპალიტეტიდან 10 საერთოდ ვერ ახერხებს. ხშირად უმოქმედობის გამართლებას კი შეზღუდული ბიუჯეტით ცდილობენ. „ანუ თავის ტერიტორიაზე უსახლკარო პირები ჰყავს, მაგრამ არც ის დაუდგენია, აღიარებს თუ არა მათ უსახლკაროდ, არც სერვისები მოუფიქრებია და, ცხადია, არც თანხა აქვს“, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სპეციალისტი ბექა ჯავახაძე. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი, რომელიც გუნდათან ერთად იკვლევს უსახლკარობის საკითხს და ამზადებს დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ ეროვნული სტრატეგია უნდა დაეფუძნოს, ამბობს: „55 მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, უსახლკაროდ დღეს დარეგისტრირებულია 1,206 ოჯახი (რაც ქვეყნის მასშტაბით ოჯახების 0.11 პროცენტია); ასევე, 931 ინდივიდუალური პირი. თუმცა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მხოლოდ ოჯახს აღრიცხავს, ზოგიერთი კი - მხოლოდ ცალკეულ პირს. უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილი შეიძლება საჯარო შენობებშიც ცხოვრობდნენ, ზოგი საერთოდ ნათესავს აფარებდეს თავს, ამიტომ უსახლკარობის მასშტაბიც კარგად არ ჩანს“.

...

აღრიცხვისა და უსახლკაროთა მხარდაჭერის ყველაზე გამართული სისტემა ისევ თბილისს აქვს. 

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 30 პროცენტი იხარჯება სოციალურ პროგრამებზე, რაც 335 მილიონი ლარია. თუმცა, ამ თანხაში ბევრი სხვადასხვა პროგრამა შედის, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსახლკარობას ან საერთოდ არა ანდა მხოლოდ ირიბად უკავშირდება. საჭიროების მიხედვით, ადამიანებს მედიკამენტებისა და ოპერაციების თანხებსაც აძლევენ, მრავალშვილიანებს - საკვების ფულს. საკვანძო სიტყვა აქ სწორედ საჭიროებაა. სოციალური პროგრამების ბიუჯეტის დიდი ნაწილი რეაქციაა მხოლოდ კრიზისზე და არ ეფუძნება პრობლემის გადაჭრის გრძელვადიან ხედვას. ყველაზე პირდაპირი პროგრამები, რაც ამ 335 მილიონი ლარიდან  უსახლკარობის სამართავად და არა დასაძლევად ფინანსდება, დროებითი თავშესაფრები (როგორიც, მაგალითად, ორხევის სოციალური საცხოვრისია) და ქირაა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი დადასტურდა - მოქალაქეს არ აქვს სახლი და არც ბინის ქირაობის სახსრები და დგება ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე, მუნიციპალიტეტი მას ორი-სამი წლის ვადით ყოველთვიურად გადაუხდის 300 ლარის ოდენობის ბინის ქირას - დროებით მოაგვარებინებს კრიზისს და თან ყოველწლიურად შეუმოწმებს შემოსავლებს - დარწმუნდება, რომ მას ქირის გადახდა კვლავ არ შეუძლია.

Tavshesafari

ქეთინოს ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ახლა ორხევში ცხოვრობს, ასე დაემართა. სახლი ავლაბარში იპოთეკის ვერ დაფარვის გამო ბანკმა გაუყიდა და მრავალრიცხოვანი ოჯახიც ქუჩაში დარჩა. „რაც ჩემ თავს მოხდა, ეს რომ ახლოს მომეშვა, ალბათ, ჭკუიდან შევცდებოდი. არ მაქვს მოდუნების უფლება, წამიერად უნდა მეღონა რამე. იმ საღამოს რას ვშვრები? ხვალ? მომავალ წელს? უცებ მივიღეთ გადაწყვეტილება - „ქირის პროგრამაზე“ დავრეგისტრირდით. მაინც თვეები ველოდეთ. ამასობაში ნათესავებთან ვიცხოვრეთ. ბოლოს გაგვიყვანეს ქირით, მაგრამ შეუძლებელი იყო ამხელა ოჯახისთვის წესიერი ბინის პოვნა 300 ლარად. მერე შემოგვთავაზეს ორხევი და აქ გადმოვედით“. 

2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერია რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს სოციალურად დაუცველთათვის ქირის პროგრამაზე. სიაში ადამიანები ერთმანეთს ანაცვლებენ, მაგრამ უმეტესწილად, ქირის პროგრამას ტოვებენ არა იმიტომ, რომ ცხოვრება გაიუმჯობესეს, უფრო იმიტომ, რომ ვადა გაუვიდათ და მათ ნაცვლად რიგი ახლა სხვას, უფრო ღატაკს უწევს. ქეთინოს ხუთშვილიანმა ოჯახმაც ქირის პროგრამიდან სოციალურ საცხოვრისში გადაინაცვლა, მაგრამ ეს ერთი დროებითი გამოსავლის მეორე დროებითი გამოსავლით ჩანაცვლება უფრო იყო - საბოლოო დანიშნულების წერტილი, როცა ღირსეულ ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ცხადია, არც სოციალური საცხოვრისია. თუმცა, ეს მისი ბინადრებისთვის ზოგჯერ გადარჩენაა.

ორხევის საცხოვრისის ერთ-ერთი პირველი ბინადარი ნათია. საკუთარი სახლი არასდროს ჰქონია. 15 წლისა უმცროს ძმასთან ერთად თბილისში საჩხერის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან გაიქცა. გაექცა მამას, რომელიც სვამდა და ბავშვებს სასტიკად ექცეოდა. ერთხანს, მუშაობდა სუპერმარკეტში და მამიდასთან ცხოვრობდა. კონფლიქტს ვერც იმ ოჯახში გაუძლო და იქიდანაც წავიდა. ქუჩაში დარჩენილი, თემქაზე, ე.წ. “გოსპიტალის” შენობაში შევიდა. მერე გაიარა თბილისში უსახლკარობის რეგისტრაცია (დროებით მისამართად მამიდის სახლი მიუთითა) და მერიის ქირის პროგრამაში მოხვდა. ხან ავლაბარში ცხოვრობდა, ხან - ფონიჭალაში, ხან - ზეემკაზე. ქირით იცვლიდა სახლებს. სულ უფრო ცოტავდებოდა მისი ნივთებიც. ორი წლის წინ დაურეკეს და ორხევის სოციალურ საცხოვრისში გასაღები გადასცეს. მაშინ მეორე ბავშვზე იყო უკვე ორსულად. 

ამბობს, რომ ამაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში არ ჰქონია. 

...

წლების განმავლობაში რამდენმა ადამიანმა დაკარგა მუდმივი საცხოვრებელი გარემო და რამდენმა შეძლო უკან დაბრუნება, ზუსტი მაჩვენებელი თბილისის მასშტაბითაც არ არსებობს. მერიამ მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობა იცის, ვინც მას უსახლკაროს სტატუსის მისანიჭებლად მიმართა - 6 ათასამდე ადამიანმა, მათგან 4 ათასამდე განცხადება დაიწუნეს. სხვა საკითხია, ნამდვილად ვის ეკუთვნის სტატუსი, ვინ იტყუება, ვინ გულწრფელია და ვის საერთოდ არ მიუმართავს. 

უსახლკაროს სტატუსს დღეს თბილისში 1531 ადამიანი ფლობს, ცალკე ერთიანდებიან ადამიანები „ქირის პროგრამაშიც“. თუმცა, დაზუსტებით იმის თქმაც შეუძლებელია, რამდენად აბათილებს, ან ავსებს ეს ორი სია ერთმანეთს. 

თვითმმართველობებს კი ამ ეტაპზე კანონი მეტს არაფერს სთხოვს, შესაბამისად, კრიზისული სიტუაციების მართვაზე მეტ ინიციატივასაც ისინი არ იჩენენ. თანხების მობილიზება ასეთ შემთხვევაში პრობლემის დაძლევას კი არ ემსახურება, დროში გაყინვას; რამდენიმე წლით შეჩერებას, ადამიანი მერე ისევ კრიზისის ახალ წრეზე რომ წავიდეს.

უსახლკარობა

...

როგორი უნდა იყოს უსახლკაროს განმარტება, რომ ის იმ მრავალფეროვნებას შეიცავდეს, რასაც სახლის დაკარგვის სხვადასხვაგვარი მიზეზი, გარემოება და სირთულე განაპირობებს? როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ერთიანი განსაზღვრება ისე, რომ რეგიონების თავისებურებებიც მოიცვას და ცალკეულ თვითმმართველობებს პრობლემის მართვის თავისუფლება დაუტოვოს? ამ კითხვებზე პასუხი მაშინ დაიწერება, როცა ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდება. ჯერჯერობით კი სამოქმედო გეგმაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი, თეა გვარამაძე ამბობს: „მძიმე მდგომარეობაში ვართ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზუსტად სტატისტიკა, აღრიცხვიანობა და დეფინიციაა: ვის ვარქმევთ, ვინ არის უსახლკარო? ეს უნდა თქვას კანონმა და მეორე, როგორ უნდა შეიქმნას მუდმივად განახლებადი აღრიცხვიანობის სისტემა? ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა“.

...

იანვრის სუსხიან დილას, მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე ფენად დაწყობილ ჭუჭყიან საბნებში გახვეულ ადამიანს ვაკვირდები. ეს დაკვირვებაც უხერხულია, რადგან სახე არ უჩანს, თითქოს სძინავს და მე იმ ერთი ციცქნა პირად სივრცეში ვუვარდები, რასაც სახეზე აფარებული საბნებით იცავს. მაგრამ დახმარებას ვთავაზობ. ნელა და ყოყმანით მელაპარაკება. 

ეკა მქვია. 30 წლის ვარ. ოპერაცია მჭირდება. მანქანამ ორჯერ დამარტყა. ვერ დავდივარ. მთელი ხერხემალი მტკივა. სახლი მშობლებმა გამიყიდეს. არ ვიცი, სად არიან. აფრიკაში მივდივარ ხოლმე ნათესავთან. ზოგჯერ აქ ვარ. არა, თავშესაფარში არ მინდა. არ მინდა. არა, არ ვყოფილვარ, მაგრამ არ მინდა. ხვალ არ ვიქნები, დავისვენებ ცოტას. მერე მნახე. ხელთათმანი მინდა და თბილი როლინგი. არ მაქვს. 

თავისუფალი ბინა რომც იყოს, ორხევის სოციალურ საცხოვრისში ეკა ვერ მოხვდება. ის ხომ მარტოხელაა და იქ პრიორიტეტს მრავალშვილიანებს ანიჭებენ. სისტემამ მას შეიძლება ლილოს 24-საათიანი თავშესაფარი შესთავაზოს. 

უსახლკარობა

ლილოს თავშესაფარი კიდევ სხვა კონცეფციაა. იქ ბავშვიანი ვერ მოხვდება, პირველ რიგში, სწორედ მარტოხელებს იღებენ. სუფთა დიდ ოთახებში 10 ორსართულიანი საწოლი დგას, უცხო ადამიანებს ერთ ოთახში სძინავთ. აბაზანები და საპირფარეშოებიც საერთოა. კვება, სხვადასხვაგვარი კლასები, დასვენების საშუალება, ექიმთან კონსულტაცია - ყველაფერი დროში გაწერილია. ეს ერთჯერადი შესვენებაა მუდმივად გზაში მყოფი ადამიანისთვის, რათა ისევ თავიდან დაადგეს გზას.

საღამოს შვიდ საათზე საცობებს თავდაღწეული მანქანა, ტრიალ, ჩაბნელებულ მინდორზე გადის. დღისით ჩანს - აქა-იქ მოსახლეობა ცხოვრობს, ღამით კი, არაფერია. შორს, გზაზე მხოლოდ ერთი განათებული მესერი ჩანს. ლილოს თავშესაფარიც ესაა. ძლიერი ქარი ქრის. სანამ შენობის დაცვის წევრებს ვესაუბრებით, გზაზე პატარა ყვითელი ავტობუსი ჩერდება, მგზავრს გადმოსვამს და ბნელ აღმართზე აგრძელებს გზას. კაცი თავდახრილი ჩაგვივლის, არ გვესალმება. გარედან ჩანს, საშვთა ბიუროს მსგავს ჯიხურში ვინაობას აფიქსირებს და შენობაში შედის. 

„აი, ბატონო, ეს კაცი. რაიონიდან ჩამოვიდა, აქ ქირას ვერ იხდის, ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს და ღამით ჩვენთანაა, ავტობუსს მოჰყვა, 11 საათზე მოდის ბოლო მეტროსადგურ „სამგორიდან“ - გვიხსნის ადმინისტრაციის წევრი. 

„ლილოში მცხოვრები რამდენიმე ათეული ადამიანი გადამზადდა პროფესიული განვითარების კურსის ფარგლებში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. რამდენიმე საინტერესო შემთხვევაც გვქონდა. მაგალითად, ერთ-ერთმა იცოდა ქსოვა და ხელნაკეთ ნივთებს ჰყიდდა, თან პენსიას აგროვებდა. სამი წლის თავზე, 10 000 ლარად, რაიონში სახლი იყიდა“, - ამბობს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი.

თუმცა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) პროექტების კოორდინატორი, მარიამ ჯანიაშვილი ლილოს თავშესაფრის ამ თავისებურებებში ინსტიტუციონალიზაციის საფრთხეს ხედავს და ამბობს: 

„ლილოს თავშესაფარი გარდამავალ ეტაპზე, ძალიან მოკლე ვადაზე გათვლილი თავშესაფარი შეიძლება იყოს, სადაც ადამიანს მიიღებ მანამ, სანამ სხვა, უფრო ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ სერვისს მიაწოდებ. მაგრამ თუ იქ ადამიანს 18 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ტოვებ, ასეთი მიდგომა არაა მიმართული ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნებაზე. ეს ადამიანები ამ გარდამავალ რგოლში რჩებიან დიდხანს, თანაც - ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ინსტიტუციისთვის დამახასიათებელი დღის რეჟიმით, პირადი სივრცის, დროის განკარგვის შესახებ საკუთარი არჩევანის, გადაწყვეტილებების და სახლური გარემოს გარეშე“.

თავშესაფარი

ნაწილობრივ ამ მიზეზთა გამო, 210 ადამიანზე გათვლილი ლილოს თავშესაფარი გახსნის დღიდან ნახევრად ცარიელია. ამ ტერიტორიაზე არ იღებენ მას, ვინც სვამს ან ნარკოტიკებს მოიხმარს, ანდა მას, ვისაც დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლია. ასეთი უსახლკაროებისთვის სახელმწიფოს სერვისი არ აქვს, არადა, შეზღუდული შესაძლებლობები, ალკოჰოლიზმი, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია თუ ნივთიერებაზე დამოკიდებულება ხშირად  უსახლკარობის ან თანმდევი, ან გამომწვევი გარემოებაა. 

„ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელსაც ვერ ხედავს ჩვენი საცხოვრისის პოლიტიკა, არის ინსტიტუციებში მცხოვრები ადამიანები, ისინი ვინც დღეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა პანსიონატებში ცხოვრობენ. ოჯახები მათზე ხშირად უარს ამბობენ. ამიტომ ამ ადამიანების 30-40 პროცენტი კვლავაც პანსიონატებში რჩება - მათ არც კი იციან, რომ აქვთ უფლება, მოითხოვონ სათანადო საცხოვრისი“, - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)-ის პროექტების კოორდინატორი, მარიამ ჯანიაშვილი.

ორხევის სოციალურ საცხოვრისში კარს, რომელზეც უნდა დავაკაკუნოთ, შემთხვევით ვარჩევთ. ქალი გვასწრებს და თვითონ აღებს კარს. 70 წელს მიღწეული, ტანდაბალი ქალია, შავი ჯემპრით, წვრილი მარგალიტის მძივით და შინდისფრად შეღებილი მოკლე თმით. თავაზიანი, ცნობისმოყვარე, ღიმილით გვეგებება. აქ ახალი უნდა იყოს, სტუმარ-მასპინძლობის ეტიკეტს გულღიად იცავს. 

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. სახლი და კლინიკა დაეწვა. უსახლკაროდ დარეგისტრირდა. აქ გადმოვიდა. მალე შვილიშვილიც შეუერთდება. დანარჩენი ოჯახი ნათესავებთან დაფანტულია. ნოემბრის ცივი საღამოა. ქალი საუბრის გაბმას ცდილობს. ძველ ცხოვრებაზე გვიყვება. “მე ქალაქში ცნობილი დერმატოლოგი ვიყავი. ნუ დაწერ ჩემს სახელს, მიცნობს ყველა”.

„უსახლკარობის საკითხს სამი რგოლი აქვს და მათ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ადგენდეს, - ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე, - ყველაფერი პრევენციის რგოლით უნდა იწყებოდეს - იმ ზღვრის დადგენით, რომლის იქითაც ადამიანს შეიძლება უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდეს. ამ ეტაპზე სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, აძლიერებდეს ისე, რომ ამ შედეგამდე არ მივიდეს. მეორე ეტაპზე უკვე დახმარების რგოლი ირთვება - როცა ადამიანი მაინც აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში და მას დროებითი სერვისებით ეხმარებიან. მესამე კი უკვე უსახლკარობის დაძლევის ეტაპია, როცა სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის იმ უნარების განვითარებაზე, რაც მას კვლავაც ფეხზე დადგომაში დაეხმარება. ჩვენთან მხოლოდ  შუა რგოლი მუშაობს, თანაც, ხარვეზებით, პირველი და მეორე რგოლი საერთოდ არ გვაქვს”.

...

არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემას თვითონ იგვარებენ. ცარიელ შენობაში უკანონოდ შეჭრა ერთ-ერთი ხერხია. სახალხო დამცველის 2014 წლის მონაცემებით, თვითნებურად დაკავებული იყო  თბილისის 208 ობიექტი. თუმცა, ეს რიცხვი ცვალებადია. უსახლკარო „შეჭრილებს“ სახელმწიფო ძალით  დაკავებული ფართებიდან პერიოდულად ასახლებს და ისინიც მორიგ თავისუფალ, ნახევრად აშენებულ ან მიტოვებულ შენობას თავიდან პოულობენ.

დარიკო დიასამიძე აჭარიდან, შუახევიდანაა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ქმართან და ორ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ერთხანს ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, ქმარი ქურდობის გამო დააპატიმრეს, დარიკო ბავშვებთან ერთად გამგეობის შენობის საწყობში გადავიდა. მერე ამ ოთახის დათმობაც მოსთხოვეს, მეგობარმა უთხრა, რომ გურამიშვილის გამზირზე მშენებარე და დიდი ხნის წინ მიტოვებული სახლი იყო, შავი კარკასი, კარ-ფანჯრის გარეშე, იქნებ ენახა. ერთ საღამოს ნახა და მეორე დღეს გადავიდა - შიშველ კედლებში. რამდენიმე დღეში შენობა უკვე სავსე იყო - სხვებმაც გაიგეს და თავისუფალი ფართები უცებ შეივსო. დღეს იქ 16-მდე ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით 43 ბავშვია. ორი წლის განმავლობაში არც შუქი და არც წყალი არ ჰქონდათ. დარიკო ამბობს, რომ ასე ყოფნა ურჩევნია, რადგან აჭარაში, იქ, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ზამთრის დიდთოვლობაში სასწრაფო დახმარება ვერ მიდის, მისი მცირეწლოვანი შვილებს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და კლინიკასთან ახლოს ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია.  

იმიტომ, რომ არ არსებობს სტრატეგია რომელიც უსახკლარობიდან თავდაღწევის რგოლს გაითვალისწინებდა, ადამიანებს მუდმივ ჭიდილში უწევთ ცხოვრება. სოციალურ დახმარებას დასჯერდნენ და ბრძოლით მოპოვებულ სახლის მაგვარ სივრცეს, თუ იმუშაონ? თუმცა, სამსახურები არასტაბილური, ერთჯერადია, შემოსავალი კი მცირე და ამიტომ ხშირად  განზრახ ირჩევენ სოციალური შემწეობით ცხოვრებას  - არაფრის ქონა საბუთია ჭერის და მინიმალური გარანტიის შესანარჩუნებლად.

ეს ორხევის სოციალურ საცხოვრისშიც თვალნათლივ იგრძნობა. საცხოვრისის გახსნის დღიდან ცხოვრების გაუმჯობესების მოტივით, იქაურობა  არავის დაუტოვებია. ძირითადად, ყველა იმის დამტკიცებას ლამობს, რომ ამ მდგომარეობიდან ამოსვლა მათ ძალას და შემოსავლებს აღემატება. 

“თუ სახელმწიფოს უნდა საცხოვრებლის პოლიტიკა განახორციელოს, მოუწევს, ძირეული ცვლილებები დაიწყოს ყველა იმ სფეროში, რაც უსახლკარობასთან კავშირშია. მაგალითად, თუ თამაშზე დამოკიდებულებაა პირდაპირ კავშირში უსახლკარობის პრობლემასთან, მოუწევს ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრები შექმნას. თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანების ფსიქო-სოციალური დახმარებაა საჭირო უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად, ამ მხრივ მოუწევს ადამიანების გაძლიერება. თითოეული ეს მიზნობრივი პროგრამა სწორედ უსახლკარობის პრობლემის ან პრევენცია, ანდა მოგვარების მექანიზმია. სახელმწიფო ხვდება, რომ უსახლკარობის სტრატეგიის შემუშავება ძირეულ ძვრებს მეზობელ სფეროებშიც გამოიწვევს და ამიტომ არჩევს პასიურ მდგომარეობაში ყოფნას”, - ამბობს კოტე ერისთავი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)-ის სოციალური პროგრამის დირექტორი.

უსახლკარობა

„ოღონდ ჩათვალეთ, რომ უღრანი ტყეა ჯერ. გვაქვს ვადა, 2021 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როცა უსახლკაროთა საკითხს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს“, - აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თეა გვარამაძე.

...

სანამ ცვლილებები დაიწყება, არსებული სერვისების ლაფსუსებიც კიდევ უფრო თვალშისაცემი ჩანს. 

ორხევის სოციალური საცხოვრისი ბინადრებს მხოლოდ პირველად, ყველაზე ბაზისურ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს - ჭერი და სითბო. თხელი კედლების მიღმა ყველაფერი ისმის. ეზოში არც სათამაშო მოედანია, არც ახლო-მახლო სკვერი, ნული კონტაქტი გარესამყაროსთან და ხშირად ერთმანეთთანაც - ყველამ იცის, აქ რატომაც მოხვდნენ და ერთმანეთს ამ მიზეზითაც გაურბიან, მაღალი მესერის მიღმა კი ორხევის დანარჩენმა მოსახლეობამ არც კი იცის, რომ მათ უბანში, ძაღლების თავშესაფრის გარდა, თავშესაფარი უსახლოდ დარჩენილი ადამიანებისთვისაცაა.

უსახლკაროების გეტო - ეს იარლიყია, რომელსაც ქეთინო გაურბის, მთელ დღეებს ვერაზე ატარებს, დედის სახლში, რადგან ბავშვობა თვითონ იქ გაატარა, ბავშვებიც სკოლაში თავის უბანში დაჰყავს. არ უნდა ამ ბუნებრივ გარემოს მოაშოროს შვილები. ორხევში ძლებს იმაზე ფიქრით, რომ ეს დროებითია. შვილებთან ერთად, საცხოვრისში გვიან საღამოს ბრუნდება. 

სტატია მოამზადა "ინდიგომ" ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და დაფინანსებით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა