გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ადვოკატებმა უნდა ვთქვათ, რომ აღარ ვართ ადვოკატები | ვალერი თეთრაშვილის საქმე

თერთმეტეულის რაზმიდან, რომლის წევრებსაც პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ერთ ბიჭს ყველაზე ნაკლებად ვიცნობთ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

28 წლის ვალერი თეთრაშვილი სასამართლო პროცესებზე დუმილის უფლებას იყენებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს, დარბაზში სიტყვით არასოდეს გამოდის, დანაშაულს არ აღიარებს.

მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობენ ოჯახის წევრები. ვალერის მშობლები ემიგრაციაში არიან. ის ბებიამ გაზარდა. დაკავების დღიდან მოყოლებული, ვალერის მხოლოდ ერთი წერილია გავრცელებული. საჯარო მიმართვა 12 იანვრით თარიღდება.

„მოგესალმებით, ქართველებო. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ ასეთი სოლიდარობისთვის და თანადგომისთვის. მიყვარხართ და მეამაყებით, როდესაც ასეთ გამთლიანებულ საქართველოს ვხედავ, უდიდეს მუხტს ვიღებ თქვენგან.

მჯერა და ვიცი, რომ ამ ბრძოლის დასასრული მალე დადგება – რა თქმა უნდა, ჩვენ სასარგებლოდ. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარაა, მაგრამ რომ ვუფიქრდები, მაინც მეცინება”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა” გაავრცელა.

ამ ჯგუფის წევრებისგან მას, ალბათ, ისიც განასხვავებს, რომ ვალერი საპროტესტო აქციაზე ერთადერთხელ არის ნამყოფი. მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა როგორც ამბობს, სახლში, ტელევიზორში ნახა, როგორ გამეტებით ურტყამდა სპეცრაზმელი ძირს დაგდებულ ადამიანს, ვერ მოითმინა და რუსთაველზე გავიდა. 1 დეკემბრის ღამე იყო. წავიდა მარტო, არავინ გაიყოლა. ჯგუფიდან, რომლის წევრობასაც ედავებიან, მანამდე არავის იცნობდა.

ვალერი თეთრაშვილის საქმეზე ერთი ვიდეომტკიცებულებაა. უწყვეტი კადრია, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ძირს დაგდებულ, უკვე გასროლილ პიროტექნიკას, შუაზე ხევს და ისვრის. მუყაოს ქაღალდია, კადრი გრძელდება და ის პოლიციისგან მოშორებით ვარდება. მერე ისევ ძირს იხრება ვალერი, რაღაც ნივთს იღებს, ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ დევს, ამიტომ ადვოკატი ვერ ასახელებს, რა ნივთია ეს. ვიდეოში უწმაწური სიტყვებიც ისმის. ამ ნივთის სროლასაც მიჰყვება კადრი, რომელიც ასევე ვერ აღწევს სპეციალური დანიშნულების რაზმამდე. ამის შემდეგ, ვალერის წყლის ჭავლი უკან აგდებს, წაქცევისგან სრულიად უცხო ადამიანები იცავენ და ხელს აშველებენ.

„მის ქმედებას არ დაუზიანებია არავინ. არც ვინმეს საკუთრების ხელყოფა გამოუწვევია, მაგალითად, პარლამენტის, ან მერიის. არც ნაგვის ურნები დაზიანებულა. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, მისი ქმედების შემადგენლობაში არ არის”, – ამბობს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი.

იმ ღამეს ვალერი სახლში ბრუნდება და მეორე დილით ადრე გუდაურში მიდის. იქ ერთ-ერთ ბარში ბარმენად მუშაობს. სკოლის დამთავრების შემდეგ ასე ცხოვრობს – სწავლას ვერ ახერხებს, სულ სხვადასხვა სამსახურშია.

გუდაურში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, 7 დეკემბერს, მას საპატრულო პოლიცია ადგება და აკავებს. ვალერი თბილისში ჩამოჰყავთ. პირველ ჩვენებას ადვოკატის გარეშე აძლევს. ამ ჩვენებაში ვალერი ადასტურებს, რომ ვიდეოკადრებში თვითონ არის. გამოძიებისთვის მეტი ჩვენება მას აღარ მიუცია.

„ველოდებით, რა მტკიცებულებას წარმოადგენს პროკურატურა. შეიძლება საერთოდ აღარ მივცეთ ჩვენება, თუკი დავინახეთ, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ჩვენს დანაშაულს ამტკიცებს”, – ხსნის დაცვის პოზიციას ირმა ჭკადუა.

მან ვალერი პირველად ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. დაბნეული მოეჩვენა: „კი, ვისროლე რაღაცები, მაგრამ, მემგონი, ისეთი არაფერი დამიშავებია, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდესო. ალბათ, ადმინისტრაციულ სასჯელს მივიღებო. ვუთხარი, ადმინისტრაციული წესით არ ხარ დაკავებული-მეთქი”, – პირველი შეხვედრის დეტალებს იხსენებს ადვოკატი. ამის გაგებამ ვალერი შეაცბუნა. ირმა ჭკადუა მას გაწონასწორებულ, უპრეტენზიო, გულჩათხრობილ ადამიანად ახასიათებს. ორ კვირაში ერთხელ მაინც ცდილობს ციხეში მის მონახულებას. მხნედ კი გრძნობს თავს, მაგრამ მაინც მოწყენილიაო, – აზუსტებს.

ირმა ჭკადუა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება. აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ამ საქმეში ის საერთოდ ვერ ხედავს. უფრო მეტიც, დარწმუნებულია, რომ ეს სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად მომგებიანიც არ არის. ირმა ჭკადუა იშველიებს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელშიც გარკვევით არის ხაზგასმული, რომ პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენო. საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლოსაც ნათქვამი აქვს, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭო არასაპატიმრო ღონისძიებას. წინასწარი პატიმრობა ფუჭად დაკარგულ დროდ მიიჩნევა. ამ შემთხვევაში ბრალდებული შორდება ოჯახს, მეგობრებს. მისი სოციალური მდგომარეობა უარესდება, ის კარგავს სამსახურს. თუმცა, როგორც დანარჩენი სინდისის პატიმრების შემთხვევაში, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატის მიერ შეთავაზებულ გირაოზეც სასამართლომ უარი თქვა:

„შაბლონური უარი მივიღეთ. არ იყო დასაბუთებული, რა რისკი არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, ან მტკიცებულების გადანდგურების, ან დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის. დაუსაბუთებელი იყო ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის გახანგრძლივებაზე, დაუსაბუთებელი და უსამართლო იყო სასამართლოს პოზიცია. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ფორმა, უკვე დაემსგავსა სადამსჯელო მექანიზმს”, – ამბობს ირმა ჭკადუა.

ეს სასამართლო საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. თერთმეტეულის ბრალეულობას ახალი მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. ირმა ჭკადუა გეგმავს, მორიგ სასამართლო სხდომაზე ერთხელ კიდევ დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე. უარის შემთხვევაში, ის გახანგრძლივებული პატიმრობის კონტექსტში საჩივრით ადამიანის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

ვალერი თეთრაშვილი წარსულში ნასამართლევი არასოდეს ყოფილა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც არ აქვს. სწორედ ამ მიზეზით არ ეპარება ადვოკატს ეჭვი, რომ ამ საქმეში ბრალდებულებმა საქმის დასრულებამდე სასამართლო პროცესებზე სახლიდან უნდა იარონ. ირმა ჭკადუასთვის ცალსახაა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ადამიანების ციხეში ყოფნის საფუძველს არ იძლევა.

„ადამიანები, რომლებიც ახლა ბრალდებულის სკამზე სხედან, არიან თუ არა ავტორები იმ დაზიანებების, რომლებიც პოლიციელებმა მიიღეს?” – მთავარ შეკითხვას სვამს ადვოკატი და თვითონვე პასუხობს: „კი ბატონო, დაზიანდნენ პოლიციელები, ამას ჩვენ სადავოდ არ ვხდით. მაგრამ ვალერი თეთრაშვილმა დააზიანა? ეს უნდა დაუმტკიცონ. საქმე იმაშია, რომ რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა, იმ მტკიცებულებებში დასტურდება, რომ ეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს არ გაუკეთებიათ. ბრალდების მხარე ამაზე კარგ მტკიცებულებას ჩვენ სასარგებლოდ ვერ მოიტანდა სასამართლოში. იქ არსად წერია, რომ ვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ამიტომ უნდა გამართლდნენ ეს ადამიანები”.

ეს გარემოებები აფიქრებინებს ირმა ჭკადუას, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს ძალიან გაუჭირდება.

„თუ სასამართლომ თქვა ის, რასაც ბრალდების მხარე ამბობს, მაშინ ჩვენ ადვოკატებმა უნდა ვთქვათ, რომ აღარ ვართ ადვოკატები”.

მიუხედავად იმისა, რომ ვალერი თეთრაშვილისგან საზოგადოება არც მიმართვებს იღებს და არც მის გამოსვლებს ისმენს სასამართლო დარბაზიდან, მას სულ აინტერესებს, ვინ ესწრება მეგობრებიდან და ახლობლებიდან პროცესს. როცა სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში გაგრძელდა, ადვოკატს ეკითხებოდა, სასამართლოს ეზოში ან დერეფანში ვინ ელოდებოდა. განსაკუთრებით ღელავს ბებოზე. ერთ-ერთ პროცესზე რომ დაუნახავს, ტიროდა, ადვოკატისთვის უთხოვია, ბებოს გადაეცი, შემდეგ პროცესზე აღარ მოვიდეს, ძალიან ვნერვიულობო.

ქვეყანაში მიმდინარე ამბებს ვალერი ტელევიზიით ადევნებს თვალს. ბებო და მეგობრები წიგნებს უგზავნიან.

შემდეგ სასამართლო პროცესზე უკვე დაზარალებული პოლიციელები დაიკითხებიან.

„მათთან მე ასეთი კითხვა მექნება: თქვენ რა დაზიანება მიიღეთ? რომელ რიცხვში, რომელ საათზე? ვალერი თეთრაშვილმა მოგაყენათ ეს ზიანი, თუ არა? მე სხვა კითხვა მათთან არ მექნება”, – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

„მის ქმედებას არ დაუზიანებია არავინ. არც ვინმეს საკუთრების ხელყოფა გამოუწვევია. არც ერთი კომპონენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, მისი ქმედების შემადგენლობაში არ არის“, – ამბობს ვალერის ადვოკატი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა