
დაკავება ფარული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე | ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმე
2024 წლის 4 დეკემბერს თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორ ადამიანს აკავებენ – ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. ამ რვაკაციანი ჯგუფიდან დანაშაულის ორგანიზება ედება ბრალად სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესაც. კასრაძე და კაძელაშვილი ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრები არიან. მათი დაკავება მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირების დაკავების სპეცოპერაციას ჰგავს.
ვასილ კაძელაშვილი საკუთარ სახლშია – თბილისში, ვორონცოვზე, სამზარეულოში ყავას სვამს და ფანჯრიდან ხედავს, როგორ უახლოვდება სახლს ათობით პოლიციელი. დეას, ვასილის შვილს, რომელიც იმ დროს სამსახურშია, ამ დაკავების დეტალებს მოგვიანებით მეზობელი უამბობს.
„კერძო ორსართულიანი სახლი გვაქვს, პირველი სართული დაგირავებულია, ჩვენი მდგმურისგან ვიცი, რომ, თურმე, ზოგი პოლიციელი სახურავზე ასულა, ზოგი ფანჯრიდან შესულა. სახელისუფლებო მედიების ჟურნალისტებიც მოვარდნილან, ამ მდგმურებთან შეჭრილან, ეკითხებოდნენ – ამ სახლში მართლა იმართებოდა შეხვედრებიო?“ – მოგვიანებით ჩვენ გვიყვება დეა.
რამდენიმე თვის შემდეგ პირველ 24-საათიან პაემანზე მამა ეუბნება, რომ პოლიციის დანახვაზე არ შეშინებია, მშვიდად ადგა, თავისი საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვა და დაელოდა.
იმავე დღეს პოლიციელების მეორე ჯგუფი თბილისის სხვა უბანში ვეფხია კასრაძის დასაკავებლად მიდის. ამ დროს ვეფხია ერთ-ერთი ბინის რემონტზე მუშაობს, სამშენებლო მასალებშია ამოგანგლული. პოლიცია კასრაძეს არ იცნობს, ამიტომ, ადგილზე მისული კითხულობს, მუშებს შორის რომელია ვეფხია კასრაძე. ვეფხია მშვიდად მიდის, ეცნობა და ბორკილების დასადებად ხელებს უწვდის. მან ჯერ არ იცის, რომ პოლიციელების მეორე ჯგუფი მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლადაა წასული. სახლში ვეფხიას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილია:
„შემოვარდნენ, უცებ წამართვეს მობილური, ონლაინგაკვეთილს ვუტარებდი მოსწავლეს, გამომგლიჯეს ლეპტოპი, დახურეს და ჩხრეკა დაიწყეს. რას ეძებთ-მეთქი და იარაღსო. რა იარაღს, ნუ მაცინებთ-მეთქი“, – ასე იხსენებს ამ დღეს ელენე კროტენკო.
მერე ელენე შვილს ეტყვის, მიდი, შენი იარაღები მოიტანეო. ელენეს და ვეფხიას 8 წლის ბიჭი პოლიციელების წინ თავის სათამაშო პლასტმასის თოფებსა და დამბაჩებს დაახვავებს: „აბა, თქვენ ნამდვილ იარაღს ეძებდით? ჩემს სახლში რა უნდა იარაღს, ჩემს სახლში მხოლოდ განსხვავებულ სასმისებს თუ იპოვით, განთქმული თამადაა ჩემი ქმარი“, – პასუხობს ელენე ჩხრეკაზე შესულ პოლიციელებს.
ფარული ვიდეოჩანაწერი – საქმის მთავარი მტკიცებულება
ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის დაკავებამდე ორი დღით ადრე სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ აქვეყნებს, სავარაუდოდ, აქციაზე გადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს. ამ ჩანაწერში, მათი მტკიცებით, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების ქონების დაზიანებასა და დივერსიის მოწყობაზე საუბრობენ.
ეს ვიდეოჩანაწერი ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. ვიდეომასალის იმ ვერსიაში, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ თავისით არ წავა და რამეა მოსაფიქრებელი:
კაძელაშვილი: როგორი თემა გავაკეთოთ, ამათ სადაც აქვთ მშენებლობები, სადაც მიდის წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები, ერთი 5-გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ და გაიარე, წადი, სანამ ამათ ქონებას არ შეეხები, ამათ ვერ გააპარტყალებ, გაიგე? რომელ რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან? იქ უნდა, იმათ უნდა მიაწვე და მიაწვე ბოლომდე. გაიგე?
კასრაძე: ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცე.
კაძელაშვილი: არ უნდა ორასი კაცი, მშენებლობები სადაც მიდის, მამა დავითი, იქ ზევით გადი, იქ გადი, იქ გადი. გაიგე? სადაც ამათი მშენებლობები მიდის, ისე რომ ხალხიც არ არის მაცხოვრებელი, აი, მანდ უნდა ვიმუშაოთ რა. დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ.
კასრაძე: აუცილებელია. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ.
კაძელაშვილი: ხო. მოტო აიღე, მოტოთი გაიარე იქ.
კასრაძე: მოტო ყველაზე მაგარია.
კაძელაშვილი: 10-გრამიანი შპრიცი აიღე, ცოტა ის გაურიე.
კასრაძე: კანისტრა აიღე.
კაძელაშვილი: არ გინდა კანისტრა, კანისტრა ჩანს და რო გაივლი, აქედან ჯიბიდან მიასხი, ეგ გვესწავლება, ტო, მიასხი და მეორედ გამოიარე, ბიჩოკი გადააგდე, ხ*** ზნაეტ, რავი, მე გამოვიარე, სიგარეტი გადავაგდე, ამის დედაც მ***ნ. ის გაურიე ცოტა (ცუდად ისმის) და ის პენოპლასტი რო არის. პენოპლასტს ბენზინი ადნობს და მერე რო გაასხავ, ის როგორ არის. იცი?
ვიდეოს ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ეს მტკიცებულება პრობლემურია, ის უკანონოდ არის მოპოვებული და არ უნდა იყოს დართული საქმის მასალებზე.
„არ ვიცით ეს ვიდეო ვინ გადაიღო, როდის გადაიღო, რა პერიოდს ეხება, იქნებ წინა წელია? საქართველოში სულ არის აქციები. ამავე დროს, ეს არის კერძო პირებს შორის საუბარი და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. დანაშაული რომ იყოს, ამ საუბარს რამე ქმედება უნდა მოჰყოლოდა“, – ამბობს ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.
კახა კოჟორიძე, რომელიც ვეფხია კასრაძის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება რომ დაუდასტურდეს, უნდა დადასტურდეს სამი აუცილებელი გარემოება:
პირველი – ჯგუფი: უნდა არსებობდეს ჯგუფი, უნდა არსებოდეს მტკიცებულებები, რომ რომელიღაც პირმა ჯგუფი დააორგანიზა. პროკურატურა ვერ ასახელებს ერთ პირსაც კი იმ ჯგუფიდან, რომელიც ვეფხიამ შექმნა.
მეორე – ორგანიზება: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება როგორ მოხდება, თუკი ჯგუფი არ არსებობს და ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. პროკურატურის ვიდეო (რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და არც უნდა იყოს ამ საქმეში) ავთენტურიც რომ იყოს, მაინც ვერ იქნება ძალადობის ორგანიზების დამადასტურებელი, რადგან მას არ მოჰყოლია რაიმე ქმედება. უბრალოდ საუბარი, თუ მას რაიმე მოქმედება არ მოჰყვა, არ არის ძალადობის ორგანიზება, ეს დანაშაული არ არის.
და მესამე – პირის ან ნივთის დაზიანება: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაა, რასაც თან ახლავს კონკრეტული შედეგი. ბრალდება ვერ ამბობს ვეფხიას მიერ ვითომ დაორგანიზებულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვა? უბრალოდ უთითებენ, რომ პარლამენტთან ცუდი რაღაცები ხდებოდა.
ამ სამი ნიშნის არარსებობა ამ საქმეში, ადვოკატების თქმით, ამ საქმის აბსურდულობას ადასტურებს.
როგორ დავუკავშირდი ამ ხალხს, თუკი მათთან კომუნიკაცია არ მქონია, ტელეპათი ვარ? – ჰკითხა ერთ პროცესზე ვეფხია კასრაძემაც მოსამართლეს.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს და ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ასეთ თაობას ვუფრთხილდებოდეთ, მათ მომავალს ვუნადგურებთ … მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს თავი ამ ბავშვებს. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა? მზად ვარ, მთელი სიცოცხლე გავიღო, როგორც გინდათ, ისე მაწამეთ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ, გაეშვას საქართველოს“, – მიმართა 12 დეკემბრის სხდომაზე ვეფხია კასრაძემ საქმის მოსამართლეს.
ადვოკატები მკაცრ და დაუსაბუთებელ ზომად მიიჩნევენ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდებასაც. მათი განმარტებით, პროკურატურის დასაბუთება, რომ ბრალდებულები შეიძლება მიიმალონ, გამოძიებას ხელი შეუშალონ ან ახალი დანაშაული ჩაიდინონ, სუსტია.
„ვიდეო 2 დეკემბერს გავრცელდა და 140 ათასამდე ადამიანმა ნახა. ცხადია, ის ვასილსაც ჰქონდა ნანახი და მიმალვა თუ უნდოდა, ორი დღე ჰქონდა ამისთვის, ძალიან მარტივად მიიმალებოდა“, – ამბობს რევაზ აჭარაძე.
„არც ვეფხია დამალულა არსად, პირიქით. სამსახურში როდესაც მიაკითხეს, თვითონ მივიდა პოლიციასთან, მე ვარ ვეფხიაო. ეს კაცი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, ერგნეთში ცხოვრობს, მთა და ბარი, ყველა ბილიკი იცის, მიმალვა რომ სდომოდა, ისეთ ადგილას წავიდოდა, კაციშვილი ვერ იპოვიდა. რუსის ტანკს არ დამალვია, დემონსტრაციულად, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, საოკუპაციო საზღვართან ცხოვრობს და ამ კაცზე ამბობენ პატიმრობის შეეშინდებაო“, – ამბობს კახა კოჟორიძე.
ვეფხია კასრაძის ამბავი
ხუთი შვილის მამა, 54 წლის ვეფხია კასრაძე პროფესიით მსახიობია, წლების განმავლობაში ცხინვალის თეატრში თამაშობდა, გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში, მათ შორის, კომედიურ სერიალ „შუა ქალაქში“.
გაჭირვების წლებმა თეატრს ჩამოაშორა, ხელობა ისწავლა და რემონტების კეთება დაიწყო. პარალელურად, ერგნეთში ვაშლისა და ატმის ბაღები გააშენა, შინაური ცხოველები და ფრინველები მოაშენა და სოფლის მეურნეობა გახდა მისი საქმე.
„ვეფხო სულ სოფელში იყო, შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი, ვამბობდი“, – მეუბნება ელენე კროტენკო. ელენე ვეფხიას მეორე ცოლია, მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, 12 და 10 წლის გოგოები და 8 წლის ბიჭი.
„ვეფხია რომ დააკავეს, ბავშვებმა მკითხეს, დედიკო სკოლაში მამიკოზე რა უნდა ვთქვათო? შენ რომ ყველაგან ლაპარაკობო? ვუთხარი, არაფერი დაუშავებია მამას, ამიტომ ვლაპარაკობ მეც და თქვენც არ უნდა შეგრცხვეთ-მეთქი“, – იხსენებს ელენე.
შვილებს სულ აინტერესებთ, როდის დაბრუნდება სახლში, საერთოდ, დაბრუნდება თუ არა. ელენე ეუბნება, რომ მამა სასტუმროშია, მაგრამ, ბოლო 24-საათიან პაემანზე ბავშვები მიხვდნენ, რომ დედა სიმართლეს არ ამბობს: „რაღაც მულტფილმს უყურებენ, სადაც ციხეა, გარემო იცნეს და დედა, როგორც მულტფილმშია, აქაც ისეა ყველაფერი და რატომ გვატყუებო“.
ვეფხია კასრაძე პარტია „ლელოს“ წევრია. ბოლო არჩევნებზე შიდა ქართლში ამ პარტიის კოორდინატორი იყო. ელენეც დამკვირვებლად მუშაობდა. ის პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია და რეგიონში ჩასული უცხოელი დამკვირვებლებისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო იყო. ეს შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ელენე ამბობს, რომ მათი ოჯახი დიდი ხანია, იყო შურისძიების სამიზნე.
„ჩხრეკის დროს პოლიციელებს ვუთხარი, ჩემს ქმარს რომ ტერორისტობას აბრალებთ და მის სახლში იარაღს ეძებთ, ასეთ ქვეყანაში აღარ ღირს ცხოვრება-მეთქი. წყნარად უნდა იყოთ და პრობლემებიც არ გექნებათო, – მითხრეს“.
ვეფხიაც და ელენეც სულ დადიოდნენ აქციებზე:
„მე თუ არ მეცალა, კერძო გაკვეთილები მაქვს მოსწავლეებთან, ვეფხო მიდიოდა. მოვიდოდა სამსახურიდან დაღლილი, გადაივლებდა წყალს, დალევდა ყავას, ჩამოჯდებოდა დივანზე, დავასვენო ძვლებიო, მაგრამ ვერ უთმენდა გული, განსაკუთრებით, რომ უყურებდა ტელევიზორში იმ ცემა-ტყეპას, წამოვარდებოდა და გარბოდა“.
ვიდეოც გავრცელებაზეც იცოდა ელენემ. „სასაცილოდ არ მეყოო“, – ასე იხსენებს ამ ამბავს.
„რადგან დიდი ვაშლის ბაღები გვაქვს და ბევრი ვაშლი, მე ძმარს ვაკეთებ ხოლმე. ჩხრეკაზე რომ შემოვარდნენ, აივანი ბოთლებით მქონდა სავსე. გავიცინე, ახლა, იმედია, იმ რაღაცა კოქტეილის მომზადებას არ დამაბრალებთ-მეთქი, სახელიც ვერ გავიხსენე“, – იხსენებს ელენე.
ვეფხიას დაკავების მერე ბევრი რამე შეიცვალა.
„სოფელში რომ ჩავედი, ის ხალხი, ვინც 24 საათს ჩვენთან ატარებდა, გამარჯობას აღარ მეუბნებოდა, მერიდებოდნენ. ვაშლის დაკრეფა კი გვქონდა დამთავრებული, მაგრამ, სახლში მოტანილი არ იყო ბოლომდე, ზოგი ბაღებში გვედგა ყუთებით და არავინ მომატანინა, გაგვეყინა ისე“, – ამბობს ელენე.
მაგრამ, ახალი გულშემატკივრები შეიძინეს. მცირეწლოვანი შვილების და იმ საქმეების გამო, რომლის გაკეთება ვეფხიას არყოფნის გამო ახლა ელენეს უწევს, აქციებზე ყოველდღე ვერ დადის, მაგრამ, ცდილობს, სულ იყოს სხვა პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად.
ვასილ კაძელაშვილის ამბავი
51 წლის ვასილ კაძელაშვილი ყოფილი წყალბურთელია. პირობების არარსებობის გამო, სპორტის ამ სახეობას ვერ გაჰყვა: „როგორც ჰობი, ისე აქვს, გიჟდება“, – მიყვება ვასილის შვილი, დეა კაძელაშვილი.
ვასილი კაძელაშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახი ვორონცოვზე, კერძო სახლში ცხოვრობს და საოჯახო ბიზნესი აქვს – ლუდის ბარი „ფეოლა“.
„მამამ შექმნა, ახლა დედას ეკუთვნის და მამა ეხმარება. მთელი სული და გული აქვთ დედას და მამას ჩადებული“, – მეუბნება დეა.
მამას ტელეფონით თითქმის ყოველ დღე ესაუბრება. ამბობს, რომ კარგად არის. ძალიან უყვარს თავის მოვლა, ციხეში ვარჯიშობს, ცდილობს კარგად იკვებოსო.
„აქციებზე სულ დადიოდა, ერთი დღეც არ ჩაუგდია, ყოველ საღამოს იქ იყო. ვიდეოს გავრცელების მერე გვითვალთვალებდნენ, პოლიციელებით იყო სავსე ეზო. ერთმა „კეთილის მსურველმა“ მამას უთხრა, თქვი, რომ ეს აქციები უცხოეთიდან ფინანსდებაო; რომ „ლელოს“ აქვს კავშირი ამ ყველაფერთან და შენ თავს დაგანებებენო“, – იხსენებს დეა.
ვიდეო, რომელიც მამას დაკავებამდე გავრცელდა, დეას ძმამ გაუგზავნა: „გამეცინა, მამას ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს“. მაგრამ მაინც ნერვიულობდა, მამასთან ისედაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამ ვიდეოს შემდეგ, კიდევ უფრო ხშირად მოიკითხავდა ხოლმე მის ადგილსამყოფელს.
„დაკავების დღეს მივწერე, „მა, როგორ ხარ-მეთქი“ და არ მიპასუხა. არც ჩემი ძმა მპასუხობდა, არც ბაბუა. დედამ – მეც ვერავის ვუკავშირდებიო. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მერე მდგმურს დავურეკე და იმან მითხრა, პოლიციელებით არის ეზო სავსე, სავარაუდოდ მამაშენს აკავებენ და არ მოხვიდეთო“, – ჰყვება დეა.
„თემო, დეა, თქვენი მამა მაგრად არი, არ ინერვიულოთ. ანა, მიყვარხარ და ბოდიში ყველა ამ ნერვიულობაზე“, – დაკავების დღეს, ადვოკატის ბლოკნოტში, სახელდახელოდ დაწერილი ამ ტექსტით ეცადა ვასილ კაძელაშვილი ოჯახი დაემშვიდებინა.
წერილებს ოჯახს ახლაც ხშირად სწერს.
„თემოს და დეას უთხარი, ნაძვის ხე დადგან და მორთონ. ჩვენი ოჯახი არ ტირის და ახალ წელს ღირსეულად შეხვდით“, – წერს 31 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში ვასილი ცოლს.
ანა ცდილობს მხნედ იყოს, მაგრამ „ხშირად მინახავს ოთახში მარტო როცაა, როგორ ტირის“, – ამბობს დეა დედაზე და განიცდის ბაბუის ამბავსაც: „ბაბუ არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. თავიდან ძალიან ინერვიულა, ახლა უფრო მხნედაა“, – ამბობს დეა.
ვეფხია კასრაძის ოჯახის მსგავსად, გარემოებები კაძელაშვილებისთვისაც შეიცვალა. მაგრამ უფრო პირიქით:
„ბევრი ადამიანი კითხულობს მამას და უხარია, რომ ვეუბნები, ნომრებს მთხოვს ხოლმე მერე და ციხიდან ურეკავს“, – მეუბნება დეა.
ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელით. მათი საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
„რამდენ წელს მომისჯიან, მნიშვნელობა არ აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის
ვისჯები. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემი სიცოცხლეც რომ დასჭირდეს ჩემს ქვეყანას, მზად ვარ, გავიღო და ამისთვის
არაერთხელ ვყოფილვარ მზად და დღესაც მზად ვარ. სანამ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად, სამართლიან ქვეყნად არ იქცევა, მანამდე
ვიბრძოლებ კანონიერად, სამართლიანად“,
- ვეფხია კასრაძის სიტყვა სასამართლოზე, 2025 წლის 6 მარტს.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს და ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ასეთ თაობას ვუფრთხილდებოდეთ, მათ მომავალს ვუნადგურებთ. თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო მოსამართლევ, პროკურორებო. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ უდანაშაულო ვარ. ეს ხომ მშვენივრად იცით. როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენს სულში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ იფიქრონ, ეს რა გააკეთე მამაო. მე ამ უსამართლობას შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები, თუ გინდათ მაწამეთ“,
- ვეფხია კასრაძის სიტყვა სასამართლოზე, 2024 წლის 12 დეკემბეერს.