ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვინც შთაგვაგონებს

Dr. Love მიროს შესახებ

ბაჩა ხოფერია

30 წლის. მუშაობს სისტემურ ადმინისტრატორად. 4 წელია ხატავს ქუჩაში, Dr. Love-ის სახელით. 

პირველი გამოფენა/გაყიდვა 2013 წელს გერმანიაში ჰქონდა. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში, მათ შორის, 2015 წელს ევროპის უდიდეს ურბან არტფესტივალ Upfest-ზე ბრისტოლში, სადაც მსოფლიოს 250 არტისტს შორის მოხვდა. 

დიდი იდეა: შესასხურებელი საღებავი. მის გარეშე არ იარსებებდა სტენსილი.

ზუსტად 4 წლის წინ, სტრიტ არტზე გადაცემაში, მირიან შენგელაია (მირო) ჰყავდათ. პირადად არ ვიცნობდი, შორიდან ძალიან მომწონდა მისი სტენსილები. მაშინ მეც მქონდა რამდენიმე გაკეთებული, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდი. მომწონდა სტენსილის ტექნიკა, ვიზუალი, მომწონდა ქუჩაში გამვლელებთან ურთიერთობის ეს ფორმა. 

სადღაც 2010 წელს, რუსთაველის მეტროსთან ვნახე ერთი კედელი, სავსე სტენსილით. ყველა მიროსი იყო. ძველი საბჭოთა სათამაშო, ოთხკუთხედი გაჯეტი კალათით კვერცხები რომ უნდა დაგეჭირა, პორტრეტები, ფრაზები... ეს კედელი დღესაც იქ არის. მომეწონა სტილიც და შინაარსიც. თვითონ ტიპიც ასეთია: აქტიური, სულ ახალს ეძებს და ყოველთვის პოულობს.

არასდროს გააკეთებს რაღაცას მხოლოდ იმიტომ, რომ ტრენდია, პირიქით, სულ თავიდან იწყებს, ნოვატორია. რამე საინტერესოს რომ მიაგნებს, ყველაფერს გიზიარებს. არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას, მაგრამ ისე გითრევს, რომ ეს საქმე შენი ხდება.

ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. უკვირთ ხოლმე გაგება, რატომ ვყიდულობთ ჩვენი ფულით საღებავს, ვხატავთ ვიღაცის საკუთრებაზე, რომელიც მეორე დღესვე შეიძლება გადაღებონ. მაგრამ, როდესაც შენს სათქმელს არ აფიქსირებ, უინტერესო ხდები, ყველა იწყებს ფიქრს ისე, როგორც ფიქრობს ვიღაც და სათქმელი გარეთ არ გამოდის. ამიტომ, ჩვენ გავდივართ ქუჩებში.

...სიუჟეტის ბოლოს მირო ამბობდა, რომ რაღაც პროექტის გაკეთება უნდოდა, სადაც ქართველი არტისტები მიიღებდნენ მონაწილეობას. მახსოვს, ზუსტად ხუთ წუთში ფეისბუკზე მივწერე და სულ მალე შევხვდით კიდეც. რეალურად, იმ მომენტიდან დაიწყო ჩემში რაღაცის გაღვივება, რამაც აქამდე მომიყვანა და დღემდე მამოძრავებს.

ფოტო: მუსია ქებურია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა