გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ვიქტორ ფრანკენშტეინი“ - დენი ბოილის სპეკტაკლი დიდ ეკრანზე

კინოთეატრ ამირანში თეატრალური კინოსეზონი გრძელდება. 1 ნოემბრის ჩვენების  შემდეგ 8 ნოემბერს მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება დენი ბოილის „ვიქტორ ფრანკენშტეინი“ ნახოს. სპეკტაკლში მთავარ როლებს „შერლოკის“ ვარსკვლავი, ბენედიქტ  ქამბერბეჩი და ჯონი ლი მილერი ასრულებენ.

ალბათ სწორედ ეს სამსახიობო ქასთი და განსაკუთრებით უკვე საკულტო პერსონად ქცეული ქამბერბაჩი გახდა სპეკტაკლის დიდი წარმატების და პოპულარობის მიზეზი.  რამდენიმე წლის მანძილზე ის მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ნახა.

 „ვიქტორ ფრანკენშტეინის“ პრემიერა 2011 წლის თებერვალში  ბრიტანეთის სამეფო ნაციონალურ თეატრში შედგა. იმავე წლის მარტში კი National Theatre Live-ის პროგრამის ფარგლებში სპეკტაკლი ორჯერ გავიდა მსოფლიოს კინოეკრანებზე. დიდი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენებები მომდევნო წლებშიც გაიმართა. წელს კი „ფრანკენშტეინი“ კიდევ ერთხელ უბრუნდება დიდ ეკრანს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მაყურებელთა უპრეცედენტო მოთხოვნის შემდეგ მიიღეს.

სპეკტაკლის რეჟისორი ოსკაროსანი დენი ბოილია. “Trainspotting” -ის, “127 საათის“ და „მილიონერი გარეუბნიდან“- ის ავტორი ფართო აუდიტორიისთვის კინოდან უფროა ცნობილი, თუმცა ბოილი წლებია ბრიტანეთის თეატრებშიც აქტიურად მუშაობს და პირველი სპეკტაკლი ჯერ კიდევ 1982 წელს დადგა.

დენი ბოილი, ბენედიქტ ქამბერბეჩი, ჯონი ლი მილერი და Underworld-ის მუსიკა ერთ სპეკტაკლში დიდი ალბათობით გულგრილს ვერავის დატოვებს.

ჩვენება კინოთეატრ „ამირანის“ მე-3 დარბაზში 20 საათზე დაიწყება. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა