ვისი ლიდერი ხარ – გუნდის თუ საკუთარი თავის?
2017 წლის მაისში, ბათუმი უპრეცედენტო ბიზნესმოვლენის მასპინძელი იქნება. სასტუმრო "ეიფორიაში" 10-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 800 პროფესიონალი შეიკრიბება. 2-დღიან ბიზნესფორუმზე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი პროფესიონალები, აღმასრულებლები და ტრენერები ლიდერობის შესახებ ისაუბრებენ. მათ შორის იქნება მარშალ გოლდსმითიც, რომელიც ლიდერობაზე დაწერილი ფაქტობრივად ყველა ბესტსელერის ავტორია. ვიდრე მაისი დადგება და საშუალება გექნებათ, უმაღლესი კლასის სპიკერებს მოუსმინოთ, IBF-ის გუნდი საინტერესო საკითხავით მოგამარაგებთ.
ფიქრობთ, რომ ლიდერად არ დაბადებულხართ? რომ ქარიზმა ან ნიჭი გაკლიათ, ან რამე სხვა საიდუმლო „ინგრედიენტი“? შეიძლება გაგიჭირდეთ დაჯერება, მაგრამ ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად აუცილებელი არაა. პიროვნულობა და ტალანტი არაფერ შუაშია. თქვენ შეიძლება ძალიან ქარიზმატულიც იყოთ, მაგრამ არა – ლიდერი. სინამდვილეში, საუკეთესო ლიდერი სამი მახასიათებლით გამოირჩევა – დამოკიდებულებები, ფასეულობები და ძლიერი მხარეები. ლიდერი ან გახსნილია, ან – ჩაკეტილი; უდარდელი ან მკაცრი; სულგრძელი ან ძუნწი; ციფრებზე ან ხედვაზე ორიენტირებული.
ანუ, რა უნარებს ფლობს ლიდერი, ძირითადად?
როგორც პიტერ დრუკერი ამბობდა, ლიდერი ძალიან კონკრეტულ ამოცანებს ხსნის და ემორჩილება რვა ზოგად წესს:
1. სვამს კითხვას: რა არის გასაკეთებელი?
2. ინტერესდება: რა არის უკეთესი საწარმოსთვის?
3. ადგენს სამოქმედო გეგმებს.
4. იღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე.
5. იღებს პასუხისმგებლობას კომუნიკაციაზე.
6. ხელმძღვანელობს უპირატესობებით და არ ეჯაჭვება პრობლემებს.
7. მართავს შინაარსიან, საქმიან შეხვედრებს.
8. ფიქრობს გუნდის გადმოსახედიდან, როგორც „ჩვენ“ და არა, როგორც – „მე“.
ამ წესების გამოყენება ყველას შეუძლია, თუ დისციპლინას დაიცავს. შედეგად, ლიდერი სხარტ გადაწყვეტილებებს მიიღებს: მარტივად გარდაქმნის ცოდნას ქმედებად; თან ანგარიშვალდებულების განცდას მთელ ორგანიზაციას მოსდებს.
პროფესორი ჯიმ კოლინსი (HBR) კი მიიჩნევს, რომ საუკეთესო ლიდერი ე.წ. მეხუთე დონის ლიდერია („Level 5 Leader“). ის ჰუმანურობისა და მიზანსწრაფულობის იდეალურ სინთეზს ავლენს. უფრო კონკრეტულად კი, მეხუთე დონის ლიდერი წარმატებას საწარმოს გუნდს, გარე ფაქტორებსა და იღბალს მიაწერს. ხოლო მარცხის შემთხვევაში, დამნაშავედ მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს. ლიდერის მხოლოდ ამგვარ ქცევას მიიჩნევენ ჰუმანისტურად. რაც შეეხება მიზანსწრაფვას, ლიდერი მხოლოდ ნება-სურვილის გამოხატვით არ კმაყოფილდება. ყოველი კონკრეტული მიზნის მისაღწევად ის გზაზე ყველა ბარიერს ანადგურებს, ოღონდ, ცხადია, კორექტულობის, ჰუმანურობისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით.
მაგრამ ლიდერი ყოველთვის ერთია გუნდში? პროფესორ დებორა ანკონას (MIT) ნაშრომის მიხედვით, იდეალური ლიდერი არ არსებობს, რადგან ორგანიზაციის მართვა უამრავ მოცემულობას მოიცავს, რაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახის მიდგომას და სხვადასხვა წონის გადაწყვეტილებას მოითხოვს. ნამდვილი ლიდერი აანალიზებს ვითარებას, პოულობს საკუთარ თავში ძლიერ მხარეებს, სუსტი მხარეების დასაძლევად კი გარშემო ეძებს აქტივს. თან, რაც მთავარია, არასდროს ავიწყდება, რომ სჯობს მიჰყვეს გუნდურობის პრინციპს: ყოველთვის წინა პლანზე დააყენოს „ჩვენ“ და არა – „მე“.
#ibfbatumi www.ibf.ge
ავტორი: ოთარ ქირია